დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შავიზღვისპირეთში მიწათსარგებლობისა და სამშენებლო საქმიანობის მოწესრიგების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 20/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.015 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №15
2004 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შავიზღვისპირეთში მიწათსარგებლობისა და სამშენებლო საქმიანობის მოწესრიგების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს შავიზღვისპირეთში მიწათსარგებლობის რეგულირებისა და განაშენიანების პროცესები დღეისათვის ხასიათდება სტიქიურობით, რაც გამოწვეულია არასაკმარისი ადმინისტრირებით, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ,,გარემოს დაცვის შესახებ“, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“, ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა არასათანადო შესრულებით, ტერიტორიულსივრცითი დაგეგმვის დოკუმენტაციის არარსებობით და ახალი მშენებლობების მოცულობათა ინფრასტრუქტურის არსებულ სიმძლავრეებთან შეუსაბამობით. ეს ტენდენცია იწვევს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გაძლიერებას, რაც საფრთხეს უქმნის სანაპირო რეგიონების მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.
მიწათსარგებლობის რეგულირებისა და განაშენიანების პროცესების მართვის სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებისა და შავიზღვისპირა რეგიონების გეგმაზომიერი განვითარების სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების შემდგომი სრულყოფის მიზნით:
1. საქართველოს შავიზღვისპირეთის 300-მეტრიან სანაპირო ზონაში (დასახლებათათვის – მე-8 პუნქტის თანახმად შემუშავებული საზღვრების ფარგლებში) მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს მიწის გასხვისება და ნებისმიერი სახის მშენებლობის ნებართვის გაცემა, გარდა დადგენილი წესით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიერ ნებადართული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
2. ,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შავი ზღვის ,,მკაცრი ზედამხედველობის ზოლში“ აიკრძალოს არასათანადო ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობები, მიუხედავად ობიექტების ფუნქციური დანიშნულებისა და სამშენებლო მზადყოფნის სტადიისა, მათი საკითხების ფორმისა და დაფინანსების წყაროებისა.
3. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა სახელმწიფო მნიშვნელობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები განიხილონ ,,საქართველოს სანავსადგურო პოტენციალის განვითარების კონცეფციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებულების შესაბამი-სად და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული კონცეფციის ძირითადი დასკვნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მიწათსარგებლობასა და მშენებლობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები და მიმდინარე წლის 15 მაისამდე წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს.
5. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ (თ. სულუხია) შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კანონის პროექტი სივრცითი დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის საფუძველების შესახებ.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ,,საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშაოს და ამა წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს სათანადო კანონის პროექტი ,,საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის დაგეგმვისა და მართვის შესახებ“.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) მიმდინარე წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სანაპიროს ,,მკაცრი ზედამხედველობის ზოლის“ ფარგლებში კერძო პირების საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების, აგრეთვე მათი განკერძოებისა და სარგებლობაში გადაცემის მართლზომიერების თაობაზე.
8. სსც ,,საქნაპირდაცვამ“ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ამა წლის 1 ივნისამდე დადგენილი წესით წარუდგინოს შავი ზღვის სანაპიროს 300-მეტრიანი ზონისა და ,,მკაცრი ზედამხედველობის ზოლის“ საზღვრების გრაფიკული მასალა.
9. დადგენილების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრმა თ. სულუხიამ.
10. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები