1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

  • Word
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/1949
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 21/01/2004
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/1993
სარეგისტრაციო კოდი 480240000.02.002.000461
  • Word
-
12/08/1949
გაურკვეველი, -, 21/01/2004
480240000.02.002.000461
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

1949 წლის 12 აგვისტოს

ჟენევის კონვენცია

მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემო ხელის მომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კონვენციის შესრულება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ნებისმიერ გარემობაში შეასრულონ და უზრუნველყონ ამ კონვენციის შესრულება.

    მუხლი 2. კონვენციის გამოყენება

იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა შესრულდეს მშვიდობიან დროს, ეს კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხერეს შორის შეიძლება წარმოიშვას, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს ომის მდგომარეობას.

კონვენცია გამოიყენება აგრეთვე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მთლიანი ან ნაწილობრივი ოკუპირების ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.

თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის ამ კოვნენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, მათ შორის ურთიერთობებში კონვენციით დავალდებულებულნი რჩებიან; ამასთან, კონვენციის დავალდებულებულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი მიიღებს და გამოიყენებს მის დებულებებს.

    მუხლი 3. არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტები

ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ იღებენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის; სქესის, წარმომავლობის; ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:

a) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება; სასტიკი მოპყრობა და წამება;

b) მძევლად აყვანა;

c) პირის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოყპრობა;

d) სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ხალხების მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.

2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, სპეციალური შეთანხმებების გზით განახორციელონ ამ კონვენციის ყველა სხვა დებულება ან მათი ნაწილი.   

ზემოაღნიშნული დებულებათა გამოყენება არ უნდა ხელყოფდეს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსს.

    მუხლი 4. ნეიტრალური სახელმწიფოების მიერ გამოყენება

ნეიტრალური სახელმწიფოები ამ კონვენციის დებულებებს ანალოგიურად გამოიყენებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეების შეიარაღებული ძალების დაჭრილებისა და ავადმყოფების, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ, რომლებიც მიღებული ან ინტერნირებული არიან მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე ნაპოვნი ცხედრების მიმართ.

    მუხლი 5. მოქმედების ხანგრძლივობა

დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირების მიმართ, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში იმყოფებიან, ეს კონვენცია მოქმედებს მათ საბოლოო რეპატრიაციამდე.

    მუხლი 6. სპეციალური შეთანხმებანი

მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით საგანგებოდ გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელეშმკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის განსაუთრებულად მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ავადმყოფთა და დაჭრილთა, აგრეთვე სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირების ამ კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას, ასევე არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.

ავადმყოფები და დაჭრილები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები არ შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან მათ მიმართ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ გამოყენებულია უფრო ხელსაყრელი ღონისძიებები.

    მუხლი 7. უფლებებზე უარის თქმის დაუშვებლობა

ავადმყოფებს და დაჭრილებს, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის ამ კონვენციითა და წინა მუხლში გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავენ ამგვარ დებულებებს, არის უზრუნველყოფილი.

    მუხლი 8. მფარველი სახელმწიფოები

ამ კონვენციის გამოყენება ხორციელდება მფარველი სახელმწიფოების ხელშეწყობითა და კონტროლით. მფარველ სახელმწიფოს ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეებისაგან ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად მათ უნდა მიიღონ იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ უნდა შეასრულონ თავიანთი მისია.

 კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეუწყონ ხელი.

მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ ამ კონვენციით განსაზღვრულ მათი მისიის ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უშიშროების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც ასრულებენ თავიანთ მისიას. მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის დროს შეიძლება მათი საქმიანობის დროებით და გამონაკლისი ღონისძიების სახით შეზღუდვა.

    მუხლი 9. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა

ამ კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს დაჭრილთა და ავადმყოფთა, აგრეთვე, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც შეიძლება განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერ სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, კონფლიქტში მონაწილე დაინტერესებული მხარეების თანხმობით.

    მუხლი 10. მფარველი სახელმწიფოების შემცვლელები

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმღებ ორგანიზაციას ანდონ ამ კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე ან სამედიცინო პერსონალზე და სამხედრო სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება რომელიმე მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.

თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც არიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. წინადადება, თავის თავზე აიღოს ამ კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.

ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემომთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარისადმი; რომელსაც ეკუთვნიან ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როცა საომარი მდგომარეობის გამო შეზღუდულია, თუნდაც დროებით, ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამ მუხლის თანახმად, ამ კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.

    მუხლი 11. შერიგების პროცედურა

მფარველმა სახელმწიფოებმა ყოველთვის, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, კეთილი სამსახური უნდა გაუწიონ მხარეებს უთანხმოებათა მოგვარების მიზნით.

ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს თითოეულ მფარველ მხარეს მათი წარმომადგენლების, კერძოდ, დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის, ასევე სამედიცინო და სასულიერო პერსონალისათვის პასუხისმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა. იგი შეიძლება გაიმართოს ნეიტრალურ, შესაბამისად შერჩეულ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ამ თვალსაზრისით მათთვის შეთავაზებული წინადადებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იქნება მიწვეული.

თავი II. დაჭრილები და ავადმყოფები

    მუხლი 12. მფარველობა და ზრუნვა

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, დაჭრის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ მფარველობითა და დაცვით.

კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ეს პირები, მათ უზრუნველყოფს ჰუმანური მოპყრობითა და მოვლით სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ან სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მკაცრად იკრძალება მათი სიცოცხლისა და პიროვნების ხელყოფა, კერძოდ, მათი მოკვლა ან დახოცვა, წამება, ან მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე მიტოვება, ასევე განზრახვით პირობების შექმნა მათი დასნებოვანებისათვის.

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობაში უპირატესობის მინიჭება მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით შეიძლება.

ქალებს მათი სქესისადმი შესაფერისი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოეპყრონ.

კონფლიქტის მონაწილე მხარემ, რომელიც იძულებულია მოწინააღმდეგეს დაუტოვოს დაჭრილები და ავადმყოფები, მათი მოვლის მიზნით დატოვოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება საომარი მოთხოვნების გათვალისწინებით, თავისი სამედიცინო პერსონალისა და ინვენტარის ნაწილი.

    მუხლი 13. დაცვის ქვეშ მყოფი პირები

ეს კონვენცია გამოიყენება იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების მიმართ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან:

1. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.

2. სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა; ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები და რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

a) მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;

b) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებული ნიშანი;

c) ღიად ატარებენ იარაღს;

d) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონების და ჩვეულებების შესაბამისად.

3. რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც არ ცნობს მისი დამატყვევებელი სახელმწიფო.

4. შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები; როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი ახლავან.

5. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით, უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.

6. არაოკუპირებელი ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს ბრძოლის წარმოების მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.

    მუხლი 14. სტატუსი

მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი დაჭრილები და ავადმყოფები სამხედრო ტყვეებად ჩაითვლებიან და მათ მიმართ გამოიყენება სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმები.

    მუხლი 15. დაჭრილების და დაღუპულების ძებნა, ევაკუაცია

ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ბრძოლის შემდეგ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და გამოსაყვანად, რათა დაიცვან ისინი გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისაგან, უზრუნველყონ მათი სათანადო მოვლა, ასევე მოძებნონ გარდაცვლილები მათი გაძარცვის თავიდან ასაცილებლად.

ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა დაიდოს შეთანხმებები ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ან ადგილობრივი შეთანხმებები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრძოლის ველზე დარჩენილი დაჭრილების გამოყვანა, გაცვლა და ტრანსპორტირება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიძლება ასევე დაიდოს ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა გაყვანის ან გაცვლის შესახებ, აგრეთვე ამ ზონაში მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის შეშვების თაობაზე.

    მუხლი 16. ინფორმაციის რეგისტრაცია და გადაცემა

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელონ ყველა მონაცემის რეგისტრაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ხელში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე მხარის დაჭრილთა, ავადმყოფთა და გარდაცვლილთა ვინაობის დაგენას. ამ ცნობებში შეძლებისდაგვარად უნდა შედიოდეს შემდეგი მონაცემები:

a) სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;

b) სამხედრო, პირადი ან სერიული ნომერი;

c) გვარი;

d) სახელი ან სახელები;

e) დაბადების თარიღი;

f) ყველა სხვა მონაცემი, რომელიც არის მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონში;

g) დატყვევების ან გარდაცვალების ადგილი და თარიღი;

h) მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.

ზემოაღნიშნული მონაცემები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს. ბიურო მიღებულ მონაცემებს მფარველი სახელმწიფოს ან სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით გადასცემს სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ და ამავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადაუგზავნონ გარდაცვალების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული გარდაცვლილთა სიები. ისინი აგროვებენ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცემენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონების ნახევარს, ანდერძებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილთა ახლო ნათესავებისათვის, ასევე ფულს და ყველანაირი სუბიექტური ან ობიექტური ფასეულობის მქონე ნივთს, რომლებიც უპოვეს გარდაცვლილს. ეს და სხვა ამოუცნობი ნივთები გადაიგზავნება დალუქულ შეკვრებში, რომელთაც თან ერთვის გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად აუცილებელი მონაცემებისა და ამანათის შემადგენლობის სრული ნუსხა.

    მუხლი 17. მიცვალებულებთან დაკავშირებული მოთხოვნები, სასაფლაოთა რეგისტრაციის სამსახური

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა დასაფლავება ან კრემაცია მოხდეს შეძლებისდაგვარად ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს საგულდაგულო, თუ შესაძლებელია, სამედიცინო გასინჯვა სიკვდილის კონსტატაციის, ვინაობის დადგენისა და ამის შესახებ შესაძლო ანგარიშის წარდგენის მიზნით. ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ერთი ნაწილი ან თავად მედალიონი, თუ ის განუყოფელია, სხეულზე უნდა დარჩეს.

ცხედრების კრემაცია დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებებით ან მიცვალებულთა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული მოტივებით. კრემაციის შემთხვევაში ამ უკანასკნელის შესახებ დაწვრილებით უნდა იყოს აღნიშნული, კრემაციის მიზეზების მითითებით, გარდაცვალების შესახებ ცნობაში ან მიცვალებულთა დამოწმებულ სიაში.

გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მიცვალებულების ღირსეულად, შეძლებისდაგვარად მათი რელიგიური წესების დაცვით დაკრძალვა, მათი საფლავებისათვის პატივის მიგება, შეძლებისდაგვარად გარდაცვლილთა საფლავების ნაციონალური კუთვნილების მიხედვით თავმოყრა, მათი შესაბამისი მოვლა და იმგვარად აღნიშვნა, რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მათი მოძებნა, ამ მიზნით კონფლიქტის მონაწილე მხარეები საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ქმნიან სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალურ სამსახურს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ექსჰუმაცია და უზრუნველყოფილ იქნეს, საფლავების ადგილმდებარეობისდა მიუხედავად, ცხედართა მოცნობა და სამშობლოში მათი შესაძლო გადასვენება. იგივე ეხება მიცვალებულთა ფერფლსაც, რომელსაც მიცვალებულთა სამშობლოს სურვილის მიხედვით, სათანადო განკარგულების მიღებამდე ინახავს სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალური სამსახური.

როგორც კი შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უგვიანეს საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე, ეს სამსახურები, მე-16 მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული ცნობათა ბიუროს მეშვეობით, გაცვლიან სიებს, რომლებშიც მითითებული იქნება საფლავთა ზუსტი ადგილმდებარეობა და აღნიშვნა, ასევე დაკრძალულთა შესახებ მონაცემები.

    მუხლი 18. მოსახლეობის როლი

სამხედრო ხელისუფლებას შეუძლია მოუწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას კაცთმოყვარეობისაკენ და სთხოვოს მისი კონტროლით, ნებაყოფლობით გამოიყვანონ და მოუარონ დაჭრილებსა და ავადმყოფებს. იმ პირებს, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან, მიეცემათ სათანადო დაცვა და შეღავათები. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ რაიონზე თავისი კონტროლის აღდგენის ან დამყარების შემთხვევაში, ამ პირებს ასეთივე დაცვა და შეღავათები უნდა მიანიჭოს.

სამხედრო ხელისუფლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, ეროვნული კუთვნილებისდა მიუხედავად, თავის სურვილისამებრ შეგროვებისა და მოვლის ნებართვა, მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავი შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისაგან.

დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი უვლიდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს. იმ პირებს, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან, მიეცემათ სათანადო დაცვა და შეღავათები. მოწინააღმდეგე მხარემ, ამ რაიონზე თავისი კონტროლის აღდგენის ან დამყარების შემთხვევაში, ამ პირებს ასეთივე დაცვა და შეღავათები უნდა მიანიჭოს.

სამხედრო ხელისუფძლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, ეროვნული კუთვნილებისდა მიუხედავად, თავის სურვილისამებრ შეგროვებისა და მოვლის ნებართვა, მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავის შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისაგან.

დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი უვლიდა დაჭრილებსა და ავადმყოფებს.

ამ მუხლის დებულებები მაოკუპირებელ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის მორალური და ფიზიკური ზრუნვის ვალდებულებისგან.

თავი III. სამედიცინო ფორმირებები და დაწესებულებები

    მუხლი 19. დაცვა

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავდასხმა მუდმივ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო სამსახურის მოძრავ სამედიცინო ფორმირებებზე. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან ყოველთვის მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას, ისინი განაგრძობენ ფუნქციონირებას მანამდე, სანამ მათი ხელში ჩამგდები სახელმწიფო თავად არ უზრუნველყოფს აღნიშნულ დაწესებულებებსა და ფორმირებებში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლას.

პასუხისმგებელი ორგანოები იზრუნებენ იმაზე, რომ ზემოხსენებული სამედიცინო დაწესებულებები და ფორმირებები შეძლებისამებრ ისე განლაგდნენ, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში.

    მუხლი 20. ჰოსპიტალური ხომალდების დაცვა

დაუშვებელია ხმელეთიდან თავდასხმა ჰოსპიტალურ ხომალდებზე, რომლებიც სარგებლობენ დაცვით ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს მიღებული საზღვაო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობიდან დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირების შესახებ კონვენციით.

    მუხლი 21. სამედიცინო დაწესებულებების და ფორმირებების დაცვის შეწყვეტა

დაცვა, რომლითაც მუდმივი სამედიცინო დაწესებულებები და სამედიცინო სამსახურის მოძრავი სამედიცინო ფორმირებები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, როდესაც ისინი, მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს გარეთ, გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად. ამასთანავე, დაცვა მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ შეიძლება შეწყდეს, რომელიც, ყველა შესაბამის შემთხვევაში, გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებს.

    მუხლი 22. სამედიცინო დაწესებულებების და ფორმირებების დაცვის შეწყვეტის საფუძვლები

სამედიცინო ფორმირებების ან დაწესებულებებისათვის მე-19 მუხლით გარანტირებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:

1. ის, რომ სამედიცინო ფორმირების ან დაწესებულების პირადი შემადგენლობა შეიარაღებულია და თავისი იარაღით სარგებლობს თავდაცვის ან თავისი დაჭრილებისა და ავადმყოფების დასაცავად;

2. ის, რომ შეიარაღებული სანიტრების არყოფნის გამო ფორმირებას ან დაწესებულებას იცავს პიკეტი, გუშაგი ან მცველთა რაზმი;

3. ის, რომ სანიტარიულ ფორმირებასა ან დაწესებულებაში ნაპოვნი იქნება დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის ჩამორთმეული სასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩაბარებული შესაბამისი სამსახურისათვის;

4. ის, რომ ფორმირებასა ან დაწესებულებაში იმყოფება ვეტერინარული სამსახურის პირადი შემადგენლობა და ქონება, რომელიც არ არის მისი უშუალო შემადგენელი ნაწილი;

5. ის, რომ სამედიცინო ფორმირებების და დაწესებულებების, ან მათი პერსონალის ჰუმანიტარული მოღვაწეობა ვრცელდება დაჭრილ და ავადმყოფ სამოქალაქო პირებზეც.

    მუხლი 23. სამედიცინო ზონები და ადგილები

მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, და საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ – კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შექმნან სამედიცინო ზონები და ადგილები, რომლებიც იმგვარად უნდა იქნენ მოწყობილნი; რომ საომარი მოქმედებებისგან დაიცვან დაჭრილები და ავადმყოფები, ასევე პერსონალი, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების მოწყობა და მართვა, აგრეთვე მათში თავმოყრილ პირთა მოვლა აკისრიათ.

საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი სამედიცინო ზონებისა და ადგილების ურთიერთცნობის შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტში მითითებული დებულებებით, იმ ცვლილებებით, რომელთა შეტანასაც აუცილებლად ჩათვლიან.

მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეული იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სამედიცინო ზონებისა და ადგილების შექმნისა და ცნობის გასაადვილებლად.

თავი IV. პირადი შემადგენლობა

    მუხლი 24. მუდმივი პერსონალის დაცვა

სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაჭრილთა და ავადმყოფთა მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის, ასევე დაავადებების თავიდან აცილების განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებს, აგრეთვე პერსონალი, რომელსაც გააჩნია სამედიცინო ფორმირებებისა და დაწესებულებების მართვის განსაკუთრებული დანიშნულება, ისევე როგორც შეირაღებულ ძალებს მიკუთვნებული სასულიერო პირები, ყველა გარემობაში პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ.

    მუხლი 25. დამხმარე პერსონალის დაცვა

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც სპეციალურად არის მომზადებული იმსახუროს, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე მედდებად ან მებარგულებად დაჭრილებისა და ავადმყოფების მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის მიზნით, თანაბარი პატივისცემით და დაცვით სარგებლობენ მათ მიერ ამ მოვალეობათა განხორციელების მომენტში მოწინააღმდეგესთან უშუალო კონტაქტისას ან მის ხელში ჩავარდნისთანვე.

    მუხლი 26. დახმარების საზოგადოებების პერსონალი

თავისი მთავრობის მიერ სათანადოდ აღიარებული და უფლებამოსილი წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებებისა და დახმარების სხვა ნებაყოფლობითი საზოგადოებების პირადი შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება 24-ე მუხლში მითითებული პირადი შემადგენლობის ფუნქციების ანალოგიური ფუნქციების განხორციელებისათვის, უთანაბრდება ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ პირად შემადგენლობას, სამხედრო კანონებისა და განკარგულებებისადმი დამორჩილების პირობით. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას ან მიმდინარეობისას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ საზოგადოებათა ფაქტობრივად გამოყენების დაწყებამდე, მეორე მხარეს აცნობებს იმ საზოგადოებების დასახელებას, რომელთაც ის, საკუთარი პასუხისმგებლობით, მიანიჭებს თავისი შეიარაღებული ძალების მიერ რეგულარული სამედიცინო სამსახურისათვის დახმარების გაწევის უფლებამოსილებას.

    მუხლი 27. ნეიტრალური ქვეყნების საზოგადოებები

ნეიტრალური ქვეყნის აღიარებულ საზოგადოებას კონფლიქტის მონაწილე მხარისათვის თავისი სამედიცინო პერსონალით ან ფორმირებებით დახმარების გაწევა შეუძლია მხოლოდ თავისი მთავრობის წინასწარი თანხმობითა და საკუთრივ კონლიფქტის მონაწილე მხარის ნებართვით. აღნიშნული სამედიცინო პერსონალი და ფორმირებები კონფლიქტის მონაწილე მხარის კონტროლის ქვეშ ექცევიან.

ნეიტრალური სახელმწიფოს მთავრობა თავის თანხმობის შესახებ აცნობებს დახმარების მიმღები სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარეს; კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომელიც იღებს დახმარებას, ვალდებულია შეატყობინოს ეს მოწინააღმდეგეს მანამ, სანამ ამ დახმარებით სარგებლობას დაიწყებდეს.

აღნიშნული დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს როგორც კონფლიქტში ჩარევა.

პირველ პარაგრაფში აღნიშნული პერსონალი სათანადოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მე-40 მუხლით გათვალისწინებული პირადობის მოწმობებით მანამ, სანამ დატოვებდეს ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიას, რომელსაც ის ეკუთვნის.

    მუხლი 28. დაკავებული პერსონალი

მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მოხვედრილი 24-ე და 26-ე მუხლებში მითითებული პერსონალი დაკავებული იქნება იმდენად, რამდენააც ამას სამხედრო ტყვეთა სამედიცინო მდგომარეობა, სულიერი მოთხოვნილება და რაოდენობა მოითხოვს.

ამგვარად დაკავებული პერსონალის წევრები არ ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად, მაგრამ ისინი, სულ მცირე, ისარგებლებენ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით. ზემოაღნიშნული პერსონალის წევრები, მათი დამკავებელი ქვეყნის სამხედრო კანონებისა და განკარგულებების ფარგლებში და ამ ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელობით, პროფესიული ეთიკის შესაბამისად, აგრძელებენ თავიანთი სამედიცინო და სასულიერო ვალდებულებების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების სასარგებლოდ, რომელთაც თავად ეკუთვნიან. გარდა ამისა, თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების აღსრულების მიზნით, ისინი სარგებლობენ შემდეგი შეღავათებით:

a) უფლებამოსილი არიან პერიოდულად მოინახულონ ბანაკის გარეთ, სამუშაო ბანაკებსა და ჰოსპიტლებში მყოფი სამხედრო ტყვეები; ამ მიზნით, დამატყვევებელი სახელმწიფო მათ განკარგულებაში გამოყოფს საჭირო სატრანსპორტო საშუალებებს;

b) ყოველ ბანაკში რანგით და სტაჟით უფროსი სამხედრო ექიმი ბანაკის სამხედრო ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელია დაკავებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობაზე. ამ მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს უთანხმებენ სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე 26-ე მუხლში მითითებულ საზოგადოებათა პერსონალის წოდებათა თანაფარდობას. ამ ექიმს და სასულეირო პირებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ მიმართონ თავიანთ პროფესიულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე ბანაკის სამხედრო და სამედიცინო ხელისუფლებას, რომელიც მათ ამ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოების სათანადო შესაძლებლობას შეუქმნის;

c) მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პერსონალი ბანაკის შინაგანაწესს ემორჩილება, არ შეიძლება მისი იძულება შეასრულოს სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული მის სამედიცინო ან რელიგიურ მოვალეობებთან. საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები თანხმდებიან დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე და ადგენენ გათავისუფლების პროცედურულ წესს.

არც ერთი ზემოაღნიშნული დებულება არ ათავისუფლებს დამატყვევებელ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისაგან სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 29. დამხმარე პერსონალის სტატუსი

25-ე მუხლში მითითებული პერსონალის წევრები მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას სამხედრო ტყვეებად ჩაითვლებიან, მაგრამ, რამდენადაც საჭიროება მოითხოვს, მათ სამედიცინო მოვალეობების შესასრულებლად გამოიყენებენ.

    მუხლი 30. სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაბრუნება

პერსონალის წევრები, რომელთა დაკავება, 28-ე მუხლის დებულებათა თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი, უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, როგორც კი გაიხსნება გზა მათ დასაბრუნებლად და საომარი მდგომაროება ამას შესაძლებელს გახდის. დაბრუნების მოლოდინში ისინი სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისარგებლებენ, სულ მცირე, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობებით. ისინი აგრძელებენ მოწინააღმდეგე მხარის ხელმძღვანელობით თავიანთი მოვალეობების აღსრულებას. მათ უპირატესად კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად გამოიყენებენ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. გამგზავრებისას მათ თან მიაქვთ კუთვნილი ნივთები; პირადი ქონება, ძვირფასეულობა და ინსტრუმენტები.

    მუხლი 31. უკან დასაბრუნებელი პერსონალის შერჩევა

30-ე მუხლის თანახმად, დასაბრუნებელი პერსონალის შერჩევა არ უნდა ემყარებოდეს რასობრივ, რელიგიურ ან პოლიტიკურ მოსაზრებებს, იგი უპირატესად მათი დაკავების ვადის ხანგრძლივობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს.

სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სპეციალური შეთანხმებებით შეუძლიათ დაადგინონ დასაკავებელი პერსონალის პროცენტული რაოდენობა, რომელიც შეფარდებითი იქნება ტყვეთა რაოდენობისა და ბანაკებში მათი განაწილებისა.

    მუხლი 32. ნეიტრალური ქვეყნების კუთვნილი პერსონალის დაბრუნება

მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი 27-ე მუხლში მითითებული პირების დაკავება დაუშვებელია.

საწინააღმდეგო სახის შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში მათ ნებას დართავენ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ან, თუ ეს შეუძლებელია, კონფლიქტის იმ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ, მაშინვე, როგორც კი გაიხსნება გზა მათ დასაბრუნებლად და სამხედრო თვალსაზრისით ეს შესაძლებელი გახდება.

გათავისუფლების მოლოდინში ისინი განაგრძობენ თავიანთ მუშაობას მოწინააღმდეგე მხარის ხელმძღვანელობით, უპირატესად, კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილებისა და ავადმყოფების მოსავლელად; რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ.

გამგზავრებისას ისინი თან წაიღებენ კუთვნილ ნივთებს, პირად ქონებას და ძვირფასეულობას, ინსტუმენტებს, იარაღს და, თუ შესაძლებელია, მათ კუთვნილ გადაადგილების საშუალებებსაც.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები ამ პერსონალს, ვიდრე იგი მათ ხელისუფლებაში იმყოფება, უზრუნველყოფენ საკვებით, საბინაო პირობებით, ფინანსებით და ხელფასით, ისევე, როგორც თავიანთი შეიარაღებული ძალების შესაბამის პერსონალს. საკვები თავისი რაოდენობით, ხარისხით და მრავალფეროვნებით ისეთი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს ამ პერსონალის ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა.

თავი V. შენობები და ნივთი

    მუხლი 33. შენობები და საწყობები

შეიარაღებული ძალების მოძრავი სამედიცინო ფორმირებების ქონება, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდება, დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად იქნება დატოვებული.

მუდმივ სამედიცინო დაწესებულებათა შენობები, ქონება და საწყობები ომის კანონების მოქმედების ქვეშ რჩება, მაგრამ, სანამ არსებობს დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად მათი გამოყენების საჭიროება, ისინი არ უნდა გამოიყენონ სხვა დანიშნულებით. მიუხედავად ამისა, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში, მოქმედი ჯარის ნაწილების მეთაურებს შეუძლიათ მათი გამოყენება იმ პირობით, რომ მათ წინასწარ უზრუნველყვეს დაწესებულებაში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სათანადო პირობები.

დაუშვებელია ამ მუხლში მითითებული ქონებისა და საწყობების წინასწარი განზრახვით განადგურება.

    მუხლი 34. დახმარების საზოგადოებების ქონება

დახმარების საზოგადოებათა მოძრავი ქონება, რომლებზედაც ვრცელდება ამ კონვენციით დაწესებული უპირატესობები, კერძო საკუთრებად ითვლება.

მებრძოლთათვის ომის კანონებითა და ჩვეულებებით გათვალისწინებული რეკვიზიციის უფლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, ისიც მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილი იქნება დაჭრილთა და ავადმყოფთა ბედი.

თავი VI. სამედიცინო ტრანსპორტი

    მუხლი 35. დაცვა

ტრანსპორტი, რომელშიც არიან დაჭრილები და ავადმყოფები ან მოთავსებულია სამედიცინო აღჭურვილობა, ისეთივე მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც მოძრავი სამედიცინო ფორმირებები.

ასეთი ტრანსპორტი და გადასაყვანი საშუალებები, მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ომის კანონების მოქმედებას დაექვემდებარება იმ პირობით, რომ მათი ხელში ჩამგდები კონფლიქტის მონაწილე მხარე ყველა გარემოებაში იზრუნებს იქ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის.

სამოქალაქო პერსონალი და რეკვიზიციის წესით მოპოვებული ყველა სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით ნორმებს.

    მუხლი 36. სამედიცინო საჰაერო ხომალდები

არ შეიძლება თავდასხმა სამედიცინო საჰაერო ხომალდებზე, ესე იგი აპარატებზე, რომლებიც მხოლოდ დაჭრილთა და ავადმყოფთა ევაკუაციის, სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება, ისინი მეომარი მხარეების პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ იმ პირობით, რომ ისინი ფრენას აწარმოებენ კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანმხებით სპეციალურად გათვალისწინებულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტებზე.

მათ უნდა ჰქონდეთ 38-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი, ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვემოთა, ზემოთა და გვერდით სიბრტყეებზე, ამასთანავე, უნდა ჰქონდეთ საომარი მომქედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას მეომარ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ნებისმიერი სახის სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები.

თუკი არ არსებობს შეთანხმება საწინააღმდეგოს თაობაზე, მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია.

სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. მოთხოვნის საფუძველზე დაშვების შემთხვევაში შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი თავისი მგზავრებითურთ ფრენის გაგრძელებას შეძლებს.

მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, ასევე დაჭრილები და ავადმყოფები სამხედრო ტყვეები ხდებიან. სამედიცინო პერსონალს 24-ე და მომდევნო მუხლების შესაბამისად უნდა მოეპყრონ.

    მუხლი 37. ნეიტრალურ ქვეყნებზე გადაფრენა. დაჭრილების ჩამოსხმა

კონფლიქტის მონაწილე მხარეების სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, ამ მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული პირობების მიხედვით, შეუძლიათ გადაიფრინონ ნეიტრალური ქვეყნების ტერიტორიაზე და დაფრინდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ან შუალედური შესვენებისათვის. მათ წინასწარ უნდა აცნობონ ნეიტრალურ სახელმწიფოებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის შესახებ და დაემორჩილონ დაფრენის ან წყალზე დაშვების ყოველგვარ მოთხოვნას. ისინი თავდასხმისაგან დაცული იქნებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინტერესებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ სიმაღლეზე, მარშრუტითა და საათებში იფრენენ.

თუმცა, ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ თავიანთ ტერიტორიებზე სამედიცინო საჰაერო ხომალდის ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული.

ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე სამედიცინო საჰაერო ხომალდიდან გადმოყვანილ დაჭრილებს და ავადმყოფებს, ნეიტრალურ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვა სახის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ნეიტრალურმა სახელმწიფომ ისინი, როცა ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, იმგვარად უნდა დააკავოს, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. ამ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციასა და ინტერნირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის სახელმწიფო, რომელზედაც ისინი დამოკიდებულნი არიან.

თავი VII. განმასხვავებელი ემბლემა

    მუხლი 38. ემბლება

შვეიცარიისადმი პატივისცემით ნიშნად, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ჰერალდიკური ნიშანი, შედგენილ, ფედერალურ ფერთა პირიქითა განლაგებით, შენარჩუნებულია შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის ემბლემად და განმასხვავებელ ნიშნად.

მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც განმასხვავებელი ნიშნის სახით წითელი ჯვრის ნაცვლად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს, ეს ემბლემები ასევე აღიარებულია ამ კონვენციით.

    მუხლი 39. ემბლემის გამოყენება

ემბლემა, კომპეტენტურ სამხედრო ხელისუფალთა კონტროლით, გამოსახული იქნება დროშებზე, სამკლაურებსა და სამედიცინო სამსახურის კუთვნილ ყველა აღჭურვილობაზე.

    მუხლი 40. სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დადგენა

24-ე, 26-ე და 27-ე მუხლებში აღნიშნული პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზედაც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა და რომელიც სამხედრო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.

ამ პერსონალს, მე-16 მუხლში მითითებული მედალიონის გარდა, აქვს პირადობის სპეციალური მოწმობა განმასხვავებელი ემბლემით. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბეში ჩადება. მოწმობა უნდა შეივსოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და მასში, სულ მცირე, მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და სახელი, დაბადების წელი, სამხედრო წოდება და ნომერი, ასევე, მითითებული უნდა იყოს, რა სტატუსით აქვს მას ამ კონვენციის დაცვით სარგებლობის უფლება. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითების ანაბეჭდები, ან ერთიც და მეორეც. მოწმობა დამტკიცებული უნდა იყოს სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით.

პირადობის მოწმობები ერთნაირი უნდა იყოს ყოველ ცალკეულ ჯარში და, შეძლებისამებრ, ერთი ტიპის მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებში. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. ყოველი მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელსაგან ერთს შეინახავს ის სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი.

ზემოაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ასევე სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატები.

    მუხლი 41. დამხმარე პერსონალის დადგენა

25-ე მუხლში მითითებული პერსონალი მხოლოდ სამედიცინო მოვალეობების აღსრულების დროს ატარებს თეთრ სამკლაურს, რომელსაც ცენტრში აქვს მცირე ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ეს სამკლაური სამხედრო ხელისუფალთა მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.

ამ პერსონალის სამხედრო მოწმობებში იქნება მითითება მფლობელის მიერ სამედიცინო მომზადების გავლის, მისი მოვალეობების დროებითი ხასიათის, ასევე სამკლაურის ტარების უფლების შესახებ.

    მუხლი 42. სამედიცინო ფორმირებების და დაწესებულებების აღნიშვნა

კონვენციის განმასხვავებელი დროშა შეიძლება აღიმართოს მხოლოდ იმ სამედიცინო ფორმირებისა და დაწესებულების თავზე, რომლებსაც იცავს კონვენცია და ისიც მხოლოდ სამხედრო ხელისუფლების თანხმობით.

მოძრავ ფორმირებასა და მუდმივ დაწესებულებაზე კონვენციის დროშასთან ერთად შეიძლება აღიმართოს კონფლიქტის მონაწილე იმ ქვეყნის ეროვნული დროშა, რომელსაც ეკუთვნის მოცემული ფორმირება ან დაწესებულება.

მიუხედავად ამისა, მტრის ხელში მოხვედრილი სამედიცინო ფორმირებები მხოლოდ კონვენციის დროშას აღმართავენ.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები, შესაძლებელი სამხედრო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რამდენადაც ეს საჭიროა საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა სამედიცინო ფორმირებებისა და დაწესებულებების აღმნიშვნელ განმასხვავებელ ემბლემებს მკაფიოდ არჩევდნენ მოწინააღმდეგის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.

    მუხლი 43. ნეიტრალური ქვეყნების ფორმირებების აღნიშვნა

ნეიტრალური ქვეყნების სანიტარიულმა ფორმირებებმა, რომლებიც 27-ე მუხლის პირობების თანახმად დაშვებული არიან ერთ-ერთი მეომარი მხარისათვის დახმარების აღმოსაჩენად, კონვენციის დროშასთან ერთად ამ მეომარი მხარის ეროვნული დროშაც უნდა აღმართონ, თუკი ეს უკანასკნელი სარგებლობს 42-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.

შესაბამისი სამხედრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ხასიათის ბრძანების არსებობის შემთხვევების გარდა, მათ ნებისმიერ გარემოებაში შეუძლიათ აღმართონ თავიანთი ეროვნული დროშა/ მაშინაც კი, თუ ისინი მოწინააღმდეგის ხელთ აღმოჩნდებიან.

    მუხლი 44. ემბლემის გამოყენების შეზღუდვა. გამონაკლისები

გარდა ამ მუხლის შემდგომ პარაგრაფებში მითითებული შემთხვევებისა, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სიტყვები „წითელი ჯვარი“ ან „ჟენევის ჯვარი“, მშვიდობიანობის ან ომის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კონვენციით და ანალოგიური საკითხების შესახებ არსებული სხვა კონვენციებით დაცული სამედიცინო ფორმირებების და დაწესებულებების, პერსონალის და ქონების აღსანიშნავად და დასაცავად. იგივე ეხება 38-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებულ ემბლემებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც მათ იყენებენ. წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებები და 26-ე მუხლში მითითებული სხვა საზოგადოებები ამ პარაგრაფის დებულებათა ფარგლებში უფლებამოსილი იქნებიან ისარგებლონ ამ კონვენციის დაცვის მიმნიჭებელი განმასხვავებელი ემბლემებით.

გარდა ამისა, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მშვიდობიან დროს, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ისარგებლონ წითელი ჯვრის ემბლემით და სახელით თავიანთი საქმიანობის სხვა მიმართულებათა განხორციელებისას, რომელიც შეესაბამება წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებულ პრინციპებს. როცა ასეთი საქმიანობა ხორციელდება ომის პერიოდში, ემბლემა ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ არ წარმოიშვას კონვენციის დაცვის მინიჭების მიზნით მისი გამოყენების ვარაუდი, ემბლემა უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის, იგი არ უნდა გამოისახოს სამკლაურებზე და შენობათა სახურავებზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სათანადოდ უფლებამოსილი მათი პერსონალისათვის ნებადართული იქნება, ნებისმიერ დროს ისარგებლოს თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის ემბლემით.

გამონაკლისი ზომის სახით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ერთ-ერთი ნაციონალური საზოგადოების სპეციალური ნებართვით, კონვენციის ემბლემის გამოყენება შეიძლება მშვიდობიანობის პერიოდში სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა უსასყიდლოდ დახმარებისათვის განკუთვნილი პუნქტების ადგილმდებარეობის აღსანიშნავად.

თავი VIII. კონვენციის შესრულება

    მუხლი 45. დეტალური შესრულება, გაუთვალისწინებელი შემთხვევები

კონფლიქტის მონაწილე ყოველმა მხარემ, ამ კონვენციის საერთო პრინციპების შესაბამისად, თავისი მთავარსარდლობის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მუხლების ზედმიწევნით შესრულება, ასევე იზრუნოს გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე.

    მუხლი 46. რეპრესალიების აკრძალვა

აკრძალულია რეპრესალიები დაჭრილების, ავადმყოფების, პერსონალის, შენობებისა და აღჭურვილობის მიმართ, რომლებიც კონვენციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

    მუხლი 47. კონვენციის გავრცელება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ ამ კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მოსახლეობა და, კერძოდ, მებრძოლი შეიარაღებული ძალები, სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალი.

    მუხლი 48. თარგმანები. გამოყენების წესები

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს, მფარველი სახელმწიფოების დახმარებით, ერთმანეთს გადასცემენ ამ კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე მის განსახორციელებლად მიღებულ კანონებსა და დადგენილებებს.

თავი IX. კონვენციის ბოროტად გამოყენებისა და დარღვევის აღკვეთა

    მუხლი 49. სისხლისსამართლებრივი სანქციები

I. ზოგადი დებულებები

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული მძიმე დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი მძიმე დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საქმის prima facie ხასიათი.

თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ მძიმე დარღვევას.

ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამარლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.

    მუხლი 50

II. მძიმე დარღვევები

წინა მუხლში აღნიშნულ მძიმე დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულის ან ჯანმრთელობისათვის, ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება, რაც სამხედრო აუცილებლობით არ არის გამართლებული.

    მუხლი 51

III. მაღალი ხელშემკვრელი მხარეების პასუხისმგებლობა

არც ერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში ეკისრება.

    მუხლი 52. გამოძიების პროცედურა

კონფლიტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით, უნდა დაიწყოს გამოძიება კონვენციის დარღვევის შესახებ ნებისმიერი მტკიცების თაობაზე, იმ პროცედურით, რომელსაც დაინტერესებული მხარეები დაადგენენ.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან გამოძიების პროცედურაზე, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურის საკითხს.

როგორც კი დაადგენენ დარღვევის ფაქტს, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩადენისათვის დასასჯელად.

    მუხლი 53. ემბლემის ბოროტად გამოყენება

კერძო პირების, საზოგადოებრივი თუ კერძო საზოგადოებების, ფირმების ან კომპანიების მიერ ემბლემით ან „წითელი ჯვრის“ ან „ჟენევის ჯვრის“ დასახელებით სარგებლობა, რომელთაც კონვენციის მიხედვით საამისო უფლებამოსილება არ გააჩნიათ, აგერთვე მათდამი მიმსგავსებული ყოველგვარი ნიშნით ან ემბლემით სარგებლობა ეკრძალებათ ნებისმიერ დროს, როგორი მიზნითაც და როგორი ხანგრძლივობითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

ფედერალურ ფერთა პირიქითა განლაგების მიღებით შვეიცარიისადმი გამოხატული პატივისცემის ნიშნად და შვეიცარიის გერბის კონვენციის განმასხვავებელ ნიშანთან აღრევის თავიდან ასაცილებლად, კერძო პირების, საზოგადოებების ან ფირმების მიერ შვეიცარიის კონფედერაციის გერბით ან მისდამი მიმსგავსებული ნიშნებით სარგებლობა საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშნებად, ან ამ ნიშანთა შემადგენელ ნაწილებად, ასევე კომერციული კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო მიზნებით, ან იმგვარ პირობებში სარგებლობა, რომლებმაც შეიძლება შელახოს შვეიცარიელთა ეროვნული გრძნობები, იკრძალება ნებისმიერ დროს.

მიუხედავად ამისა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც არ იყვნენ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის მონაწილენი, შეუძლიათ მათ, ვინც ადრე სარგებლობდა პირველ პარაგრაფში აღნიშნული ემბლემებით, დასახელებებით და მარკებით, დაუწესონ მაქსიმალური ვადა მათი გამოყენების შეწყვეტისათვის სამი წლის განმავლობაში; დაწყებული ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, იმ პირობით, რომ ამ ემბლემებით სარგებლობამ არ უნდა შექმნას იმის შთაბეჭდილება, თითქოს იგი ომის დროს კონვენციის დაცვის მინიჭებას ითვალისწინებდეს.

პირველ პარაგრაფში გათვალისწინებული აკრძალვა, წინანდელი სარგებლობით მოპოვებულ უფლებებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის გარეშე, მოქმედებს 38-ე მუხლის მეორე აბზაცში აღნიშნული ემბლემებისა და დასახელებების მიმართაც.

    მუხლი 54. ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, თუ მათი კანონმდებლობა უკვე არ შეესაბამება კონვენციას, აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რათა ნებისმიერ დროს თავიდან აიცილონ და აღკვეთონ 53-ე მუხლში მითითებული ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 55. ენები

ეს კონვენცია შედგენილია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.

    მუხლი 56. ხელმოწერა

მოცემული რიცხვით დათარიღებული ეს კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოწერისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევაში 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1864, 1906 ან 1929 წლების კონვენციების მხარეები არიან.

    მუხლი 57. რატიფიკაცია

ამ კონვენციის რატიფიკაცია მოხდება შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში.

თითოეული სარატიფიკაციო სიგელის გადაცემის შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებულ ასლს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან რომელმაც თანხმობა განაცხადა შეერთების თაობაზე.

    მუხლი 58. ძალაში შესვლა

ეს კონვენცია ძალაში შევა ექვსი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელი იქნება დეპონირებული.

ამის შემდეგ, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იგი ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

    მუხლი 59. წინა კონვენციებთან მიმართება

ეს კონვენცია მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობისას ცვლის 1864 წლის 22 აგვისტოს, 1906 წლის 6 ივლისის და 1929 წლის 29 ივლისის კონვენციებს.

    მუხლი 60. მიერთება

ეს კონვენცია, ძალაშია შესვლის დღიდანვე, ღიაა შეერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც ხელი არ მოუწერია მასზე.

    მუხლი 61. მიერთების შესახებ შეტყობინება

ყოველი შეერთების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს. შეერთება ძალაში შევა საბჭოს მიერ წერილობითი ცნობის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან რომელმაც განაცხადა შეერთების თაობაზე.

    მუხლი 62. დაუყოვნებლივ ძალაში შესვლა

მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას დაუყოვნებლივ შედის ძალაში დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები, ასევე შეერთების შესახებ განცხადებები, რომლებიც გააკეთეს კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან ამის შემდეგ. შვეიცარიის ფედერალური საბჭო სასწრაფოდ აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებული სარატიფიკაციო სიგელებისა ან შეერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.

    მუხლი 63. დენონსაცია

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება.

დენონსირების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფძედერალურ საბჭოს, რომელიც მას გადასცემს ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.

დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.

დენონსაციას ძალა ექნება მხოლოდ იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა იგი. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევი.

    მუხლი 64. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რეგისტრაცია

შვეიცარიის ფედერალური საბჭო ამ კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაეროს სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაეროს სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას ამ კონვენციის რატიფიცირების, დენონსირების ან მასთან შეერთების შესახებ.

ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელისმომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას ან მიუერთდა მას.

დანართი I

სანიტარიული ზონებისა და ადგილების შესახებ შეთანხმების პროექტი

    მუხლი 1

სანიტარიული ზონები განკუთვნილია მოქმედ ჯარებში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 23-ე მუხლში ნახსენები პირებისათვის, ასევე პერსონალისათვის, რომელსაც ევალება ამ ზონებისა და ადგილების ორგანიზება, მართვა და ამ ზონებში მყოფ პირთა მოვლა.

მიუხედავად ამისა, პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამგვარი ზონების ტერიტორიაზე აქვთ, მიეცემათ ამ ზონებში დარჩენის უფლება.

    მუხლი 2

არც ერთი პირი, რომელიც რაიმე მიზეზით იმყოფება სანიტარიულ ზონაში, არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან ან სამხედრო მასალების დამზადებასთან როგორც ზონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    მუხლი 3

სახელმწიფო, რომელიც ქმნის სანიტარიულ ზონას, მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ზონაში შესვლის ან ყოფნის უფლების არმქონე პირებს აეკრძალოთ იქ შესვლა.

    მუხლი 4

სანიტარიული ზონები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

a) ისინი უნდა შეადგენდნენ მხოლოდ მცირე ნაწილს იმ ტერიტორიისა, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს მათი შემქმნელი სახელმწიფო;

b) შესაძლო დასახლებასთან დაკავშირებით, ისინი არ უნდა იქნენ მჭიდროდ დასახლებული;

c) ისინი უნდა მდებარეობდნენ ყოველგვარი სამხედრო ობიექტებისაგან, მსხვილი საწარმოებისგან და ადმინისტრაციული დაწესებულებებისგან მოშორებით, რომლებიც ასევე არ უნდა შედიოდნენ მათ შემადგენლობაში.

d) ისინი არ უნდა მდებარეობდნენ იმ რაიონებში, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიძლება მნიშვნელოვანი გახდნენ საომარი მოქმედებების წარმართვისათვის.

    მუხლი 5

სანიტარიული ზონების მიმართ გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

a) არ შეიძლება მათ ტერიტორიაზე არსებული სავალი გზების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შეიარაღებული ძალების გადასაყვანად და საბრძოლო მასალების გადასატანად, ტრანზიტითაც კი;

b) არავითარ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან დაცულნი სამხედრო საშუალებებით.

    მუხლი 6

სანიტარიული ზონები აღინიშნება თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით (წითელი ნახევარმთვარით, წითელი ლომითა და მზით), რომლებიც განლაგებულია ზონის პერიმეტრზე და შენობებზე. ღამით შეიძლება მათი აღნიშვნა იმავე მეთოდით, შესაბამისი განათების გამოყენებით.

    მუხლი 7

მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას, ყოველი სახელმწიფო თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს გადასცემს ამ სანიტარიული ზონების სიას, რომლებიც განლაგებულია მათ ხელისუფლებაში მყოფ ტერიტორიაზე. ასევე, ის შეატყობინებს მათ ომიანობის პერიოდში შექმნილი ყოველი ახალი ზონის შესახებ.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომენტიდან ეს ზონა კანონიერად არსებულად ჩაითვლება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღდეგე მხარე ჩათვლის, რომ ამ შეთანხმების პირობები არ იქნა შესრულებული, მას შეუძლია უარი განაცხადოს ზონის აღიარებაზე იმ მხარისადმი სასწრაფო შეტყობინების გზით, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, ან შეუძლია აღიაროს ეს ზონა მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის დაწესების პირობით.

    მუხლი 8

ყოველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარსი მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე სანიტარიული ზონა, უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ერთმა ან მეტმა სპეციალურმა კომისიამ გაუწიოს ამ ზონებს კონტროლი, ამ უკანასკნელის შეთანხმებაში მოყვანილ პირობებსა და ვალდებულებებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

ამ მიზნისათვის, სპეციალური კომისიის წევრებს ექნებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ზონაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესვლისა და მათში მუდმივი ცხოვრების უფლებაც კი. მათ უნდა შეუქმნან კონტროლის განხორციელების სფეროში მოვალეობების შესრულების ყველა პირობა.

    მუხლი 9

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიები დაადგენენ რაიმე ფაქტებს, რომლებიც, მათი თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, და დააწესონ 5-დღიანი ვადა ამ საკითხის გადასაწყვეტად. მათ ამის შესახებ შესაბამისად უნდა აცნობონ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ეს ზონა ცნო.

თუ დადგენილი ვადის ამოწურვისას სახელმწიფო, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, არ დაემორჩილება გაფრთხილებას, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღარ არის დავალდებულებული შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც სანიტარიულ ზონას შეეხება.

    მუხლი 10

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ქმნის ერთ ან რამდენიმე სანიტარიულ ზონას, ან ადგილს, ასევე ყველა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც ეცნობება ამ ზონის არსებობის შესახებ, დანიშნავს ან ნეიტრალურ სახელმწიფოს სთხოვს დანიშნოს მე-8 და მე-9 მუხლებში ნახსენები სპეციალური კომისიის წევრები.

    მუხლი 11

არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება თავდასხმა სანიტარიულ ზონებზე. ისინი ნებისმიერ დროს სარგებლობენ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა დაცვითა და პატივისცემით.

    მუხლი 12

ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში, მასზე მდებარე სანიტარიული ზონები განაგრძობენ პატივისცემით სარგებლობას და ისინი გამოიყენებიან დანიშნულებისამებრ.

მიუხედავად ამისა, მაოკუპირებელ სახელმწიფოს შეუძლია ამ ზონის დანიშნულების შეცვლა, იმ პირობით, რომ ის ყველა ზომას მიიღებს, რათა უზრუნველყოს მასში მყოფი პირების უსაფრთხოება.

    მუხლი 13

ეს შეთანხმება ასევე გამოიყენება იმ ადგილების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს იმავე მიზნით, როგორც სანიტარიულ ზონებს.