დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 967 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 1 სექტემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№31-33, მუხ. 673) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. კანონის სათაურში სიტყვა „რესპუბლიკის” შეიცვალოს სიტყვით „ორგანული”.
2. კანონიდან ამოღებულ იქნეს „გარდამავალი დებულება” და დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:
„მუხლი 25. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
1. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება არა უგვიანეს 45-ე დღისა უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, პარლამენტი იკრიბება არა უგვიანეს 48 საათისა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს არა უგვიანეს 72 საათისა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.
2. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ ან ამომრჩეველთა ჯგუფმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
ბ) პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის ან ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის სია;
გ) პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა;
დ) პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისათვის ნებაყოფილობითი შეწირულობის მაქსიმალურ ოდენობას, აგრეთვე ცალკეული შეწირულობის ზღვრულ ოდენობას რეგისტრაციისთანავე განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია”.
II. დადასტურებულ იქნეს „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს კანონის, როგორც ორგანული კანონის, მართლზომიერება.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 17 ოქტომბერი.
№967–Iს
დოკუმენტის კომენტარები