დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110520015, 25/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.115.016051 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 6 მაისი
დ. ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/01/2011) ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით /თან ერთვის/.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს
დებულება
მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ _ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლებამოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.
5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი .
2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები