საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №49 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №49 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 05/05/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
49
19/04/2000
სსმ, 39, 05/05/2000
000000010.01(2).004.000223
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №49 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/05/2000 - 27/11/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  101.012.004.223

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №49

2000 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

 “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის, “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 3 მაისის და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 18 მაისის კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ეს დებულება შემუშავებულია "საჯარო სამსახურის შესახებ," “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, “ნოტარიატის შესახებ”, “პატიმრობის შესახებ” და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.

2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.

3. ამ დებულების V თავის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე, გარდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონით განსაზღვრული სასამართლო აღმასრულებლებისა.

 

თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია

    მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა

1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი, თავმჯდომრის მიერ იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.

5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.

6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები იქმნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებში დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

    მუხლი 3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

საჭიროების შემთხვევაში, "ნოტარიატის შესახებ" და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონებითა და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, შეიძლება კომისია დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.

5. იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.

    მუხლი 5. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება

კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან იუსტიციის სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. კონკურსი

    მუხლი 6. კონკურსის მიზანი

1. კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ან მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.

2. ნოტარიუსთა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მიზანია ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირების შერჩევა.

    მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.

2. ნოტარიუსთა კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 8. საკონკურსო კომისიის სამდივნო

1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.

სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.

3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 5 წელი.

4. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.

    მუხლი 9. მოთხოვნები რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს

1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. ნოტარიუსის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად, ნოტარიუსის მდივნად ანდა კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი.

3. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 35-წლამდე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

    მუხლი 10. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) შრომის წიგნაკი;

ე) ორი ფოტოსურათი (3X4);

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2. ნოტარიუსობის კანდიდატმა გარდა ზემოაღნიშნულისა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) სტაჟირების გავლის თაობაზე ხელმძღვანელი ნოტა-რიუსის დასკვნა;

ბ) სტაჟირების ვადის შემცირების შემთხვევაში _ იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანება.

    მუხლი 11. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი

კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.

    მუხლი 12.   კონკურსის პირობები

1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.

    მუხლი 13.   ტესტირება

1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.

3. კონკურსანტი ტესტირებისგან თავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი სამართლის სპეციალობით.

4. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

5. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს.

    მუხლი 14. გასაუბრება

საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.

    მუხლი 15. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.

2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.

    მუხლი 16. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.

2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.

5. იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.

6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

    მუხლი 17.   კონკურსის შედეგი

1 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.

3. კონკურსის შედეგების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

    მუხლი 18.   ჩაშლილი კონკურსი

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

თავი IV. მოხელის ატესტაცია

    მუხლი 19. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1.  ატესტაციას ექვემდებარება:

ა) საჯარო მოხელე ან მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) საჯარო მოხელე ან მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) რეზერვში ჩარიცხული პირი.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) საჯარო მოხელე ან მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;

ბ) საჯარო მოხელე ან მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 20. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს არა უადრეს ერთი თვისა.

    მუხლი 21. ატესტაციის ჩატარების წესი

1. ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს.

2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას;

3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.

4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირების გზით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

5. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას. ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 60% სწორი პასუხი).

6. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.

    მუხლი 22. ოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლით.

2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა)შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;

გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;

დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.

5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

    მუხლი 23. ატესტაციის შედეგები

1. ატესტაციის შედეგები საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 24. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი V. საჯარო მოხელეთა რეზერვი

    მუხლი 25. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი

საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს:

ა) საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა;

ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა;

გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.

    მუხლი 26. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა

რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

    მუხლი 27.   რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი

რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით.

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 28. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

1. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანება “ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ” და “ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ” დებულებების დამტკიცების თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 3 აგვისტოს №221 ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 5 აგვისტოს №237 ბრძანება “სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”.

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №360 ბრძანება “სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ”.