დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 05/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.373 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.“.
2. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:
„46. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის:
ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად;
ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.“.
3. 247-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებისა (რომის სტატუტის) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
4. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 252. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალების გაგზავნა
თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, საქართველოდან გავიდა, აღძრული და გამოძიებული საქმის ყველა მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ მასალებს უგზავნის უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სისხლის სამართლებრივი დევნის გასაგრძელებლად ან მიმართავს თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისათვის ბრალდებულის გადმოცემის შესახებ.“.
5. 256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 256. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიცია
1. სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, უცხო სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი თავისი მოქალაქის ექსტრადიცია, თუ მას ბრალად ედება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენა ან ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრი დასდო თავისი ქვეყნის სასამართლომ ანდა თუ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ რეკვიზიტებს და მომდინარეობდეს კომპეტენტური ორგანოდან.
3. მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი დადასტურდეს წერილობით.
4. თუ საქართველოს გენერალური პროკურორი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს გენერალური პროკურორი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.
6. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მიმართაც შემოსულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით სასჯელისაგან განთავისუფლებამდე. თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ბრალდებულად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით მის განთავისუფლებამდე.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლება აქვს, უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოთა თხოვნით, გამოიტანოს დადგენილება გარკვეული ვადით ამ სახელმწიფოს მოქალაქის ექსტრადიციის შესახებ. თუ ამ პირს თავისი ქვეყნის სასამართლო შეუფარდებს უფრო მკაცრ ან საქართველოში მოუხდელი სასჯელის თანაბარ სასჯელს, იგი სასჯელს მოიხდის თავის ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
6. 257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 257. ექსტრადიციაზე უარის თქმა
ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ:
ა) პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში;
ბ) ქმედება, რომელიც იყო გადაცემის, ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველი, არ ითვლება დანაშაულად საქართველოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პირის მიმართ უკვე გამოტანილია იმავე დანაშაულთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება (განჩინება) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
7. 258-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 258. მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია
მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია ხდება 256-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
8. 259-ე მუხლის:
ა) სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 259. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონისძიების გამოყენება
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის დაკავება, დაპატიმრება, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსება, მის მიმართ ჩხრეკის, ამოღების, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებების გამოყენება, მის ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა ექსტრადიციის მოთხოვნას თან ერთვის სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ორდერი (ბრძანება, დადგენილება) ისეთი საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომლებიც ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.“.
ბ) ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე დაპატიმრებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება პატიმრობაში იყოს არა უმეტეს სამი თვისა, თუ არ იქნა შემოსული სასამართლო ორდერი (ბრძანება) ამ ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.“.
9. 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 260. ნივთიერ მტკიცებულებათა და დოკუმენტთა გადაცემა
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ჩამორთმეული საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნ ორგანოს.
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნებისა და დოკუმენტების გაგზავნა, თუ ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა მოხდეს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიციას.“.
10. 621-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 621. მსჯავრდების შედეგები
უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 14 აგვისტო.
№2976–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები