დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ირიბი გადასახადებით დაბეგვრის პრინციპების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 04/12/2003 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.02.002.000448 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ირიბი გადასახადებით დაბეგვრის პრინციპების შესახებ
საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, მიისწრაფვიან ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების, სამეურნეო სუბიექტებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნისათვის,
აღიარებენ საერთაშორისო ვაჭრობის მიღებულ ნორმებსა და წესებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. ზოგადი განსაზღვრებანი
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები:
„ირიბი გადასახადები“ - დამატებული ღირებულების გადასახადი და აქციზი (სააქციზო გადასახადი ან სააქციზო მოსაკრებელი);
„ნულოვანი განაკვეთი“ - საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) ირიბი გადასახადების განაკვეთი, რომელიც ნული პროცენტის ტოლია, რაც ტოლფასია საქონლის (მომსახურეობის) წარმოებისა და რეალიზაციის დროს გამოყენებული მატერიალურ რესურსებზე დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლებისა და ანაზღაურებისა და ნიშნავს გადასახადის გადამხდელის უფლებას გადახდილი გადასახადის მომავალ გადასახადში ჩათვლაზე, ან მის ანაზღაურებაზე;
„დანიშნულების ქვეყანა“ - ქვეყანა, რომლის საბაჟო ტერიტორიაზე შეიტანება საქონელი მოხმარებისათვის;
„სამეურნეო სუბიექტები“ - მხარეების სახელმწიფოთა გადასახადის გადამხდელები.
მუხლი 2. შეთანხმების საგანი
შეთანხმების საგანს წარმოადგენს მხარეების სახელმწიფოთა სამეურნეო სუბიექტებს შორის საგარეო-სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ირიბი გადასახადებით დაბეგვრის პრინციპის დადგენა.
მუხლი 3. დაბეგვრის პრინციპი საქონლის გატანის დროს
ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც გაიტანება ერთი მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის მეორე მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე, დაიბეგრება ირიბი გადასახადების ნულოვანი განაკვეთით. ეს დებულება არ ვრცელდება ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე, სტაბილური გაზის კონდენსატის ჩათვლით
მუხლი 4. დაბეგვრის პრინციპი საქონლის შეტანის დროს
ერთი მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი, რომელიც გატანილია მეორე მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან, ირიბი გადასახადებით დაიბეგრება დანიშნულების ქვეყანაში მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. ირიბი გადასახადებით დაბეგვრის წესი მომსახურების გაწევის დროს
1. სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების გაწევის დროს ირიბი გადასახადებით დაბეგვრის წესი გაფორმდება ცალკე ოქმით. მოცემული ოქმის ძალაში შესვლამდე სამუშაო (მომსახურება) ირიბი გადასახადებით დაიბეგრება მხარეთა კანონმდებლობების შესაბამისად, შემდეგი სამუშაოების (მომსახურების) გამოკლევით:
ა) ტრანსპორტირებისა და მომსახურების სამუშაოები (მომსახურება) ექსპედიტორული, ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის მომსახურების ჩათვლით;
ბ) სატრანზიტო საქონლის ტრანსპორტირებისა და მომსახურების სამუშაოები (მომსახურება) იმ პირობით, რომ საქონლის გაგზავნის და დანიშნულების პუნქტები განთავსებულია მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპედიტორული, ჩათვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის მოსმახურების ჩათვლით;
გ) ერთი მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან მეორე მხარის სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადატანის მომსახურება ორივე მიმართულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სამუშაოები (მომსახურება) იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადის ნულოვანი განაკვეთით იმ სახელმწიფოში, რომელშიც მომსახურების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელები ახდენენ ამგვარ სამუშაოებს (მომსახურებას), მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. კონტროლი საქონლის გადაადგილებასა და ირიბი გადასახადების გადახდაზე
1. საქონლის გადაადგილებაზე, აღრიცხვის წარმოებასა და ინფორმაციის გაცვლაზე კონტროლის განხორციელების მიზნით მხარეები გამოიყენებენ მათ სარგებლობაში მყოფ ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურას.
2. მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე ირიბ გადასახადებს ამოიღებენ დანიშნულების ქვეყნის საბაჟო ან საგადასახადო ორგანოები.
მუხლი 7. შეთანხმების შესრულება
1. ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება მხარეთა უფლებას გამოიყენონ შიდა მეწარმეების ინტერესებისა და ეროვნული ბაზრის დაცვისათვის აუცილებელი ზომები საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
2. მოცემული შეთანხმების განმარტებასთან, ან გამოყენებასთან დაკავშირებულ უთანხმოებებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გზით.
3. საჭიროების შემთხვევაში მხარეები გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისა და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 8. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მხარეები, ურთიერთშეთანხმებით, შეიტანენ შეთანხმებაში საჭირო ცვლილებებსა და დამატებებს, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმებით და იქნება შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 9. შეთანხმების მოქმედების ვადა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
2. შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, შეთანხმების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 6 თვისა, წერილობითი ფორმით დიპლომატიური არხების საშუალებით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. მოსკოვში 2001 წლის [10 ივლისს] ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
საქართველოს მთავრობის სახელით რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები