საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ

  • Word
საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/10/2005
ძალაში შესვლის თარიღი 30/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 490110000.03.030.000557
  • Word
-
26/09/1980
გაურკვეველი, -, 05/10/2005
490110000.03.030.000557
საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბუდაპეშტის ხელშეკრულება

საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ

შესავალი დებულებები

მუხლი 1

კავშირის დაფუძნება

ამ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები (შემდგომში წოდებული „მონაწილე სახელმწიფოებად”) მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარებისა და საპატენტო პროცედურის ჩატარების მიზნით ქმნიან კავშირს.

მუხლი 2

განსაზღვრებები

ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მიზნებისათვის

(I) მითითებები „პატენტზე” გაგებულია, როგორც მითითებები გამოგონებების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებზე და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;

(II) „მიკროორგანიზმის დეპონირება” იმ კონტექსტის თანახმად, რომელშიც ეს სიტყვები გვხვდება, ნიშნავს ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებულ შემდეგ მოქმედებებს: მიკროორგანიზმის გადაგზავნას საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში, რომელიც იღებს და ცნობს მას, ან საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ ასეთი მიკროორგანიზმის შენახვას, ამ ორივეს აღნიშნულ გადაგზავნას და აღნიშნულ შენახვას;

(III) „საპატენტო პროცედურა” ნიშნავს საპატენტო განაცხადთან ან პატენტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან იურიდიულ პროცედურას;

(IV) „გამოქვეყნება საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის” ნიშნავს საპატენტო განაცხადის ან პატენტის ოფიციალურ გამოქვეყნებას, ან ოფიციალურ გამოფენას საზოგადოების მიერ შესწავლის მიზნით;

(V) „სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელსაც შეტანილი აქვს განცხადება მე-9 (1) მუხლის შესაბამისად;

(VI) ”სამრეწველო საკუთრების უწყება” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს ორგანოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პატენტები;

(VII) „სადეპოზიტო დაწესებულება” ნიშნავს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების მიღებას, ცნობას და შენახვას, აგრეთვე ნიმუშებით მომარაგებას;

(VIII) „საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო” ნიშნავს სადეპოზიტო დაწესებულებას, რომელმაც მე-7 მუხლის თანახმად მოიპოვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი;

(IX) „დეპოზიტორი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც გადასცემს მიკროორგანიზმს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს, რომელიც იღებს და ცნობს მას და აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს;

(X) „კავშირი” ნიშნავს 1-ლი მუხლით განსაზღვრულ კავშირს;

(XI) „ასამბლეა” მიშნავს მე-10 მუხლით განსაზღვრულ ასამბლეას;

(XII) „ორგანიზაცია” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(XIII) „საერთაშორისო ბიური” ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს და არსებობის მანძილზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებულ საერთაშორისო ბიუროს;

(XIV) „გენერალური დირექტორი” ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;

(XV) „ინსტრუქცია” ნიშნავს მე-12 მუხლით განსაზღვრულ ინსტრუქციას.

თავი I

დამოუკიდებელი დებულებები

მუხლი 3

მიკროორგანიზმთა დეპონირების აღიარება და მოქმედება

(1) (ა) მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის ნებას რთავენ ან მოითხოვენ მიკროორგანიზმების დეპონირებას, ასეთი მიზნებისათვის აღიარებენ მიკროორგანიზმების დეპონირებას ნებისმიერ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში. ასეთი აღიარება მოიცავს ამ ფაქტის და დეპონირების თარიღის აღიარებას საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, აგრეთვე იმ ფაქტის აღიარებას, რომ ის, რაც მიწოდებულია ნიმუშის სახით არის დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუში.

(ბ) ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული დეპოზიტის მიღების საბუთის ასლი, რომელიც გაიცემა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ.

(2) იმდენად, რამდენადაც ეს შეეხება ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციების მიერ რეგულირებულ საკითხებს, არც ერთ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით და ინსტრუქციით გათვალისწინებულ განსხვავებულ ან დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 4

ახალი დეპოზიტი

(1) (ა) როდესაც საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს ნებისმიერი მიზეზით არ შეუძლია დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუშის მიწოდება, კერძოდ;

(I) თუ ასეთი მიკროორგანიზმი აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ან

(II) თუ ნიმუშების მიწოდება მოითხოვს მათ საზღვარგარეთ გაგზავნას, ხოლო საზღვარგარეთ ნიმუშების გაგზავნა ან მიღება აკრძალულია საექსპორტო ან საიმპორტო შეზღუდვების გამო.

 ორგანო, მას შემდეგ, რაც შეიტყო მის მიერ ნიმუშების მიწოდების შეუძლებლობა, დაყოვნებლივ აცნობებს დეპოზიტორს ასეთი შეუძლებლობის შესახებ მიზეზით მითითებით და დეპოზიტორის, მე-(2) პუნქტიდან გამომდინარე და ამ პუნქტით გათვალისწინებულის შესაბამისად, პირველად დეპონირებული მიკროორგანიზმის ახალი დეპონირების უფლება აქვს.

(ბ) ახალი დეპონირება ხორციელდება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში, სადაც მოხდა თავდაპირველი დეპონირება, იმის გათვალისწინებით, რომ:

(I) ეს ხორციელდება სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ, თუ დაწესებულებას, სადაც განხორციელდა პირველი დეპონირება, შეუწყდა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი, ან მთლიანად ან იმ სახეობის მიკროორგანიზმთა მიმართ, რომელსაც ეკუთვნის დეპონირებული მიკროორგანიზმი, ან თუ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო, სადაც განხორციელდა პირველი დეპონირება, დროებით ან სამუდამოდ წყვეტს თავისი ფუნქციების შესრულებას დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ;

(II) (ა) (II) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ეს შეიძლება შესრულდეს სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ.

(გ) ნებისმიერ ახალ დეპოზიტს თან ერთვის დეპოზიტორის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელიც ასაბუთებს, რომ ხელახლა დეპონირებული მიკროორგანიზმი იგივეა რაც პირველად დეპონირებული ორგანიზმი. თუ დეპოზიტორის დასაბუთება სადავო ხდება, მტკიცების ტვირთის საკითხს არეგულირებს მოქმედი კანონი.

(დ) (ა) ქვეპუნქტიდან (გ) ქვეპუნქტამდე და (ე) ქვეპუნქტიდან გამომდინარე ახალი დეპონირება განიხილება იმგვარად თითოს იგი შესრულდა პირველი დეპონირების თარიღიდან, თუ პირველად დეპონირებული მიკროორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებული ყველა წინა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიკროორგანიზმი სიცოცხლისუნარიანი იყო და თუ ახალი დეპონირება განხორციელდა დეპოზიტორის მიერ (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში.

(ე) როდესაც გამოიყენება (ბ)(I) ქვეპუნქტი და დეპოზიტორს არ მიუღია (ა) ქვეპუნქტის განსაზღვრული შეტყობინება ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც (ბ)(I) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეწყვეტა, შეზღუდვა ან შეჩერება გამოქვეყნდა საერთაშორისო ბიუროს მიერ, (დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სამთვიანი ზღვრული ვადა აითვლება აღნიშნული გამოქვეყნების თარიღიდან.

(2) (1)(ა) პუნქტით განსაზღვრული უფლება არ იარსებებს, თუ დეპონირებული მიკროორგანიზმი გადაეცა სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს, რამდენადაც ამ ორგანოს ძალუძს ასეთი მიკროორგანიზმების ნიმუშების მიწოდება.

მუხლი 5

საექსპერტო და საიმპორტო შეზღუდვები

თითოეული მონაწილე სახელმწიფო აღიარებს, რომ ძალზე სასურველია, თუ და იმ ფარგლებით, რომლითაც განსაზღვრული სახეობების მიკროორგანიზმების ექსპორტი ან იმპორტი მის ტერიტორიაზე შეზღუდულია, ასეთი შეზღუდვა ამ ხელშეკრულების თანახმად უნდა ვრცელდებოდეს დეპონირებული ან დეპონირებისათვის გათვალისწინებულ მიკროორგანიზმებზე, მხოლოდ, როდესაც შეზღუდვა საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის და გარემოს დაცვისათვის საშიშროების თვალსაზრისით.

მუხლი 6

საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო სტატუსი

(1) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო სტატუსის მისაღებად ნებისმიერი სადეპოზიტო დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სარგებლობდეს ამ სახელმწიფოს მიერ მიცემული გარანტიებით იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაწესებულება აკმაყოფილებს და მომავალში დააკმაყოფილებს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული გარანტიები შეიძლება უზრუნველყოს სამთავრობოთაშორისო სამრეწველო საკუთრების ორგანიზაციამ; ამ შემთხვევაში სადეპოზიტო დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

(2) სადეპოზიტო დაწესებულება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს უფლებაუნარიანობის განხორციელებისათვის;

(I) უნდა არსებობდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ;

(II) როგორც ეს დადგენილია ინსტრუქციით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად თავისი სამეცნიერო და ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად უნდა ჰყავდეს საჭირო შტატი და ჰქონდეს საშუალებები;

(III) უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური;

(IV) დეპონირების მიზნებისათვის ნებისმიერი დეპოზიტორისათვის თანაბარი პირობებით უნდა იყოს ხელმისაწვდომი;

(V) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად ნებისმიერი ან განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმი უნდა მიიღოს დეპონირებისათვის, შეამოწმოს მათი სიცოცხლისუნარიანობა და შეინახოს ისინი;

(VI) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად დეპოზიტორისათვის უნდა გასცეს მიღების ან სიცოცხლისუნარიანობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოთხოვნილი საბუთი;

(VII) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ უნდა დააკმაყოფილოს საიდუმლოების მოთხოვნები;

(VIII) ინსტრუქციის დადგენილი პროცედურის და პირობების თანახმად უნდა მიაწოდოს ნებისმიერი დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუშები.

(3) ინსტრუქცია ითვალისწინებს მისაღებ ზომებს:

(I) თუ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო დროებით ან სამუდამოდ წყვეტს თავისი ფუნქციების შესრულებას დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ ან უარს ამბობს ნებისმიერი სახეობის მიკროორგანიზმების მიღებაზე, რომლებიც მას უნდა მიეღო გაცემული გარანტიების შესაბამისად;

(II) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოსათვის საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის შეწყვეტის ან შეზღუდვის შემთხვევაში.

მუხლი 7

საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის მოპოვება

(1) (ა) სადეპოზიტო დაწესებულება მოიპოვებს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსს გენერალური დირექტორის სახელზე მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელიც ტერიტორიაზე არის განთავსებული სადეპოზიტო დაწესებულება, გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ძალით, რაც მოიცავს გარანტიების განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაწესებულება აკმაყოფილებს და შემდეგში დააკმაყოფილებს მე-6(2) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

(ბ) შეტყობინება აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას სადეპოზიტო დაწესებულების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებულის შესაბამისად და შეიძლება აღნიშნულ იქნეს თარიღი, რომელიც საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი ძალაში შედის.

(2) (ა) თუ გენერალური დირექტორი ჩათვლის, რომ აღნიშნული შეტყობინება შეიცავს საჭირო განცხადებას და მთელი საჭირო ინფორმაცია მიღებულია, შეტყობინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ.

(ბ) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი მოპოვებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან ან, თუ თარიღი მითითებულია (1)(ბ) პუნქტის შესაბამისად და ასეთი თარიღი შეტყობინების გამოქვეყნების თარიღზე უფრო გვიანდელია, მაშინ ამ თარიღიდან.

(3) პროცედურის დეტალები (1)-ლი და მე-(2) პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებულია ინსტრუქციით.

მუხლი 8

საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის შეწყვეტა და შეზღუდვა

(1) (ა) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების ნებისმიერ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია მოსთხოვოს ასამბლეის ნებისმიერ ორგანოს შეუწყვიტოს, ან შეზღუდოს განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებით, საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი იმის საფუძველზე, რომ მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა ან არ კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა, ასეთი მოთხოვნა არ შეიძლება გაკეთდეს მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიმართ, რომლისთვის მან გააკეთა მე-7(1)(ა) მუხლით განსაზღვრული განცხადება.

(ბ) (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის წარდგენამდე მონაწილე სახელმწიფო ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია გენერალური დირექტორის შუამავლობით ატყობინებს შეთავაზებული მოთხოვნის მიზეზებს მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც გაგზავნა მე-7(1) მუხლში აღნიშნული შეტყობინება ისე, რომ სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ აღნიშნული შეტყობინებების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში შეძლოს სათანადოდ მოქმედება, რათა ნათლად წარმოაჩინოს შეთავაზებული მოთხოვნის საჭიროება.

(გ) თუ ასამბლეა ჩათვლის, რომ მოთხოვნა კარგად არის დასაბუთებული, იგი იღებს გადაწყვეტილებას შეწყვიტოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ორგანოს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი ან შეზღუდოს განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებით. ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს, რომ ხმების უმრავლესობის ორი მესამედი მოცემული იყოს მოთხოვნის სასარგებლოდ.

(2) (ა) მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების ორგანიზაციას, რომელმაც წარადგინა მე-7(1)(ა) მუხლით განსაზღვრული განცხადება, გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით შეუძლია გამოითხოვოს თავისი განცხადება მთლიანად ან მხოლოდ განსაზღვრული სახის მიკროორგანიზმების მიმართ და ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს მაშინ და იმ ფარგლებში, როცა მისი გარანტიები აღარ მოქმედებს.

(ბ) ასეთი შეტყობინება ინსტრუქციით გათვალისწინებული თარიღიდან, თუ ის ეხება მთელ განცხადებას, იწვევს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის შეწყვეტას, ან თუ ის ეხება მხოლოდ განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებს, ასეთი სტატუსის შესაბამის შეზღუდვას.

(3) პროცედურის დეტალები (1)-ლი და მე-(2) პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებულია ინსტრუქციით.

მუხლი 9

სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციები

(1) (ა) ნებისმიერ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც რამდენიმე სახელმწიფომ დააკისრა რეგიონალური პატენტების გაცემის ფუნქცია და რომლის წევრი ყველა სახელმწიფო არის სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრი, შეუძლია გენერალურ დირექტორთან შეიტანოს განცხადება, რომ იგი ცნობს მე-3(1)(ა) მუხლით გათვალისწინებული აღიარების ვალდებულებას, ვალდებულებას, რომელიც შეეხება მე-3(2) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის, რომელიც გამოიყენება სამრეწველო საკუთრების ყველა სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციისათვის, დებულებების ყველა მიზანს. თუ წინა წინადადებაში აღნიშნული განცხადება შეტანილია მე-16(1) მუხლის შესაბამისად ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, მაშინ აღნიშნული განცხადება მოქმედი გახდება აღნიშნულის ძალაში შესვლის თარიღიდან. თუ აღნუშნული განცხადება შეტანილია ასეთი ძალაში შესვლის შემდეგ, მაშინ მოქმედი გახდება მისი შეტანიდან სამ თვეში, თუ განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული. უკანასკნელ შემთხვევაში განცხადება მოქმედი გახდება ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(ბ) აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს მე-3(1)(ბ) მუხლით გათვალისწინებული უფლება.

(2) თუ ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის ნებისმიერი დებულება, რომელიც ვრცელდება სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაზე, გადაისინჯა ან შეიცვალა, ნებისმიერ სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია გაიტანოს (1)-ლი პუნქტით განსაზღვრული საკუთარი განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი ხელშეკრულებით. გატანა ძალაში შედის:

(I) თუ შეტყობინება მიღებულია იმ თარიღამდე, როდესაც გადასინჯვა ან ცვლილება შევიდა ძალაში, ამ თარიღიდან;

(II) თუ შეტყობინება მიღებულია (I)-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის შემდეგ, შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან, ან ასეთი მითითების არ არსებობის შემთხვევაში შეტყობინების მიღების თარიღიდან სამ თვეში.

(3) მე-(2) პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, ნებისმიერი სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია გაიტანოს (1)(ა) პუნქტით განსაზღვრული განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით. გატანა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ორ წელიწადში. ამ პუნქტის შესაბამისად გატანის შესახებ არ მიიღება არანაირი შეტყობინება განცხადების ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში.

(4) მე-(2) ან მე-(3) პუნქტებში აღნიშნული გატანა სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის შეტყობინებამ მე-(7)(1) მუხლის თანახმად განაპირობა სადეპოზიტო დაწესებულების მიერ საერთაშორისო სადეპოზიტო სტატუსის მოპოვება, გამოიწვევს ასეთი სტატუსის შეწყვეტას გენერალური დირექტორის მიერ გატანის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

(5) ნებისმიერი განცხადება, რომელიც განსაზღვრულია (1)(ა) პუნქტით, გატანის შესახებ შეტყობინება, რომელიც აღნიშნულია მე-(2) ან მე-(3) პუნქტში, გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფილია მე-6(1) მუხლის მეორე წინადადებით და შედის მე-7(1)(ა) მუხლის თანახმად წარდგენილ განცხადებაში, მოთხოვნა, რომელიც გაკეთებულია მე-8(1) მუხლის შესაბამისად და გატანის შესახებ შეტყობინება, რომელიც აღნიშნულია მე-8(2) მუხლში, მოითხოვს წინასწარ სპეციალურ დამტკიცებას სამრეწველო საკუთრების იმ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის უზენაესი მმართველი ორგანოსაგან, რომლის წევრიცაა აღნიშნული ორგანიზაციის ყველა სახელმწიფო და რომელშიც გადაწყვეტილებები მიიღება ასეთ სახელმწიფოთა მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ.

თავი II

ადმინისტრაციული დებულებები

მუხლი 10

ასამბლეა

(1) (ა) ასამბლეა შედგება მონაწილე სახელმწიფოებისაგან.

(ბ) თითოეული მონაწილე სახელმწიფო წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ ალტერნატიული დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები.

(გ) სამრეწველო საკუთრების თითოეული სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია ასამბლეის და ასამბლეის მიერ დაარსებული ნებისმიერი კომიტეტის და მუშა ჯგუფის სხდომაზე წარმოდგენილია სპეციალური მეთვალყურეების მიერ.

(დ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის კავშირი წევრი, მაგრამ არის ორგანიზაციის ან სამრეწველო საკუთრების საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრი და პატენტების სფეროში სპეციალიზებული ნებისმიერი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ არის მე-2(V) მუხლით განსაზღვრული სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მეთვალყურეებით ასამბლეის სხდომებზე და თუ ასამბლეა გადაწყვეტს ნებისმიერი კომიტეტის ან მუშა ჯგუფის სხდომებზე.

(2) (ა) ასამბლეა

(I) განაგებს კავშირის საქმიანობის შენარჩუნებასთან, განვითარებასა და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

(II) იყენებს ისეთ უფლებებს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მისთვის მინიჭებული ან გადაცემულია ამ ხელშეკრულებით;

(III) გენერალურ დირექტორს აძლევს გადასინჯვის კონფერენციებისათვის მზადებასთან დაკავშირებულ მითითებებს;

(IV) იხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან მიმართებით, აგრეთვე გენერალურ დირექტორს აძლევს ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

(V) აარსებს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კავშირის მუშაობის ხელშესაწყობად;

(VI) (1)(დ) პუნქტიდან გამომდინარე, საზღვრავს რომელი სახელმწიფო, მონაწილე სახელმწიფოს გარდა, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის გარდა მე-2(V) მუხლით გათვალისწინებულის შესაბამისად და რომელი საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია დაიშვება მეთვალყურეებად და რა მოცულობით დაიშვება მეთვალყურეებად საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოები მის სხდომებზე.

(VII) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის ქმედებას კავშირის მიზნების შესრულების ხელშესაწყობად;

(VIII) ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც მიზანშეწონილია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

(ბ) საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია აგრეთვე ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვის, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

(3) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სახელმწიფო და ხმა მისცეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს სახელით.

(4) თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა.

(5) (ა) ასამბლეის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

(ბ) კვორუმის არ არსებობის შემთხვევაში, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები თავის საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი და საჭირო უმრავლესობა მიიღწევა ხმის მიმოწერით მიცემის საშუალებით ინსტრუქციით გათვალისწინებულის შესაბამისად.

(6) ა) მე-8(1)(გ), მე-12(4) და მე-14(2)(ბ) მუხლებიდან გამომდინარე, ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს მოცემული ხმების უმრავლესობას.

(ბ) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად.

(7) ა) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ერთხელ ყოველ მეორე კალენდარულ წელს გენერალური დირექტორის მოწვევით, უპირატესად იგივე დროს და იგივე ადგილზე, როგორც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

(ბ) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ან გენერალური დირექტორის საკუთარი ინიციატივით, ან მონაწილე სახელმწიფოების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(8) ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს.

მუხლი 11

საერთაშორისო ბიურო

(1) საერთაშორისო ბიური:

(I) ასრულებს კავშირთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, კერძოდ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებით, ინსტრუქციებით ან ასამბლეის მიერ აქვს დაკისრებული;

(II) უზრუნველყოფს გადასინჯვის კონფერენციებს, ასამბლეას, ასამბლეის მიერ დაარსებულ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს და გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ სხდომებს, რომლებიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, სამდივნო მომსახურებას.

(2) გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი და წარმოადგენს კავშირს.

(3) გენერალური დირექტორი იწვევს ყველა შეხვედრას, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

(4) (ა) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული შტატის ნებისმიერი წევრი ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის და მის მიერ დაარსებული კომიტეტებისა და მუშა ჯგუფების ყველა შეხვედრაში და გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ ნებისმიერ სხვა შეხვედრაში, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

(ბ) გენერალური დირექტორი ან გენერალური დირექტორის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ასამბლეის, კომიტეტების, მუშა ჯგუფების და სხვა შეხვედრების ex officio მდივანი.

(5) ა) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის ინსტრუქციების შესაბამისად ამზადებს გადასინჯვის კონფერენციებს.

(ბ) საერთაშორისო ბიუროს ამ მზადებასთან დაკავშირებით შეუძლია გამართოს კონსულტაციები სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

(გ) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები გადასინჯვის კონფერენციებზე მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში ხმის მიცემის უფლების გარეშე.

(დ) გენერალური დირექტორი, ან მის მიერ არჩეული შტატის წევრი, არის ნებისმიერი გადასინჯვის კონფერენციის ex officio მდივანი.

მუხლი 12

ინსტრუქცია

(1) ინსტრუქცია ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ეხება:

(I) საკითხებს, რომელთა მიმართ ეს ხელშეკრულება პირდაპირ მიუთითებს ინსტრუქციაზე ან პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ისინი დადგენილია ან დადგენილი იქნება;

(II) ნებისმიერ ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, საკითხებს ან პროცედურებს;

(III) ნებისმიერ დეტალს, რომელიც სასარგებლოა ამ ხელშეკრულების შესრულებისათვის.

(2) ამ ხელშეკრულებასთან ერთად მიღებული ინსტრუქცია თან ერთვის ამ ხელშეკრულებას.

(3) ასამბლეას შეუძლია ინსტრუქციის შეცვლა.

(4) (ა) (ბ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ინსტრუქციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა საჭიროებს მოცემული ხმების ორ მესამედს.

(ბ) ნებისმიერი ცვლილების მიღება, რომელიც შეეხება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ დეპონირებული მიკროორგანიზმების ნიმუშების მიწოდებას, მოითხოვს, რომ არცერთმა მონაწილე სახელმწიფომ შეთავაზებულ ცვლილებას არ მისცეს ხმა წინააღმდეგ.

(5) ამ ხელშეკრულების დებულებებსა და ინსტრუქციის დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ ხელშეკრულების დებულებებს.

თავი III

გადასინჯვა და ცვლილებები

მუხლი 13

ხელშეკრულების გადასინჯვა

(1) ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაისინჯოს დროდადრო მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციების მიერ.

(2) ნებისმიერი გადასინჯვის კონფერენციის მოწვევის გადაწყვეტილებას იღებს ასამბლეა.

(3) მე-10 და მე-11 მუხლების შეცვლა შესაძლებელია გადასინჯვის კონფერენციის მიერ მე-14 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 14

ხელშეკრულების განსაზღვრული დებულებების ცვლილება

(1) (ა) მე-10 და მე-11 მუხლების შესაცვლელად წინადადება შეიძლება წამოაყენოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ ან გენერალურმა დირექტორმა.

(ბ) გენერალური დირექტორი ატყობინებს მონაწილე მხარეებს ასეთი წინადადებების შესახებ, მათი ასამბლეის მიერ განხილვამდე ექვსი თვით ადრე.

(2) (ა) ამ მუხლის (1)-ლ პუნქტში განსაზღვრულ ცვლილებებს იღებს ასამბლეა.

(ბ) მე-10 მუხლის ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს მოცემული ხმების ოთხ მეხუთედს; მე-11 მუხლის ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს მოცემული ხმების სამ მეოთხედს.

(3) (ა) (1)-ლ პუნქტში აღნიშნული მუხლების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ერთ თვეში მას შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს იმ მონაწილე სახელმწიფოების სამი მეოთხედისაგან თანხმობის შესახებ წერილობით შეტყობინებას, რაც ხორციელდება მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, რომლებიც ასამბლეის მიერ ცვლილების მიღების დროს ასამბლეის წევრები იყვნენ.

(ბ) აღნიშნული მუხლების ამგვარად მიღებული ნებისმიერი ცვლილება სავალდებულოა ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც ასამბლეის მიერ ცვლილების მიღების დროს იყო მონაწილე სახელმწიფო, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოსათვის ქმნის ფინანსურ ვალდებულებას ან ზრდის ასეთ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის , რომლებმაც შეატყობინეს თავიანთი თანხმობა ასეთი ცვლილების მიღებაზე.

(გ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიღებულია და ძალაში შევიდა (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად , სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც გახდება მონაწილე სახელმწიფო იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ცვლილებას მიიღებს ასამბლეა.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 15

ამ ხელშეკრულების მხარედ გახდომა

(1) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრია, შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მხარე:

(I) ხელმოწერით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაციის სამართლებრივი აქტის დეპონირება, ან

(II) მიერთების სამართლებრივი აქტის დეპონირებით.

(2) რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტები ინახება გენერალურ დირექტორთან.

მუხლი 16

ხელშეკრულების ძალაში შესვლა

(1) ეს აქტი ძალაში შედის პირველი ხუთი სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც განახორციელეს რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირება, სამ თვეში თარიღიდან, როდესაც რატიფიკაციის ან მიერთების მეხუთე სამართლებრივი აქტი იქნა დეპონირებული.

(2) ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ ეს ხელშეკრულება ძალაში შედის სამ თვეში თარიღიდან, როდესაც ამ სახელმწიფომ განახორციელა რატიფიკაციის ან მიერთების თავის სამართლებრივი აქტის დეპონირება, თუ რატიფიკაციის ან მიერთების თავის სამართლებრივ აქტში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული. უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება ამ სახელმწიფოს მიმართ ძალაში შევა ამგვარად მითითებული თარიღით.

მუხლი 17

ხელშეკრულების დენონსირება

(1) ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია ამ აქტის დენონსირება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.

(2) დენონსირება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ორი წლის შემდეგ.

(3) არცერთი მონაწილე სახელმწიფო არ სარგებლობს (1) პუნქტით გათვალისწინებული დენონსირების უფლებით იმ თარიღიდან, როდესაც იგი გახდა ამ ხელშეკრულების მხარე, ხუთი წლის გასვლამდე.

(4) ამ ხელშეკრულების დენონსირება მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელმაც გააკეთა მე-7(1)(ა) მუხლში აღნიშნული განცხადება სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელმაც ამგვარად მიიღო საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი, იწვევს ასეთი სტატუსის შეწყვეტას იმ დღიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს (1)-ლ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას.

მუხლი 18

ამ ხელშეკრულების ხელმოწერა და ენები

(1) (ა) ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს ერთ პირად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი არის ერთნაირად ავთენტიკური.

(ბ) ამ ხელშეკრულების ოფიციალური ტექსტები დგინდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღიდან ორ თვეში ისეთ სხვა ენებზე, რომლებზეც ხელი მოაწერეს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დამაარსებელ კონვენციას.

(გ) ამ ხელშეკრულების ოფიციალური ტექსტები დგინდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ არაბულ, გერმანულ, იტალიურ, იაპონურ და პორტუგალიურ ენებზე და ისეთ სხვა ენებზე, რომლებიც შეიძლება მიუთითოს ასამბლეამ.

(2) ეს ხელშეკრულება ღიაა ხელმოსაწერად ბუდაპეშტში 1977 წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 19

ხელშეკრულების დეპონირება; ასლების გადაგზავნა;

ხელშეკრულების რეგისტრაცია

(1) როდესაც ხელშეკრულების დედანი ხელმოსაწერად აღარ იქნება ღია, იგი ინახება გენერალურ დირექტორთან.

(2) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის მის მიერ დამოწმებულ ორ ასლს მე-15(1) მუხლში აღნიშნული ყველა სახელმწიფოს მთავრობებს, რომელთაც მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისად შეუძლიათ განცხადების შეტანა და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.

(3) გენერალურ დირექტორს შეუძლია ხელშეკრულების რეგისტრირება გაერთიანებული ერების სამდივნოში.

(4) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების მის მიერ დამოწმებულ ორ ასლს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, ყველა სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობას და ნებისმიერ სხვა სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია შეიტანოს განცხადება მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20

შეტყობინება

გენერალური დირექტორი ატყობინებს მონაწილე სახელმწიფოებს, სამრეწველო საკუთრების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან კავშირის წევრები, მაგრამ არიან სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრები:

(I) ხელმოწერების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად;

(II) რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების შესახებ მე-15(2) მუხლის შესაბამისად;

(III) მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისად შეტანილი განცხადებების და მე-9(2) ან (3) მუხლის შესაბამისად გატანის შეტყობინების შესახებ;

(IV) ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-16(1) მუხლის შესაბამისად;

(V) შეტყობინების შესახებ მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად და გადაწყვეტილებების შესახებ მე-8 მუხლის შესაბამისად;

(VI) ამ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების მიღების შესახებ მე-14(3) მუხლის შესაბამისად;

(VII) ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

(VIII) ხელშეკრულებაში ან ინსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

(IX) მე-17 მუხლის შესაბამისად მიღებული დენონსირებების შესახებ.