დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427020, 27/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020110.22.033.016175 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №251-№2-64
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314 - №2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 13.04.2006, №51, მუხ. 640) დამტკიცებულ სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციებში (RCG) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) კაპიტალზე ამონაგების კოეფიციენტის ბოლო სამი ფისკალური წლის გასაშუალოებული მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს ქვეყნის მიმდინარე საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელს;“.
ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თითოეული მონაწილე კომერციული ბანკის მიერ ათვისებული მეორადი სესხის მაქსიმალური კუმულატიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მონაწილე კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მონაწილე კომერციულ ბანკში განთავსებულ მსოფლიო ბანკის პროექტებთან ან თანადაფინანსების პროექტებთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ფონდების მაქსიმალური ნაერთი ჯამი (ნაშთი) არ უნდა აღემატებოდეს მონაწილე კომერციული ბანკის საერთო ვალდებულებების (სააქციო კაპიტალის გამოკლებით) 25%-ს და სააქციო კაპიტალის 100%-ს.“.
გ) 52 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მეორადი სესხის ათვისებული და დაუბრუნებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს არასაბანკო ფინანსური დაწესებულების წმინდა კაპიტალის 50%-ს.“.
დ) მე-8 მუხლის:
დ.ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება PCC/PIU-ს მიერ დადგენილ ელექტრონულ ფორმატში – ყოველი კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა;“.
დ.ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი შეინიშნება დადგენილი სავალდებულო ნორმატივების ან პროექტის სხვა მოთხოვნილებების დარღვევაში, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი ამის თაობაზე აცნობებს ფინანსთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელს და IFAD-ის მხრიდან ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელს და წარუდგენს მათ სრულ ინფორმაციას ასეთი დარღვევის დონესა და შინაარსზე. PCC/PIU-ს მიერ სავალდებულო ნორმატივების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კომერციული ბანკის მონაწილეობა პროექტში იქნება შეჩერებული და ბანკს მოეთხოვება არსებული დარღვევების განსაზღვრულ ვადაში გამოსწორება. ყოველთვიურად განხორციელდება მონიტორინგი მონაწილე კომერციული ბანკის მიერ დარღვევების გამოსწორებაზე. შეთანხმებული ვადის დაუცველობის შემთხვევაში მონაწილე კომერციულ ბანკს მოეთხოვება პროექტის საბრუნავი ფონდის ანგარიშზე მსოფლიო ბანკის და IFAD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში არსებული მთლიანი მეორადი სესხის თანხის დაბრუნება.“.
დ.გ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ.დ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ მონაწილე კომერციული ბანკი ვერ შეძლებს ზემოაღნიშნულ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში მეორადი სესხის თანხის დაფარვას, ძალაში შედის „უფლების დათმობის ხელშეკრულება”, რომელიც წარმოადგენს მეორად სესხზე ხელშეკრულების ნაწილს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები