საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 09/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
377
09/09/2004
სსმ, 98, 09/09/2004
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №377

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ

1. საქართველოს „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოს, შესრულების წესი.

2. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია ზაქარია ფალიაშვილის „თავისუფლება“ (ჰიმნად დამუშავებული იოსებ კეჭაყმაძის მიერ, ლექსი დავით მაღრაძისა) და გათვალისწინებულია საორკესტრო (სიმფონიური, სასულე ორკესტრები) ან საგუნდო შესრულებისათვის.

3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სადღესასწაულო ცერემონიებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული შემდეგი ღონისძიებების დროს:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;

ბ) საქართველოს ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალურად ჩადგომის ცერემონიის დროს ფიცის დადების შემდეგ;

გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას;

დ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის, საქართველოს მთავრობის წევრების, ავტონომიურ ფორმირებათა ხელმძღვანელების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე დანიშვნისას;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას;

ვ) ძეგლების ან ძეგლის დასადგმელი ადგილის საზეიმო გახსნისას;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისა და დახურვისას;

თ) საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყებისა და დამთავრებისას.

4. საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისა და გაცილების დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი (ჩანაწერი ან ცოცხალი შესრულება) სრულდება სასულე ორკესტრის მიერ სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ.

5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ვარიანტის შესრულება საქართველოს სახელმწიფო რადიომაუწყებლობით ხდება ყოველდღე, მაუწყებლობის დაწყებისა და დასრულების დროს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფებში (გემებზე) რეგლამენტირებულია საქართველოს სამხედრო ძალების წესდებით.

6. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სავალდებულო გამოყენების სხვა შემთხვევებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს ფრგლებს გარეთ ოფიციალურ ღონისძიებათა გამართვის დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით.

8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება ოფიციალური სპორტული შეჯიბრებების დროს სპორტულ ორგანიზაციებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

9. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცებისათვის – ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო პირებისა (საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევებისა, როდესაც კონფესიური დოგმის გამო ქუდის მოხდა არ შეიძლება.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს დროშის აღმართვა, დამსწრენი უნდა შეტრიალდნენ პირით დროშისაკენ.

11. ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 ოქტომბრის 398 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი