დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 04/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2000 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 თებერვლის №44 ბრძანებულება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 ივნისის №348 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება“;
გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვრის №2 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება“.
3. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 140 საშტატო ერთეულით სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის 2000 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივლისს.
ე. შევარდნაძე
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ფუნქციებს, ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს თავის გამგებლობის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. სამინისტრო ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამშრომელთა წახალისება ხორციელდება აგრეთვე სპეცსახსრების მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეციალური ანგარიშები ხაზინაში.
6. სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება: გადასახადებისა და სავალდებულო სამედიცინო სადაზღვევო შენატანის აკრეფის ორგანიზება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და მათ მიერ საგადსახადო-საბაჟო პოლიტიკის განხორციელებისათვის ოპერატიული კონტროლის დაწესება, შესაბამისი პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, აქციზურ მარკებთან დაკავშირებული პროცესების რეგულირება და მართვა.
7. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები
სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ამ პოლიტიკის განხორციელება, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების (მათ შორის – სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული ბიუჯეტგარეშე ფონდების) სრული აკრეფის უზრუნველყოფა;
ბ) საგადასახადო და საბაჟო საქმიანობის ორგანიზაცია და სრულყოფა;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებათა შემუშავება, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება;
დ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
ე) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენებისათვის ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ვ) მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების პროცესში;
ზ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი;
ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობის მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
დ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის პროგნოზირება მოდელირების შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
ე) ყოველთვიური საგადასახადო შემოსავლების შესახებ სათანადო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
ვ) საგადასახადო შემოსავლების შესახებ არსებულ მონაცემებთან დაკავშირებული ანგარიშგების სისტემების სრულყოფა;
ზ) შესაბამის წინადადებათა მომზადება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
თ) აქციზური მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი;
ი) სამინისტროს სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 4. სამინისტროს უფლებამოსილება
სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) მიიღოს თავისი სისტემის ორგანოებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებანი;
ბ) განსაზღვროს საგადასახადო და საბაჟო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ;
დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგადასახადო და საბაჟო საქმიანობის მარეგულირებელი აქტები;
ე) დაამყაროს საქმიანი კავშირურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში კადრების შერჩევის, განაწილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების, საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის ორგანოთა, აგრეთვე სხვა იურიდიულ პირთა წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისა და საქართველოს ეროვნული ბანკისაგან შემოსავლებთან დაკავშირებული სამსახურებრივი (მათ შორის, საიდუმლო) ინფორმაცია, დოკუმენტები, ნორმატიული აქტები და სხვა მასალები;
ი) შექმნას საკვალიფიკაციო და საატესტაციო კომისიები;
კ) მოაწყოს კონფერენციები, თათბირ-სემინარები, ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა მივლინებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთაც;
ლ) იქონიოს და განკარგოს ცენტრალიზებული სპეცსახსრების ანგარიში;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საბაჟო და საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სასწავლო ცენტრი;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები
1. სამინისტროს სისტემაში შედიან საბაჟო და საგადასახადო ორგანოები, გენერალური ინსპექცია, საგანგებო ლეგიონი და აქციზური მარკების სამსახური.
2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო;
გ) აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
დ) ანალიზის, პროგნოზირებისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) კადრების სამმართველო;
ვ) ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო;
ი) საჩივრების განხილვის სამმართველო.
3. საბაჟო ორგანოებია:
ა) საბაჟო დეპარტამენტი;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;
დ) რეგიონალური საბაჟოები;
ე) საბაჟო საგუშაგოები;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტები.
4. საგადასახადო ორგანოებია:
ა) საგადასახადო დეპარტამენტი;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექცია;
დ) მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია;
ე) საოლქო საგადასახადო ინსპექციები;
ვ) ზონალური საგადასახადო ინსპექციები;
ზ) რაიონული საგადასახადო ინსპექციები.
5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები იქმნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ტერიტორიული ორგანოები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.
3. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, აგრეთვე გენერალური ინსპექციის უფროსსა და საგანგებო ლეგიონის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 7. მინისტრი
1. მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ბ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
გ) ამტკიცებს ინსტრუქციებს;
დ) შეაქვს წინადადებები საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ;
ე) განკარგავს სამინისტროსათვის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებსა და სპეცსახსრების თანხებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის გამოყენებისა და განაწილების წესს და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;
ზ) სახელმწიფოს ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას;
თ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის;
კ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეების, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელისა და საგანგებო ლეგიონის უფროსის კანდიდატურებს;
ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
მ) ამტკიცებს საკვალიფიკაციო და საატესტაციო კომისიების შემადგენლობასა და დებულებებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის ორგანოების საშტატო რიცხოვნობასა და ნუსხას;
ო) ამტკიცებს სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურებსა და დებულებებს;
პ) განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამსახურების ხელმძღვანელთა და საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ჟ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად, ანიჭებს საჯარო მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ ღონისძიებებს;
რ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ აქტებსა და მოქმედებას;
ს) აუქმებს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებას, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ტ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
უ) ახორციელებს მისთვის საქართვევლოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
2. მინისტრი უფლებამოსილებას ახორციელებს და წყვეტს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
3. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობენ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების განხორციელება იწყება და წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. სამინისტროს სისტემის სხვა თანამდებობის პირები
1. მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გარდა სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის ქონა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით;
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ადასტურებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების გადასაწყვეტად;
თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ი) დადგენილი წესით ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. საგანგებო ლეგიონი
1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (შემდგომში – საგანგებო ლეგიონი) არის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდაცვის სპეციალური გასამხედროებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვას.
2. საგანგებო ლეგიონის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საპროცესო კანონმდებლობა, კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. საგანგებო ლეგიონის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
4. საგანგებო ლეგიონის ამოცანებია:
ა) გადასახადებისაგან თავის არიდების, დამალული ან შემცირებული შემოსავლების, აგრეთვე საქართველოსა თუ სხვა სახელმწიფოების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთების საქართველოში დაუბრუნებლობასთან დაკავშირებულ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მოკვლევა;
ბ) საგადასახადო კანონმდებლობისა და საბაჟო წესების დარღვევის ხელშემწყობი პირობების გამოვლენა;
გ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევებისა და მათი მონაწილე პირების შესახებ, ამ ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;
დ) დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სამართალდაცვის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საგადასახადო და საბაჟო კოდექსებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით მიმოქცევის და უკანონო ვაჭრობის აღკვეთა;
ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მათი თანამშრომლების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
5. საგანგებო ლეგიონს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. საგანგებო ლეგიონის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
7. სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებთან ერთად საგანგებო ლეგიონის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ კონტრაბანდისა და სხვა საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური და რეგიონალურ საბაჟოებში მისი ადგილობრივი ქვედანაყოფები, რომელთა საქმიანობის ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 12. გენერალური ინსპექცია
1. გენერალური ინსპექცია არის სამინისტროს სახელმწფიო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულებით და გენერალური ინსპექციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. გენერალური ინსპექცია დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირების მუშაობის კონტროლს, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
3. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, სამინისტროს სისტემის ორგანოების საფინანსო-სამეურნეო და სხვა საქმიანობის შემოწმება.
მუხლი 13. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) არის სამართალდაცვის ორგანოს სტატუსის მქონე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ უშიშროებას და ახორციელებს საბაჟო საქმიანობის ორგანიზაციას.
2. საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საბაჟო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. საბაჟო დეპარტამენტის დებულებას საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
4. საბაჟო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საბაჟო ორგანოებისათვის.
5. საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს საბაჟო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
6. საბაჟო დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად:
ა) ორგანიზაციას უწევს საბაჟო გადასახდელების აკრეფას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
გ) შეაქვს წინადადებები საბაჟო გადასახდელებისა და მათი გამოყენების მექანიზმების შესახებ;
დ) ორგანიზაციას უწევს საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის განსაზღვრას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სერტიფიკატების გაცემას, მათ გაუქმებას ან გამოთხოვას, უზრუნველყოფს მათი რეესტრების წარმოებას, აკონტროლებს სერტიფიკატების საფუძველზე შექმნილი დაწესებულებების საქმიანობას;
ვ) მონაწილეობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეულ სახეობათა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალების, აგრეთვე კულტურული ღირებულებების გადაადგილების სანებართვო წესის შემუშავებასა და მისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სავალუტო კონტროლს;
თ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო წესების დარღვევებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოებას და მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებას;
კ) ორგანიზაციას უწევს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ნომენკლატურაში დამატებების შეტანის შესახებ;
ლ) განსაზღვრავს საბაჟო რეჟიმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებს;
მ) მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, გამოითხოვს დაწესებულებებისაგან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარებისა), აგრეთვე მოქალაქეებისაგან დოკუმენტებსა და მონაცემებს, აკონტროლებს მიღებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო ლეგიონის სპეციალური ქვედანაყოფის მეშვეობით ახორციელებს მოკვლევას, საბაჟო საქმიანობის საკითხების გადასაწყვეტად ქმნის საექსპერტო საბჭოებსა და დროებით სამუშაო კომისიებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 14. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი
1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი) არის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს.
2. საგადასახადო დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. საგადასახადო დეპარტამენტის დებულებას საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
4. საგადასახადო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის.
5. საგადასახადო დეპარტამენტი ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
6. საგადასახადო დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს დასაბეგრი შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის შესახებ;
დ) აანალიზებს ვადაგადაცილებულ დავალიანებათა წარმოშობის მიზეზებს და შეიმუშავებს მათი იძულებითი წესით გადახდევინების მეთოდებსა და პროგრამებს;
ე) შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;
ვ) შეიმუშავებს გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;
ზ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;
თ) ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებს უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით;
ი) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით;
კ) სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს;
ლ) აანალიზებს საგადასახადო დავის წარმოქმნის მიზეზებს, გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციების განხილვაში.
მუხლი 15. აქციზური მარკების სამსახური
აქციზური მარკების სამსახური არის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოში აქციზური მარკების სრულყოფილად დანერგვის სტრატეგიის შემუშავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, მისი განხორციელების ორგანიზება, აქციზური მარკების შემოღებასთან, გავრცელებასთან და დანერგვასთან დაკავშირებული შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, აქციზური მარკების რეალიზაცია და რეალიზებული აქციზური მარკების შესახებ სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 16. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და მათი უფლებამოსილებანი
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოები, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციები, მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, რეგიონალური საბაჟო, საბაჟო საგუშაგო და საბაჟო გამშვები პუნქტი.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იქმნება, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სამოქმედო ტერიტორიების დადგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
4. რეგიონალური საბაჟო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს „საბაჟო კოდექსით“ გათვალისწინებულ ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს საბაჟო ორგანოების საქმიანობას.
5. ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო ახორციელებს რეგიონალური საბაჟოს ფუნქციებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
6. საბაჟო საგუშაგო არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას და აღრიცხვას, საბაჟო მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმებას, აღრიცხვიანობისა და ანგარიშგების წარმოებას.
7. საბაჟო გამშვები პუნქტი არის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას, ფიზიკური პირის მომსახურებას საზღვარზე გადაადგილებისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოსათვის მისაწოდებლად განსაზღვრულ პროცედურებს.
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
9. მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილ გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და მისი შესრულების კონტროლს.
10. საოლქო ინსპექციები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ გადამხდელთა რეგისტრაციას, გადამხდელთა მომსახურებას, საგადასახადო კონტროლს, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების აკრეფას, იურიდიულ მომსახურებასა და საგადასახადო საჩივრების განხილვას.
11. ზონალური ინსპექციები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ გადამხდელთა რეგისტრაციას, მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის აკრეფას და იურიდიულ მომსახურებას.
12. რაიონული ინსპექციები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ გადამხდელთა რეგისტრაციასა და მომსახურებას.
მუხლი 17. ანალიზის, პროგნოზირებისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი
ანალიზის, პროგნოზირებისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის, ასევე პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფისა და ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა, კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენებისათვის სათანადო ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი წინადადებების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა, „კაპიტალსა და შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობის შედეგების ანალიზი და მათი შესრულების ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ წინადადებათა მომზადება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ქვეყნის საერთო-ეკონომიკური და ფინანსური განვითარების პროცესში ჩამოყალიბებულ ტენდენციათა ანალიზი და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება, ცალკეული გადასახადების, რეგიონის, ქვეყნის მთლიანი საგადასახადო შემოსავლების დეტალური ანალიზი და მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პროგნოზირება.
მუხლი 18. აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი
აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან საგადასახადო შემოსავლების შესახებ მონაცემების მიღება, სტატისტიკური დამუშავება და ფინანსური მონიტორინგი, გადამხდელთა რეგისტრაციისა და საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის კონტროლის დაწესება, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი არარეგისტრირებული პირების გამოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა შესახებ ინფორმაციის ოპერატიული დამუშავება და ანალიზი, ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღების მიზნით იძულებითი მეთოდების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საკონტროლო-ეკონომიკური მუშაობის ანგარიშების დამუშავება, საგადასახადო დეკლარაციათა მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, საბაჟო და საგადასახადო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა გამოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში ოპერატიულ-ბუხჰალტრული აღრიცხვის მეთოდების შემუშავება.
მუხლი 19. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველო
ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხების ფორმირება და დასამტკიცებლად წარდგენა, სამინისტროს სისტემის ორგანოების ნაერთი ბალანსების შედგენა, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საბაჟო და საგადასახადო ორგანოებისა და სამინისტროს სისტემის სხვა ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების მომზადება, საბიუჯეტო თანხების ათვისებისათვის კონტროლის დაწესება, სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება, სპეცსახსრების ხარჯვისათვის კონტროლის დაწესება, სამინისტროს სისტემის ორგანოების ნაერთი ბალანსების მომზადება, სამინისტროს სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა და მათი მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი.
მუხლი 20. საკადრო რესურსების მართვის სამმართველო
საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, საპენსიო საბუთების გაფორმება, სამინისტროს სისტემის ორგანოების კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, წოდებათა მინიჭების საკითხის მომზადება, მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის შექმნა და მიზნობრივი გამოყენება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელება, საკადრო პოლიტიკის ღონიძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციული ბანკის შედგენა, სამინისტროს სისტემის ორგანოებში შიდა კონტროლის განხორციელებისას საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესრულების შემოწმების უზრუნველყოფა დამტკიცებული პროგრამის და წესის შესაბამისად.
მუხლი 21. საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო
საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო შეთანხმებების მომზადების, გაფორმებისა და შესრულების ორგანიზება, სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობათა კოორდინაცია, საპროტოკოლო საქმიანობა.
მუხლი 22. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაციისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა, სამინისტროს სისტემის ორგანოების ცენტრალიზებული მომარაგება, საპროექტო-სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, საბეჭდი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა.
მუხლი 23. იურიდიულ საკითხთა სამმართველო
იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტრო სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას საგადასახადო და საბაჟო ორგანოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სისტემატიზაცია.
მუხლი 24. მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოების ორგანიზაცია, სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის ორგანიზაცია, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადება და საოქმო წარმოების განხორციელება, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამინისტროს კომპიუტერიზაციის დაგეგმვა და უზრუნველყოფა, მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
მუხლი25. საგადასახადო საჩივრების განხილვის სამმართველო
საგადასახადო საჩივრების განხილვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოების კოორდინაცია და მეთოდური უზრუნველყოფა, საგადასახადო დავის წარმოქმნის მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება, საგადასახადო საჩივრებისა და პროტესტების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება; სასამართლოებში სამინისტროს სისტემის ორგანოების წარმომადგენლობა.
მუხლი 26. მინისტრის სათათბირო ორგანო
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში სათათბირო უფლებებით შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანო) განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოს შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, მათი შესრულების ვადა და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველყოფის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. თავმჯდომარეს (აუცილებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილეს) და წევრებს ნიშნავს მინისტრი.
5. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით, მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
9. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრვი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.
11. სამინისტროში იქმნება სათათბირო ორგანო – საბჭო, რომელშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მინისტრის აპარატის უფროსი, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებებით სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
მუხლი 27. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.
2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც საკუთრივ სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 28. სამინისტროს ადგილსამყოფელი
სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები