დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/11/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 22/11/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160030.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/11/2003 - 24/11/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №575
2003 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და პირველ რიგში, საქართველოს დედაქალაქში – ქ. თბილისში არსებული ვითარება უაღრესად გამწვავებულია. ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალების აშკარა მცდელობას, ფაქტობრივად, პოლიტიზირებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხეს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივ დარღვევას, კრიმინოგენული ვითარების კატასტროფულ გამწვავებას, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტებს, ადმინისტრაციული შენობების იძულებით და უკანონო დაკავებას, ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნებისადმი მასობრივ უკანონო დაუმორჩილებლობას, სხვა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებს.
შექმნილი ვითარების დაძლევისათვის საჭირო ძალისხმევა მნიშვნელოვნად აღემატება არამარტო ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფების შესაძლებლობებს. ყოველივე ეს ქმნის მოქალაქეთა დაუცველობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შეწყვეტის, საერთო დესტაბილიზაციისა და საყოველთაო არეულობის რეალურ საფრთხეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მოსახლეობის უსაფრთხოების, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთისა და დანაშავეთა დაკავების მიზნით:
1. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 30 დღით.
3. საგანგებო მდგომარეობის ზონაში სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებათა კოორდინაცია დაევალოთ ერთობლივად საქართველოს თავდაცვისა (დ. თევზაძე) და შინაგან საქმეთა (კ. ნარჩემაშვილი) სამინისტროებს.
4. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხოლო შემდგომ (ერთი დღის განმავლობაში) ყოველ ორ საათში ერთხელ გადაიცეს რადიოთი და ტელევიზიით.
5. ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
7. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები