დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-21/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510030, 11/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016070 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-21/ნ
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე და 1284-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 963) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა „მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად (დანართი №1);“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს დანართი №1 – „მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
დანართი №1
მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხვედველობის განხორციელების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე და 1284-ე მუხლების გათვალისწინებით და განსაზღვრავს მეურვის/მზრუნველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობების შესრულებაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეულები) მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სამეურვეო/სამზრუნველო პირის მეურვე/მზრუნველი თავად არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
მუხლი 2. ზედამხედველობის ფარგლები და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები
1. მეურვის/მზრუნველის კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და მისი ტერიტორიული ერთეულების (შემდგომში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო) ფუნქციას, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამეურვეო/სამზრუნველო პირის მოთავსებისა და იქ ყოფნის პერიოდში ჩერდება მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა. ამ შემთხვევაში ამ პირთა მიმართ ზედამხედველობის ფარგლები მოიცავს მხოლოდ მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში განთავსებას.
3. საზღვარგარეთ მეურვის/მზრუნველის გასვლის და/ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის გაყვანის შემთხვევაში ჩერდება მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა სამეურვეო/ სამზრუნველო პირისა ან/და მეურვის/მზრუნველის საქართველოში დაბრუნებამდე. ამ შემთხვევაში ამ პირთა მიმართ ზედამხედველობის ფარგლები მოიცავს მხოლოდ მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში განთავსებას.
4. სამეურვეო/სამზრუნველო პირის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარიზაციის პერიოდში, სააგენტო და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავისუფლება სამეურვეო/სამზრუნველო პირის პერსონალური მონახულების ვალდებულებისაგან. სამეურვეო/სამზრუნველო პირის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ საჭირო მონაცემები შესაძლებელია მიღებულ იქნეს სპეციალიზებული დაწესებულების ადმინისტრაციისაგან წერილობითი ფორმით.
5. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა არ ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.
6. სრულწლოვან ქმედუნარიან პირებზე დაწესებული მზრუნველობის შემთხვევების ზედამხედველობა მოიცავს სამზრუნველო პირისაგან წერილობითი ფორმით ინფორმაციის მიღებას (თუ ამის საშუალებას იძლევა სამზრუნველო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა), რომლის მოთხოვნის შესაბამისადაც ხორციელდება ზედამხედველობის შედეგების განსაზღვრა.
7. მეურვეობის/მზრუნველობის შეწყვეტა, მეურვის/მზრუნველის გადაყენება ან გათავისუფლება იწვევს ამ მზრუნველის/მეურვის საქმიანობაზე ზედამხედველობის შეწყვეტას.
მუხლი 3. მეურვეობისა და მზრუნველობის მონაცემთა ბაზა
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება მეურვეობისა და მზრუნველობის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (შემდგომში – მონაცემთა ბაზა), სადაც მოცემულია ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების თითოეული შემთხვევის შესახებ, სამეურვეო/სამზრუნველო პირისა და მისი მეურვის/მზრუნველის პირადი მონაცემები, მეურვის/მზრუნველის გათავისუფლების, გადაყენების, მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტის, ბათილობის, გაუქმების, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლებების რეალიზაციისათვის თანხმობის მიღების შესახებ, მეურვეობისა და მზრუნველობის შემთხვევების ზედამხედველობის შედეგები და სხვა ინფორმაცია (მონაცემები), რაც უკავშირდება სამურვეო/სამზრუნველო პირს და სააგენტოს/მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.
2. მონაცემთა ბაზის ფორმირება ხდება სააგენტოსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოპოვებული (მიღებული) ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე.
მუხლი 4. ზედამხედველობის პროცესი
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ზედამხედველობის პროცესი გულისხმობს მეურვის/მზრუნველის მოვალეობების განხორციელების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება:
ა) დადგენილი პერიოდულობით (გეგმური ზედამხედველობა);
ბ) სააგენტოს/მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს ინიციატივით შერჩევითი პრინციპით;
გ) შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ.
2. გეგმური ზედამხედველობა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრულ ვადებში.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის ფორმებს და მისი გამოყენების ინსტრუქციას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5. გეგმიური ზედამხედველობის ვადები და გეგმა
1. გეგმიური ზედამხედველობა ხორციელდება კალენდარულ წელიწადში ერთხელ.
2. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე გეგმური ზედამხედველობის განხორციელების დაწყებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამტკიცებს ზედამხედველობის გეგმას.
3. ზედამხედველობის გეგმაში აისახება ზედამხედველობის დაწყების და დასრულების ვადები, გრაფიკი და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები.
მუხლი 6. ზედამხედველობის ფორმა
1. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ხორციელდება ფაქტობრივი ზედამხედველობა, თუ არ არსებობს მეურვეობის/მზრუნველობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
2. ფაქტობრივი ზედამხედველობა მოიცავს კანონმდებლობით ნებადართული სხვადასხვა მოქმედების განხორციელების შედეგად მეურვის/მზრუნველის საქმიანობის ფაქტობრივ შემოწმებას.
მუხლი 7. ზედამხედველობის შედეგები
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს ზედამხედველობის შედეგები აისახება დასკვნაში. შედეგების მიხედვით დასკვნა შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი ან უარყოფითი.
2. ზედამხედველობის დროს დასკვნაში ყურადღება უნდა მიექცეს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უპირატესი ინტერესების დაცვის საკითხს.
3. დასკვნა შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე დასტურდება მეურვის/მზრუნველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება–მოვალეობების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში და ადგილი არ აქვს ნაკისრი ფუნქციების განზრახ უგულებელყოფას ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ განზრახ გულგრილ დამოკიდებულებას. დამაკმაყოფილებელი დასკვნა ინახება დადგენილი წესების შესაბამისად და დამატებით სხვა დოკუმენტი არ იქმნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედამხედველობა განხორციელდა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში შემოსული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ინფორმაციის მომწოდებელი ითხოვს გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით პასუხს. ამ შემთხვევაში, ასეთი პირისათვის გაგზავნილი პასუხი უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ; პასუხში არ უნდა აისახოს მეურვის/მზრუნველის და სამეურვეო/სამზრუნველო პირის პერსონალური მონაცემები, იმ მონაცემების გარდა, რაც ინფორმაციის მომწოდებელმა მიუთითა განცხადებაში.
4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მეურვის/მზრუნველის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობას, არაჯეროვან შესრულებას, სამზრუნველო/სამეურვეო პირის კანონიერი ინტერესების დარღვევას, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი):
ა) მეურვის/მზრუნველის გათავისუფლების თაობაზე;
ბ) მეურვის/ მზრუნველის გადაყენების თაობაზე.
5. მეურვეობა ან მზრუნველობა წყდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ზედამხედველობის შედეგების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8. ზედამხედველობის შედეგების სისტემატიზაცია
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ზედამხედველობის შედეგებს ან სამეურვეო/სამზრუნველო პირის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას ასახვას მონაცემთა ბაზაში, ან ელექტრონული ფორმით აწვდის სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის ასახვას მონაცემთა ბაზაში.
2. სააგენტო უფლებამოსილია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ წარმოებულ მეურვეობის/მზრუნველობის საქმესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები ან ასახოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები