დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 107 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228019, 28/02/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016137 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №107
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სამარათლებრივი აქტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო კანონმდებლობით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
2. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) შიდა ინსპექტირების სამმართველო;
დ) საგამოძიებო დეპარტამენტი;
ე) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ვ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ზ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადმინისტრაცია
1. ადმინისტაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კანცელარია;
ბ) კადრების სამმართველო;
გ) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო.
2. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ორგანიზაცია გაუწიოს სამსახურში საქმის წარმოებას,განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო აღრიცხვა-დამუშავება, განახორციელოს მათ შესრულებასა და მოძრაობაზე კონტროლი, სამსახურის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკონტროლო დავალებათა შესრულების შესახებ;
ბ) უზრუნველყოს არქივის წარმოება;
გ) უზრუნველყოს სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.
3. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება და დაკომპლექტებული შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
დ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ვ) სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება.
4. სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
ბ) განიხილოს სამსახურში შემოსული განცხადებები და საჩივრები;
გ) წარმოადგინოს სამსახურის ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა);
დ) უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება.
5. ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;
ბ) საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია;
გ) სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა-ადმინისტრირება;
დ) სამსახურის ცენტრალური და რეგიონალური ოფისების ინტერნეტით და სამსახურის მონაცემთა ბაზებთან კავშირით უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.“.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41და 42 მუხლები:
„მუხლი 41. ეკონომიკური დეპარტამენტი
1. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა და ორგანიზება.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზების ხელშეწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადების ორგანიზება და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
მუხლი 42.შიდა ინსპექტირების სამმართველო
შიდა ინსპექტირების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება;
გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
დ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება;
ვ) სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.“.
6. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;“;
ბ) მე-2 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:
„ბ1) სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველო;
ბ2) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: ეკონომიკური საზღვრის სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში ეკონომიკური საზღვრის სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.“.
7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი; სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავის კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანოების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.
42. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აღრიცხვა, სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი, სამსახურის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.“.
8. მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.
9. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, პასუხისმგებელია სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
გ2) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დოკუმენტის კომენტარები