დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307050, 09/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.016071 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2011 - 06/01/2012)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №34/ნ
2011 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ც1“ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესი“ დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის ჩარიცხვის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა
1. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ელექტრონული განაცხადის გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა
1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა.
3. სკოლის დირექტორი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ.
4. სკოლის დირექტორი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე უზრუნველყოს მოსწავლის დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მოსწავლის რეგისტრაციის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
6. მოსწავლე სკოლაში ჩარიცხულად ითვლება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები