შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 24/01/2005
ძალაში შესვლის თარიღი 29/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 480200000.03.030.000520
  • Word
09/02/2001
გაურკვეველი, -, 24/01/2005
480200000.03.030.000520
შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 შეთანხმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,

ითვალისწინებენ რა, საქართველოს პრეზიდენტისა და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, 1996 წლის 12 აპრილს ხელმოწერილ “საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის” პრინციპებს,

თვლიან რა, რომ საერთაშორისო თავდაცვითი თანამშრომლობა წარმოადგენს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს,

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მხარდასაჭერად და მასში აქტიურად მონაწილეობისათვის,

ადასტურებენ რა, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში,

მხარს უჭერენ რა, ლიტვის რესპუბლიკის მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი,

სურთ რა, განავითარონ სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. მიზანი

თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთმეგობრობის პრინციპის საფუძველზე. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს თანამშრომლობას შესაბამის (ეროვნულ) თავდაცვის სამინისტროებს, გენერალურ შტაბებს და შეიარაღებულ ძალებს შორის თავიანთი ვალდებულებების ფარგლებში.

წინამდებარე შეთანხმებაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმები, არ ეწინააღმდეგება საქართველოს და ლიტვის მოქმედ კანონმდებლობას, რაიმე საერთაშორისო ვალდებულებებს ან ეროვნულ თუ საერთაშორისო პოლიტიკის დირექტივებს.

    მუხლი 2. თანამშრომლობის სფეროები

მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილეობიდან მიღებული გამოცდილების გაცვლა;

გამოცდილების გაცვლა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მრავალეროვნული სამხედრო ნაწილების ჩამოყალიბებასთან და ფუნქციონირებასთან;

შეიარაღებული ძალების დემოკრატიული მართვა;

შეიარაღებული ძალების სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება;

თავდაცვითი პოლიტიკა და სტრატეგია;

თავდაცვითი დაგეგმვა და ბიუჯეტი;

მეთაურობა, მართვა და კომუნიკაციები;

საერთაშორისო მშვიდობის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ოპერაციები;

გარემოს დაცვის საკითხები და დაბინძურების კონტროლი;

სამოქალაქო თავდაცვის დაგეგმვა;

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

სხვა სფეროები, რომლითაც მხარეები დაინტერესდებიან;

ზემოთ აღნიშნული თანამშრომლობის სფეროების და სხვა ურთიერთშეთანხმებული სფეროების ფარგლებში არსებული სპეციფიური საკითხები, გადაწყდება ცალკეული შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც დაიდება მხარეთა შორის.

    მუხლი 3. თანამშრომლობის ფორმები

მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით:

(ეროვნული) თავდაცვის მინისტრების, გენ.შტაბის უფროსების და მხარეთა სხვა ოფიციალურ პირთა ოფიციალური ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები;

ექსპერტთა შეხვედრები და ექსპერტიზის გაცვლა თანამშრომლობის შეთანხმებულ სფეროებში;

დისკუსიები, კონსულტაციები, შეხვედრები, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;

ინფორმაციისა და სხვა მასალების გაცვლა;

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და მასში მონაწილეობა;

მხარეთა მიერ განსაზღვრული სხვა თანამშრომლობის ფორმები.

ოფიციალური ვიზიტები შედგება ურთიერთმეგობრობის საფუძველზე. თანამშრომლობის სხვა ღონისძიებები განხორციელდება მხარეთა შეთანხმების თანახმად.

    მუხლი 4. თანამშრომლობის ღონისძიებების დაწყება

იმისათვის, რომ განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების პირობები, თითოეულმა მხარემ უნდა მისცეს მეორე მხარეს წინასწარი შეტყობინება (არანაკლებ 1 თვით ადრე) მოთხოვნილი ან შემოთავაზებული ღონისძიების შესახებ.

თუ მეორე მხარე თანახმაა, ურთიერთშეთანხმებული ღონისძიება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად.

შეთანხმება არ შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც არ შედის მხარეთა კომპეტენციაში და მოითხოვს სხვა სამინისტროების ჩართვას.

    მუხლი 5. ხარჯების განაწილება

ხარჯები იმ პერსონალისა, რომელიც ჩართულია თანამშრომლობის ღონისძიებაში წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, დაიფარება ორივე მხარის მიერ:

ა) მასპინძელი მხარე გადაიხდის განთავსების, კვებისა და ადგილობრივი მგზავრობის, ასევე სასწრაფო სამედიცინო ხარჯებს ;

ბ) გამგზავნი მხარე უზრუნველყოფს საერთაშორისო მგზავრობისა და ყველა სხვა ხარჯებს, გარდა ,,ა” პუნქტში აღნიშნულისა.

აღნიშნული ძირითადი პრიციპი არ ეხება ათ წევრზე მეტი შემადგენლობის დელეგაციებს, დამხმარე პერსონალის ჩათვლით (მძღოლები, თარჯიმნები და სხვა). აღნიშნული დელეგაციებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა მოხდება ცალკეული შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 6. გასაიდუმლოებული ინფორმაციის დაცვა

მხარეები უზრუნველყოფენ ორმხრივი კონტაქტების დროს მიღებული ყოველგვარი გასაიდუმლოებული ინფორმაციის დაცვას, იმ გასაიდუმლოების დონის შესაბამისად, რომელიც ინფორმაციის მომწოდებელმა მხარემ დაადგინა.

მხარეები მიღებულ ინფორმაციას არ გადასცემენ მესამე მხარეს, ინფორმაციის მომწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

    მუხლი 7. ძალაში შესვლა, ცვლილებები და დამატებები, საკამათო საკითხები

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. ამგვარი შეტყობინება უნდა მოხდეს სულ მცირე ექვის თვით ადრე შეთანხმების ვადის გასვლამდე.

წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ორივე მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ნებისმიერი საკამათო საკითხი, რომელიც შეეხება შეთანხმების ინტერპრეტაციას და შესრულებას, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე და არ უნდა გადაეცეს მესამე მხარეს განსახილველად.

შესრულებულია ქ. ვილნიუსში 2001 წლის 9 თებერვალს ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი აუთენტურია. უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სახელით

ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელით 

გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე,

 თავდაცვის მინისტრი

 

ლინას ლინკევიჩუსი,

ეროვნული თავდაცვის მინისტრი