დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4427-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110317057, 17/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.016238 |
საქართველოს კანონი
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.
2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.“.
2. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების თითოეული კატეგორიის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.“.
3. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
4. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტორიის ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4427-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები