„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000640
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
79
22/06/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 24/06/1999
000000300.01(2).003.000640
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/1999 - 14/08/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                    300.012.003.640

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება №79

1999 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 15 ოქტომბრის  №427-1ს დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად და ამ დადგენილებით მიღებული კანონის ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ”.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-20 დღეს.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                                              ზ. თავართქილაძე

                                                                        

დებულება

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ

კარი I

ზოგადი ნაწილი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც მიღებულ იქნა დებულება ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ”

დებულება ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 15 ოქტომბრის  №427-1ს დადგენილებით მიღებული საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტების საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.

    მუხლი 2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის, სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის განხორციელებაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებისას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერიტის ჩატარების პროცედურის სფეროში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.

    მუხლი 3. საკანონმდებლო სისტემა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის სფეროში

ეს დებულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, "გარემოს დაცვის შესახებ", "გარემოსადაცვითი ნებართვის შესახებ" "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონებს, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 4. დებულების მიზნები და ამოცანები

1. დებულების მიზნებია:

ა) გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაარეგულიროს კონკრეტული ურთიერთობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ინვესტორს, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და საზოგადოებას შორის;

ბ) დააწესოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ისეთი პროცედურა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად ობიექტური და სათანადოდ არგუმენტირებული გარემოსდაცვთი გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

2. დებულების ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვა და მოვალეობების შესრულება;.

ბ) უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც კომპლექსურად ითვალისწინებენ საზოგადოების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს.

    მუხლი 5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის პრინციპები

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა წინ უძღვის ინვესტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

1. საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;

2. საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა;

3. გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;

4. ექსპერტთა დამოუკიდებლობა და მათი უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;

5. ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;

6. ექსპერტიზის ჩატარების საჯაროობა, საზოგადოებრიობის მონაწილეობა და მისი აზრის გათვალისწინება.

    მუხლი 6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულებაში გამოყენებული ძირითადი ტერმინები

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, ამავე დებულების მე-7 მუხლში მოყვანილი მნიშვნელობა აქვთ. 

    მუხლი 7. ძირითად ტერმინთა განმარტებანი

1. ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასება” – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს დაგეგმილი საქმიანობის პოტენციურ პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებზე (მემკვიდრეობაზე) და სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის).

2. "საქმიანობა" – სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება.

3. "ინვესტორი" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად.

4. "გარემოსდაცვითი ნებართვა" – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური (საქალაქო) და ადგილობრივი ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.

5. "საკონსულტაციო ფირმა" – იურიდიული პირი, რომელსაც წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.

6. "გარემოს დაცვის ნორმები" – საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ის ზღვრები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები – ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; – გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.

7. "მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება" – ისეთი რეკონსტრუქცია, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომელიც ძირეულად ცვლის საქმიანობის პარამეტრებს და რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავება.

8. "გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო" - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

9. "გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანო" - აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოების რაიონული სტრუქტურული ქვედანაყოფები.

10. "საუკეთესო ტექნოლოგია" – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ დანერგილი, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის.

11. საუკეთესო ტექნიკა” – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედა-მხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები.

12. გარემო” – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.

13. ბუნებრივი გარემო” – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;

14. ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო” – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს.

15. გარემოს დაცვა” – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას.

16. ბუნებრივი რესურსები” – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი კომპონენტები ბუნებრივი ელემენტები.

17. დაცული ტერიტორია” – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველ-საყოფად.

18. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა” – გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

19. ,,პირველი კატეგორიის საქმიანობა” – საქმიანობა, რომელმაც თავისი მასშტაბით, განლაგებითა და შინაარსით შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უარყოფითი და შეუქცევადი ზემოქმედება გარემოზე, ბუნებრივ რესურსებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. პირველი კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტებით.

20. ,,მეორე კატეგორიის საქმიანობა” – საქმიანობა, რომელმაც თავისი მასშტაბით, განლაგებით და შინაარსით შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმ რეგიონის გარემოზე, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება. მეორე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით.

21. ,,მესამე კატეგორიის საქმიანობა” – საქმიანობა, რომელიც თავისი მასშტაბით, განლაგებით და შინაარსით არ გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას გარემოზე. მესამე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

22. ,,მეოთხე კატეგორიის საქმიანობა” – საქმიანობა, რომელიც არ შედის ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ჩამონათვალში და გააჩნია უმნიშვნელო ზემოქმედება გარემოზე.

მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის ჩამონათვალს, თანახმად ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა, შეიმუშავებს და ,,გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილ მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ,, დებულებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

23. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში უფლებამოსილი ორგანო” ან ,,საექსპერტო ორგანო” – ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ერქსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის II თავის მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტში მოყვანილი ნუსხით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემდეგი ორგანოები:

ა) გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი;

ბ) აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

დ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ტერიტორიული ორგანოები;

ე) თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

24. ,,გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანო” – ორგანო, რომელიც ,,გარემოს დაცვის შესახებ”, ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” და ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი წესით გასცემს გარემოსდაცვით ნებართვას საქმიანობაზე მისი უფლებამოსილების ფარგლებში.

25. ,,დამოუკიდებელი ექსპერტი” – გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემ ორგანოსთან ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიურ ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.

26. ,,ექსპერტთა რეესტრი” – გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც სავალდებულოა ექსპერტთა რეგისტრაცია და რომლის მიხედვითაც ხდება ცალკეული საექსპერტო საბჭოების ფორმირების მიზნით ესპერტთა შერჩევა.

27. ,,პროექტი” – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის სამეურნეო ან სხვა სახის განზრახული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია მისი დამუშავების ნებისმიერ სტადიაზე.

28. "საექსპერტო დასკვნა" – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა დაგეგმილი საქმიანობის განსახილველი დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ცალკეულ მიმართულებაზე ან საკითხზე.

29. "კრებსითი დასკვნა" – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომელიც შედგენილია ცალკეული საექსპერტო დასკვნების შეჯერების საფუძველზე.

30. "დროებითი ექსპერტ-კონსულტანტი" – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში უფლებამოსილი ორგანოს საშტატო თანამშრომელი, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად ცალკეული მიმართულების ან საკითხის განხილვისას, კონსულტირების მიზნით.

 

 

თავი II

უფლებები და ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

    მუხლი 8. უფლებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) პროცედურის დაწყებამდე მოითხოვონ ინვესტორისაგან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) მოითხოვონ დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მათი მოსაზრებებისა და დასკვნების ობიექტური არგუმენტაცია, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების ხარისხიანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

გ) დამოუკიდებელი ექსპერტის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში დააყენონ საკითხი შემდგომში მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და რეესტრში მათი მონაცემების გაუქმების შესახებ;

დ) განიხილოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სპეციალურ საბჭოზე ინვესტორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან განთავისუფლების საკითხი "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას და წარუდგინოს საბჭოს გადაწყვეტილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დასამტკიცებლად.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოების მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს უფლება აქვთ:

ა) ჩაატარონ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის;

ბ) ამავე მიზნით მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად, მივლინება პროექტის განხორციელების ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, დამატებითი მცირე მასშტაბის ლაბორატორიული ან სხვა სახის კვლევები ინფორმაციის შევსების მიზნით;

გ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება ეძლევა შესაბამისი დასაბუთებით მოითხოვოს დამატებითი სამუშაო დღეების ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს:

10 სამუშაო დღისა - I კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემხვევაში,

8 სამუშაო დღისა - II კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემთხვევაში,

6 სამუშაო დღისა - III და IV კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვის შემთხვევაში.

დ) მათი შეხედულებისამებრ გამოიტანონ არგუმენტირებული უარყოფითი ან დადებითი საექსპერტო დასკვნა და საექსპერტო კომისიისაგან განსხვავებული აზრის შემთხვევაში დოკუმენტალურად დააფიქსირონ იგი კრებსით საექსპერტო დასკვნაში;

ე) წერილობით მოითხოვონ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი სახელმწიფო ორგანოსაგან მათი პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა.

3. ინვესტორს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოსაგან მისთვის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიზანშეწონილობის დასაბუთება;

ბ) მოითხოვოს მის მიერ გადაცემული ტექნიკური, ტექნოლოგიური და კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მოითხოვოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის დროებითი შეჩერება, თუ მისი მიმდინარეობის პერიოდში მოხდა პროექტის ან განსახორციელებელი საქმიანობის ფორმის, შინაარსისა და მიზნების ძირეული ცვლილება და წარმოადგინოს კორექტირებული დამასაბუთებელი დოკუმენტაცია;

დ) წერილობით განაცხადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან (I კატეგორიის საქმიანობის შემთხვევაში) მისი განთავისუფლების შესახებ, "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას;

ე) სასამართლოს წესით გაასაჩივროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა, რომელიც მისთვის გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

    მუხლი 9. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

ა) შექმნას საექსპერტო კომისიები ამ კანონით გათვალისწინებული საექსპერტო ობიექტების განსახილველად;

ბ) უზრუნველყოს ექსპერტიზის პროცესი საჭირო ინფორმაციით;

გ) რეგისტრაციაში გაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტები და შექმნას მათი მონაცემების ბაზა;

დ) ითანამშრომლოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საკითხებში შესაბამისი კომპეტენციის მქონე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია:

ა) საექსპერტო კომისიაში მუშაობის დაწყებამდე გაეცნოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საკანონმდებლო საფუძვლებს, ძირითად პრინციპებსა და მოქმედ ინსტრუქციულ-მეთოდურ დოკუმენტებს მისი ორგანიზაციისა და ჩატარების შესახებ;

ბ) დაიცვას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ექსპერტიზის ჩატარების ვადები;

გ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისათვის გადაცემული ან მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მათი კონფიდენციალურობის დაცვა;

დ) განაცხადოს სამეურნეო ან სხვა სახის საქმიანობის კონკრეტული პროექტის განხილვისას მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ ამავე დებულების მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღწერილი გარემოებებისას.

3. ინვესტორი ვალდებულია:

ა) სრულად წარმოადგინოს საქართველოს კანონით ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” II თავი მუხლი 5 განსაზღვრული მომავალი საქმიანობის დამასაბუთებელი საპროექტო დოკუმენტაცია.

ბ) სრულად გადაიხადოს მასა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული თანხა;

გ) დროულად წარუდგინოს ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს მის მიერ ექსპერტიზის პროცედურის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;

დ) სრულად გაითვალისწინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და გარემოსდაცვითი ნებართვის დამატებითი პირობები პროექტის შემდგომი კორექტირებისას და საქმიანობის განხორციელებისას.

კარი II

ძირითადი ნაწილი

თავი III

გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურის ფარგლებში  ჩატარებული სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ობიექტები

    მუხლი 10. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები განსაზღვრულია საქართველოს კანონის "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ" მე-5 მუხლით, საქართველოს კანონის "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით და დებულებით "გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ".

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტს წარმოადგენს კანონმდებლობაში მითითებული სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობათა საპროექტო ან ნებისმიერი სხვა დამასაბუთებელი დოკუმენტაცია, მათი დამუშავების სხვადასხვა სტადიაზე.

თავი IV

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის თანამიმდევრობა და ვადები

    მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი I, II, III და IV კატეგორიის საქმიანობაზე

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, საქართველოს კანონის "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ" მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით და "გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინვესტორის მიერ სრულად წარმოდგენის შემდეგ.

2. "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი საქმიანობის კატეგორიების მიხედვით სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურას ანხორციელებენ:

I) I და II კატეგორიის საქმიანობაზე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი

II) III კატეგორიის საქმიანობაზე:

ა) აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ტერიტორიული ორგანოები;

დ) თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

III) IV კატეგორიის საქმიანობაზე:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ტერიტორიული ან ადგილობრივი ორგანოები.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პირველი კატეგორიის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს კანონის "გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ" მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს "გარემოზე ზემოქმედების შეფასების" ანგარიშს შედგენილს "გარემოზე ზემოქმედების შეფასების" დებულებით გათვალისწინებული ანგარიშის სტრუქტურისა და შინაარსისადმი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. პირველი კატეგორიის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი საექსპერტო კომისიის მიერ და ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის” შედგენა  ხდება საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ,,კრებსითი დასკვნის” საფუძველზე. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას პირველი კატეგორიის საქმიანობაზე გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5. მეორე და მესამე კატეგორიის საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთა საექსპერტო დასკვნების საფუძველზე და ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის” მომზადება ხდება დამოუკიდებელ ექსპერტთა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს საშტატო თანამშრომელთა მიერ ერთობლივად შედგენილი ,,კრებსითი დასკვნის” საფუძველზე. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას მეორე კატეგორიის საქმიანობაზე გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას მესამე კატეგორიის საქმიანობაზე გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.

6. მეოთხე კატეგორიის საქმიანობის საექსპერტო დოკუმენტაციაზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა ხდება დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს საშტატო თანამშრომელთა მიერ. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას მეოთხე კატეგორიის საქმიანობაზე გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული და ადგილობრივი ორგანო.

    მუხლი 12. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების ვადები

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის ვადები, საქმიანობის კატეგორიების მიხედვით შეადგენს:

ა) I კატეგორიის საქმიანობისთვის არა უმეტეს 75 დღეს;

ბ) II კატეგორიის საქმიანობისთვის არა უმეტეს 50 დღეს;

გ) III კატეგორიის საქმიანობისათვის არა უმეტეს 50 დღეს;

დ) IV კატეგორიის საქმიანობისთვის არა უმეტეს 20 დღეს.

2. ვადები შეიძლება გადაისინჯულ იქნს ინვესტორის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტში და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მონაწილე მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ოქმის გაფორმებით. 

თავი V

დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და მათი მონაცემების ბაზის ფორმირება

    მუხლი 13. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი.

1. დამოუკიდებელი ექსპერტი წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც:

ა)  გააჩნია თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა განსახილველ საკითხზე;

 ბ) აქვს პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის დარგში;

გ)  აქვს საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;

 დ) გააჩნია კოლექტიური მუშაობის ჩვევები, საკითხთა ინტეგრირებულად განხილვის უნარი;

ე) გააჩნია ორგანიზაციული მუშაობის უნარი და შეუძლია შეასრულოს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის ფუნქციები;

ვ) აკმაყოფილებს ამავე დებულების მე-13 მუხლის მე-4, მე-5 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, საექსპერეტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.

3. სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისინი იძენენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებენ თავის ფუნქციებს ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.

4. აკრძალულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში ისეთი პიროვნების რეგისტრირება, რომელიც:

ა) წარმოადგენს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანოს პასუხისმგებელ პირებს (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამინისტროს რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები);

ბ) ასრულებს სახელმწიფო ხელისუფლების (ან არჩევითი) ორგანოს საშტატო თანამშრომლის ფუნქციებს.

5. აკრძალულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის კომისიაში იმ დამოუკიდებელი ექსპერტის შეყვანა, რომელიც:

ა) წარმოადგენს განსახილველი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო მართვის ან რეგულირების განმახორციელებელ უწყების მუშაკს;

ბ) არის ინვესტორის წარმომადგენელი, საპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან ინვესტორთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი;

 გ) არის წარმოდგენილ საქმიანობაში ნებისმიერი სხვა სახით დაინტერესებული  პირი;

დ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

6. აუცილებლობის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის წარდგენით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვა დარგობრივი ან რეგიონალური სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლები, ამავე სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზაში საექსპერტო ორგანოს ,,დროებითი კონსულტანტის” სტატუსით.

7. დროებითი კონსულტანტები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის პერიოდში მოქმედებენ დამოუკიდებელ ექსპერტთა უფლებების, მოვალეობების ფარგლებში და მათი შრომის ანაზღაურება ხდება დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ანალოგიურად.

8. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში ექსპერტი მონაწილეობს ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს (პირველი კატეგორიის საქმიანობის შემთხვევაში საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის) მიერ მიცემული დავალების შესაბამისად.

    მუხლი 14. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პიროვნული და პროფესიული მონაცემების შესახებ.

2. რეესტრს აწარმოებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო.

3. რეესტრში არსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და სარგებლობის უფლება შეზღუდული.

4. რეესტრში არსებული ინფორმაციით სრულად სარგებლობის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;

ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს;

გ) გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს;

დ) გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს;

ე) კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს;

ვ) კადრების მთავარი სამმართველოს სპეციალურად უფლებამოსილ იმ თანამშრომელს, რომელიც პერიოდულად ავსებს ან აახლებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას;

ზ) აჭარისა და აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრებს;

თ) გარემოს დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ.თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელებს.

5. რეესტრით შეზღუდულად სარგებლობის უფლება აქვთ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ორგანოთა ხელმძღვანელების ბრძანების საფუძველზე უშუალოდ მონაწილეობენ ექსეპრტიზის პროცედურის ორგანიზებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

6. რეესტრით სარგებლობის უფლების მქონე თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, კონფოდენციალურობის დაუცველობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. რეესტრი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას ექსპერტის შესახებ:

ა) საპასპორტო მონაცემები, პერსონალური ან საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტის პერსონალური კოდი;

ბ) მონაცემები განათლების, გამოცდილების, ძირითადი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) დამოწმებულ ასლებს;

გ) მონაწილეობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ან სხვა საექსპერტო ორგანოების მუშაობაშ.

8. რეესტრი პერიოდულად ახლდება და მასში შედის მიმდინარე ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის შესახებ.

9. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოები ვალდებულნი არიან ყოველკვარტალურად წერილობით მიაწოდონ კადრების მთავარ სამმართველოს მიმდინარე მონაცემები ექსპერტთა შესახებ.

10. წერილობითი მონაცემები ექსპერტთა რეესტრისათვის იგზავნება კურიერის მეშვეობით, დალუქული კონვერტით გრიფით "კონფიდენციალური" ან "საიდუმლო".

11. რეესტრის სარეგისტრაციო ფორმა მოცემულია დანართ 1-ში.

    მუხლი 15. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები

1. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობის აუცილებელ წინა პირობას წარმოადგენს მათი რეგისტრაცია სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.

2. რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა ექსპერტის წერილობითი თანხმობა სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე.

3. ექსპერტების რეგისტრირება ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, აფხაზეთისა და აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ტერიტორიული ორგანოებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელების წერილობითი წარდგინების საფუძველზე.

4. წარდგინებას თან უნდა ერთვოდეს ექსპერტის განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ამავე დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს ექსპერტის პროფესიონალურ ჩვევებს ან პიროვნულ თვისებებს.

5. I და II კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვისას რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა, საექსპერტო სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე ხდება გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ.

6. III და IV  კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვისას დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა ხდება აფხაზეთისა და აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, გარემოს დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელების მიერ.

7. სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის პროექტების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) შესაბამისი განათლება და სპეციალობა;

ბ) პროექტით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;

გ) განზრახული საქმიანობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმირებულობა ან ამ ტერიტორიაზე მუშაობის გამოცდილება;

დ)  ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება;

ე) განსახილველი საკითხების შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა;

ვ) კარტოგრაფიულ მასალასთან მუშაობის ჩვევები;

ზ) კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა;

თ) უცხო ენის ფლობა;

ი) ორგანიზებულობა და კოლექტიური მუშაობის ჩვევები;

კ) ინფორმაციის ანალიზის, განზოგადებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის ჩვევები;

ლ) დასკვნების წერილობითი გაფორმების უნარი;

მ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ცოდნა;

ნ) საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა.

8. ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო ვალდებულია ექსპერტის მონაცემების რეესტრიდან ამოღებისა და მასთან მომავალში შრომითი ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცნობოს მას 15 დღით ადრე.

9. ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო ვალდებული არაა განუმარტოს ექსპერტს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზები, გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რასაც ადგენს მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

თავი VI

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია

    მუხლი 16. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება

1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია” არის გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული კატეგორიების საქმიანობის საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული სპეციალისტების (ექსპერტების) კოლექტივი, რომელიც იქმნება დროებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საექსპერტო ორგანოს მიერ შედგენილ სპეციალურ რეესტრში ამ დებულების შესაბამისად, აგრეთვე საჭიროების (რასაც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი ნებართვის გამცემი ორგანო) შემთხვევაში უცხოელი ექსპერტები.

 

    მუხლი 17. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას მტკიცდება:

ა) I და II კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვისას  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ, გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ბ) III და IV კატეგორიის საქმიანობის პროექტის განხილვისას აფხაზეთისა და აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, გარემოს დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების ქ. თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელის ბრძანებით.

2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ექსპერტთა კენტი რაოდენობა.

3. I კატეგორიის პროექტების განხილვის შემთხვევაში საექსპერტო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 9 ექსპერტისაგან. საჭიროების შემთხვევაში რაოდენობრივი შემადგენლობა შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობიდან, სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც შესაბამისი არგუმენტაციით უნდა აისახოს გარემოსდაცვითი ნებართვისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებაში.

4. II და III კატეგორიის პროექტებისათვის საექსპერტო კომისიაში ექსპერტთა რაოდენობა დაფიქსირებულია და განისაზღვრება:

ა) არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 ექსპერტისა II კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის;

ბ) არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 ექსპერტისა III და IV კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის;

5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის სრული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მოწვეული შტატგარეშე ექსპერტები ირჩევენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს ფარული ან ღია კენჭისყრით.

    მუხლი 18. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

1. საექსპერტო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:

ა) ათანხმებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროგრამასა და ჩატარების გრაფიკს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოსთან;

ბ) ექსპერტიზის ჩატარების პროცესში განსაზღვრავს დამატებითი ექსპერტების ან კონსულტანტების მოწვევის აუცილებლობას;

გ) ატარებს საექსპერტო კომისიის სხდომებს;

დ) იხილავს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში წარმოქმნილ უთანხმოებებს;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს აწვდის წინადადებებსა და ინფორმაციას ექსპერტიზის ჩატარების ვადების ან მისი მიმართულებების შეცვლის შესახებ;

ვ) უშუალოდ უწევს კოორდინაციას საექსპერტო კომისიის მიერ "კრებსითი დასკვნის" მომზადებას.

    მუხლი 19. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

1. საექსპერტო კომისიის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს საშტატო თანამშრომელთა რიცხვიდან ინიშნება საექსპერტო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ექსპერტიზის პროცესში:

ა) ამზადებს და აფორმებს ყველა აუცილებელ დოკუმენტებს (ბრძანებებს, განკარგულებებს, ხელშეკრულებებს, ოქმებს და სხვ.);

ბ) არეგულირებს ორგანიზაციულ ურთიერთობებს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარესა და ინვესტორს შორის;

გ) ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს საშტატო მუშაკთა დახმარებით უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის სხდომების მომზადებისა და ჩატარების ტექნიკურ მხარეს;

დ) უზრუნველყოფს ექსპერტებისათვის მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას და მიჰყავს საქმის წარმოება ექსპერტიზის პროცესში.

    მუხლი 20. საექსპერტო კომისიის ფუნქციები

1. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია:

ა) განსახორციელებელ საქმიანობის კონტექსტში გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ - ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების კომპლექსური ანალიზის ჩატარება;

ბ) მოსახლეობის ჯამრთელობაზე, მისი არსებობის პირობებზე, ბუნებრივი გარემოს ხარისხობრივ და რაოდენობრივ მდგომარეობაზე და ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ცალკეული შეფასებებისა და საექსპერტო განხილვის ცალკეული ასპექტების ინტეგრირება განზრახული საქმიანობის შედეგების მოსალოდნელი ზეგავლენის დადგენის მიზნით;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება.

2. პასუხისმგებლობა საექსპერტო კომისიის მუშაობის ორგანიზებისათვის ეკისრება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს.

3. საექსპერტო კომისიის სხდომების შემდეგ ფორმდება ოქმი, რომელშიც აისახება განსახილველი საკითხებისა და გამოთქმული აზრების არსი; რეგისტრირდება საექსპერტო კომისიის წევრებისა და მოწვეულ პირთა დასწრება.

4. საექსპერტო განხილვის მსვლელობაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელობამ უნდა გამორიცხოს:

ა) დაინტერესებული მხარეეების მიერ ექსპერტებზე ნებისმიერი ფორმით ზეგავლენის შესაძლებლობა;

ბ) დაინტერესებული მხარეეების მიერ ექსპერტებზე ნებისმიერი ფორმით ზეგავლენის შესაძლებლობა;

გ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი პრინციპების დამრღვევი ნებისმიერი ქმედებები.

თავი VII

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა

    მუხლი 21. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის მიმდინარეობა

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან:

1. მოსამზადებელი ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობაა:

– I კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 15 დღისა;

– II და III კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 10 დღისა;

– IV კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 5 დღისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს საშტატო თანამშრომლები:

ა) ამოწმებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

ბ) აყალიბებენ ექსპერტიზის ამოცანებს, ფარგლებს და მიმართულებებს, განსაზღვრავენ მისი ჩატარების მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ საშუალებებს, ადგენენ საექსპერტო სამუშაოს მოცულობას;

გ) ექსპერტიზის ძირითადი მიმართულებებისა და ამავე დებულებით განსაზღვრულ ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევენ ექსპერტებს რეესტრიდან;

დ) აფორმებენ სახელშეკრულებო დოკუმენტაციას ინვესტორთან და ექსპერტებთან.

2. ძირითად ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობაა:

- I კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 45 დღისა;

- II კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 30 დღისა;

- III კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 20 დღისა;

- IV კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 10 დღისა, ხდება დოკუმენტაციის განხილვა, რომლის პროცესშიც დგინდება:

ა) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის რეალიზაციისათვის არჩეული საშუალებების დასაბუთებულობა, მიღებული ტექნიკური, ტექნოლოგიური, საინჟინრო და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ბუნებრივი, ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის გამოყენების კომპლექსურობა, რაციონალურობა და ა.შ.

ბ) გარემოზე ზეგავლენის გამოვლენილი ფაქტორების ეკოლოგიური საშიშროების განსაზღვრის სისრულე და საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბები;

გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შერბილების გათვალისწინებული ზომების საკმარისობა;

დ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის განხორციელებისას ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოს ნორმატივებით გათვალისწინებული ხარისხობრივი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერატიული და სხვა სახის კონტროლისა, აგრეთვე მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მეთოდები;

ე) წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეკოლოგიური საშიშროების, მათი განთავსებისა და გადამუშავების შესაძლებლობათა შეფასების ობიექტურობა;

ვ) პროექტის განხორციელებით გამოწვეული ეკოლოგიური რისკის შეფასება;

ზ) საზოგადოების მონაწილეობის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა და მათი ექსპერტიზის შედეგებში გათვალისწინების მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

3. დასკვნითი ეტაპი, რომელი ხანგრძლივობაა:

- I კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 15 დღისა;

- II და III კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 10 დღისა;

- IV კატეგორიის საქმიანობის პროექტებისათვის – არა უმეტეს 5 დღისა, მოიცავს:

ა) საპროექტო დოკუმენტაციაზე ცალკეულ ექსპერტთა მიერ საექსპერტო დასკვნების მომზადებას (რომელიც განიხილება საექსპერტო კომისიის სხდომაზე), მათ საფუძველზე "კრებსითი დასკვნის" შედგენასა და განხილვას;

ბ) პროექტის განხორციელების პირობებისა და მათი შესრულების ვადების დადგენას;

გ) "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის" შედგენასა და შესაბამისი სახით გაფორმებას;

დ) გარემოსდაცვითი ნებართვისა და მისი დამატებითი პირობების (დანართის სახით) პროექტის შემუშავებას.

თავი VIII

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მისი გაფორმება და დამატებითი პირობები

    მუხლი 22. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

1. "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა" წარმოადგენს A-2 ფორმატის (100X197) შუაზე გაკეცილ ფურცელს. ივსება სამ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი ,,გარემოსდაცვით ნებართვა”-სთან ერთად ეძლევა ინვესტორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, ხოლო მესამე (I და II კატეგორიის პროექტებისათვის) ეგზავნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის იმ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეცაა განზრახული საქმიანობის განხორციელება. სამივე ეგზემპლარს გააჩნია ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრირდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) საქმიანობის კოდი და კატეგორია;

გ) საქმიანობის დასახელება;

დ) ინვესტორის დასახელება და მისამართი;

ე) განხორციელების ადგილი;

ვ) განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ზ) მონაცემები პროექტის შემდგენელის შესახებ;

თ) ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებანი;

ი) საექსპერტო კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები, აგრეთვე ცალკეული ექსპერტების განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის გადაწყვეტილება და დამატებითი პირობები დანართის სახით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

3. "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის" ნიმუში მოცემულია დანართ №2-ში.

    მუხლი 23. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გასცემს, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დამასაბუთებელი დოკუმენტაცია:

ა)  შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

ბ) მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს, ავარიული სიტუაციების შესაძლებელი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩათვლით.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის საფუძველს.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება შეიცავდეს დამატებით პირობებს დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს დასკვნის განუყოფელ ორგანულ ნაწილს.

4. დასკვნა დამატებით პირობებით გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ითვალისწინებს პროექტირების ადრეულ სტადიას და საჭიროა პროექტირების შემდეგ სტადიებზე დამატებით გადაწყვეტათა გათვალისწინება.

ბ) თუ საქმიანობა დასაწყისში არ საჭიროებს რაიმე გარემოსდაცვით ღონისძიებებს, მაგრამ მოსალოდნელია მათი საჭიროების წარმოშობა შემდგომ ეტაპებზე;

გ) თუ ექსპერტიზის პროცედურის დამთავრებისას ნებართვის გაცემამდე ცვლილება განიცადა ნორმატიულმა ბაზამ და საჭიროა დამასაბუთებელი დოკუმენტების ახალ ნორმატივებთან შესაბამისობაში მოყვანა საპროექტო დოკუმენტაციის ძირეული ცვლილებების გარეშე.

5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამატებითი პირობები აისახება გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის ფორმით და მათი შესრულება (საქმიანობის დაწყებამდე ან ეტაპობრივად დაწყების შემდეგ) წარმოადგენს ნებართვის მოქმედების აუცილებელ პირობას.

6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნას გასცემს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებს ამ დებულების 23-ე მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილ პირობებს ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს.

7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

    მუხლი 24. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაფორმება

1. "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას" ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო, საექსპერტო კომისიის დასკვნების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ მომზადებულ დასკვნას თან ერთვის საექსპერტო კომისიის "კრებსითი დასკვნა" (პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საქმიანობებისათვის) და დამოუკიდებელ ექსპერტთა ,,საექსპერტო დასკვნები”.

3. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის” განხილვაზე მოწვეულნი უნდა იყვნენ ინვესტორი, პროექტის დამმუშავებელი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამმუშავებელი (პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის), სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს, საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ მომზადებულ "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას" ხელს აწერენ: ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი საშტატო თანამშრომელი.

5. "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის" საბოლოო ვარიანტს ამტკიცებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელი, რის შემდეგაც დოკუმენტი იძენს "სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის" სტატუსს და იგი ხდება საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის საფუძველი.

 

    მუხლი 25. კონტროლი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარებაზე, დასკვნებისა და გარემოსდაცვითი ნებართვის დამატებითი პირობების შესრულებაზე.

1. კონტროლი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

2. კონტროლი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებისა და გარემოსდაცვითი ნებართვის დამატებითი პირობების შესრულებაზე ხორციელდება სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ, შესაბამისი დებულების საფუძველზე.

თავი IX

საზოგადოების მონაწილეობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში

    მუხლი 26. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის საკანონმდებლო საფუძველი

1. საზოგადოების მონაწილეობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში განსაზღვრულია საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” პირველი თავის მესამე მუხლის მე-6 პუნქტითა და მეორე თავის მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით, საქართველოს კანონის "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებით (I კატეგორიის საქმიანობის შემთხვევაში), აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 27. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ვალდებულებანი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზს პროცედურაში საზოგადოების მონაწილეობის სფეროში

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის დროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო ვალდებულია:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე მიღებისთანავე მოამზადოს და გამოაქვეყნოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით მოკლე ინფორმაცია ექსპერტიზის პროცედურის დაწყების შესახებ იმ ორგანიზაციების ან საკონტაქტო პირების მისამართების მითითებით, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავისი მოსაზრებები;

ბ) მოთხოვნილების მიხედვით გააცნოს საზოგადოების წარმომადგენლებს ექსპერტიზის პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონის "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" მე-17 მუხლით გათვალისწინებული, ინვესტორის მიერ წინასწარ განცხადებული კონფიდენციალური ინფორმაციისა;

გ) განიხილოს და საექსპერტო კომისიის წევრებს გააცნოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან შემოსული მოსაზრებები და შენიშვნები;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აცნობოს საზოგადოებას სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები.

    მუხლი 28. ინფორმაციის დაცვა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების დროს ინვესტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მისი საქმიანობის პროექტის განხილვის დროს, წარმოადგენს მის საკუთრებას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნებით ინვესტორის წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. დამოუკიდებელი ექსპერტები და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოების საშტატო თანამშრომლები ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ ინფორმაცია, რომელიც ინვესტორის საკუთრებას წარმოადგენს, სხვა მიზნებით და არ გადასცენ იგი სხვა პირებს ან სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებს, თუ ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი X

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ფინანსირების წესი

    მუხლი 29. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსება

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსების საკანონმდებლო საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ”.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის დაფინანსება და ჩატარებული საექსპერტო სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის №894 დადგენილების ,,საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დროებითი დებულებისა და დაფინანსების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” მეორე ნაწილის: ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსებისა და ანაზღაურების დროებითი წესი” შესაბამისად, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 15 ოქტომბრის  №427-1ს დადგენილების თანახმად.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხები იხარჯება მხოლოდ მიზნობრივად და გამოიყენება:

ა) ექსპერტების შრომის ასანაზღაურებლად;

ბ) ექსპერტების სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯებისათვის;

გ) ექსპერტიზის პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;

დ) ექსპერტიზის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

ე) საექსპერტო ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის;

ვ) დამატებითი გამოკვლევების, ლაბორატორიული ანალიზებისა და სხვა სამუშაოთა შესასრულებლად, რომელიც აუცილებელია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ხარისხიანად ჩასატარებლად;

ზ) სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისა და გაფორმების, აგრეთვე ,,გარემოსდაცვითი ნებართვის” გაფორმების ტექნიკური ხარჯების დასაფარად.

4. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურება ძირითადი ანაზღაურების 20%-ის ოდენობით.

5. კონტროლს ანაზღაურების ოდენობის სისწორეზე და სახსრების ხარჯვაზე ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები.

6. ინვესტორს უფლება აქვს გაასაჩივროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ანაზღაურების ანგარიშწორების წესი

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯები წარმოადგენს საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად საჭირო მთლიანი ხარჯების ნაწილს და მას ანაზღაურებს ინვესტორი.

კარი III

დასკვნითი ნაწილი

თავი XI

,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 31. ცვლილებები და დამატებები

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.