საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1253 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1253 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 15/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 480010000.11.106.006339
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1253
11/10/2004
სსმ, 113, 15/10/2004
480010000.11.106.006339
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1253 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2004 - 01/09/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.006.751

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 1253

2004 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 თებერვლის №153 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წ., №17, მუხლი 171).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

1. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, იუსტიციის სამინისტროს დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პერსპექტიული წლიური გეგმის, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებსა და განყოფილებებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.

4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

5. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ევროპის სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და სტანდარტებთან საქარ-თველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ამ მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ბ) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებსა და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სამინისტროში შემოსულ წინადადებებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება;

ვ) დსთ-ს ორგანოების სხდომაზე განსახილველი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;

თ) სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საერთაშორისო შეთანხმებებიდან და ქვეყნის შიდა კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ი) მსჯავრდებულთა გადაცემისა და მიღების საკითხებზე მინისტრის გადაწყვეტილებათა მომზადება;

კ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

ლ) ,,ჰააგის კერძო სამართლის” საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

მ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ნ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ო) სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება უცხოელთა დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა ვიზიტისას.

6. დეპარტამენტის მმართველობის სფეროს ასევე განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანები.

თავი III. დეპარტამენტის კომპეტენცია

7. თავისი ამოცანების განხორცილების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების შესაბამისობის ანალიზი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის და კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილისათვის წინადადებების წარდგენა;

ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს წარმომადგენლობებთან ურთიერთობების დამყარება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურა

8. მოცემული დებულებით განსაზღვრული ამოცანების სრულყოფილად განხორციელების მიზნით დეპარტამენტში შექმნილია შემდეგი სამმართველოები:

ა) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციის სამმართველო.

9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით.

10. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით. მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, უფროსის არ- ყოფნის შემთხვევაში _ ამ დებულებით გათვალისწინებულ დეპარტამენტის უფროსის ფუნქციურ მოვალეობებს.

11. დეპარტამენტის სამმართველოების საქმიანობას ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

 12. დეპარტამენტის მრჩეველთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი საშტატო განრიგის შესაბამისად.

თავი V. დეპარტამენტის უფროსი

13. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილისადმი.

14. დეპარტამენტის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;

ე) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;

ზ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;

თ) იბარებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;

ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) მინისტრის ან მინისტრის მოადგილეების დავალებით ასრულებს დამატებით ფუნქციებს.

თავი VI. დეპარტამენტის მრჩევლები

15. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოების უფროსების დავალებების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.

16. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

17. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.