დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 26/02/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480250000.03.030.000759 |
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა, რომ ინფორმაციის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობა იდეების, ინფორმაციის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის გზით სასარგებლო იქნება ორივე მონაწილე მხარისთვის,
ასევე ითვალისწინებენ რა კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების უფრო სრულად გამოყენების საჭიროებასა და იმ გამოყენებითი პროგრამების შესაძლებლობებს, რომლებსაც უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიები,
თანხმდებიან შემდეგზე:
ნაწილი 1
მონაწილე მხარეები, ორმხივი სარგებლიანობის საფუძველზე, მათი სახელმწიფო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის სათანადო ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, ასევე ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, განავითარებენ და გააუმჯობესებენ მათ ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ნაწილი 2
თანამშრომლობა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განხორციელდება შემდეგ სფეროებში:
– საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ტრენინგის კურსების უზრუნველყოფა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა შემდეგ სფეროებში:
ელექტრონული მართვის განვითარება, განსაკუთრებით, პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე კანონმდებლობის შემუშავება საჯარო ადმინისტრირების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით;
o ელექტრონული მართვის, ელექტრონული ჯანდაცვის, ელექტრონული განათლების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის სფეროებში ძირითადი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
o ინფორმაციის უსაფრთხოების გაძლიერება და ინტეროპერატიული ქსელური გადაწყვეტილებების განვითარების ხელშეწყობა;
o საზოგადოების საინფორმაციო უნარების, კომპეტენციის, შესაძლებლობების ხელშეწყობა მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებისთვის;
– ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორივე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნებში პროექტების განხორციელებით ორმხრივად მისაღები პირობების საფუძველზე;
– ორმხრივი ინვესტიციების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
– ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, ფორუმების და გამოფენების გამართვა;
სხვა საკითხები ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად.
ნაწილი 3
განხორციელების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაძლიერების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორივე მონაწილე მხარის შესაბამის ორგანოებს, ორგანიზაციებს და საწარმოებს, რათა მათ ითანამშრომლონ კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის უფრო აქტიურად გაცვლის და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით და სპეციფიკური პროგრამების და პროექტების განხორციელებისას.
ნაწილი 4
მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ ორივე მონაწილე მხარის სპეციალისტების მიერ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებას იმ მიზნით, რომ გამოყენებულ იქნეს ესტონეთის რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების და გამოყენებითი პროგრამების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობის სფეროში მიღწეული გამოცდილება.
ნაწილი 5
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასა და საქმიანობის კოორდინირებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოები არიან:
– ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრო ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით;
– საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობის სახელით.
ნაწილი 6
სამუშაო ენა ორმხრივი საქმიანობისთვის ორივე მონაწილე მხარისთვის იქნება ინგლისური ენა.
ნაწილი 7
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ამ მემორანდუმის ინტერპრეტაციასა და განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყდება მოლაპარაკებების და კონსულტაციების გზით.
ნაწილი 8
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესწორებები განხორციელდება მხარეების წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შესწორებები ძალაში შევა ამ მემორანდუმის ამოქმედებისთვის მე-9 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მონაწილე მხარეების მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებზე.
ნაწილი 9
ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა ხელმოწერის თარიღიდან.
ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისთვის სამი (3) თვით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
ხელმოწერილია ტალინში, 2010 წლის 21 იანვარს, ორ ორიგინალად, ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის ესტონეთის რესპუბლიკის
სახელით მთავრობის სახელით
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები