დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4400-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110317030, 17/03/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.016211 |
საქართველოს კანონი
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომ – ნებართვა) – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია;“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.“.
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).“.
5. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომ – გარემოს დაცვის ინსპექცია).“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნების შესრულებას ნებართვის გამცემი აკონტროლებს გარემოს დაცვის ინსპექციასთან ერთად.“.
6. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2011 წლის 1 სექტემბრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4400–Iს
დოკუმენტის კომენტარები