დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში აგროტურიზმის დანერგვისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62(69), 26/11/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/11/1999 - 13/01/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №627
1999 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში აგროტურიზმის დანერგვისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების აღორძინებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ტურიზმის სპეციალიზებული სახეობის – აგროტურიზმის დანერგვა-განვითარებას.
ქვეყანაში აგროტურისტული კომპლექსების (ცენტრების) შექმნა, მათი ქსელის შემდგომი განვითარება ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ინფრასტრუქტურების განვითარებას, სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას (რაც გამოიხატება გლეხთა საცხოვრებელი კარმიდამოს და დამხმარე მეურნეობის მოდერნიზაციითა და კეთილმოწყობით), აგრარული პროდუქციის მომწოდებლის (გლეხის) შემოსავლის დამატებითი წყაროების შექმნას, ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების წარმოებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი გარემოს დაცვას, რეგიონებში ტურისტების, დამსვენებლებისა და ექსკურსანტების მოზიდვას, შემოსავლების ზრდას.
ქვეყანაში აგროტურიზმის დანერგვისა და განვითარების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის (ვ. შუბლაძე), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ბ. გულუა) ერთობლივი ინიციატივა ქვეყანაში ტურიზმის სპეციალიზებული სახეობის – აგროტურიზმის დანერგვის, აგროტურისტული კომპლექსების (ცენტრების) შექმნისა და მათი განვითარების საქმეში.
2. აგროტურიზმის დანერგვა-განვითარების ხელშეწყობისა და დაინტერესებულ უწყებათა საქმიანობის კოორდინაციისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ლევან ფალავანდიშვილი –აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი
გიორგი ქათამაძე – ეროვნული ალიანსის – „ცეკავშირის“ თავმჯდომარე
ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
3. სამთავრობო კომისიამ (ბ. გულუა):
ა) მოამზადოს წინადადებები ქვეყანაში აგროტურიზმის დანერგვა-განვითარებისათვის ნორმატიული ბაზის შესაქმნელად;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს დაქვემდებარებულ უწყებათა საქმიანობას აგროტურიზმის დანერგვა-განვითარების საქმეში;
გ) ხელი შეუწყოს ამ პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა-ჩამოყალიბებას.
4. აღინიშნოს, რომ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომის, ხარაგაულის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის რაიონებში.
5. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა კახეთის (გ. არსენიშვილი), სამცხე-ჯავახეთის (გ. ბარამიძე), მცხეთა-მთიანეთის (კ. ბუჩუკური), იმერეთის (თ. შაშიაშვილი) მხარეებში და ზემოთ აღნიშნული რაიონების გამგებლებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი აგროტურიზმის დანერგვასა და განვითარებას.
6. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს აგროტურიზმის დანერგვისა და განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შედგენა 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსახილველად.
7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შესაბამისად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პროგრამიდან და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტიდან „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარება“, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ღონისძიებათა განხორციელება აგროტურიზმის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობისათვის.
8. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აგროტურიზმის განვითარებას ქვეყნის იმ რეგიონებსა და რაიონებში, სადაც უკვე წარმატებით ფუნქციონირებენ გლეხთა და ფერმერთა საკრედიტო კავშირები.
9. აღინიშნოს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გაწეული მუშაობა და მოწონებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება, რომ მის ბაზაზე შეიქმნას არასამთავრობო სტრუქტურა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. დაინტერესებულმა სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა გააძლიერონ მუშაობა დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აგროტურიზმის დანერგვისათვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური დახმარების მოსაზიდად.
11. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციამ (ზ. შენგელია) უზრუნველყოს აგროტურიზმის დანერგვა-განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართოდ გაშუქება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები