დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხელშეკრულება სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/01/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 07/10/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000196 |
ხელშეკრულება
სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოს რესპუბლიკა და ბულგარეთის რესპუბლიკა, შემდგომში წოდებულნი „ხელშემკვრელ მხარეებად“ ხელმძღვანელობენ სისხლის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის გაფართოების სურვილით და შეთანხმდნენ შემდეგზე:
განყოფილება I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ვალდებულება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კისრულობს ვალდებულებას, აღმოუჩინოს მეორე მხარეს სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. ეს დახმარება მოიცავს პირთა დაძებნას და ამოცნობას, სასამართლო უწყებებისა და სხვა სასამართლო დოკუმენტების ჩაბარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და განსასჯელთა დაკითხვას, მტკიცებულებების ამოღებას, მოწმეთა და ექსპერტთა დაკითხვას, დათვალიერებას, ჩხრეკას და ამოღებას; საგნებისა და დოკუმენტების გადაგზავნას, დაკავებულ პირთა გადამცემი მტკიცების მიზნებისათვის, განაჩენის ან ნასამართლობის შესახებ დოკუმენტების ასლების გადაგზავნას, განაჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, და ნორმატიული დოკუმენტების ურთიერთგაცვლას.
2. შეიძლება აღმოჩენილ იქნეს სხვა სახის სამართლებრივი დახმარება, თუ ისინი შეესაბამებიან შემსრულებელი მხარის კანონმდებლობას. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, თანამშრომლობა არ მოიცავს:
ა) პირის გადაცემას და დაპატიმრებას გადაცემის მიზნით;
ბ) შემკითხველი მხარის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე;
გ) მსჯავრდებულ პირთა გადაცემას და სასჯელის მოხდას;
დ) სისხლისსამართლებრივი წარმოების გადაცემას.
მუხლი 2. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის წინაპირობები
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც თხოვენ დახმარებას, წარმოადგენს დანაშაულს როგორც შემკითხველი, ისე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული ან ეჭვმიტანილი გამოთქვამს თავის კატეგორიულ თანხმობას მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე.
მუხლი 3. უარი სამართლებრივ დახმარებაზე
1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) მისი შესრულება ეწინააღმდეგება შემსრულებელი მხარის კანონს ან სამართლის ძირითად პრინციპებს;
ბ) შემსრულებელ მხარეს გააჩნია საფუძველი იფიქროს, რომ რასა, რელიგია, სქესი, ეროვნება, ენა, პოლიტიკური შეხედულებები, პირადი და საზოგადოებრივი მდგომარეობა უარყოფით გავლენას მოახდენენ სისხლის სამართლის საქმის წარმოების მსვლელობასა და შედეგებზე;
გ) პირი, რომელთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება შემკითხველ მხარეში მსჯავრდებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, იმავე დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილი აქვს შემკითხველ მხარეში, იმ პირობით, რომ მან სასჯელის მოხდას თავი არ აარიდა;
დ) შემსრულებელი მხარე თვლის, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას შეუძლია ზიანი მიაყენოს მის სუვერენიტეტს, უშიშროებას ან სხვა ეროვნულ ინტერესებს;
ე) აგრეთვე შემთხვევებში, რომელიც გათვალისწინებულია ევროპის კონვენციაში გადაგაცემის შესახებ და ევროპის კონვენციაში სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ.
2. პირველი მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება შეიძლება აღმოჩენილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება, თავისუფლად გამოთქვამს თავის თანხმობას ამის შესახებ.
3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უარი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია ხელი შეუშალოს შემსრულებელ მხარეში აღძრულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. შემსრულებელ მხარეს შეუძლია შესთავაზოს თხოვნის შესრულების განხორციელების გადავადება, ან მისი შესრულება განსაზღვრული პირობებით.
4. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უარის შემთხვევაში ან მოთხოვნილი მოქმედებების შესრულების გადავადების, ან მათი განსაზღვრული პირობებით შესრულებისას შემსრულებელი მხარე დროულად ატყობინებს შემკითხველ მხარეს ამის შესახებ და ამასთან უსაბუთებს თავის გადაწყვეტილებას.
მუხლი 4. სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნის შესრულება
1. წარმოდგენილი სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნის შესრულებისას შემსრულებელი მხარე გამოიყენებს თავის ქვეყნის კანონმდებლობის ნორმებს. შემკითხველი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შემსრულებელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს განსაკუთრებული წესი და პირობები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება მისი სამართლის ძირითად პინციპებს.
2. შემკითხველი მხარის კატეგორიული მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი მხარე ატყობინებს მოთხოვნილი მოქმედებების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ. ამ შემთხვევაში შემკითხველი მხარის წარმომადგენელს და საქმის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაესწრონ ან ხელი შეუწყონ სასამართლო დავების შესრულებას შემსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
განყოფილება II. სამართლებრივი დახმარების სახეები
მუხლი 5. ჩაბარება
1. ჩაბარება ხორციელდება შემსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამის ვადებში.
2. შემსრულებელი მხარე ადასტურებს ჩატარებას ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ან ოქმით, რომელშიც აღინიშნება ჩაბარების თარიღი და მიმღების ხელმოწერა, დოკუმენტების მიმღები პირის მონაცემები და მონაცემები ჩაბარების საშუალების და დროის შესახებ.
მუხლი 6. დოკუმენტების და ნივთების გადაცემა
1. დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, შემსრულებელ მხარეს შეუძლია გააგზავნოს დამოწმებული ასლები ან შეძლებისდაგვარად ორიგინალები, თუ ამას მოითხოვს შემკითხველი მხარე.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი მხარე მოითხოვს, შემკითხველი მხარე შეძლებისდაგვარად უბრუნებს დოკუმენტების ორიგინალებს და ნივთებს, რომლებიც მიიღო.
3. ნივთები, რომლებიც გადაიცემა ამ ხელშეკრულების შესაბამისად, არ ექვემდებარება ბაჟის გადახდას და დაბეგვრას.
მუხლი 7. დანაშაულებრივი გზით შეძენილი ფულისა და მატერიალური ფასეულობების გადაცემა
1. ხელშემკვრელმა მხარემ მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე უნდა გადასცეს ამ ხელშემკვრელ მხარეს ფული და მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც დანაშაულებრივი გზით შეძენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამასთან, ასეთი გადაცემა არ უნდა ხელყოფდეს ამ ფასეულობებზე ხელშემკვრელი მხარეების ან მესამე პირთა უფლებებს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფული და სხვა მატერიალური ფასეულობები აუცილებელია ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე სასამართლო განხილვისათვის სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს მისი გადაცემა.
მუხლი 8. შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოცხადება
თუ საჭირო გახდება პირის გამოცხადება მის მიერ შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე ჩადენილი მოქმედებების გამო, ამ მხარეს შეუძლია გამოიყენოს მის მიმართ საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ზომები და სანქციები.
მუხლი 9. პირთა გამოცხადება შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე
1. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოცხადების აუცილებლობა, ეს მხარე მიმართავს შესაბამის დაწესებულებას თხოვნით უწყების ჩაბარების შესახებ. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის მიმართ სანქციები ან სხვა დასჯითი ზომები.
2. შემსრულებელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მის მხარეს გამოცხადებული მოწმის და ექსპერტის ხარჯებს და შესაბამის გასამრჯელოს კისრულობს შემსრულებელი მხარე მისი კანონმდებლობის შესაბამისად, შემსრულებელ მხარეს შეუძლია მეორე მხარის მოთხოვნით გასცეს ავანსი.
3. ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნის საფუძველზე მოწმის ან ექსპერტის სახით გამოცხადებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ან სხვა ფუნქციის შესრულებაზე, თუკი ასეთი გათვალისწინებულია ხელშემკვრელი შემკითხველი ან შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით. ხელშმეკვრელი შემკითხველი მხარის დაწესებულებამ, აუცილებლობის შემთხვევაში, თხოვნას თან უნდა დაერთოს ცნობა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ეხება ზემოთ აღნიშნულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
მუხლი 10. დაკავებული პირების გადაცემა შემკითხველ მხარეში
1. პირი, რომელიც დაკავებულია შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე, და რომელიც გამოძახებულია შემკითხველი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, როგორც მოწმე დაპირისპირების ან ამოცნობისათვის, დროებით გადაეცემა ამ მხარეს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირი თანახმაა გადაცემაზე;
ბ) ამ გადაცემის შედეგად მისი დაპატიმრების ვადა არ გაგრძელდება;
გ) შემკითხველი მხარე კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იგი გადაცემის საფუძვლის გაუქმებისთანავე ვადაში, რომელსაც დაადგენს შემსრულებელი მხარე. საფუძვლიანი მოტივების შემთხვევაში შემსრულებელ მხარეს შეუძლია გააგრძელოს ეს ვადა.
2. გადაცემული პირი შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე იმყოფება იმ პირობებში, რაც დადგენილია მხარეთა შეთანხმებებით.
მუხლი 11. იმუნიტეტი
1. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის გამოცხადება შემკითხველი მხარის ორგანოს წინაშე, გამოცხადებული პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი ან თავისუფლების შემზღუდავი ზომები ქმედებისათვის, რაც ჩადენილია სასამართლო უწყების ჩაბარებამდე.
2. იმუნიტეტი წყდება, თუ გამოცხადებული პირი არ დატოვებს შემკითხველი მხარის ტერიტორიას 15 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მან მიიღო შეტყობინება, რომ მისი ყოფნა არ წარმოადგენს აუცილებლობას, ან მას შემდეგ თუ, როდესაც მან დატოვა მისი ტერიტორია და დაბრუნდება უკან. ამ ვადაში არ შედის დრო, რომლის განმავლობაში ამ პირს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა მისი ტერიტორია.
მუხლი 12. ინფორმაცია განაჩენების შესახებ
ყოველწლიურად მხარეები აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მათი სასამართლო ორგანოების მიერ მეორე მხარის მოქალაქეთა მიმართ გამოტანილი განაჩენების შესახებ.
მუხლი 13. განაჩენის ასლების და ნასამართლობის შესახებ დოკუმენტების ამონაწერების გადაგზავნა
მოთხოვნის საფუძველზე მხარეები უგზავნიან ერთმანეთს განაჩენის ასლებს და ნასამართლობის შესახებ დოკუმენტების ამონაწერებს. შემკითხველი მხარის მოთხოვნის შესაბამისად, შემსრულებელი მხარე გადაგზავნისას წარუდგენს აუცილებელ მონაცემებს საქმესთან დაკავშირებით.
მუხლი 14. სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა
მოთხოვნის საფუძველზე მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას თავიანთი კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის შესახებ.
განყოფილება III. პროცედურები და ხარჯები
მუხლი 15. ცენტრალური ორგანოები
1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ უშუალოდ ცენტრალური ორგანოების მეშვეობით.
ცენტრალური ორგანოებია:
საქართველოს რესპუბლიკისათვის – იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა;
ბულგარეთის რესპუბლიკისათვის – იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი.
დასაშვებია კავშირების განხორციელება დიპლომატიური გზით.
2. თხოვნა სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების შესახებ, სხვა შეტყობინებები, აქტები და თანდართული დოკუმენტები, გაიგზავნება ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის ენაზე და თან ერთვის რუსულ ენაზე დამოწმებული თარგმანი.
3. ოფიციალური დოკუმენტები, დოკუმენტების დამოწმებული ასლები, რომელიც მხარეთა შორის გაიცვლება, ამ ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, თავისუფლდებიან ლეგალიზაციისაგან.
მუხლი 16. მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ
1. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
2. ა) მონაცემებს ორგანოს შესახებ, რომელიც ახორციელებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, პირის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, საქმისწარმოების საგნის და ხასიათის, აგრეთვე გამოყენებული სისხლის სამართლის ნორმების შესახებ;
ბ) მოთხოვნის საგანს და ხასიათს;
გ) სხვა სახის ნებისმიერ მონაცემებს, რაც სასარგებლოა მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების განხორციელებისათვის, მათ შორის მონაცემებს პირის პიროვნების, და შეძლებისდაგვარად, ადგილსამყოფლის შესახებ;
დ) სპეციალურ წესებს და პირობებს, რომელთა გამოყენება საჭირო იქნებოდა, აგრეთვე ზოგად მონაცემებს ორგანოების და საქმეში მონაწილე მხარეების შესახებ.
მუხლი 17. ხარჯები
1. შემსრულებელი მხარის მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ეს მხარე.
2. ხარჯებს, რაც დაკავშირებულია დაკავებული პირის გადაცემასთან შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე, ექსპერტის მიერ შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებასთან, აგრეთვე მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს აანაზღაურებს შემკითხველი მხარე.
განყოფილება IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 18. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეთა მიერ, მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული პროცედურის შესრულებისა და დიპლომატიური გზით წერილობითი შეტყობინებების ორმხრივი გაცვლის შემდეგ, ხოლო შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.
2. წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება მისი ძალაში შესვლამდე წარმოდგენილ მოთხოვნებზე, აგრეთვე მისი ძალაში შესვლის შემდეგ წარმოდგენილ მოთხოვნებზე, თუ ქმედება, რომელიც მოთხოვნის საფუძველი გახდა წარმოიშვა ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე.
3. წინამდებარე ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით. მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ მისი მოქმედება. დენონსაცია ძალაში შედის მეორე მხარისაგან შეტყობინების მიღების დღიდან მეექვსე თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 19. განმარტება
ხელშემკვრელი მხარეები ამ ხელშეკრულების განმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებულ უთანხმოებას წყვეტენ მე-15 მუხლში აღნიშნულ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით ან დიპლომატიური საშუალებებით.
შესრულებულია ქ. სოფიაში, 1995 წლის 19 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
ამ ხელშეკრულების განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების დროს მხარეები ეყრდნობიან ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკის ბულგარეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები