საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.034.007333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
414
27/04/2005
სსმ, 52, 28/04/2005
010320020.22.034.007333
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2005 - 16/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.333

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №414

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება”.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №380 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

 ი. მერაბიშვილი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც იბრძვის დამნაშავეობის წინააღმდეგ და ამ მიზნით ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, გამოძიებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ყველა დანაშაულის ფაქტზე (გარდა გამოძიების სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა), ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას და მათ ტექნიკურ დათვალიერებას, ანიჭებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას და გასცემს მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობებს, ახორციელებს სანებართვო საქმიანობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, იყენებს სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებს, იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

    მუხლი 4

1. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.

2. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის საგანი

    მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და დანაშაულის გახსნა;

ბ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ორგანიზება;

ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ვ) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

    მუხლი 6

1. დეპარტამენტის საქმიანობის საგანია:

ა) თავის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება;

გ) მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;

დ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

ე) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძალებისა და საშუალებების განაწილება, ასევე მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება;

ზ) სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციაში გატარება და ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება. დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

თ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობების გაცემა და ამ სფეროში დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზება და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვის გაცემა;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა.

2. ფეხოსანი პატრულის სხვა უფლება-მოვალეობანი განისაზღრება მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით, რომელიც მინიჭებული აქვს საპატრულო პოლიციას.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 7

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დეპარტამენტის აპარატი;

ბ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება;

გ) ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება;

დ) სამორიგეო-საინფორმაციო სამსახური;

ე) მართვისა და კონტროლის განყოფილება;

ვ) კადრების ჯგუფი;

ზ) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების განყოფილება;

თ) ბუღალტერია;

ი) კანცელარია;

კ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;

ლ) ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო;

მ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ნ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ო) კახეთის რეგიონალური სამმართველო;

პ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ჟ) აფხაზეთის ქ/განყოფილება;

რ) აჭარის რეგიონალური სამმართველო;

ს) გურიის რეგიონალური სამმართველო;

ტ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

უ) იმერეთის რეგიონალური სამმართველო;

ფ) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ქ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

ღ) ავტომაგისტრალის I განყოფილება (კახეთი);

ყ) ავტომაგისტრალის II განყოფილება (ალგეთი-წითელი ხიდი);

შ) ავტომაგისტრალის III განყოფილება (თელეთი-სადახლო);

ჩ) ავტომაგისტრალის IV განყოფილება (დუშეთი);

ც) ავტომაგისტრალის V განყოფილება (ოსიაური);

ძ) ავტომაგისტრალის VI განყოფილება (მესხეთი);

წ) ავტომაგისტრალის VII განყოფილება (იმერეთი);

ჭ) ავტომაგისტრალის VIII განყოფილება (გურია);

ხ) ავტომაგისტრალის IX განყოფილება (სამეგრელო).

2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოებისა და ავტომაგისტრალების განყოფილებების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 8

დეპარტამენტის აპარატი:

ა) შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს დასამტკიცებლად;

ბ) ამოწმებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების გაცნობისა და შეფასების მიზნით;

გ) ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;

დ) მონაწილეობს ავტომაგისტრალური სისტემებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;

ე) კანონით განსაზღვრული სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევებში მონაწილეობს შესაბამისი მარშრუტის განსაზღვრაში;

ვ) მონაწილეობს სამთავრობო და საუწყებო კომისიების მუშაობაში;

ზ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოების სრულყოფისათვის.

    მუხლი 9

სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება:

ა) აწარმოებს დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების აღრიცხვას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;

ბ) გასცემს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვას და აკონტროლებს სანებართვო პირობების შესრულებას.

    მუხლი 10

ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და სარეგისტრაციო-საგამოცდო განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების ჩატარებას;

ბ) შეიმუშავებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესებს და დიაგნოსტიკურ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებელი პარამეტრების ნუსხას;

გ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტომოტოტრანსპორტის მავნე ზეგავლენისაგან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად გამიზნულ წესებს, ნორმატივებსა და სტანდარტებს;

დ) ახორციელებს ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, მათი რაოდენობის და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტებას, ადგენს ავტოპარკის რეალურ მდგომარეობას;

ე) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მექანიკური ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურების ფუნქციონირებას;

ვ) კონტროლს უწევს ქვეყნის ავტომაგისტრალების სასაზღვრო საგუშაგოებზე ქვეყნიდან გასულ და ქვეყანაში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის საკითხებს;

ზ) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასა და გადაფორმებას, უზრუნველყოფს ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;

თ) პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით წელიწადში ერთხელ ახორციელებს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული სარეგისტრაციო საქმიანობის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტურ შემოწმებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას, მძღოლის მოწმობის გაცემას (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლას და დაკარგულის აღდგენას, დამოუკიდებლად მომზადებულ პირთათვის ,,A” და ,,B” კატეგორიის სატრანპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას;

კ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფას.

    მუხლი 11

სამორიგეო-საინფორმაციო სამსახური:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;

ბ) აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12

მართვისა და კონტროლის განყოფილება ახორციელებს საპატრულო ეკიპაჟების განაწესის შესრულებისა და პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლს.

    მუხლი 13

კადრების ჯგუფი უზრუნველყოფს დეპარტამენტის კადრების სწორ შერჩევას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაადგილების, განთავისუფლების და მათთვის სპეციალური წოდებების მინიჭების გაფორმებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა საკადრო საკითხების გაფორმებას.

    მუხლი 14

სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მატერიალურ მომარაგებასა და ტექნიკურ აღჭურვილობას;

ბ) ახორციელებს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვასა და მიზნობრივ ხარჯვაზე, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა საექსპლუატაციო მდგომარეობაზე. ატარებს მატერიალურ ფასეულობათა ყოველწლიურ ინვენტარიზაციას.

    მუხლი 15

ბუღალტერია:

ა) ამზადებს დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის პროექტს;

ბ) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას.

    მუხლი 16

კანცელარია უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმისა დაცვას.

    მუხლი 17

საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:

ა) ახორციელებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, რკინიგზის გადასასვლელებზე და ტროტუარებზე მოძრაობის ორგანიზებასა და საგზაო ზედამხედველობას;

ბ) ითანხმებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, არაგაბარიტული, დიდწონიანი და საშიში ტვირთების გადასატან მარშრუტებს;

გ) ახორციელებს სახიფათო ტვირთების გაცილებას.

თავი V

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების სტრუქტურა

    მუხლი 18

1. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აპარატი;

ბ) კანცელარია;

გ) სამორიგეო ნაწილი;

დ) რადიოსადგური ,,რიონი-022”;

ე) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების განყოფილება;

ვ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების სამსახური;

ზ) ადმინისტრაციული პრაქტიკისა და სანებართვო განყოფილება;

თ) ავტომოტრანსპორტის სარეგისტრაციო-საგამოცდო და ტექნიკური განყოფილება;

ი) გამოძიების სამსახური;

კ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;

ლ) მეტროპოლიტენის სამმართველოს I, II, III განყოფილებები;

მ) ქ.თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს კოორდინატორი: I მიმართულება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისან-სამგორის I განყოფილება; II მიმართულება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისან-სამგორის II განყოფილება; III მიმართულება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისან-სამგორის III განყოფილება.

2. დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აპარატი;

ბ) კანცელარია;

გ) სამორიგეო-საინფორმაციო ნაწილი;

დ) რადიოსადგური ,,022”;

ე) სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების განყოფილება;

ვ) სახაზო განყოფილების I, II, III განყოფილებები;

ზ) ავტომოტოტრანსპორტის სარეგისტრაციო-საგამოცდო და ტექნიკური განყოფილება;

თ) გამოძიების სამსახური.

თავი VI

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოებისა და ავტომაგისტრალების განყოფილებების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

    მუხლი 19

1. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ იარაღთან დაკავშირებულ სანებართვო საქმიანობას.

2. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოებისა და ავტომაგისტრალების განყოფილებების ფუნქციებია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიებზე და კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და დანაშაულის გახსნა;

ბ) საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილ დანაშაულთა ფაქტებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება (გარდა გამოძიების სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა), ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, სისხლის სამართლთლებრივი დევნა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

გ) მართლწესრიგის დაცვა, მოქალაქის მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

დ) სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრასპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებათა უზრუნველყოფა;

ზ) არასრულწლოვანთა მიერ სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;

თ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში _ სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

კ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის განხორციელება.

3. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს, დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებსა და ავტომაგისტრალების განყოფილებებს უფლება აქვთ:

ა) დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით ჩაატარონ ჩხრეკა, ამოღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. იმ შემთხვევაში, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, განახორციელონ ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;

გ) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ და დაათვალიერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ მძღოლის მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები;

დ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და შეამოწმოს სიმთვრალის დასადგენად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან/და დამამზადებელი ქარხნის სტანდარტებს;

4. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო, დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოები და ავტომაგისტრალების განყოფილებები ვალდებული არიან:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;

ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისას და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

გ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ საზოგადოებრივად საშიში ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ.

თავი VII

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 20

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი და დირექტორის მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის მუშაობას, აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

დ) მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურებთან;

ვ) ამზადებს წინადადებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოზე და ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;

ზ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გამოძიებას;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს და ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას.

თავი VIII

დასკვნითი ნაწილი

    მუხლი 21

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.