საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 810
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 14/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.106.006569
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
810
14/07/2004
სსმ, 71, 14/07/2004
040030000.11.106.006569
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2004 - 15/01/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.006.569

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №810

2004 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1

1. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. გარიგებები, რომლებიც არ ეხება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და ამ დებულებით მისთვის განსაზღვრული მიზნების განხორციელებას, ბათილია.

4. ბიუროს აქვს ხარჯთა ნუსხა, ბლანკი და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ბიუროს სრული დასახელებით.

5. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №17.

    მუხლი 2

1. ბიუროს მიზნებია:

ა) უზრუნველყოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობა;

ბ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში;

გ) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით.

2. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვილობაზე.

3. ბიუროს ამოცანებია:

ა) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციების შედგენა;

ბ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნველყოფა;

გ) შევსებული დეკლარაციის მიღება და შენახვა;

დ) დეკლარაციის შინაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ე) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვა;

ვ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაბარებაზე კონტროლი;

ზ) იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა;

თ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ი) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების მონაცემთა ანალიზი;

კ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების სწორად შევსების უზრუნველყოფა;

ლ) თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი კანდიდატის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება და მისი თანამდებობაზე განმწესებელი ორგანოსათვის გადაცემა;

მ) ბიუროში შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების წერილობითი განცხადებებისა და მომართვების განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;

ო) დეკლარაციების მონაცემების დაზუსტების მიზნით თანამდებობის პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნა;

პ) დეკლარაციების საინფორმაციო ბანკის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ჟ) სემინარების, კონფერენციების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარება;

რ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ს) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ბიუროს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.

    მუხლი 3

1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ბიუროს თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) პასუხისმგებელია ბიუროს საქმიანობის სწორად წარმართვასა და ბიუროს ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს მოსამსახურეებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს მოსამსახურეთა შორის;

ვ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ბიუროს მოსამსახურეების საქმიანობაზე;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. ბიუროს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.

4. ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

5. ბიუროს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე.

    მუხლი 4

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივ საკითხთა და დეკლარაციების შევსების განყოფილება;

ბ) დეკლარაციების ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) ადმინისტრაციული განყოფილება.

    მუხლი 5

1. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. ბიუროს კონტროლი მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბიუროს თავმჯდომარის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

    მუხლი 6

1. ბიუროს მიერ უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა, სესხის აღება, თავდებობა, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა, აგრეთვე სხვა გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება ბიუროს ქონებას და სცილდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობას.

2. ბიუროს მიერ სესხის აღებისა და თავდებობისათვის საჭიროა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 7

1. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.

2. ბიუროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

    მუხლი 8

ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 9

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 10

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.