დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 667 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 21/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.008952 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/07/2006 - 11/07/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.952
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №667
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის №1520 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №141, მუხ. 1277).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს კანონით „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ემიგრაციის, ბინადრობის ნებართვის მინიჭების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების, უცხოელთათვის საქართველოდან გასვლის ვადის გაგრძელების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ბ) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთა წინასწარი განხილვა;
გ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
დ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და მათ შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 4. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის. აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;
თ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ამ დებულებით განსაზღვრულ ბრძანებებსა და დავალებებს;
ნ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო;
ბ) მიგრაციის საკითხთა სამმართველო.
2. მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო ახორციელებს მოქალაქეობის დადგენის, მიღების, მინიჭების, აღდგენის და შეწყვეტის მასალების მომზადებას.
3. მიგრაციის საკითხთა სამმართველო იხილავს და წყვეტს ემიგრაციის, ბინადრობის ნებართვის მინიჭების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების, უცხოელთათვის საქართველოდან გასვლის ვადის გაგრძელების საკითხებს.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
გ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას;
დ) გეგმავს, ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ე) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
ზ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას. აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
თ) ეცნობა და ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ი) დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მომსახურეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ლ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს, მოსამსახურეთათვის კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
მუხლი 6. დეპარტამენტის მოსამსახურეები და საშტატო განრიგი
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) აწარმოებს განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალების მიღებასა და განხილვას;
ბ) ამზადებს მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის შესახებ დოკუმენტების პროექტებს;
გ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების სხვადასხვა დავალებებს.
3. დეპარტამენტის სპეციალისტი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმის წარმოების ორგანიზებას, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საარქივო საქმის წარმოებას და პასუხისმგებელია დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე;
ბ) დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის შესახებ;
გ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების სხვადასხვა დავალებებს.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობრივი სახელწოდებები დადგენილია სამინისტროს საშტატო განრიგით.
5. დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები