შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/10/1998
ძალაში შესვლის თარიღი 29/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000210
  • Word
-
10/04/1997
გაურკვეველი, -, 22/10/1998
000000430.00.003.000210
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მონაწილე მხარეებად” წოდებულნი,

სურთ რა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო თანამშრომლობას საავტომობილო მიმოსვლის სფეროში და ტრანზიტს მათი ტერიტორიების გავლით,

საავტომობილო მიმოსვლასთან მიმართებაში ლიბერალიზაციის პრინციპით წახალისებულნი,

ურთიერთქმედების პრინციპებსა და ორმხრივ ინტერესზე დაფუძნებულნი,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. საქმიანობის სფერო

წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება ორ მონაწილე მხარეს შორის მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვებისა და მათი ტერიტორიების გავლით ტრანზიტის მიმართ.

    მუხლი 2. ძირითადი განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

1. ტერმინი ,, გადამზიდავი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, დაფუძნებულს ერთ-ერთ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები, ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. ტერმინი ,,სატრანსპორტო საშუალება” ნიშნავს:

ა) ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილ, ერთ-ერთ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ან კომბინირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აღჭურვილია და გამოიყენება მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის.

ბ) მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილ, ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც თავისი აგებულებითა და მოწყობილობით  გამოიყენება ცხრაზე მეტი პირის გადაყვანისათვის მძღოლის ჩათვლით.

3. ტერმინი ,,ნებართვა” ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ერთი მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს, დატოვოს, ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.

4. ტერმინი ,,ტრანზიტი” ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასა (დატვირთის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდავის მიერ, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან.

5. ტერმინი ,,კვოტა” ნიშნავს ნებართვების რაოდენობას, რომელიც უფლებას აძლევს მფლობელს განახორციელოს მონაწილე მხარეებს შორის ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა და ასევე მათი ტერიტორიების გავლით სხვა ქვეყნებში (ტრანზიტი). ნებისმიერი გადასახადებისა და მოსაკრებლების გარეშე.

I. მგზავრთა გადაყვანა

საქმიანობის სფერო და განსაზღვრებანი

    მუხლი 3

მგზავრთა გადაყვანის მიზნით, ეს შეთანხმება გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების (ავტობუსების) მიერ განხორციელებული ყველა სახის სამგზავრო გადაყვანისათვის, ორ მონაწილე მხარეს შორის და ტრანზიტით მათი ტერიტორიების გავლით.

    მუხლი 4

მგზავრთა გადაყვანის მიზნით:

1. ა. ,,რეგულარული მომსახურება” ნიშნავს რეისებს, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრთა გადაყვნისათვის წინასწარ განსაზღვრული სიხშირის, მარშრუტისა და გასაჩერებელი ადგილების გათვალისწინებით, სადაც შეიძლება მოხდეს მგზავრთა ჩასხდომა და გადმოსხდომა.

რეგულარული  მომსახურება ხორციელდება წინასწარ დადგენილი განრიგებითა და ტარიფებით.

ბ. რეგულარული მომსახურების განხორციელების პირობები განსაზღვრულ უნდა იქნეს მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

2. ,,მაქოსებური  მომსახურება” ნიშნავს რეისებს, რისი მეშვეობითაც განმეორებადი ორივე მიმართულების რეისების საშუალებებით ხდება მგზავრთა წინასწარ შედგენილი ჯგუფების გადაყვანა ერთი მონაწილე მხარის გამგზავრების ერთი ადგილიდან მეორე მონაწილე მხარის დანიშნულების პუნქტში. თითოეული ჯგუფი, რომელიც შედგება მგზავრებისაგან, რომლებმაც განახორციელეს რეისი ერთი მიმართულებით, ბოლო რეისით დაბრუნებულ იქნებიან გამგზავრების ადგილზე.

ა. მაქოსებური მომსახურეობის დროს არ შეიძლება არც ერთი მგზავრის აყვანა ან ჩამოსმა;

ბ. მაქოსებური მომსახურეობის სერიებში პირველი უკან დასაბრუნებელი და ბოლო გარე რეისი იქნება დაუტვირთავი;

გ. მაქოსებური  მომსახურება განხორციელებულ იქნება საკონტროლო დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ხდება იმავე მგზავრთა უკან წამოყვანა გამგზავრების ადგილამდე, რომლებმაც განახორციელეს გარე რეისები.

3. ,,არარეგულარული  მომსახურება” ნიშნავს:

ა. მგზავრთა დახურული კარით, ნიშნავს ისეთ გადაყვანას, როდესაც ერთი და იგივე შემადგენლობის მგზავრთა ჯგუფი მთელი მგზავრობის განმავლობაში გადაიყვანება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით და ბრუნდება იმ ქვეყანაში, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული;

ბ.  მომსახურება, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება იწყებს რეისს დატვირთული და უკან ბრუნდება ცარიელი;

გ.  მომსახურება, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება იწყებს რეისს ცარიელი და უკან ბრუნდება დატვირთული;

დ. ყველა სხვა სახის  მომსახურება, რომლებიც არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს.

    მუხლი 5

1. მე-4 მუხლის მე-3ა და მე-3ბ პარაგრაფებში ნახსენები არარეგულარული  მომსახურება არ საჭიროებს ნებართვას მეორე მხარის ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო საშუალება არ არის რეგისტრირებული. ისინი განხორციელებულ უნდა იქნენ საკონტროლო დოკუმენტის მეშვეობით.

2. საკონტროლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს, როგორც მინიმუმ, შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომსახურეობის სახეობა,

ბ) მარშრუტი,

გ) გადამზიდავი (გადამზიდავები),

დ) მგზავრთა სრული სია,

ე) სარეგისტრაციო ნომერი.

3. საკონტროლო დოკუმენტები გაცემულ უნდა იქნეს იმ მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ, სადაც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

4. მე-4 მუხლის მე-3გ და მე-3დ პარაგრაფებში ნახსენები არარეგალური  მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ განხორციელებულ იქნეს მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე. ამ ნებართვების რაოდენობა, ფორმა და შინაარსი განსაზღვრულ უნდა იქნეს ამ შეთანხმების 21-ე მუხლში ნახსენები ერთობლივი კომიტეტის მიერ.

    მუხლი 6

1. რეგულარული  მომსახურება ხორცილდება მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვების მეშვეობით.

2. ნებართვები გაცემულ უნდა იქნეს პასუხისმგებელი გადამზიდავის სახელზე. ისინი არ შეიძლება გადაცემულ იქნეს ამ უკანასკნელის მიერ მესამე მხარეთათვის.

3. რეგულარული რეისების შესახებ ნებართვები ძალაში იქნება ერთი წლის მანძილზე.

4. ნებართვებმა უნდა განსაზღვროს შემდეგი:

ა) მომსახურეობის სახეობა,

ბ) მარშრუტი, რომელიც განსაზღვრავს გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილებს,

გ) ნებართვების მოქმედების ვადები.

5. ნებართვის დანართში უნდა მოიპოვებოდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება გადამზიდავს, მარშრუტს (რომელიც აგრეთვე რუქაზეა ნაჩვენები), განრიგს, ტარიფებს, სიხშირესა და იმ პუნქტებს, სადაც აყვანილ და ჩამომსხდარ არიან მგზავრები ისევე, როგორც ინფორმაციას ზემოაღნიშნული გადამზიდავის ავტობუსების შესახებ.

6. ერთი მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანო გაუგზავნის სარეკომენდაციო წერილს მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. ზემოაღნიშნული წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ეხება გადამზიდავს, მარშრუტს (რომელიც აგრეთვე რუკაზეა ნაჩვენები), განრიგს, ტარიფებს, სიხშირესა და იმ პუნქტებს, სადაც აყვანილ და ჩამომსხდარ არიან მგზავრები ისევე, როგორც ინფორმაციას ზემოაღნიშნული გადამზიდავის ავტობუსების შესახებ. წინააღმდეგობის არწამოჭრის შემთხვევაში თითოეული კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას მარშრუტის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც გადის მის ტერიტორიაზე.

7. ნებართვები და დანართები ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უნდა იქნეს მათი გამცემი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

8. ნებართვების გაცვლის პირობები განსაზღვრულ უნდა იქნეს მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.

9. მგზავრობის განმავლობაში ნებართვის დამოწმებული ასლი ან მისი ორიგინალი უნდა იმყოფებოდეს სატრანსპორტო საშუალებაში.

10. დაზიანებული ავტობუსის სხვა ავტობუსით შეცვლა ნებართვას არ საჭიროებს.

    მუხლი 7

1. რეგულარული სატრანზიტო გადაზიდვისათვის, რომლებიც ხორციელდება ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიის გავლით, მეორე მონაწილე მხარეში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მიერ, საჭიროა სპეციალური ნებართვა. ნებართვა გაცემულ უნდა იქნეს იმ მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება რეგულარული ტრანზიტული  მომსახურება, მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს ყოველწლიური წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

2. არარეგულარული სატრანზიტო გადაზიდვები, რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიის გავლით, მეორე მონაწილე მხარეში რეგისტრირებული საავტომობილო საშუალების მიერ, არ საჭიროებს ნებართვას.

    მუხლი 8

რეგულარული მომსახურეობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ორივე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან შესაბამის ნებართვებს, ყველა საჭირო დანართებთან ერთად.

    მუხლი 9

სხვადასხვა სახის მგზავრთა გადასაყვან მომსახურეობებს შორის მხოლოდ რეგულარული  მომსახურება იქნება განთავისუფლებული ნებისმიერი გადასახადებისა და ანაკრებებისაგან.

II ტვირთის გადაზიდვა

    მუხლი 10

1. ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ გადამზიდავს აქვს უფლება განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები ორ მონაწილე მხარეს შორის ისევე, როგორც მათი ტერიტორიების გავლით სხვა ქვეყნებში (სატრანზიტო გადაზიდვა), მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. მე-10 მუხლის 1-ლ პარაგრაფში გათვალისწინებული ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვის რაოდენობა არ იზღუდება.

3. ყოველწლიურად მონაწილე მხარეთა კომპეტენტური ორგანოები პირდაპირ ან ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით განსაზღვრავენ ნებართვების რაოდენობას, რომელიც ნებას რთავს მონაწილე მხარეთა შორის, ისევე როგორც მათი ტერიტორიების გავლით მესამე ქვეყნებში (სატრანზიტო გადაზიდვა), ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, ნებისმიერი გადასახადებისა და ანაკრებების გარეშე.

    მუხლი 11

მონაწილე მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ან 21-ე მუხლში ნახსენები ერთობლივი კომიტეტი შეთანხმდებიან ნებართვების ფორმასა და მათი გაცვლის პროცედურაზე.

    მუხლი 12

ამ შეთანხმების მე-10 მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გაცვლიან ნებართვების განსაზღვრულ რაოდენობას.

ამ შეთანხმების განხორციელების პირველი პერიოდის განმავლობაში, სახელდობრ, 21-ე მუხლში მოხსენიებული ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრამდე, ორივე მონაწილე მხარე თანახმაა შეასრულოს ორმხრივი და სატრანზიტო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რაც შეტყობინებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი კომპეტენტური ორგანოებისათვის.

    მუხლი 13

 ამ შეთანხმების მე-10 მუხლის დებულებების მიუხედავად, ნებართვები არ არის სავალდებულო შემდეგ შემთხვევებში:

1. ტვირთის გადაზიდვისას სამოქალაქო აეროპორტიდან ან სამოქალაქო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიის ან ნებისმიერი სხვა უბედური შემთხვევის დროს, ან თუ თვითმფრინავი უნდა დაეშვას კურსის ცვლილების ან საგანგებო მდგომარეობის გამო და რეისების გაუქმების შემთხვევაში.

2. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მისაბმელის გადაზიდვისას.

3. მიცვალებულის გადაყვანისას.

4. ფოსტის გადაზიდვისას.

5. ბაზრობებისა და გამოფენებისათვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვისას.

6. თეატრის, მუსიკალური და სხვა კულტურული ღონისძიებების, ცირკის, ფილმების ჩვენების, რადიო ან სატელევიზიო გადაცემებისათვის განკუთვნილი დეკორაციებისა და სხვა ტვირთის გადაზიდვისას.

7. სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უბედურებების შემთხვევაში, დახმარების სახით ფარმაცევტული ან სხვა ნებისმიერი ნივთიერებების გადაზიდვისას.

8. ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა დაზიანებული სატრანსპორტო საშაულებების შესაცვლელად, რათა მათ განახორციელონ ტვირთის გადაზიდვა, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების მაგივრად.

9. სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გაგზავნა ტექნიკური დახმარების გასაწევად ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად.

10. სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა, რომელიც განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მყოფი სხვა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების შესაცვლელად.

ამ მუხლში მოხსენიებული სატრანსპორტო გადაზიდვების გათვალისწინებით, მძღოლს უნდა ჰქონდეს ყველა დოკუმენტი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გადაზიდვის სახეებიდან ერთ-ერთი წარმოადგენს შემთხვევას.

III. ზოგადი დებულებები

    მუხლი 14. გადასახადი და ანაკრებები

1. მონაწილე მხარის გადამზიდავები, რომლებიც ახორციელებენ რეისებს ამ შეთანხმების შესაბამისად, გათავისუფლებული არიან გადასახადებისაგან:

- ძრავასთან კონსტრუქციითა და ტექნოლოგიურად დაკავშირებული ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტული ზომის ავზში მყოფ საწვავზე;

- რეისების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის საკმარისი საპოხი საშუალებების რაოდენობაზე;

- საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად შემოტანილ სათადარიგო ნაწილებზე;

- გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარებიან უკან გატანას, ხოლო შეცვლილი ნაწილები გატანილ ან ჩაბარებული უნდა იქნეს ორგანოსათვის, მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესების შესაბამისად.

2. მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას არ მიიღონ ზომები, რომლებიც უარეს პირობებში ჩააყენებს მეორე მონაწილე მხარის გადამზიდავს, იმ საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის საჭირო გადასახადებსა და ანაკრებებთან დაკავშირებით, სადაც აუცილებელია გადახდა.

    მუხლი 15. სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და წონა

1. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებსა და წონას, მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას არ დაუწესონ მეორე მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებებს პირობები, რომლებიც იმაზე უფრო ნაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ისინი, რომლებიც დაწესებულია თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.

2. სპეციალური ნებართვა საჭირო იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა, დატვირთული ან დაუტვირთავი, აღემატება დადგენილ ზღვარს და რომელიც გაცემულ იქნება ამ მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ.

3. ორ მონაწილე მხარეს შორის, ან ტრანზიტით მათი ტერიტორიის გავლით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, საწვავის ჩათვლით, თუ ეს უკანასკნელი მიეკუთვნება სახიფათო ტვირთის კატეგორიას, უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნილებებს. მძღოლსა და სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნებართვა.

    მუხლი 16. დაზღვევა

მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს უნდა ჰქონდეთ სადაზღვევო დოკუმენტი, რომელიც ძალაშია სატრანზიტო ქვეყნებში, ისევე როგორც დანიშნულების ქვეყანაში.

    მუხლი 17. კაბოტაჟი

კაბოტაჟი მგზავრთა გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას აკრძალულია.

    მუხლი 18. კონტროლი

ყველა საჭირო დოკუმენტი, ისეთი, როგორიცაა: ნებართვის ორიგინალი, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული მისი ასლი, საკონტროლო დოკუმენტი, სხვა ნებართვები, ისევე როგორც მრავალმხრივი ან ორმხრივი შეთანხმებების ან მონაწილე მხარეების კანონმდებლობის თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტი, უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებებში და წარდგენილ უნდა იქნეს ოფიციალურ შემმოწმებელ პირთა მოთხოვნისამებრ.

    მუხლი 19. გადამზიდავის ვალდებულებები და ჯარიმა

მონაწილე მხარის გადამზიდავი და მათი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებულნი არიან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაემორჩილონ მიღებულ საერთაშორისო კონვენციებსა და ორმხრივ ან მრავალმხრივ შეთანხმებებს ისევე, როგორც ამ შეთანხმებასა და შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ძირითადად ეხება საავტომობილო მიმოსვლის წესებს, საბაჟო პროცედურებს და ა.შ.

ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, მეორე მონაწილე მხარის გადამზიდავის მიერ ამ შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში, იმ მხარის კომპეტენტური ორგანოები, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, შეატყობინებენ დარღვევისა და ჯარიმის შესახებ მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ უკანასკნელებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები.

საკითხები, რომელსაც არ მოიცავს წინამდებარე შეთანხმება და აგრეთვე არც საერთაშორისო შეთანხმებები, რომლის მონაწილეც არის ორივე მხარე, გადაწყვეტილ უნდა იქნეს თითოეული მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 20. ინფორმაციით ორმხრივი უზრუნველყოფა

1. მონაწილე მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომები ამ შეთანხმების განხორციელებისათვის და აიღონ ვალდებულება შემდგომში გადასცენ მეორე მონაწილე მხარეს ყველა საჭირო ინფორმაცია.

2. ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია გააუქმოს ნებართვა, საჭირო რეგულარული საავტობუსო მომსახურებისათვის, თუ მისი მფლობელი არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, რომლის საფუძველზეც გაცემულ იქნა ნებართვა; უფრო მეტიც, მან უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მეორე მონაწილე მხარის ორგანოს.

IV. ძირითადი დებულებები

    მუხლი 21

1. ერთობლივი კომიტეტი შეიქმნება მონაწილე მხარეების კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისაგან. ამ კომიტეტის მიზანია მოაგვაროს მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ისევე როგორც იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას.

2. წელიწადში ერთხელ ან ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნისამებრ, ერთობლივმა კომიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრები მონაცვლეობით, თითოეულ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. შეხვედრის დღის წესრიგი წარდგენილ უნდა იქნეს შეხვედრამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე მასპინძელი ან საჭიროების შემთხვევაში მომთხოვნი მხარის მიერ. თითოეული შეხვედრა დასრულებულ უნდა იქნეს ოქმის მიღებით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მონაწილე მხარეების დელეგაციის ხელმძღვანელების მიერ.

    მუხლი 22

მონაწილე მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც მოაგვარებენ ამ შეთანხმების დებულებებს განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს იქნებიან:

- საქართველოს მხრიდან ტრანსპორტის სამინისტრო;

- საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.

    მუხლი 23

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მონაწილე მხარეების მიერ შესაბამისი კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი წერილების გაცვლის დღიდან. ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება შესაბამისად გაგრძელებულ იქნება შემდგომი ერთი წლის პერიოდით მანამ, ვიდრე ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მონაწილე მხარე არ შეატყობინებს მეორეს მის გადაწყვეტილებას შეთანხმების გაუქმების თაობაზე.

შესრულებულია ქ. თბილისში 1997 წლის 10 აპრილს ორ ორიგინალურ პირად ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბარ ავთენტურია.

 

განმარტების დროს დავების წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

დასტურად ამისა, ქვემოთ ხელის მომწერნი სათანადოდ უფლებამოსილნი აწერენ ხელს ამ შეთანხმებას.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

საბერძნეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)