დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.059 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №60
2004 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ.462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის „ბ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ „რ“ ქვეპუნქტები და მე-19, 28-ე, 33-ე, 34-ე , 35-ე მუხლები.
2. დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;“.
3. დებულების მე-18, 27-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 18
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, კერძოდ, პირდაპირი და გარანტირებული საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) საგარეო კრედიტებისათვის, მათ შორის რესტრუქტურირებული კრედიტებისათვის, ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
დ) საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების ძალაში შესვლის შემთხვევაში საჭირო საგარანტიო თანხის მოცულობის შეფასება და დაგეგმვა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში საქართველოს სააქციო/საპაიო შესატანების, ასევე აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა და დაგეგმვა;
ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;
ზ) სახელმწიფო საგარეო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრა და დაგეგმვა ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პარამეტრის ფარგლებში;
მ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ო) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოს საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების რესტრუქტურირების პროცესში მონაწილეობა;
პ) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ჟ) გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და მისი გამოყენების მონიტორინგი;
რ) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა და გამოყენების მონიტორინგი;
ს) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ტ) ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
უ) საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში მომზადება, მოლაპარაკების გამართვის ორგანიზება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადების კოორდინაცია, საერთაშორისო აქტებთან საქართველოს შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ქ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ღ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება.“.
„მუხლი 27
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ვ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამ ასიგნებათა კვარტალური გაწერის პროექტის მომზადება და მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ზ) მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე დანაწილების შესახებ წინადადების მომზადება;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
კ) სახელმწიფო ხაზინასთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება;
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშისა და ანგარიშთა პროექტების მომზადება;
მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ნაერთი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ჟ) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების მომზადება, შემუშავება;
რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;
ს) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ტ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
უ) სახელმწიფო საშინაო პირდაპირი და პირობითი ვალის რეესტრის წარმოება;
ფ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება; დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების მომზადება, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპობრივი ფორმებისა;
ყ) პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შემუშავება;
შ) სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
ჩ) ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება.“.
„მუხლი 36
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი; ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;
ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;
გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი; მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;
დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაოთა კოორდინაცია;
ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიზური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებათა შესრულების პროცესისა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ჟ) სახელმწიფო ქონების მართვის პროცესში მაქსიმალური ფინანსური შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მონაწილეობის მიღება მათ რეალიზაციაში;
რ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება; არასაგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის, თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების მომზადება; არასაგადასახადო შემოსავლების დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და გეგმის შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
ს) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯზე გაცემული სესხის მართვა და სასესხო ვალდებულებათა შესრულების მიზნით სესხით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ტ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების ფინანსური მონიტორინგი;
უ) „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შიდა რესურსებიდან გაცემული სესხების (სასესხო დავალიანებების) რესტრუქტურიზაციის, უიმედოდ აღიარებულ სასესხო დავალიანებათა ოდენობის დაზუსტების, სასესხო დავალიანებათა გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანებათა მესამე პირისათვის გადაკისრების, სასესხო დავალიანებათა მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის დათმობის თაობაზე წინადადებების მომზადება და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლი;
ფ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოთა მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე წინადადებების მომზადება; სასესხო დავალიანებათა მქონე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ქ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებების მომზადება.“.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35 დღეში.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები