საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 02/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.117.005856
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
256
28/05/2003
სსმ, 49, 02/06/2003
010240030.11.117.005856
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/06/2003 - 30/09/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.856

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №256

2003 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანება “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” გამოცხადდეს ძალადაკარულად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს.

2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრალური აპარატის, ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები, სტიმულირების ფონდების სპეციალური ანგარიშები ხაზინაში.

5. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, პ.იაშვილის ქუჩა №4.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. დეპარტამენტი თავის კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების აკრეფას და შესაბამისი დონის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ შეტანას, საქართველოს საგადასახადო სივრცეში ახორციელებს საქონლის (მომსახურების, სამუშაოების) აღრიცხვას, მონიტორინგს და დაბეგვრას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას; შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას; შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ, გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს; იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს; თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასამართლოში საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში; ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების და დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს. ახდენს კადრების შერჩევასა და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; აანალიზებს და განაზოგადებს საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო ორგანოების გამოცდილებას;

    მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, ფინანსთა მინისტრის ბრძანებების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს და მის ოპერატიულ მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას;

ვ) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციების საშტატო ნუსხას;

ზ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

თ) თავისი ბრძანებით ქმნის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას;

ი) დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ფინანსთა მინისტრის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფის საქმიანობას.

6. დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება საგადასახადო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის ოპერატიულ მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოებია: აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციები.

2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თავმჯდომარის აპარატი;

ბ) გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო;

გ) გადამხდელთა კონტროლის სამმართველო;

დ) გადამხდელთა რეგისტრაციისა და მომსახურების სამმართველო;

ე) დავალიანებათა აკრეფის, აღრიცხვის, ანალიზისა და გადასახადების იძულებითი მეთოდებით გადახდევინების სამმართველო;

ვ) აღრიცხვა-ანგარიშგების ინფორმაციული უზრუნველყოფის, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო;

ზ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;

ი) საფინანსო სამმართველო;

კ) იურიდიულ საკითხთა და საგადასახადო საჩივრების განხილვის სამმართველო;

ლ) კადრების სამმართველო;

მ) სამეურნეო სამმართველო;

ნ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. თავმჯდომარის აპარატი:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

ბ) ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

გ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, დეპარამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების ორგანიზებას და გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ უმზადებს ინფორმაციას დეპარტამენტის თავმჯდომარეს;

დ) ახორციელებს საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას და დაარქივებას დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს თავმჯდომარის მითითებებისა და ბრძანებების შესრულების კოორდინაციას, აწესებს კონტროლს მათი შესრულების ვადების დაცვაზე;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ურთიერთობას საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.

2. გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო:

ა) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, მონაწილეობს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტების მომზადებასა და განხილვაში;

ბ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშების ფორმებს და განაზოგადებს გამოკვეთილ ტენდენციებს;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს დასაბეგრი შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის თაობაზე;

დ) ამზადებს წინადადებებს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების ფორმებისა და საშუალებების გამოვლენის მეთოდოლოგიის შესახებ;

ე) ამზადებს გადამხდელთა დაბეგვრაზე ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების და მეთოდური მითითებების პროექტებს;

ვ) აანალიზებს გადამხდელთა საგადასახადო, აგრეთვე ფიზიკურ პირთა ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებს;

ზ) მონაწილეობს სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში.

3. გადამხდელთა კონტროლის სამმართველო:

ა) საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის მიზნით ახორციელებს გადამხდელთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობის კონტროლს;

ბ) მონიტორინგს უწევს და აანალიზებს რამდენად ეფექტურად ახორციელებენ ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციები გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს;

გ) საჭიროების შემთხვევაში ატარებს გადამხდელთა გეგმურ და საკონტროლო გასვლით საგადასახადო შემოწმებებს.

4. გადამხდელთა რეგისტრაციისა და მომსახურების სამმართველო:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს საგადასახადო ინსპექციებიდან გადამხდელთა რეგისტრაციის შესახებ;

გ) ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა ერთიანი რეესტრის მონაცემთა ბაზის ფორმირების და ინფორმაციული რესურსების მომხმარებებთათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენის შესახებ;

დ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მომსახურების მეთოდებს;

ე) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციების გადამხდელთა მომსახურების განყოფილებების საქმიანობას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას;

ვ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საგადასახადო ინსპექციებში წარდგენის მდგომარეობის შესახებ.

5. დავალიანებათა აკრეფის, აღრიცხვის, ანალიზისა და გადასახადების იძულებითი მეთოდებით გადახდევინების სამმართველო:

ა) ახორციელებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ანალიზს, შეიმუშავებს მათი იძულებითი წესით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციების მიერ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ამოღების პროცესს, პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს მათ ამ საქმეში;

გ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების, დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის მონიტორინგს. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესში.

6. აღრიცხვა-ანგარიშგების, ინფორმაციული უზრუნველყოფის, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო:

ა) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;

ბ) შეისწავლის გადამხდელთა რეალურ საგადასახადო ბაზას, უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების ყოველთვიური, ყოველკვარტალური საგეგმო-საპროგნოზო პარამეტრების პროექტების ფორმირებას;

გ) ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე და აწესებს კონტროლს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;

დ) ახორციელებს ანგარიშგების შედგენას საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ გადასახადის სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით რაიონების, ქალაქებისა და მხარეების ჭრილში;

ე) ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საინფორმაციო-საანალიზო მასალების მოპოვება დამუშავების ეფექტიან სისტემას.

7. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო:

ა) ახდენს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომპიუტერულ დამუშავებას;

ბ) საგადასახადო ინსპექციებზე გაცემული მკაცრი აღიცხვის დოკუმენტების რეესტრის წარმოებას და კონტროლს;

გ) ახდენს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომისიური წესით განადგურების კონტროლს.

8. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებს საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით;

ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების კომპიუტერული სისტემების ერთიანობასა და მონაცემთა ბაზების დაცვას.

9. იურიდიულ საკითხთა და საგადასახადო საჩივრების განხილვის სამმართველო:

ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მომზადებული მეთოდური მითითებების, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ბ) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებსა და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით. სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;

გ) აანალიზებს საგადასახადო დავების წარმოქმნის მიზეზებს, ატარებს მონიტორინგს გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებზე;

ე) განიხილავს საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა მოქმედებებზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობებსა და აპელაციებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება;

ვ) დადგენილი წესით წარმოადგენს დეპარტამენტს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს.

10. საფინანსო სამმართველო:

ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებას, ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების საჭიროებისამებრ ხარჯვის ღონისძიებებს;

ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;

გ) ადგენს საგადასახადო ინსპექციების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

11. კადრების სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს;

ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) მონაწილეობს კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზებაში;

ე) ახდენს კადრების შესახებ ინფორმაციული მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის მონაცემთა ბანკს;

ვ) ორგანიზაციას უკეთებს მოხელეთა რეზერვის შექმნას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის და ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების საშტატო რიცხოვნების შესახებ. ახორციელებს კონტროლს საშტატო რცხოვნების დაცვაზე.

12. სამეურნეო სამმართველო;

ა) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;

ბ) უზრუნველყოფს დაპარტამენტის მატერიალური ქონების დაცვას და ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობას.

13. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

ა) ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას;

ბ) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურების მუშაობის გამოცდილებას და წარუდგნს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოპოვებულ მასალებს.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.