საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 27/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 140020000.11.118.006636
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
463
26/08/2004
სსმ, 93, 27/08/2004
140020000.11.118.006636
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2004 - 06/07/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  140.020.000.11.118.006.636

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №463

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

ი. ოქრუაშვილი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს  დებულება

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს (ტექსტში შემდგომ – სამმართველო) სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. სამმართველოს სტატუსი

1. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებები, სხვა სამართლებრივი აქტები.

3. სამმართველოს ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის ცალკეული დავალებებით.

4. სამმართველოს ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ასევე ახორციელებს სამმართველოს მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.

    მუხლი 3. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა სიცოცხლისა და კონსტიტუციური უფლებების დაცვა;

ბ) ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფების, დივერსიულ-ტერორისტული ორგანიზაციების უვნებელყოფა;

გ) მძევალთა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა და მოტაცებულთა გათავისუფლება;

დ) მასობრივი არეულობების, სამხედრო, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი რეჟიმის დაცვა;

ე) მასობრივ არეულობათა და სხვა სახის სამართალდარღევათა აღკვეთა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამმართველო უფლებამოსილია:

ა) საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანაშაულის აღკვეთის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მობინადრეთა თანხმობის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ბინაში, დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის და კერძო პირის კუთვნილ არასაცხოვრებელ სათავსოში, მიწის ნაკვეთში (აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც), ექსტერიტორიული და სპეციალური სარეჟიმო სტატუსის მქონე არასაცხოვრებელი სათავსოს და მიწის ნაკვეთის გარდა;

ბ) დამნაშავის დევნის და დაკავებულის პოლიციაში წარდგენის მიზნით, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირთა მისაყვანად, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, უფასოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა);

გ) საგანგებო, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორცილებისას, დასახლებულ პუნქტებში და საგზაო მაგისტრალებზე სხვა სამსახურებთან ერთად მოაწყოს რეიდები, რომლის დროსაც უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებული წესით გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა), მოთხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მართვის უფლების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი, საგზაო ფურცელი, ზედდებული, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება ან პირადი ჩხრეკა;

დ) განახორციელოს მძევალთა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა და მოტაცებულთა გათავისუფლების ოპერაციები;

ე) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინსტრუქტორთა განყოფილება;

ბ) დაზვერვა-დაგეგმარების განყოფილება;

გ) ადმინისტრაციული განყოფილება;

დ) ზურგის სამსახური.

    მუხლი 5. ინსტრუქტორთა განყოფილება

ინსტრუქტორთა განყოფილება:

ა) სამმართველოს ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე ატარებს ოპერატიულ ღონისძიებებს;

ბ) უზრუნველყოფს სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობის საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებასა და მზადყოფნას;

გ) ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ქვედანაყოფების პროფესიული მომზადების უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს მისაღებ კანდიდატთა მაჩვენებლების შემოწმებას.

    მუხლი 6. დაზვერვა-დაგეგმარების განყოფილება

დაზვერვა-დაგეგმარების განყოფილება ახორციელებს:

ა) ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებასა და დამატებითი მასალების მოპოვებას;

ბ) მიღებული ინფორმაციების სრულ ანალიზსა და ჩასატარებელი ღონისძიებების დეტალურ დაგეგმარებას;

გ) ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებისას პირადი შემადგენლობის მიერ გატარებული ქმედებების მართლზომიერების ასახვა-დასაბუთებას (ტექნიკური საშუალებები).

    მუხლი 7. ადმინისტრაციული განყოფილება

ადმინისტრაციული განყოფილება ახორციელებს:

ა) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა გარე ობიექტებისა და დისლოკაციის ბაზის პერიმეტრის დაცვას;

ბ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი სადღეღამისო ოპერატიული ინფორმაციის მიღება-გადაცემას;

გ) საჭიროების შემთხვევაში პირადი შემადგენლობის გამოძახების უზრუნველყოფას.

    მუხლი 8. ზურგის სამსახური

ზურგის სამსახური ახორციელებს:

ა) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვასა და კონტროლს;

ბ) სამმართველოს ერთეულების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ) სამმართველოს უზრუნველყოფას ავტოტრანსპორტითა და ჯავშანტექნიკით;

დ) სამმართველოსათვის გამოყოფილი მომარაგების განაწილებას, მათი ხარჯვის კონტროლს და ანგარიშგებას;

ე) სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადებას;

ვ) საბუღალტრო აღრიცხვას, კვარტალური და წლიური საფინანსო ანგარიშების შედგენას;

ზ) საკადრო ღონისძიებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად;

თ) საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაციას.

    მუხლი 9. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს დანაყოფებს შორის;

ბ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს საბრძოლო სამსახურის ორგანიზაციის საკითხებზე და ჩასატარებელი ღონისძიებების მომზადების თაობაზე, აკონტროლებს მათ შესრულებას;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ათანხმებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების საკითხებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) დადგენილი წესით სამინისტროში წარადგენს პირად შემადგენლობას წახალისების ან დისციპლინარული წესით დასჯის მიზნით;

თ) სამინისტროში წარადგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურული მოწყობისა და საშტატო ნუსხის შესახებ;

ი) გადაუდებელი მიმდინარე საქმიანობის, საშემსრულებლო დისციპლინისა და სხვა საკითხების განსახილველად რეგულარულად ატარებს ოპერატიულ თათბირებს;

კ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის დისციპლინას, ფიზიკურ და საბრძოლო მზადყოფნას;

ლ) დამოუკიდებლად განკარგავს სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

3. სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და ანგარიშვალდებულია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

    მუხლი 10. სამმართველოს უფროსის მოადგილეები

სამმართველოს უფროსის მოადგილეები:

ა) ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო სამსახურის საქმიანობას, მათ წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად;

ბ) პასუხს აგებენ სამმართველოს უფროსის წინაშე მინდობილ სფეროში მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის;

გ) ასრულებენ სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულებანი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.