„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4815
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.846
  • Word
4815
25/05/2007
სსმ, 19, 01/06/2007
230.000.000.05.001.002.846
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) ქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით – 9 ლარი;

ბ) განქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით – 45 ლარი;

გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემისათვის და, მათი შეცვლიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) – 50 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების, დამატებისა და ცვლილების შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანის ჩათვლით – 10 ლარი;

ე) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის – 2 ლარი;

ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – 2 ლარი.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის – 35 ლარი, ხოლო 48-გვერდიანი პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის – 60 ლარი;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ფიზიკური პირი – სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით, თუ რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ;

ბ) ფიზიკური პირი – სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნისათვის ან გადაანგარიშებისათვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირი.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანისათვის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობისა და ცნობის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის – შესაბამისი განაცხადების შეტანისას;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 25 მაისი.

№4815–Iს