საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110530028, 09/06/2011
ძალაში შესვლის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016035
  • Word
0
25/05/2011
ვებგვერდი, 110530028, 09/06/2011
480610000.03.030.016035
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა

 და

ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს

შორის

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ლატვიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

 

გამოთქვამენ რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული კავშირებისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისა და გაძლიერების სურვილს,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

     მუხლი 1

მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ პირდაპირ კონტაქტებს, გაცვლებს და თანამშრომლობას იმ ორგანიზაციებს, ინსტიტუტებსა და პირებს შორის, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მუსიკის, თეატრის, კინემატოგრაფიული და აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების შექმნის, მუზეუმებისა და გამომსახველობითი ხელოვნების, ბიბლიოთეკებისა და ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, სამოყვარულო ხელოვნებისა და კულტურის სხვა სფეროებში.

    მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებას და განვითარებას ორი ქვეყნის შემოქმედებით კავშირებსა და ასოციაციებს, კულტურულ დაწესებულებებს და კულტურის სფეროში მოქმედ არასამთავრობო დაწესებულებებს შორის.

    მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას მუსიკის სფეროში, კერძოდ, მუსიკალურ დაწესებულებებს შორის, ასევე მუსიკალური ფესტივლების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების სფეროში, და ხელს შეუწყობენ მუსიკალური ანსამბლების, სოლო მომღერლებისა და დირიჟორების, ასევე საინფორმაციო მასალების, ნოტების, სპეციალიზებული ჟურნალების, მუსიკალური ლიტერატურის, მუსიკალური მედიაგამოცემების გაცვლას და მხარს დაუჭერენ პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შესრულებული ორიგინალური ნაწარმოებების წარდგენას.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების განვითარებას ორი ქვეყნის დრამატულ, მარიონეტულ და სხვა თეატრებს შორის და ხელს შეუწყობენ გასტროლებზე ჩამოსული თეატრული დასებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების სპექტაკლების და სხვა სახის წარმოდგენების გამართვას, ასევე მსახიობების, შემოქმედებითი ანსამბლებისა და თეატრმცოდნეების მონაწილეობას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივლებში, ამ ფესტივლების წესების შესაბამისად.

      მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კინემატოგრაფიული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სფეროში, რაც მოიცავს ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას, საერთაშორისო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობას ამ ფესტივალების წესების შესაბამისად, ფილმების გადაღებას და ასევე განათლების მიღებას ამ სფეროში.

    მუხლი 6

მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას ორი ქვეყნის მუზეუმებს, გალერეებსა და გამომსახველობითი ხელოვნების ცენტრებს შორის, რომლის მიზანია გამოფენების, ექსპერტებისა და საინფორმაციო მასალების გაცვლის გაძლიერება.

    მუხლი 7

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის ბიბლიოთეკებს შორის წიგნების, გამოფენების, მეთოდური და ბიბლიოგრაფიული მასალების გაცვლის გზით, და სემინარებში, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ექსპერტების მონაწილეობას, ასევე ლიტერატურისა და თარგმნის სფეროში თანამშრომლობას, რაც მწერლებს, პოეტებს, მთარგმნელებსა და კრიტიკოსებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების გზით მიიღწევა, და ორივე ქვეყანაში ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალებში ურთიერთმონაწილეობას.

    მუხლი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილების გაცვლას და თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, დაცვისა და კონსერვაციის სფეროში.

მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა აღკვეთონ იმ ნივთების უკანონო იმპორტი, ექსპორტი და გადაცემა, რომლებიც შეადგენს მათი შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს, ეროვნული კანონმდებლობისა და ორივე ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 9

მხარეები ითანამშრომლებენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში, მიიწვევენ ტრადიციული ხელოვნების ჯგუფებს თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ხელს შეუწყობენ ექსპერტთა გაცვლას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამოყვარულო ხელოვნების საკითხებზე გამართულ სემინარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებში.

    მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ექვემდებარება მხარეთა საერთო წერილობით თანხმობას. ცვლილებებთან და დამატებებთან დაკავშირებით გაფორმდება დამატებითი ოქმები, რომლებიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მე-12 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებათა გზით.

    მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. ამ თარიღის შემდგომ, მისი ვადა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე წერილობით და ვადის გასვლამდე, არა უგვიანეს ექვსი თვით ადრე მეორე მხარეს არ აცნობებს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას.

 

ხელმოწერილია . . . , . . . ორ დედნად, ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე; ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების ინტერპრეტაციის დროს თარგმანში განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს კულტურისა და

ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

ლატვიის რესპუბლიკის

კულტურის სამინისტროს სახელით

 

(ხელმოწერილია)