განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ

  • Word
განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 24/01/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.001.437
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3255
14/01/2004
სსმ, 1, 24/01/2004
040.050.000.05.001.001.437
განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ

    მუხლი 1

1. ინსტიტუციონალური და საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ კანონით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებს, ბათილია.

3. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადასცემს სახელმწიფო ქონებას თხოვების და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე.

4. ფონდის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ფონდის წესდებით, რომელსაც ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 2

ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს:

ა) ინსტიტუციონალური და საჯარო რეფორმების განხორციელებას;

ბ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლებას);

გ) საჯარო მოსამსახურეთა ადეკვატური ანაზღაურებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას;

დ) ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.

    მუხლი 3

1. ფონდის შემოსავლის წყაროებია:

ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობები და ანონიმური წყაროებიდან მიღებული თანხები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.

    მუხლი 4

1. ფონდში იქმნება მეურვეთა საბჭო, რომელიც შედგება 6 წევრისაგან.

2. მეურვეთა საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მეურვეთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარეს.

4. მეურვეთა საბჭო:

ა) განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებს;

ბ) ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს;

გ) ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს ფონდის საქმიანობის შესამოწმებლად;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით და ფონდის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5

1. ფონდის მართვას ახორციელებს ფონდის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ფონდის დირექტორი:

ა) უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზებას და მის კონტროლს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდის მუშაკებს შორის, ამტკიცებს ფონდის მუშაობის შინაგანაწესს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ფონდის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფონდის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორი მეურვეთა საბჭოსთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ფონდის დირექტორი.

    მუხლი 6

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 14 იანვარი.

№3255-რს

 

ძალადაკარგულია:

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2483 - სსმ I, №49, 30.12.2009 წ., მუხ.381