დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 203 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/04/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412004, 12/04/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016157 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №203
2011 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი:
„მუხლი 681. უცხოელი ტურისტებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდებისას დღგ-სგან განთავისუფლება ჩათვლის უფლებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან განთავისუფლებულია ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ გაწეული მომსახურება გამოყენებულ იქნება საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურებისათვის.
მაგალითი:
საქართველოს საწარმო (ტუროპერატორი) ტურისტულ პაკეტს აწვდის საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილ უცხოელ ტურისტებს. პაკეტი შედგება საქართველოში და სომხეთში შეძენილი ტურისტული მომსახურებისგან. ამასთან, სომხეთში შეძენილი ტურისტული მომსახურება სომხეთის ტერიტორიაზევე მიეწოდება უცხოელ ტურისტებს.
შედეგი:
დეკლარაციაში დღგ-ის ჩათვლის უფლებით ტუროპერატორს შეუძლია ასახოს უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული მომსახურების სრული საკომპენსაციო თანხა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
კ. ბაინდურაშვილი
დოკუმენტის კომენტარები