დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 09/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.441 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. საპროცესო შეთანხმებების მიზანია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.“.
3. 24-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს და დაკითხავს მას წაყენებული ბრალდების გამო 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამომძიებელი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურორს. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ მის ასლს პროკურორი გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.
4. 29-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. საქმის წარმოება შეჩერდება აგრეთვე იმ გადაულახავი გარემოებების არსებობისას, რომლებიც შეუძლებელს ხდიან ისეთი საგამოძიებო მოქმედებების შესრულებას, რომელთა გარეშე ჭეშმარიტების დადგენა ვერ ხერხდება.
5. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სისხლის სამართალწარმოება არ ჩერდება.“.
5. 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.“.
6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371. პროკურორის სარჩელი თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით
1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.
7. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ 371 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად.“.
8. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე, 48-ე და 49-ე ნაწილები:
„47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება) – ამ კანონის მიზნებისათვის ითვალისწინებს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე საწარმოში (რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან მეტს) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, შესაბამისად, სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
48. საპროცესო კონფისკაცია – დანაშაულის იარაღის და საგნის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
49. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ან ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი სახსრების ჩამორთმევა.“.
9. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:
„ს) 6791 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და წარადგინოს სასამართლოში შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ტ) 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ბრალდებული თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.“.
10. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობაშია საქმეები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა დეპუტატებისა და მთავრობათა წევრების, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატესტირებული თანამშრომლის, პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსამსახურის ბრალდების გამო, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 108–116-ე, 133-ე, 136–175-ე, 194-ე, 217-ე, 220–226-ე, 240-ე, 242-ე, 246–247-ე, 252-ე, 275-ე, 279-ე, 332–342-ე, 349–358-ე, 364–413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა და არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ.“.
11. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ანდა, რომელსაც ასეთი ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებულმა პირმა.“.
12. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.
13. 81-ე მუხლის:
ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში დანიშნონ დამცველი. თუ თანამდებობის პირი ან მისი ახლო ნათესავი ამ ვადაში არ დანიშნავენ დამცველს, თანამდებობის პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.“.
14. 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.
15. 106-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ექსპერტს (გარდა 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), სპეციალისტს ან დამსწრეს უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულნი არიან საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ანდა ნათესაური ურთიერთობა აქვთ მასთან.“.
16. 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:
ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;
ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.
22. ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.“.
17. 144-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.
18. 160-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას – იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში – საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. თანამდებობის პირის დაპატიმრების შემდეგ მისი დაკითხვის, სასამართლოში წარდგენის და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი დაპატიმრებულია მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ თანამდებობის პირმა ჩაიდინა დანაშაული და მძიმე ავადმყოფობის გამო მის მიმართ შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გამომძიებელს, თანამდებობის პირის დაუსწრებლად, გამოაქვს დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ.“.
19. 176-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია.“.
20. 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
21. 190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციის და სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე თანამდებობის პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.“.
22. 282-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.
23. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილ უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით სავალდებულოდ დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.
24. 284-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი თანამდებობის პირის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას თანამდებობის პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს თანამდებობის პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობის ფაქტს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი დაუყოვნებლივ დაკითხავს ბრალდებულს წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.“.
25. 311-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მტკიცებულებების შეგროვება და საბრალდებო დასკვნის შედგენა შესაძლებელია ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.
26. 401-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს, დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს და განუმარტავს მათ უფლებას გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.“.
27. 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქმე გასაცნობად ცალ-ცალკე წარედგინება ყოველ ბრალდებულს, დაზარალებულს, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს – სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საქმე გასაცნობად წარედგინება მის დამცველს.“.
28. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბრალდებო დასკვნის დამტკიცების შემდეგ პროკურორი ან მისი მოადგილე საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“.
29. 420-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. თუ ბრალდებული თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საქმის წარმოება არ შეჩერდება.“.
30. 443-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) განსასჯელი თანამდებობის პირია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.
31. 446-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.“.
32. 451-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ განსასჯელი მიიმალა ან/და მძიმედ არის ავად, რაც გამორიცხავს სასამართლოში მის გამოცხადებას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას ამ განსასჯელის მიმართ მის მოძებნამდე ან გამოჯანმრთელებამდე და განაგრძობს სასამართლო განხილვას დანარჩენ განსასჯელთა მიმართ, ხოლო თუ ეს ხელს შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას, სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. თუ განსასჯელი თანამდებობის პირია და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, საქმის წარმოება არ შეჩერდება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 420-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას.“.
33. 509-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა.“.
34. 523-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. მსჯავრდებულ თანამდებობის პირს, რომლის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს განაჩენი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში, თუ განაჩენი ამ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული მისი დამცველის ან წარმომადგენლის მიერ.“.
35. 596-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გენერალურ პროკურორთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან შეტანილი საჩივრების საფუძველზე აღნიშნული პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში აღძრავენ წარმოებას საჩივრის გამო და გამოძიებას ავალებენ პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო, თუ არ არსებობს ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, გამოაქვთ დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმების სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომაზე ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება 560–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.
36. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის LXIV1 თავი:
„თავი LXIV1
საპროცესო შეთანხმება
მუხლი 6791. საპროცესო შეთანხმების არსი
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება.
2. თუ პროკურორი და ბრალდებულის დამცველი შეთანხმდებიან, რომ ბრალდებული თანახმაა ითანამშრომლოს ბრალდების მხარესთან, აღიარებს დანაშაულის ჩადენას და საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდის უტყუარ ინფორმაციას ან/და მტკიცებულებებს მძიმე დანაშაულის ან თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის გახსნას, პროკურატურას უფლება აქვს, უარი თქვას საბრალდებო დასკვნაზე და მის ნაცვლად სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
3. საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში მიიღება:
ა) ბრალდებულის ნება დაეხმაროს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან;
ბ) ბრალდებულის პიროვნება;
გ) დანაშაულის სიმძიმე, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;
დ) სასამართლოს მიერ ბრალდებულის დამნაშავედ აღიარების შესაძლებლობა;
ე) სავარაუდო სასჯელის სიმძიმე ჩადენილი დანაშაულისათვის;
ვ) სასამართლოში საქმის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი;
ზ) საქმის წარმოების ხარჯები;
თ) სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებში დაზარალებულის მდგომარეობა და მისი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების საჯარო ვალდებულება.
4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარ შეთანხმებით.
5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება, ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივი მოხსნის თაობაზე, თუ ბრალდებული სრულად აღიარებს დანაშაულს და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს.
6. ბრალდებულისთვის სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივი მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს;
ბ) საჯარო ინტერესს, მაქსიმალური ეფექტიანობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები.
7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.
8. საპროცესო შეთანხმება ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიერ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მტკიცებულებები არ აღმოჩნდება სარწმუნო და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნისთვის რეალური პირობების შექმნას. გადაწყვეტილებას შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა პირველი ინსტანციით განიხილება საოლქო სასამართლოს მიერ.
მუხლი 6792. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;
ე) სასჯელის ზომა, რასაც პროკურატურა ითხოვს; ჯარიმის შემთხვევაში – მისი ოდენობა.
2. ბრალდებულის წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული ან მისი კანონიერი წარმომადგენელი და მისი დამცველი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით განაცხადა დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3. თუ პროკურორი და ბრალდებულის დამცველი შეთანხმდებიან თანამშრომლობის შესახებ, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის დამცველი და უშუალოდ ბრალდებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის შინაარსი კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს.
მუხლი 6793. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.
2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ:
ა) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი;
ბ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
გ) ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალიწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
დ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა სასჯელის შემცირების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე;
ე) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები:
ე.ა) დაცვის უფლება;
ე.ბ) უფლება უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;
ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე;
ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების თუ ისეთი დანაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;
ზ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
3. გადაწვეტილებას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მოსამართლე მიიღებს შინაგანი რწმენის საფუძველზე და ვალდებული არ არის გაითვალისწინოს პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები.
მუხლი 6794. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
1. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად პროკურორისთვის საქმის უკან დაბრუნების თაობაზე.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.
3. სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე ამოწმებს დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და სამართლიანია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე, – რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.
4. თუ სასამართლო პროკურატურის ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას სწორად მიიჩნევს, ხოლო მოთხოვნილ სასჯელს – სამართლიანად, მას გამოაქვს განაჩენი პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. განაჩენს ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო შემადგენლობა).
5. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია ამ კანონის 6791მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად.
6. თუ სასამართლო პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელს მკაცრად მიიჩნევს, მას უფლება აქვს შეამსუბუქოს იგი.
7. ბრალდებულს უფლება აქვს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში უარი თქვას ბრალის აღიარების შესახებ შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება დამცველის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
მუხლი 6795. ბათილად ცნობილი საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა
1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში ადგილი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ კანონის მოთხოვნების დარღვევას და ამ მოტივით სასამართლო გააბათილებს საპროცესო შეთანხმებას ან/და ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს შეთანხმებაზე, დაუშვებელია პროკურატურის მიერ შეთანხმების შედეგად მიღებული ცნობების გამოყენება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
2. თუ ბრალდებული შეთანხმების დადების შემდეგ უსაფუძვლოდ განაცხადებს უარს თანამშრომლობაზე და მოითხოვს საპროცესო შეთანხმების ბათილად ცნობას, შეთანხმების შედეგად მიღებული მტკიცებულებები მოსამართლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს დასაშვებ მტკიცებულებებად.
მუხლი 6796. საპროცესო შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება;
გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით.
მუხლი 6797. განაჩენის გადაცემა და ძალაში შესვლა
1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში ბრალდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და დამცველს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლი.
2. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
3. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახალაღმოჩენილ და ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი.
№3287–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები