დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.110.05.001.001.350 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ინვალიდობის პენსიის დანიშვნის პირობები
ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.“.
2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ინვალიდობის პენსიის ოდენობა
1. ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის მინიმალური პენსია განესაზღვრებათ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის შემდეგი ოდენობით:
ა) სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულ I და II ჯგუფის ინვალიდებს – 300 პროცენტი;
ბ) III ჯგუფის ინვალიდებს – 100 პროცენტი.
2. ამ მუხლით განსაზღვრული პენსიის საერთო ოდენობა არ უნდა იყოს 45 ლარზე ნაკლები.“.
3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. დანამატი ინვალიდობის პენსიაზე
ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსიაზე დანამატი დაერიცხებათ იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონის მე-15 მუხლით.“.
4. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ, თუ მარჩენალი დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს, აგრეთვე თუ მარჩენალი გარდაიცვალა პენსიის მიღების პერიოდში ან პენსიის შეწყვეტის შემდეგ არა უგვიანეს 5 წლისა. ამ უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.“.
5. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. პენსიის მინიმალური ოდენობა
მარჩენლის დაკარგვის გამო ამ კანონით დადგენილი პენსიის მინიმალური ოდენობა შრომისუუნარო ოჯახის ყოველ წევრზე არ შეიძლება იყოს ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტზე ნაკლები.“.
6. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. პენსიის დანიშვნის პერიოდი
ამ კანონის 26-ე მუხლში აღნიშნულ პირებს პენსია მარჩენლის დაკარგვის გამო დაენიშნებათ შრომისუუნარობის მთელ პერიოდში, ხოლო 65 წლის ასაკის მიღწევისას – მუდმივად.“.
7. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით დადგენილი პენსიის დანიშვნის ვადები ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის „ი“–„ლ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ პირებზედაც.“.
8. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. პენსიის გადაანგარიშების ვადა
ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს.“.
9. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებისთვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება
ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 70 წელი ან/და არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსია – ომის ინვალიდობის მიხედვით და ასაკის გამო (შრომის სტაჟით), თუ საქართველოს კანონმდებლობით მათ აქვთ ამ პენსიების დანიშვნის უფლება. ასაკის გამო პენსიაზე მათ აგრეთვე დაერიცხებათ დანამატი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2561–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები