ევროპული კონვენცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • Word
ევროპული კონვენცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/1977
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 08/03/2001
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 480010000.02.002.000408
  • Word
-
27/01/1977
ვებგვერდი, -, 08/03/2001
480010000.02.002.000408
ევროპული კონვენცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპული კონვენცია

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ქვემორე ხელის მომწერნი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები:

ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა;

ითვალისწინებენ რა ტერორისტული აქტების გაზრდით გამოწვეულ მზარდ შეშფოთებას;

განწყობილნი არიან რა გაატარონ ეფექტური ზომები, რათა ასეთი აქტების ჩამდენმა პირებმა თავი არ აარიდონ ბრალდებასა და სასჯელს;

აცნობიერებენ რა, რომ ექსტრადიცია წარმოადგენს განსაკუთრებით ეფექტურ ზომას ამ შედეგის მისაღწევად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ექსტრადიციის მიზნებისათვის არც ერთი შემდეგი დანაშაული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ დანაშაულად, ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან პოლიტიკური მოტივებით გამოწვეულ დანაშაულად.

(a) დანაშაული, რომელზეც ვრცელდება 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

(b) დანაშაული, რომელზეც ვრცელდება 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

(c) სერიოზული დანაშაულები დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე დაცული პირების, მათ შორის დიპლომატიური აგენტების სიცოცხლის, ჯამრთელობის ან თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან;

(d) გატაცებასთან, მძევლად აყვანასთან ან სერიოზულ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებული დანაშაული.

(e) დანაშაული დაკავშირებული ნაღმის, ხელყუმბარის, რაკეტის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ან წერილისა თუ საამანათო ნაღმის გამოყენებასთან, თუ ამით საფრთხე შეექმნა პიროვნებას;

(f) ნებისმიერი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის მცდელობა ან დახმარების სახით იმ პირის თანამონაწილედ გამოსვლა, რომელიც ჩაიდენს ან შეეცდება ჩაიდინოს ასეთი დანაშაული.

    მუხლი 2

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის ექსტრადიციის მიზნებისათვის, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს ან მიიჩნიოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან პოლიტიკური მოტივებით განპირობებულ დანაშაულად ადამიანის სიცოცხლის, ჯამრთელობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ისეთი სერიოზულ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული, რომელიც არ არის გათვალისწინებული 1 -ლი მუხლით.

2. იგივე წესი გამოიყენება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ისეთი სერიოზული დანაშაულის მიმართ, რომელიც კოლექტიურ საფრთხეს უქმნის პირებს და არ არის გათვალისწინებული 1-ლი მუხლით.

3. იგივე წესი გამოიყენება ნებისმიერი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის მცდელობის ან იმ პირის თანამონაწილეობის, რომელიც ჩაიდენს ან შეეცდება ჩაიდინოს ასეთი დანაშაული.

    მუხლი 3

 ექსტრადიციის საკითხებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოების შორის მოქმედი ყველა ხელშეკრულებისა და შეთანხმების დებულებები, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის ჩათვლით, შეიცვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის იმდენად, რამდენადაც ისინი შეუსაბამობაში იქნებიან ამ კონვენციასთან.

    მუხლი 4

ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის და იმ შემთხვევაში, თუ 1-ლი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული არ არის აღიარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულად ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ნებისმიერ კონვენციასა თუ ხელშეკრულებაში, იგი მაინც ჩაითვლება ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულად.

    მუხლი 5

არაფერი ამ კონვენციაში არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც ექსტრადიციის ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს, რომელსაც მიმართეს ექსტრადიციის თხოვნით, აქვს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ 1-ლი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ექსტრადიციის შესახებ თხოვნა განხორციელდა პირის ბრალდების ან დასჯისათვის მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, ან პოლიტიკური შეხედულების გამო, ან თუ პირის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს რომელიმე ამ მიზეზის გამო.

    მუხლი 6

1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი იურისდიქციის გასავრცელებლად 1-ლ მუხლში გათვალისწინებულ დანაშაულზე, იმ შემთხვევაში როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და იგი არ მოახდენს მის ექსტრადიცის ამის შესახებ თხოვნის მიღების შემდეგ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან, რომლის იურისდიქციაც შესაბამისობაშია იმ სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებულ იურისდიქციასთან, რომელსაც წარედგინა ასეთი თხოვნა.

2. ეს კონვენცია არ გამორიცხავს რაიმე სახის სისხლისსამართლებრივ იურისდიქციას ეროვნული სამართლის შესაბამისად.

    მუხლი 7

ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც აღმოჩნდება 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი და რომელიც მიიღებს თხოვნას ექსტრადიციის შესახებ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, თუ იგი არ მოახდენს ამ პირის ექსტრადიციას, იგი გადასცემს საქმეს ბრალდებისათვის, ყოველგვარი გამონაკლისისა და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, თავის კომპეტენტურ ორგანოებს. ეს ორგანოები ამ საქმეზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებენ მსგავსი სერიოზული დანაშაულისათვის დადგენილი წესით, ამ სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად.

    მუხლი 8

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გამოიყენებენ ერთმანეთის მიმართ სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების ყველაზე ფართო ზომებს 1-ლი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში გამოყენებლ იქნება სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომელსაც წარედგინა თხოვნა ექსტრადიციის შესახებ. ამასთანავე არ შეიძლება უარი ითქვას ამ დახმარებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი შეეხება პოლიტიკურ დანაშაულს ან დანაშაულს, დაკავშირებულს პოლიტიკურ დანაშაულთან, ან პოლიტიკური მოტივებით განპირობებულ დანაშაულს.

2. არაფერი ამ კონვენციაში არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც ურთიერთდახმარების ვალდებულება, თუ სახელმწიფოს, რომელსაც მიმართეს ექსტრადიციის თხოვნით, აქვს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ 1 -ლი და მე -2 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ექსტრადიციის შესახებ თხოვნა განხორციელდა პირის ბრალდების ან დასჯისათვის მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, ან თუ პირის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს რომელიმე ამ მიზნის გამო.

3. სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების შესახებ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის გამოსაყენებელი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ყველა დებულება, სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის ჩათვლით, შეიცვლება იმდენად, რამდენადაც ისინი შეუსაბამობაში იქნებიან ამ კონვენციასთან.

    მუხლი 9

1. დანაშაულობის საკითხებზე ევროპული კომიტეტი განუწყვეტლივ უნდა იყოს ინფორმირებული ამ კონვენციის გამოყენების შესახებ.

2. იგი მოიმოქმედებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება ამ კონვენციის აღსრულების პროცესში წარმოქნილი ნებისმიერი სიძნელის მეგობრულად მოწესრიგების უზრუნველასაყოფად.

    მუხლი 10

1. ამ კონვენციის განმარტებასა თუ გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, რომელიც არ იქნე მოგვარებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დავის მონაწილე რომელიმე მხარის თხოვნით გადასაწყვეტად გადაეცემა სამედიატორო სასამართლოს. ყოველი მხარე დანიშნავს თითო მედიატორს, ხოლო ეს ორი მედიატორი დანიშნავს მოსამართლეს. თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს მედიატორს სამი თვის განმავლობაში არბიტრაჟის შესახებ თხოვნის მიღებიდან, იგი დაინიშნება მეორე მხარის თხოვნით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავჯდომარის მიერ. თუ ეს უკანასკნელი წარმოადგენს დავის მონაწილე რომელიმე მხარის მოქალაქეს, ამ ვალდებულებას განახორციელებს სასამართლოს ვიცე-თავჯდომარე, ხოლო თუ ვიცე-თავჯდომარე წარმოადგენს დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მოქალაქეს, დანიშვნას განახორციელებს ის უხუცესი მოსამართლე, რომელიც არ წარმოადგენს არცერთი მხარის მოქალაქეს. იგივე პროცედურა იქნება გამოყენებული, თუ მედიატორები ვერ შეთანხმდებიან მოსამართლის დანიშვნის საკითხში.

2. სამედიატორო სასამართლო განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას. იგი გადაწყვეტლებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. მისი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო.

    მუხლი 11

1. ეს კონვენცია ღია იქნება ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ. იგი დაექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღებისა ან დამტკიცების სიგელების დეპონირება მოხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. ეს კონვენცია ძალაში შევა მესამე სარატიფიკაციო სიგელის, მიღების და დამტკიცების საბუთის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

3. იმ ხელმომწერი სახელმწიფოების მიმართ, რომელიც შემდგომ მოახდენს რატიფიცირებას, მიღებასა თუ დამტკიცებას, ეს კონვენცია ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

    მუხლი 12

1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას ან მისი სარატიფიკაციო სიგელის, მიღებისა და დამტკიცების საბუთების დეპონირებისას განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდა ამ კონვენციის მოქმედება.

2. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირებისას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით გაავრცელოს ამ კონვენციის მოქმედება ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომლებიც განცხადებაში იქნება განსაზღვრული და რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც იგი არის პასუხისმგებელი ან რომლის სახელითაც იგი უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები.

3. წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ასეთ განცხადებაში გათვალისწინებულ ტერიტორიასთან მიმართებით შეიძლება გამოთხოვილი იქნეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთი გამოთხოვა ძალაში შევა დაუყოვნებლივ ან ნებისმიერ მომდევნო თარიღზე, რომელიც განსაზღვრული იქნება ამ შეტყობინებაში.

    მუხლი 13

1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღებისა თუ დამტკიცების საბუთის დეპონირებისას განაცხადოს, რომ იტოვებს უფლებას უარი თქვას ექსტრადიციაზე 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დარღვევასთან მიმართბით, რომელსაც იგი მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად, ან პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულ დანაშაულად, იმის უზრუნველყოფით, რომ დანაშაულის ხასიათის შეფასებისას იგი გაითვალისწინებს დანაშაულის განსაკუთრებული მნიშვნელობის ყოველ ასპექტს, მათ შორის:

(a)რომ მან შეუქმნა კოლექტიური საფრთხე პირთა სიცოცხლეს, ჯამრთელობასა და თავისუფლებას; ან

(b)რომ ზიანი მიადგა იმ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება დანაშაულის ჩადენის მოტივაცია; ან

(c)რომ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იქნე ბოროტი ან ვერაგი საშუალება.

2. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოს დათქმა, რომელიც მან გააკეთა წინა პუნქტის შესაბამისად, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის განცხადების გაგზავნით, რომელიც ძალაში შევა მისი მიღების თარიღიდან.

3. სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ აქვს უფლება მოითხოვოს 1-ლი მუხლის გამოყენება ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მიერ; თუმცა თუ მის მიერ გაკეთებული დათქმა არის ნაწილობრივი ან პირობითი, მას შეუძლია, მოითხოვოს 1-ლი მუხლის გამოყენება იმ მოცულობით, რომლითაც მან იგი თავად აღიარა.

    მუხლი 14

ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ნებისმიერი ასეთი დენონსაცია ძალაში შევა დაუყოვნებლივ ან ნებისმიერ მომდევნო თარიღზე, რომელიც მითითებული იქნება ამ შეტყობინებაში.

    მუხლი 15

მოცემული კონვენცია წყვეტს მოქმედებას იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც გავა ევროპის საბჭოდან ან შეწყვეტს მის წევრობას.

    მუხლი 16

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:

(a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

(b) სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების ნებისმიერი თარიღის შესახებ;

(c) მე-11 მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი ფაქტის შესახებ;

(d) მე-12 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი განცხადებისა თუ შეტყობინების შესახებ;

(e) მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ;

(f) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი დათქმის უარყოფის შესახებ;

(g) მე-14 მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

(h) მე-15 მუხლის შესაბამისად კონვენციის მოქმედების ნებისმიერი შეწყვეტის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ქ. სტრასბურგში, 1977 წლის 27 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტურ ტექსტებად, ერთ პირად, რომელიც დეპონირებულ იქნება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადაუგზავნის თითოეულ ხელმომწერ სახელმწიფოს.