დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/11/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 16/03/2010 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/02/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000761 |
შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის
შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველო
და
თურქეთის რესპუბლიკა
სურთ რა დადონ შეთანხმება შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, ან მისი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადახდილი გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) მოგების გადასახადი;
(შემდგომში ,,საქართველოს გადასახადები“);
b) თურქეთის რესპუბლიკის შემთხვევაში :
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) კორპორაიცული გადასახადი;
(შემდგომში ,,თურქეთის გადასახადები“).
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი ,,საქართველო“ ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი ,,თურქეთი“ ნიშნავს თურქეთის ტერიტორიას, ტერიტორიულ ზღვას, ასევე საზღვაო არეალს, რომელზეც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვრცელდება თურქეთის იურისდიქცია ან სუვერენული უფლებები ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებაზე, ექსპლოატაციაზე და კონსერვაციაზე;
c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან თურქეთს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი ,,პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი ,,კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს და ნებისმიერ საწარმოს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დებეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი ,,რეგისტრირებული ოფისი“ ნიშნავს თურქეთის შემთხვევაში, თურქეთის სავაჭრო კოდექსის საფუძველზე დარეგისტრირებულ ლეგალურ სათავო ოფისს და საქართველოს შემთხვევაში, რეგისტრაციის ადგილს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონოს შესაბამისად;
g) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, და
(ii) თურქეთში: ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი ,,ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა,
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.
მუხლი 4. რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, რეგისტრირებული ოფისის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს და მის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს.
ამასთან , ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელთანაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესის ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელთანაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მისი რეგისტრირებული ოფისია განთავსებული.
მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს; და
f) მაღაროს ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, რომელიც მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს თორმეტ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:
a) ნაგებობის გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობის იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობის იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ „a“–„e“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსაზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობის გარდა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო არ განიხილება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან თავად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაებეგროს ამ მეორე სახემწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს ქონებას, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას (თევზის მოშენებისა და გამრავლების ჩათვლით), უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის ნორმები, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებაზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება, აგრეთვე უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავალს.
4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავი საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
5. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავალის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ იმ მუხლების დებულებებზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს.
მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. ხელშეკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.
მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახლმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან წესდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, პირველი მუხლის დებულების თანახმად, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს – და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს – იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას, თუ ეს მეორე სახელმწიფო ამგვარ კორექტირებას გამართლებულად მიიჩნევს. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10. დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.
ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance“-ის აქციებიდან, ან „jouissance“-ის უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს იმ კომპანიის მოგება, რომელიც ეწევა საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მე-7 მუხლის შესაბამისად დაბეგვრის შემდეგ, დარჩენილ თანხაზე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, მხოლოდ განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაკვეთს.
5. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
6. როდესაც ხელეშმკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როდესაც ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11. პროცენტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5. პროცენტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელს წარმოადგენს თავად ეს სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12. როიალტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადასახადის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს ნებისმიერი ნაწარმოებით, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმებით, სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის ჩანაწერებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების გადაცემისათვის.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5. როიალტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელად გამოდის თავად ეს სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, ამასთან, ასეთი როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ეს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მე-6 მუხლში აღნიშნული და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელეშმკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. ამასთან, წინა წინადადებაში აღნიშნული კაპიტალის ნამეტი, რომელიც წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ქონების შეძენასა და გასხვისებას შორის პერიოდი არ აღემატება ერთ წელს.
მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელმშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.
მუხლი 15. დაქირავებით მუშაობა
1. მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავის ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები მეორე სახელმწიფოში იმყოფება პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელფასი და სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საწარმო.
მუხლი 16. დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც მიიღება ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობიდან, თავისუფლდება გადასახადიდან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება ასეთი საქმიანობა, თუ ამ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის, მუსიკოსის ან სპორტსმენის ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად ფინანსდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის კულტურის ან სპორტის სფეროში დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
მუხლი 18. პენსიები
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წარსულში მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, აგრეთვე ანუიტეტები იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ფარგლებში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი ნებისმიერი პენსია და სხვა ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
3. ტერმინი „ანუიტეტი“ ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, დადგენილ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეულ, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით ან შესაბამისი ფასეულობით.
მუხლი 19. სახელმწიფო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, ან ხელისუფლების ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ სახელმწიფოსათვის, ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებებისა და პენსიების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 20. მასწავლებლები და სტუდენტები
1. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს პირველად ხსენებული სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. ანალოგიურად, მასწავლებლის ან ინსტრუქტორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არაუმეტეს ორწლიანი პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში სწავლების, ან სამეცნიერო კვლევის სფეროში მის მიერ გაწეული პირადი მომსახურებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებები ეხება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის მიერ ამგვარი კვლევა ტარდება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა კერძო პირის ან პირების პირადი გამორჩენის მიზნით.
4. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მიერ დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში კალენდარული წლის მანძილზე არაუმეტეს 183 დღის პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში მისი დასაქმების შედეგად, თუ ეს დასაქმება ემსახურება მის მიერ განათლების მიღების პროცესში პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
მუხლი 21. სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლში, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
მუხლი 22. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი
1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადის საერთო მოცულობიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
მუხლი 23. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ, ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.
3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა ამ მეორე სახელმწიფოში არ უნდა განხორციელდეს უფრო ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოს ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოთა დაბეგვრა.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ეს დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის რამდენიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
7. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე.
მუხლი 24. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორვე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, თავისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი საკითხი ექვემდებარება 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას საკითხის დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეუძლია, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ოროგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. გადასახადის გადამხდელმა უნდა მოითხოვოს ამგვარი ერთობლივი შეთანხმების შედეგად განსაზღვრული არასწორად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება ერთობლივი შეთანხმების თაობაზე საგადასახადო ადმინისტრაციისაგან შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვები, რომლებიც წარმოიშობა შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ საკითხებზე.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებითაც.
მუხლი 25. ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების ან ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის შესასრულებლად იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა, ან მათთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).
მუხლი 26. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 27. ძალაში შესვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით აუწყებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი ამგვარი შეტყობინების დღიდან.
2. ამ შეთანხმების დებულებები ამოქმედდება:
a) წყაროსთან დასაკავებელ გადასახადებზე, თანხებზე, რომლებიც გადაიხდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ, და
b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო წლებისათვის, დაწესებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 28. მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მის შეწყვეტამდე. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას საგადასახადო წლებისა და პერიოდებისათვის იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული.
რის დასტურადაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
ფინანსთა მინისტრი
ნიკა გილაური
| თურქეთის რესპუბლიკის სახელით
სახელმწიფო მინისტრი
ქურშად თუზმენი |
ოქმი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მე-10 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:
გასაგებია, რომ თურქეთის შემთხვევაში ტერმინი „დივიდენდი“ მოიცავს საინვესტიციო ფონდიდან და საინვესტიციო ტრასტიდან მიღებულ შემოსავლებს.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
ფინანსთა მინისტრი
ნიკა გილაური
| თურქეთის რესპუბლიკის სახელით
სახელმწიფო მინისტრი
ქურშად თუზმენი |
დოკუმენტის კომენტარები