საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11.106.004599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
12/01/2001
სსმ, 6, 18/01/2001
100020010.11.106.004599
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2001 - 16/03/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.599

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №20

2001 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 14 მაისის №143 ბრძანება ,,საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2001 წლის 22 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

დანართი №1

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მიზნებს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი)  წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ", საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

დეპარტამენტს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ბლანკიანი ფურცელი.

    მუხლი 5.

დეპარტამენტის ადგილსამყოფელია:  ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. №9.

თავი II

დეპარტამენტის  მიზანი და უფლებამოსილებანი

    მუხლი 6.

დეპარტამენტის მიზანია სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციელთა კადრების შერჩევა, მათი სწავლების ორგანიზება, სათანადო ღონისძიებების განხორციელება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 7.

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს სააღსრულებო ბიუროების მიერ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას;

ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები;

გ) ორგანიზება გაუკეთოს სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდებს;

დ) განახორციელოს სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის რევიზია და კონტროლი;

ე) გამოითხოვოს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;

ვ) განიხილოს სასამართლო აღმასრულებლების მიმართ შემოსული საჩივრები და სხვა განცხადებები;

ზ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკა და ანალიზი;

თ) განიხილოს აღსრულებასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დავები და განსჯადობის საკითხები;

ი) სასამართლო აღმასრულებლების წარმოებებით გადატვირთვისას, სააღსრულებო წარმოებათა გაჭიანურებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულებისას სასამართლო აღმასრულებელს შეუცვალოს სამოქმედო ტერიტორია კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;

კ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III

დეპარტამენტის მართვა

    მუხლი 8.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) იხილავს დეპარტამენტში შესულ განცხადებებსა და საჩივრებს;

ბ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

გ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, გამოსცემს ბრძანებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს  სააღსრულებო ბიუროების უფროსების, სააღსრულებო პოლიციის, სასამართლო აღმასრულებელთა და დეპარტამენტის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს.

    მუხლი 9.

დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა  უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 10.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია :

ა) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;

ბ) სააღსრულებო წარმოების განყოფილება;

გ) საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება;

დ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

ე) არასაპატიმრო სასჯელებისა და პრობაციის განყოფილება;

    მუხლი 11.

1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს ორგანიზაცია და  საქმიანობის წესი განისაზღვრება სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი განყოფილებების უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის შინაგანაწესით.

თავი V

დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა, სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება

    მუხლი 12.

დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა, სასამართლო აღმასრულებელთა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისათვის გამოიყენება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული შემოსავლები.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13.

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და/ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 14.

დეპარტამენტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 15.

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.