საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 07/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.006731
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1216
04/10/2004
სსმ, 111, 07/10/2004
010240030.22.027.006731
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/10/2004 - 18/08/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.22.027.006.731

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1216

2004 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი

1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ” საქართველოს კანონით, სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონით, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება;

ბ) საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაციის ორგანიზება;

გ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულებების პროექტების ექსპერტიზა;

დ) სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ე) კერძო სამართლის რეფორმის პროცესში წინადადებათა შემუშავება და სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით, მინისტრის შესაბამის მოადგილეს.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მუშაობისათვის;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

კ) ასრულებს მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებებს.

5. უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის შესაბამისი მოადგილის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.