დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 31/05/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000781 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ
საქართველოს მთავრობა და კატარის სახელმწიფოს მთავრობა, (შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი), გამოთქვამენ რა მეგობრულ ურთიერთობათა გაღრმავების სურვილს და ესწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ოფიციალური მიზნით თავიანთ მოქალაქეთა გამგზავრებას ერთმანეთის ქვეყნებში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
წინამდებარე შეთანხმების რეგულირების სფეროში შედის შემდეგი სახის პასპორტები:
საქართველოში: დიპლომატიური პასპორტები.
კატარის სახელმწიფოში: დიპლომატიური პასპორტები და სპეციალური პასპორტები.
მუხლი 2
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ (1) მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს, თავისუფლდებიან სავიზო ვალდებულებებისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, რაც ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე მათ დროებით ყოფნას, თუ ამ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება კატარის მოქალაქეებისთვის 360 დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 დღეს, ან ტრანზიტს მესამე სახელმწიფოში ან დანიშნულების ნებისმიერ სხვა ადგილზე.
მუხლი 3
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ (1) მუხლში მითითებულ მოქმედ პასპორტებს, და რომლებიც აკრედიტებულნი არიან დიპლომატიურ მისიებში ან საკონსულო სამსახურებში, ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ფლობენ ასეთივე პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ და დარჩნენ ერთმანეთის ტერიტორიაზე: კატარის მოქალაქეებს 360 დღის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში, წინასწარი ვიზის აღების ვალდებულების გარეშე, მაგრამ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ისინი ვალდებულნი არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღონ საჭირო დოკუმენტაცია და ნებართვები. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებენ ამ მუხლში აღნიშნული თავიანთი მოქალაქეების შესვლის შესახებ.
მუხლი 4
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილი სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით.
მუხლი 5
გარდა (2) მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, რომელთაც განზრახული აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლა მუშაობის, პროფესიული განვითარების ან სწავლის მიზნით, ვალდებულნი არიან წინასწარ აიღონ ვიზები.
მუხლი 6
ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან (1) მუხლში მითითებული მოქმედი პასპორტების ნიმუშებს წინამდებარე შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო თუ რომელიმე მხარე ცვლილებებს შეიტანს აღნიშნულ პასპორტებში, იგი ვალდებულია მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიაწოდოს ახალი პასპორტების ნიმუშები მათ გამოყენებამდე 30 დღით ადრე.
მუხლი 7
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ათავისუფლებს (2) მუხლში მითითებულ მოქალაქეებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულების ვალდებულებისაგან.
მუხლი 8
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეებს უარი უთხრან შესვლის, დარჩენის და ტრანზიტის ნებართვაზე იმ პირებს, რომელთა ყოფნასაც მათ ტერიტორიაზე არასასურველად მიიჩნევენ.
მუხლი 9
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად, დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უშიშროების ან ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. წინამდებარე შეთანხმების დროებით შეჩერების შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით 14 დღით ადრე მაინც.
მუხლი 10
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დიპლომატიური არხების საშუალებით წარმოადგინოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში შესწორების შეტანის შესახებ მისი ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 11
ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებათა გზით.
მუხლი 12
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებელია 2009 წლის 4 ნოემბერი, ქ. დოჰაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
ზემოაღნიშნულის დასტურად, მხარეები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
საქართველოს მთავრობის კატარის სახელმწიფოს მთავრობის
სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები