კონვენცია ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ

  • Word
კონვენცია ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 04/03/2005
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 490150000.03.030.000524
  • Word
-
08/11/1990
გაურკვეველი, -, 04/03/2005
490150000.03.030.000524
კონვენცია ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ

სტრასბურგი 8.XΙ.1990

პრეამბულა

 ევროპის საბჭოს წევრი და ქვემორე ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები,

 ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა;

 დარწმუნდენ რა საზოგადოების დაცვისაკენ მიზანმიმართული საერთო სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების საჭიროებაში;

 ითვალისწინებენ რა, რომ სერიოზული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა,რომელიც გახდა საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემა,მოითხოვს თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენებას საერთაშორისო მასშტაბით;

 სწამთ რა, რომ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს დამნაშავეთათვის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების ჩამორთმევა;

 ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უნდა შეიქმნას საერთაშორისო თანამშრომლობის კარგად მომუშავე სისტემა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი Ι

ტერმინების გამოყენება

    მუხლი 1– ტერმინების გამოყენება

ამ კონვენციის მიზნებისათვის,

 

a),,შემოსავალი’’ ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულიდან მიღებულ ნებისმიერ ეკონომიკურ სიკეთეს. იგი შეიძლება მოიცვადეს ამ მუხლის ‘’b’’ ქვე-პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ ქონებას.

b)’’ქონება’’ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას,ნივთიერს ან არანივთიერს,მოძრავს ან უძრავს და სამართლებრივ დოკუმენტებს ან აქტებს,რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას;

c)’’იარაღები’’ ნიშნავს ნებისმიერ ქონებას გამოყენებულს, ან რომელიც გამოყენებისათვის იყო განზრახული ნებისმიერი გზით, მთლიანად ან ნაწილობრივ,სისხლის სამართლის დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის;

d)’’კონფისკაცია’’ ნიშნავს სასჯელს ან ზომას, რომლის შეფარდება ხდება სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულთან ან დანაშაულებთან დაკავშირებული სამართალწარმოების შემდეგ,რასაც შედეგად მოჰყვება ქონების საბოლოო ჩამორთმევა;

e)’’ძირითადი დანაშაული’’ ნიშნავს ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის შედეგადაც მოპოვებული იქნა შემოსავალი,რომელიც შეიძლება გახდეს დანაშაულის ობიექტი ამ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.

თავი ΙΙ

ეროვნულ დონეზე მისაღები ზომები

    მუხლი 2 – კონფისკაციის ზომები

1. თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა აუცილებელ ზომებს,რომლებიც საშუალებას მისცემენ მას კონფისკაცია გაუკეთოს იარაღებს და შემოსავალს ან ქონებას,რომლის ღირებულება შეესაბამება ამ შემოსავალს.

2. თითოეულ მხარეს, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახდ ჩაბარების დროს,ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით,შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1–ლი პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ამ დეკლარაციაში მითითებული დანაშაულების ან დანაშაულთა კატეგორიების მიმართ.

    მუხლი 3 –საგამოძიებო და წინასწარი ზომები

თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა აუცილებელ ზომებს,რომლებიც საშუალებას მისცემენ მას იდენტიფიკაცია გაუკეთოს და მოიძიოს ის ქონება,რომელიც ექვემდებარება კონფისკაციას მე-2 მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად და არ დაუშვას ამგვარი ქონებით ნებისმიერი ოპერაციების განხორციელება,მისი გასხვისება ან განკარგვა.

    მუხლი 4 – სპეციალური საგამოძიებო უფლებამოსილებანი და მეთოდები

1.თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა აუცილებელ ზომებს, რომლებიც უფლებამოსილებას მიანიჭებენ მის სასამართლოებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოითხოვონ საბანკო,ფინანსური ან კომერციული ჩანაწერების ხელმისწვდომობა ან მათთვის ყადაღის დადება იმისათვის,რომ განხორციელდეს მე-2 და მე-3 მუხლებში განსაზღვრული ზომები.მხარეს არ შეუძლია თავი აარიდოს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მოქცევას საბანკო საიდუმლოებების საფუძველზე.

2. თითოეული მხარე განიხილავს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომების მიღების საკითხს,რომელიც საშუალებას მისცემენ მას გამოიყენოს სპეციალური საგამოძიებო მეთოდები,რომლებიც ხელს შეუწყობენ შემოსავლების იდენტიფიკაციას,მათ მოძიებას და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას.ასეთი მეთოდები შეიძლება მოიცავდნენ მონიტორინგის ორდერებს,მეთვალყურეობას,ტელეკომუნიკაციური კავშირების კონტროლს,კომპიუტერული სისტემებისადმი ხელმისაწვდომობას და დადგენილებებს სპეციალური დოკუმენტების წარმოების შესახებ.

    მუხლი 5 – სამართლებრივი ზომები

 თითოეული მხარე მიიღებს საკანონმდებლო და სხვა აუცილებელ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად,რომ დაინტერესებულ მხარეებს,რომელთა უფლებებზეც ზეგავლენა იქონია მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მიღებულმა ზომებმა,ჰქონდეთ ეფექტური სამართლებრივი ზომების მიღების შესაძლებლობა მათი უფლებების დასაცავად.

    მუხლი 6 – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულები

1.თითოეული მხარე მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა აუცილებელ ზომებს,რათა უზრუნველყოს, რომ მისი შიდა სამართლით დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭებოდეს საერთაშორისო მასშტაბით ჩადენილ ქმედებებს:

a)ქონების კონვერსია ან გადაცემა, როდესაც პირმა იცის,რომ ასეთი ქონება არის შემოსავალი,იმ მიზნით,რომ დაფაროს ან შეინიღბოს ქონების არაკანონიერი წარმომავლობა ან დახმარება გაეწიოს ძირითადი დანაშაულის ჩადენაში ჩარეულ ნებისმიერ პირს,მისი ქმედების იურიდიული შედეგების თავიდან აცილებაში;

b)ქონების ნამდვილი ბუნების, წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების,მასზე ან მის ფლობაზე უფლებების დამალვა,როდესაც შესაბამისმა პირმა იცის,რომ ასეთი ქონება არის შემოსავალი;

და მხარის კონსტიტუციური პრინციპების და მისი სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების მხედველობაში მიღებით

c)ქონების შეძენა, ფლობა და გამოყენება, როდესაც პირმა ქონების მიღების დროს იცის,რომ ასეთი ქონება წარმოადგენს შემოსავალს;

d) ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის მიღება, ჩადენისათვის ჯგუფის გაერთიანება ან კონსპირაცია,ჩადენის მცდელობა ან ჩადენაში დახმარება,წაქეზება,ხელის შეწყობა და რჩევების მიცემა.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების ან გამოყენების მიზნით:

a) მნიშვნელობა არ აქვს იმას, ძირითადი დანაშაული შედის თუ არა მხარის სისხლის სამართლის იურისდიქციაში;

b) შეიძლება დადგინდეს,რომ ამ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულები არ გამოიყენება იმ პირების მიმართ,რომლებმაც ჩაიდინეს ძირითადი დანაშაული;

c) ცოდნა,განზრახვა ან მიზანი,რომელიც წარმოადგენს ამ პუნქტში განსაზღვრული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს,შეიძლება დადგენილ იქნეს ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებებიდან;

3. თითოეულ მხარეს შეუძლია მიიღოს ისეთი ზომები,რომლებსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს,რათა მისმა შიდა სამართალმა დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭოს ამ მუხლის 1–ლ პუნქტში მითითებულ ყველა ან რამდენიმე ქმედებას,რომელიმე ან ყველა შემდეგ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე:

a) ვალდებული იყო ევარაუდა,რომ ქონება წარმოადგენს შემოსავალს;

b) მოქმედებდა მოგების მიზნით;

c) მოქმედებდა შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით.

4. თითოეულ მხარეს,ხელმოწერის,მისი სარატიფიკაციო, მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით,შეუძლია განაცხადოს,რომ ამ მუხლის 1–ლი პუნქტი გამოიყენება ამ დეკლარაციაში განსაზღვრული მხოლოდ ძირითადი ან ამგვარი დანაშაულების კატეგორიის მიმართ.

თავი ΙΙΙ

საერთაშორისო თანამშრომლობა

ნაწილი 1– საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპები

    მუხლი 7– საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები და ზომები

1.მხარეები მაქსიმალურად შესაძლო დონეზე ითანამშრომლებენ ერთმანეთთან გამოძიებებსა და სამართალწარმოებაში,რომლებიც მიზნად ისახავენ დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და შემოსავლების კონფისკაციას.

2.თითოეული მხარე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა აუცილებელ ზომებს,რომლებიც საშუალებას მისცემენ მას ამ თავში განსაზღვრული პირობებით დააკმაყოფილონ თხოვნები:

a)ქონების ცალკეული ნაწილების კონფისკაციის თაობაზე, რომლებიც წარმოადგენენ შემოსავლებს ან იარაღებს; ასევე თხოვნები შემოსავლების ისეთი კონფისკაციის თაობაზე,რომელიც შედგება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნისაგან;

b)საგამოძიებო დახმარების გაწევის და წინასწარი ზომების მიღების თაობაზე, რომლებიც მიზნად ისახავენ „a“პუნქტში მითითებული ნებისმიერი ფორმის კონფისკაციას.

ნაწილი 2 –საგამოძიებო დახმარება

    მუხლი 8 – დახმარების გაწევის ვალდებულება

თხოვნის საფუძველზე,მხარეები ერთმანეთს გაუწევენ შესაძლო მაქსიმალურ დახმარებას იარაღების,შემოსავლების და სხვა ქონების იდენტიფიკაციასა და აღმოჩენაში,რომლებიც ექვემდებარებიან კონფისკაციას.ამგვარი დახმარება მოიცავს ნებისმიერ მიღებულ ზომას,რომლითაც ხდება დამამტკიცებელი საბუთების მოძიება და მიწოდება ზემოხსენებული ქონების არსებობის,ადგილმდებარეობისა და მოძრაობის,ბუნების,სამართლებრივი სტატუსის ან ღირებულების შესახებ.

    მუხლი 9 – დახმარების განხორციელება

 მე-8 მუხლით განსაზღვრული დახმარების გაწევა ხდება თხოვნაში მითითებული პროცედურების შესაბამისად,თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა სამართლით განსაზღვრული წესით და იმ ზომით,სანამ იგი შეუსაბამო არ იქნება სამართალთან.

    მუხლი 10 – ინფორმაციის მიწოდება თხოვნის გარეშე

 მისი საკუთარი გამოძიებისა და სამართალწარმოებისათვის ზიანის მიუყენებლად,მხარეს წინასწარი თხოვნის გარეშე, შეუძლია გაუგზავნოს მეორე მხარეს ინფორმაცია იარაღებისა და შემოსავლების შესახებ, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება შეიძლება დაეხმაროს ინფორმაციის მიმღებ მხარეს გამოძიების ან სამართალწარმოების დაწყებასა ან განხორციელებაში, ან შეიძლება გამოიწვიოს ამ მხარის მიერ წინამდებარე თავის შესაბამისად თხოვნის წარმოდგენა.

ნაწილი 3 –წინასწარი ზომები

    მუხლი 11 – წინასწარი ზომების მიღების ვალდებულება

1.სხვა მხარის თხოვნის საფუძველზე,რომელმაც დაიწყო სისხლის სამართალწარმოება ან წარმოებები კონფისკაციის მიზნით,მხარე მიიღებს აუცილებელ წინასწარ ზომებს, ისეთებს, როგორიცაა ანგარიშის გაყიდვა ან ქონების დაყადაღება,იმ ქონებითი ოპერაციების განხორციელების,მისი გადაცემის და განკარგვის არ დაშვება,რომელიც შემდგომ ეტაპზე შეიძლება იყოს კონფისკაციის შესახებ თხოვნის ან ისეთი მიმართვის საგანი,რომელიც შეესაბამება თხოვნას ამ კონვენციის შესაბამისად.

2. მხარე, რომელიც მე-13 მუხლის შესაბამისად მიიღებს თხოვნას კონფისკაციის თაობაზე,და თუკი თხოვნა ამას ითვალისწინებს,მიიღებს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში გათვალისწინებულ ზომებს ნებისმიერი ქონების მიმართ,რომელიც არის თხოვნის ან ისეთი მიმართვის საგანი, რომელიც შეესაბამება თხოვნას.

    მუხლი 12 – წინასწარი ზომების განხორციელება

1.მე-11 მუხლში მოხსენებული წინასწარი ზომის მიღება ხდება თხოვნაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად,თხოვნის მიმღები მხარის შიდა სამართლით დაშვებული გზით და მასთან შესაბამისობაში იმ ზომით, სანამ ეს პროცედურები შეუსაბამონი არ იქნებიან ამ სამართალთან.

2.ამ მუხლის შესაბამისად მიღებული წინასწარი ზომის შეწყვეტამდე, თხოვნის მიმღები მხარე,როდესაც ეს შესაძლებელია,მთხოვნელ მხარეს მისცემს შესაძლებლობას წარმოადგინოს მისი მოსაზრებები ზომის გაგრძელების სასარგებლოდ.

ნაწილი 4 –კონფისკაცია

    მუხლი 13 – კონფისკაციის ვალდებულება

1.მხარე,რომელიც მიიღებს მეორე მხარის თხოვნას მის ტერიტორიაზე არსებული იარაღებისა და შემოსავლების კონფისკაციის თაობაზე:

a)აღასრულებს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილ კონფისკაციის ორდერს ამგვარი იარაღებისა და შემოსავლების მიმართ;ან

b)გადასცემს თხოვნას მისი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს იმ მიზნით,რომ გაცემულ იქნეს კონფისკაციის ორდერი და თუკი ასეთი ორდერი გაცემული იქნა,აღასრულოს იგი.

2.ამ მუხლის 1.b პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის,ნებისმიერ მხარეს,აუცილებლობის შემთხვევაში,აქვს მისი საკუთარი სამართლის მიხედვით კონფისკაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.

3.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება კონფისკაციის იმ ფორმის მიმართ,რომელიც შეიცავს მოთხოვნას შემოსავლების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის თაობაზე,თუ ქონება,რომლის მიმართაც კონფისკაცია უნდა განხორციელდეს,თხოვნის მიიღები სახელმწიფოს ტერიტორიაზეა.ამგვარ შემთხვევებში,თუ კი გადახდა ვერ იქნება უზრუნველყოფილი 1-ლი პუნქტის შეასაბამისად კონფისკაციის აღსრულებისას,თხოვნის მიმღები მხარე მიმართავს სათანადო სარჩელს ნებისმიერ ქონებაზე,რომელიც ხელმისაწვდომი იქნა ამ მიზნით.

4.თუ თხოვნა კონფისკაციის თაობაზე ეხება ქონების რომელიმე ცალკეულ ნაწილს,მხრეები შეიძლება შეთანხმდნენ,რომ თხოვნის მიმღებმა მხარემ აღასრულოს კონფისკაცია ქონების ღირებულების შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმით.

    მუხლი 14 – კონფისკაციის განხორციელება

1.კონფისკაციის ორდერის მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებისა და აღსრულების პროცედურები განისაზღვრება თხოვნის მიმღები მხარის სამართლით.

2.თხოვნის მიმღები მხარე შებოჭილი იქნება მოძიებული ფაქტებით იმ ზომით, რითაც ისინი განსაზღვრულნი იქნებიან თხოვნის გამგზავნი მხარის განაჩენში ან სასამართლო გადაწყვეტილებაში ან იმ ზომით,რითაც შესაბამისი განაჩენი ან სასამართლო გადაწყვეტილება ფაქტობრივად ეფუძნება ამ ფაქტებს.

3.თითოეულ მხარეს, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით, შეუძლია განაცხადოს,რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ მისი კონსტიტუციური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების დაცვით.

4.თუკი კონფისკაცია შედგება ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნისაგან,თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოები მოახდენენ შესაბამისი თანხის კონვერტაციას ამ მხარის ვალუტაში გადაცვლის იმ კურსით,რომელიც დადგენილი იყო კონფისკაციის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.

5.მე-13 მუხლის 1.a პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,მხოლოდ თხოვნის გამგზავნ მხარეს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ მიმართვაზე კონფისკაციის ორდერის გადასინჯვის შესახებ.

    მუხლი 15 – ჩამორთმეული ქონება

 თხოვნის მიმღები მხარის მიერ ნებისმიერი ჩამორთმეული ქონების განკარგვა ხდება ამ მხარის მიერ მისი შიდა სამართლის შესაბამისად, თუკი სხვაგვარად არ არის შეთანხმებული შესაბამის მხარეებს შორის.

    მუხლი 16 – აღსრულების უფლება და კონფისკაციის მაქსიმალური ოდენობა

1. მე-13 მუხლის შესაბამისად გაკეთებული თხოვნა კონფისკაციის თაობაზე ზეგავლენას არ იქონიებს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს უფლებაზე, თავად მოახდინოს კონფისკაციის ორდერის აღსრულება.

2. არაფერი,გათვალისწინებული ამ კონვენციით შეიძლება იყოს ახსნა-განმარტებული იმგვარად,რომ იძლეოდეს იმის უფლებას,რომ ჩამორთმეული ქონების საერთო ღირებულება აჭარბებდეს კონფისკაციის ორდერში განსაზღვრული ფულადი თანხის ოდენობას,თუკი მხარე მივა დასკვნამდე,რომ ეს შეიძლება მოხდეს,შესაბამისი მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 17 – თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს მიერ შეფარდებული ქონებრივი სანქციების არშესრულებისათვის

 თხოვნის მიმღებ მხარეს არ შეუძლია სანქციის სახით გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს მიერ შეფარდებული ქონებრივი სანქციების არშესრულებისათვის ან მიიღოს რაიმე სხვა ზომები,რომლითაც შეიზღუდება პირის თავისუფლება მე-13 მუხლის შესაბამისად გაკეთებული თხოვნის შედეგად, თუკი თხოვნის გამგზავნი მხარე ასე მიუთითებს მის თხოვნაში.

 

ნაწილი 5 – თანამშრომლობაზე უარის თქმა და მისი გადადება

    მუხლი 18 – უარის საფუძვლები

1.ამ თავის მიხედვით თანამშრომლობაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:

a)მოთხოვნილი ქმედება წინააღმდეგობაშია თხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებთან; ან

b)თხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თხოვნის მიმღები მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა ძირითად ინტერესებს;ან

c) თხოვნის მიმღები მხარის აზრით, იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ეხება თხოვნა, არ ამართლებს მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელებას; ან

d) დანაშაული, რომელსაც ეხება თხოვნა, არის პოლიტიკური ან ფისკალური ხასიათის სამართალდარღვევა;

e)თხოვნის მიმღები მხარე მიიჩნევს,რომ თხოვნის შესაბამისად ზომების მიღება წინააღმდეგობაში იქნება ne bis in idem პრინციპთან; ან

f)დანაშაული, რომელსაც თხოვნა ეხება არ წარმოადგენს დანაშაულს თხოვნის მიმღები მხარის სამართლის მიხედვით,თუკი იგი ჩადენილია მის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზე,ამასთან, მე-2 ნაწილის შესაბამისად თანამშრომლობაზე უარის თქმის ეს საფუძველი გამოიყენება მხოლოდ მაშინ,როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს.

2.თანამშრომლობაზე ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით,მაშინ როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს, და მე-3 ნაწილის მიხედვით,ასევე შეიძლება ითქვას უარი,თუ მოთხოვნილი ზომები არ შეიძლება მიღებული იქნეს თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა სამართლი მიხედვით გამოძიებისა და სამართალწარმოების მიზნებით ანალოგიური შიდა შემთხვევის მიმართ.

3.იმ შემთხვევაში, როდესაც, თხოვნის მიმღები მხარის სამართალი ამას მოითხოვს, თანამშრომლობაზე ამ თავის მე-2 ნაწილის მიხედვით, როდესაც მოთხოვნილი დახმარება ითვალისწინებს იძულების ღონისძიებებს და მე-3 ნაწილის მიხედვით,შეიძლება ითქვას უარი,თუ მოთხოვნილი ზომები ან ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ექნება ანალოგიური შედეგი,არ არის დაშვებული მოთხოვნილი მხარის სამართლით ან, თხოვნა არ არის სანქციონირებული მოსამართლის ან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვა სასამართლო ორგანოს მიერ, პროკურორის ჩათვლით.

4.ამ თავის მე-4 ნაწილის მიხედვით,შესაძლებელია თანამშრომლობაზე უარის თქმა,თუ:

a)თხოვნის მიმღები მხარის სასამართლო არ ითვალისწინებს კონფისკაციას იმ სახის დანაშაულის მიმართ,რომელსაც ეხება თხოვნა; ან

b)მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით აღებული ვალდებულებისათვის ზიანის მიუყენებლად,იგი წინააღმდეგობაში იქნება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა სამართლის იმ პრინციპებთან,რომლებიც ეხება კონფისკაციის ფარგლებს,გათვალისწინებით კავშირისა სამართალდარღვევასა და:

і.ეკონომიკურ სიკეთეს შორის,რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც შემოსავალი; ან

іі.ქონებას შორის,რომელიც შეიძლება კვალიფიცირებული იქნეს,როგორც იარაღი;ან

c)თხოვნილი სახელმწიფოს სამართლის მიხედვით,გადაწყვეტილება კონფისკაციის შესახებ არ შეიძლება გამოტანილი და აღსრულებული იქნეს ხანდაზმულობის ვადის გამო;ან

d)თხოვნა არ არის დაკავშირებული ადრე გამოტანილ განაჩენთან,სასამართლო ხასიათის გადაწყვეტილებასთან ან ამგვარი გადაწყვეტილების შემცველ განცხადებასთან დანაშაულის ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ,რომლის საფუძველზეც გამოტანილ იქნა კონფისკაციის ორდერი ან გაგზავნილი იქნა თხოვნა; ან

e)კონფისკაცია არ შეიძლება აღსრულდეს თხოვნის გამგზავნ მხარეში,ან იგი კვლავ არის ჩვეულებრივი საშუალებებით აპელაციის საგანი;ან

f)თხოვნა დაკავშირებულია კონფისკაციის ორდერთან,რომელიც გამოტანილია იმ პირის დაუსწრებლად, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს ორდერი და თუ თხოვნის მიმღები მხარის აზრით, სამართალწარმოების დროს, რომელსაც აწარმოებდა თხოვნის გამგზავნი მხარე და რომელიც მივიდა შესაბამის გადაწყვეტილებამდე, არ იყო დაცული დაცვის ის მინიმალური უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ყველა პირისათვის.

5. ამ მუხლის 4.f პუნქტის მიზნებისათვის, გადაწყვეტილება არ მიიჩნევა მსჯავრდებულის დაუსწრებლად მიღებულად:

a) თუ იგი დადასტურებულ ან გამოტანილ იქნა შესაბამისი პირის მიერ მისი გაპროტესტების შემდეგ; ან

b)თუ იგი გამოტანილ იქნა აპელაციით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს აპელაცია შესაბამისი პირის მიერ იქნა შეტანილი.

6.ამ მუხლის 4.f პუნქტის მიზნებისათვის, განხილვისას დაცულ იქნა თუ არა დაცვის მინიმალური უფლებები, თხოვნის მიმღები მხარე მხედველობაში მიიღებს იმ ფაქტს, ცდილობდა თუ არა შესაბამისი პირი თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისათვის, ან ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მის დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილება, ირჩია თუ არა გაეკეთებინა ეს.იგივე წესი გამოიყენება, როდესაც შესაბამისი პირი, იყო რა სათანადო წესით გამოძახებული სასამართლოში, ირჩია არ გამოცხადებულიყო ან არ მიემართა თხოვნით სასამართლოში გამოცხადების დროის გადადების თაობაზე.

7. მხარე არ შეიძლება დაეყრდნოს საბანკო საიდუმლოებას, როგორც ამ თავის შესაბამისად რაიმე თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძველს. როდესაც ამას მოითხოვს მისი შიდა სამართალი, მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ თხოვნა თანამშრომლობის შესახებ,რომელიც ითვალისწინებს საბანკო საიდუმლოების მოხსნას, იყოს სანქცირებული მოსამართლის ან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვა სასამართლო ორგანოს მიერ, პროკურატურის ჩათვლით.

8.ამ კონვენციის 1.a პუნქტში მითითებული უარის თქმის საფუძვლისათვის ზიანის მიუყენებლად:

a) თხოვნის მიმღებმა მხარემ არ შეიძლება მოიხმოს როგორც დაბრკოლება ამ თავის შესაბამისად თანამშრომლობისათვის ის ფაქტი, რომ ის პირი, რომელიც იმყოფება გამოძიების ქვეშ ან რომლის წინააღმდეგაც თხოვნის გამგზავნი მხარის ხელისუფლების ორგანოების მიერ გაცემულია კონფისკაციის ორდერი,წარმოადგენს იურიდიულ პირს;

b) ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირი, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა ორდერი შემოსავლების კონფისკაციის შესახებ შემდგომში გარდაიცვლება ან ის ფაქტი,რომ იურიდიული პირი,რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იქნა ორდერი შემოსავლების კონფისკაციის შესახებ,შემდგომში შეწყვეტს არსებობას, არ შეიძლება მოხმობილ იქნეს, როგორც დაბრკოლება მე-13 მუხლის 1.a პუნქტის შესაბამისად დახმარების გაწევისათვის.

    მუხლი 19 – გადადება

 თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია გადადოს თხოვნის შესაბამისად ზომების მიღება, თუკი ამგვარი ზომები ზიანს მიაყენებენ მისი ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებას ან სამართალწარმოებას.

    მუხლი 20 – თხოვნის ნაწილობრივი ან პირობითი დაკმაყოფილება

 ამ თავის შესაბამისად თანამშრომლობაზე უარის თქმამდე ან მის გადადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნის გამგზავნ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, თხოვნის მიმღები მხარე განიხილავს საკითხს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა თხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება ან მისი დაკმაყოფილება იმ პირობებზე, რომლებსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს.

 

ნაწილი 6–შეტყობინება და მესამე მხარის უფლებების დაცვა

    მუხლი 21 – დოკუმენტების გადაცემა

1.მხარეები გაუწევენ ერთმანეთს მაქსიმალურ დახმარებას სასამართლო დოკუმენტების იმ პირებისათვის გადაცემის საქმეში, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები და კონფისკაციის ორდერი.

2.არაფერი, გათვალისწინებული ამ მუხლში, მოწოდებულია შეზღუდოს:

a)სასამართლო დოკუმენტების გაგზავნის შესაძლებლობა ფოსტით პირდაპირ იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ;

b)გამგზავნი მხარის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების ან ხელისუფლების სხვა კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობა მოახდინონ სასამართლო დოკუმენტების ეფექტური გადაცემა პირდაპირ ამ მხარის საკონსულო ორგანოების ან დანიშნულების მხარის სასამართლო მოხელეების, თანამდებობის პირების ან ხელისუფლების სხვა კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, თუ დანიშნულების მხარე არ გააკეთებს ამის საწინააღმდეგო დეკლარაციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს.

3.სასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ მყოფი იმ პირებისათვის გადაცემის დროს, რომლებსაც ეხებათ წინასწარი ზომები ან გამგზავნ სახელმწიფოში მიღებული კონფისკაციის ორდერები, ეს მხარე მიუთითებს, თუ დაცვის რა საშუალებებია უზრუნველყოფილი მისი სამართლით ამ პირებისათვის.

    მუხლი 22 – უცხოური გადაწყვეტილებების აღიარება

1.მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად თანამშრომლობის შესახებ თხოვნის განხილვის დროს, თხოვნის მიმღები მხარე აღიარებს თხოვნის გამგზავნ მხარეში მესამე პირების უფლებებთან დაკავშირებით მიღებულ ნებისმიერ სასამართლო გადაწყვეტილებას.

2.ამგვარ აღიარებაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:

a)მესამე მხარეებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები მათი უფლებების დასაცავად; ან

b)გადაწყვეტილება შეუთავსებელია თხოვნის მიმღებ მხარეში ადრე ანალოგიურ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან; ან

c)იგი შეუთავსებელია თხოვნის მიმღები მხარის საზოგადოებრივ წესრიგთან; ან

d)გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ დებულებების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებიან მიმღები მხარის კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებულ იურისდიქციას.

ნაწილი 7– პროცედურული და სხვა საერთო წესები

    მუხლი 23 – ცენტრალური ორგანო

1.მხარეები ნიშნავენ ცენტრალურ ორგანოს ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ თავის შესაბამისად გაკეთებული თხოვნების გაგზავნასა და მათზე პასუხის გაცემაზე, ამგვარი თხოვნების შესრულებაზე ან აღმასრულებელი კომპეტენტური ორგანოებისათვის მათ გადაცემაზე.

2.თითოეული მხარე, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ორგანოების სახელებსა და მისამართებს.

    მუხლი 24 - პირდაპირი კონტაქტები

1. ცენტრალური ორგანოები პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

2. გადაუდებელ შემთხვევაში, ამ თავის შესაბამისად გაკეთებული თხოვნები ან შეტყობინებები შეიძლება გაეგზავნოს პირდაპირ თხოვნის გამგზავნი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ, პროკურორის ჩათვლით, თხოვნის მიმღები მხარის ანალოგიურ ორგანოებს. ასეთ შემთხვევებში, ასლი იმავდროულად ეგზავნება თხოვნის მიმღები მხარის ცენტრალურ ორგანოს, თხოვნის გამგზავნი მხარის ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.

3. ნებისმიერი თხოვნა ან შეტყობინება ამ მუხლის 1–ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შეიძლება გაკეთებულ იქნეს საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციის (Interpol) მეშვეობით.

4.როდესაც თხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მისი მიმღები ორგანო არ არის უფლებამოსილი განიხილოს იგი, ეს უკანასკნელი გადასცემს თხოვნას ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოს და პირდაპირ შეატყობინებს თხოვნის გამგზავნ მხარეს ამის შესახებ.

5.ამ თავის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაკეთებული თხოვნები ან შეტყობინებები, რომლებიც არ ითვალისწინებენ იძულების ზომებს, თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ შეიძლება პირდაპირ გადაეცეს თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.

    მუხლი 25 – თხოვნის ფორმა და ენები

1. ყველა თხოვნა ამ თავის მიხედვით,გაკეთებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით. ტელეკომუნიკაციის თანამედროვე ფორმები,ისეთი როგორიცაა ტელეფაქსი, შეიძლება იქნეს გამოყენებული.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით,არ მოითხოვება თხოვნების ან თანდართული დოკუმენტების თარგმანი.

3. ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ნებისმიერ მხარეს შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს დეკლარაცია იმის თაობაზე,რომ იგი ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს,რომ მისთვის გაკეთებულ თხოვნებს და მათთან თანდართულ დოკუმენტებს თან ერთვოდეს მისი ან ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მის მიერ მითითებულ რომელიმე ენაზე გაკეთებული თარგმანი. ამ შემთხვევაში, მას შეუძლია განაცხადოს მისი მზადყოფნის თაობაზე მიიღოს თარგმანები ყველა მის მიერ მითითებულ ენებზე. სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ ორმხრივობის წესები.

    მუხლი 26 – ლეგალიზაცია

 ამ თავის შესაბამისად გაგზავნილი დოკუმენტები თავისუფლდება ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობისაგან.

    მუხლი 27 – თხოვნის შინაარსი

1. ამ თავის შესაბამისად გაკეთებულმა ნებისმიერმა თხოვნამ დახმარების თაობაზე უნდა მიუთითოს:

a) ორგანო,რომელიც აკეთებს თხოვნას და ის ორგანო,რომელიც ახორციელებს გამოძიებას ან სამართალწარმოებას;

b) თხოვნის ობიექტი და მიზეზები;

c) საკითხები, შესაბამისი ფაქტების ჩათვლით (ისეთები,როგორიცაა დანაშაულის ჩადენის თარიღი, ადგილი და გარემოებები), რომლებსაც ეხება მიმდინარე გამოძიება ან სამართალწარმოება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საქმე ეხება სასამართლო დოკუმენტების გადაცემას;

d) იმ ზომით, რითაც თანამშრომლობა მოითხოვს იძულების ღონისძიებების გამოყენებას:

і) კანონის ტექსტი,ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში,გამოსაყენებელი კანონის დასახელება;და

іі) განცხადება,რომ მოთხოვნილი ღონისძიება ან ნებისმიერი სხვა ზომა. რომელსაც ექნება ანალოგიური შედეგი,შეიძლება მიღებულ იქნეს თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი სამართლის შესაბამისად;

e) აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობისამებრ:

і) დეტალები შეასაბამისი პირისა და პირების შეასხებ,მათი სახელების,დაბადების ადგილისა და თარიღის, ეროვნების და ადგილსამყოფლის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში,მისი შტაბბინის შესახებ; და

іі) ინფორმაცია იმ ქონების შესახებ,რომლის მიმართაც მოითხოვება თანამშრომლობა, ამ ქონების ადგილმდებარეობის, შესაბამის პირთან ან პირებთან და დანაშაულთან კავშირის შესახებ, ასევე ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ქონებაზე სხვა პირთა უფლებების შესახებ;და

f) ნებისმიერი კონკრეტული პროცედურა, რომლის დაცვაც სურს თხოვნის გამგზავნ მხარეს.

2. თხოვნა მე-3 ნაწილის მიხედვით წინასწარი ზომების მიღების თაობაზე,რომელიც ეხება იმ ქონებაზე ყადაღის დადებას,რომლის მიმართაც შეიძლება გამოტანილ იქნეს კონფისკაციის ორდერი გარკვეული ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ფორმით,ასევე მიუთითებს მაქსიმალურ თანხას,რომელიც მიღებული უნდა იქნეს ამ ქონების ხარჯზე.

3. 1–ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, მე-4 ნაწილის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი თხოვნა უნდა შეიცავდეს:

a)მე-13 მუხლის 1.a პუნქტთან დაკავშირებით:

і)თხოვნის გამგზავნი მხარის სასამართლოს მიერ მიღებული კონფისკაციის ორდერის დამოწმებულ ნამდვილ ასლს და განცხადებას იმ საფუძვლების შესახებ,რაზეც გაცემული იქნა კონფისკაციის ორდერი,იმ შემთხვევაში,თუ ისინი არ არიან მითითებულნი თავად ორდერში;

іі)თხოვნის გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასკვნას იმის თაობაზე,რომ კონფისკაციის ორდერი აღსრულებადია და არ ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით გასაჩივრებას;

ііі)ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ზომით მოითხოვება ორდერის აღსრულება;

და

iv) ინფორმაციას წინასწარი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ;

b)მე-13 მუხლის 1. b პუნქტის შემთხვევაში ფაქტების განცხადებას, რომელსაც ეყრდნობა თხოვნის გამგზავნი მხარე და რომელიც საკმარისი უნდა იქნეს, რათა თხოვნის მიმღებმა მხარემ დააყენოს საკითხი მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ორდერის გაცემის შესახებ;

c)თუკი მესამე პირებს ჰქონდათ უფლება განეცხადებინათ თავიანთი უფლებების შესახებ,დოკუმენტები,რომლებიც ადასტურებენ ამგვარ შესაძლებლობას.

    მუხლი 28 – არასათანადო თხოვნები

1.თუ თხოვნა არ შეესაბამება ამ თავის დებულებებს,ან თუ მასში მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის,რომ თხოვნის მიმღებმა მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება მის შესახებ,ამ მხარეს შეუძლია სთხოვოს თხოვნის გამგზავნ მხარეს შეიტანოს ცვლილებები თხოვნაში ან შეავსოს იგი დამატებითი ინფორმაციით.

2. თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია დააწესოს ვადა ამგვარი ცვლილებების ან ინფორმაციის მიღებაზე.

3. ამ თავის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაკეთებულ თხოვნასთან დაკავშირებით მოთხოვნილი დამატებების ან ცვლილებების მიღებამდე,თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მიიღოს ამ თავის მე-2 ან მე-3 ნაწილში განსაზღვრული ნებისმიერი ზომა.

    მუხლი 29 – თხოვნების სიმრავლე

1. როდესაც თხოვნის მიმღები მხარე მიიღებს ერთზე მეტ თხოვნას ამ თავის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად ერთი და იმავე პირის ან ქონების მიმართ თხოვნების სიმრავლე არ შეუშლის მას ხელს გაატაროს ღონისძიებები იმ თხოვნების შესაბამისად,რომლებიც მოითხოვენ წინასწარი ზომების მიღებას.

2. ამ თავის მე-4 ნაწილის შესაბამისად შემოსული თხოვნების სიმრავლის შემთხვევაში,თხოვნის მიმღები მხარე განიხილავს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას თხოვნის გამგზავნ მხარეებთან.

    მუხლი 30 – მიზეზების მითითების ვალდებულება

თხოვნის მიმღები მხარე წარმოადგენს ამ თავის შესაბამისად დახმარების გაწევაზე უარის თქმის,მისი გადადების ან პირობითი დახმარების გაწევის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიზეზებს.

    მუხლი 31 – ინფორმაცია

1.თხოვნის მიმღები მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის გამგზავნ მხარეს:

a) ამ თავის შესაბამისად მიღებული თხოვნის საფუძველზე ღონისძიების დაწყების შესახებ;

b) თხოვნის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიების საბოლოო შედეგის შესახებ;

c) ამ თავის შესაბამისად მოთხოვნილი დახმარების მიმართ ნაწილობრივი ან მთლიანი უარის,დახმარების გაწევის გადადების ან პირობითი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე;

d) ნებისმიერი გარემოების შესახებ,რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნილი ღონისძიების გატარებას ან რომელიც მნიშვნელოვანი ვადით სდებს მის განხორციელებას;და

e) იმ შემთხვევაში,თუკი ამ თავის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით გაკეთებული თხოვნის შესაბამისად მიღებული იქნა წინასწარი ზომები,მისი კანონმდებლობის იმ დებულებების შესახებ,.რომლებიც ავტომატურად მოითხოვენ წინასწარი ზომების შეწყვეტას.

2. თხოვნების გამგზავნი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის მიმღებ მხარეს:

a)ნებისმიერი განხილვის, გადაწყვეტილების ან რაიმე სხვა ფაქტის შესახებ,რომლის მიზეზითაც კონფისკაციის ორდერი ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავს ძალას;და

b)ნებისმიერი ფაქტობრივი ან იურიდიული ცვლილების შესახებ,რისი მიზეზითაც ამ თავის შესაბამისად ზომის მიღება არ იქნება გამართლებული.

3.როდესაც მხარე,ერთი და იმავე თხოვნის საფუძველზე მოითხოვს კონფისკაციას ერთზე მეტ მხარეში,იგი ამის შესახებ აცნობებს ყველა მხარეს,რომლებსაც ეხებათ ორდერის აღსრულება.

    მუხლი 32 – გამოყენების შეზღუდვა

1.თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია თხოვნის აღსრულების პირობად დააყენოს მიღებული ინფორმაციის ან მტკიცებულებების არგამოყენება ან არგადაცემა მისი წინასწარი თანხმობის გარეშე თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ორგანოების მიერ შესაბამის თხოვნაში მითითებული გამოძიებისა და სამართალწარმოების გარდა.

2.თითოეულ მხარეს,ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო,მიღების,მოწონების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს,ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით შეუძლია განაცხადოს,რომ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე,მის მიერ ამ თავის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია ან მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ან გადაეცეს თხოვნის გამგზავნი მხარის ორგანოების მიერ სხვა გამოძიებას ან სამართალწარმოებას,იმის გარდა,რომელიც მითითებულია თხოვნაში.

    მუხლი 33 – კონფიდენციალობა

1.თხოვნის გამგზავნ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს თხოვნის მიმღებ მხარეს,რომ მან საიდუმლოდ შეინახოს ფაქტები და თხოვნის არსი იმ ზომით,რაც აუცილებელია თხოვნის შესასრულებლად,თუკი თხოვნის მიმღები მხარე ვერ შეძლებს შეასრულოს კონფიდენციალობის მოთხოვნა,იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ თხოვნის გამგზავნ მხარს.

2.თხოვნის მიმღები მხარე,თუკი ეს არ ეწინააღმდეგება მისი შიდა სამართლის ძირითად პრინციპებს და მას ასე სთხოვენ,საიდუმლოდ შეინახავს თხოვნის გამგზავნი მხარის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ მტკიცებულებასა და ინფორმაციას,გარდა იმ შემთხვევისა,როცა მისი გამჟღავნება აუცილებელია თხოვნაში მითითებული გამოძიებისა და სამართალწარმოებისათვის.

3.მისი შიდა სამართლის დებულებების გათვალისწინებით,მხარე,რომელმაც მიიღო ინფორმაცია მე-10 მუხლის შესაბამისად,შეასრულებს ინფორმაციის მომწოდებელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონფიდენციალობასთან დაკავშირებით

    მუხლი 34 – ხარჯები

 თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩვეულებრივი ხარჯების დაფარვა ხდება თხოვნის მიმღები მხარის მიერ. როდესაც თხოვნის შესასრულებლად საჭიროა დიდი ოდენობის და საგანგებო ბუნების ხარჯების გაწევა,მხარეები კონსულტაციებს გამართავენ იმისათვის,რომ შეათანხმონ ის პირობები,რომლებზეც მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების დაფარვა.

    მუხლი 35 – ზარალი

1.როდესაც რომელიმე პირი შეიტანს სარჩელს იმ ზარალის ანაზღაურების შესახებ,რომლის მიყენებაც მოხდა ამ თავის მიხედვით თანამშრომლობასთან დაკავშირებული ქმედების ან გადაცდომის შედეგად,მხარეები განიხილავენ კონსულტაციის საჭიროებისამებრ გამართვის შესაძლებლობას იმის დასადგენად,თუ როგორ მოხდება ნებისმიერი თანხის განაწილება, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

2. მხარე,რომელიც გახდება მოპასუხე ზარალის მიყენების შესახებ დაწყებულ სამართალწარმოებაში,ეცდება, რომ აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ სამართალწარმოების შესახებ, თუ ამ მხარეს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი საქმეში.

თავი ΙV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 36 –ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი და სხვა არაწევრი სახელმწიფოებისათვის,რომლებიც მონაწილეობნენ მის შემუშავებაში.ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ განაცხადონ თავიანთი თანხმობა, იყვნენ ვალდებულნი მისით:

a) ხელმოწერით, რატიფიკაციის,მიღების ან დამტკიცების მიმართ დათქმის გარეშე;ან

b) ხელმოწერით, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას და რომელსაც უნდა მოჰყვეს რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება.

2. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

3. ეს კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან,როდესაც სამი სახელმწიფო, რომელთაგან, სულ მცირე, ორი უნდა იყოს ევროპის საბჭოს წევრი,1–ლი პუნქტის დებულებათა შესაბამისად გამოთქვამს თავის თანხმობას, იყოს ვალდებული კონვენციით.

4. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ,რომელიც შემდგომში გამოთქვამს თავის თანხმობას იყოს ვალდებული მისით, კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან,როდესაც სახელმწიფო 1–ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად გამოთქვამს თავის თანხმობას, იყოს ვალდებული კონვენციით.

    მუხლი 37 – კონვენციასთან მიერთება

1.ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ,ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს,კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ სახელმწიფოს,რომელიც არ არის საბჭოს წევრი და რომელიც არ მონაწილეობა და მის შემუშავებაში,მიუერთდეს ამ კონვენციას,იმ პირობით,რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ევროპის საბჭოს სტატუტის მე-2.d პუნქტით გათვალისწინებული ხმათა უმრავლესობით და ერთ ხმად უნდა იქნეს მოწონებული კომიტეტში მხარეთა წარმომადგენლების მიერ.

2.ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მიუერთდება კონვენციას,იგი ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან.

    მუხლი 38 –ტერიტორიული გამოყენება

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების,დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები,რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს, მოგვიანებით, ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით შეუძლია გაავრცელოს ამ კონვენციის გამოყენება დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე.ამ ტერიტორიის მიმართ,კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ ამგვარი დეკალარაციის მიღების თარიღიდან.

3. ნებისმიერი დეკლარაცია,გაკეთებული წინა ორი პუნქტის შესაბამისად.ასეთ დეკლარაციაში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ,შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვნილი გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით.გამოთხოვა ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან.

    მუხლი 39 – ურთიერთობა სხვა კონვენციებთან და შეთანხმებებთან

1.ეს კონვენცია ზეგავლენას არ იქონიებს რაიმე უფლებებსა ან ვალდებულებებზე,რომლებიც გამომდინარეობს მრავალმხრივი კონვენციებიდან სპეციალური საკითხების შესახებ.

2. კონვენციის მხარეებმა შეიძლება ერთმანეთში დადონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები ამ კონვენციით განსაზღვრულ საკითხებზე, იმ მიზნით,რომ შეავსონ ან გააძლიერონ მისი დებულებები ან ხელი შეუწყონ მასში მოცემული პრინციპების გამოყენებას.

3. თუკი ორ ან მეტ მხარეს შორის უკვე დადებულია შეთანხმება ან ხელშეკრულება რაიმე საკითხზე,რომელსაც ეხება ეს კონვენცია ან მათ სხვაგვარად განსაზღვრეს თავიანთი ურთიერთობები ამ საკითხებთან მიმართებით, მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ის შეთანხმება ან ხელშეკრულება ან მოაწესრიგონ ეს ურთიერთობები წინამდებარე კონვენციის მიუხედავად,თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას.

    მუხლი 40 – დათქმები

1.ნებისმიერ სახელმწიფოს,ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო,მიღების,დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, შეუძლია განაცხადოს,რომ იგი ისარგებლებს ერთი ან მეტი დათქმით, რომელიც უზრუნველყოფილია მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით,მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით,მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით,21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,25-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით.დაუშვებელია სხვა დათქმების გაკეთება.

2.ნებისმიერ სახელმწიფოს,რომელმაც გააკეთა დათქმა წინა პუნქტის შესაბამისად,შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოითხოვოს იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით.უკან გამოთხოვა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან.

3. მხარეს,რომელმაც გააკეთა დათქმა ამ კონვენციის დებულებების მიმართ,არ შეუძლია მოსთხოვოს სხვა მხარეს ამ დებულების გამოყენება; ამასთან, თუკი მისი დათქმა ნაწილობრივი ან პირობითია, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი დებულების გამოყენება მის მიერ მიღებული ზომით.

    მუხლი 41 –შესწორებები

1.ნებისმიერ მხარეს შეუძლია დააყენოს წინადადება კონვენციის შესწორების შესახებ,რაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და თითოეულ არაწევრ სახელმწიფოს,რომელიც მიუერთდა ან მიწვეულია მიუერთდეს ამ კონვენციას 37-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.

2.მხარის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი შესწორება ეცნობა დამნაშავეობის პრობლემების ევროპულ კომიტეტს,რომელიც მინისტრთა კომიტეტს გადასცემს მის მოსაზრებას შემოთავაზებული შესწორების შესახებ.

3.მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებებს და დამნაშავეობის პრობლემების ევროპული კომიტეტის მიერ მოწოდებულ მოსაზრებას და მას შეუძლია მიიღოს შესწორება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული შესწორების ნებისმიერი ტექსტი ეგზავნება მხარეებს მიღებისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის მეცამეტე დღეს მას შემდეგ,რაც ყველა მხარეა ცნობებს გენერალურ მდივანს მათ მიერ შესწორების მიღების შესახებ.

    მუხლი 42 – დავების გადაწყვეტა

1.ევროპის საბჭოს დამნაშავეობის პრობლემების ევროპული კომიტეტი ინფორმირებული იქნება ამ კონვენციის ახსნა–განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

2.მხარეებს შორის ამ კონვენციის ახსნა–განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავების არსებობის შემთხვევაში,მხარეები ეცდებიან მოაგვარონ დავა მოლაპარაკებების ან მათი არჩევით ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი საშუალებით.,დამნაშავეობის პრობლემების ევროპული კომიტეტისათვის,საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის,რომლის გადაწყვეტილებაც სავალდებულო იქნება მხარეებისათვის,ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსათვის დავის გადაცემის ჩათვლით, ისე როგორც ეს შეთანხმდება შესაბამის მხარეებს შორის.

    მუხლი 43– დენონსაცია

1.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს ამ კონვენციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.დენონსაცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.

3.ამასთან,წინამდებარე კონვენციის გამოყენება გაგრძელდება მე-14 მუხლის შესაბამისად კონფისკაციის ორდერის აღსრულებისას,რისთვისაც თხოვნა გაკეთებულ იქნა ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.

    მუხლი 44 – შეტყობინებები

 ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს წევრებს და ყველა იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მიუერთდება ამ კონვენციას,შეატყობინებს:

a)ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b)ნებისმიერი სარატიფიკაციო ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების შესახებ;

c)ამ კონვენციის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d)მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ;

e)ნებისმიერი სხვა მოქმედების,შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ,რომელიც ეხება ამ კონვენციას.

ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა,რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია სტრასბურგში, 1990 წლის ნოემბრის მე-8 დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტიური, შედგენილი თითო ეგზემპლარად,რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში.ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, არაწევრ სახელმწიფოებს,რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონვენციის შემუშავებაში და ყველა სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულია მიუერთდეს ამ კონვენციას.