დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510010, 10/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.08.002.016226 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №249
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, სადაც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმის შესახებ. საინფორმაციო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) მე-4 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13, 14,15 პუნქტები:
„13. არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული თანხმობა.
14. 18 წლამდე პირის მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.
15. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე თანდართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა ამავე განცხადებაში მითითებული მოქალაქეობის მინიჭების მსურველი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, ხოლო 14-დან 18 წლამდე პირის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, ასევე ამ თანხმობის გამცემი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, წერილობით შეიძლება დაადასტუროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა.“;
დ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;
ე) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;
ვ) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) 41 მუხლის:
ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.“;
ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;
ზ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;
თ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №2). ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ეგზავნება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის დართვას შესაბამისი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმის მასალებზე.“;
ი) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. მისამართი, ტელეფონის ნომრები (მობილურის, სამსახურისა და ბინის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 23 მაისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები