დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტისა და ირანის ისლამური მეჯლისის თანამშრომლობის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/01/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 18/02/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000115 |
სახელითა უზენაესისაითა
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტისა და ირანის ისლამური მეჯლისის თანამშრომლობის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის პატივცემული თავმჯდომარე, მისი აღმატებულება ბატონი ედუარდ შევარდნაძე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური დელეგაციის სათავეში 1993 წლის 19 იანვრიდან 29 იანვრამდე, შესაბამისად, 1371 წლის 29 დეიდან 30 დემდე ჰიჯრით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
ამ ვიზიტის დროს ურთიერთგაგებისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში ჩატარდა კონსუტრუქციული მოლაპარაკებები ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის.
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი და ირანის ისლამური მეჯლისი, მიესალმებიან რა მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ორი ქვეყნსი ხალხებსა და მთავრობებს შორის, და, ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ორი პარლამენტის ქმედებას ურთიერთგაგებისა და ნდობის უზრუნველყოფის, საკანონმდებლო ორგანოების კავშირების დამყარებისა და განვითარების საქმეში ორი ქვეყნის ხალხებსა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მისაღწევად, შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:
1. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი და ირანის ისლამური მეჯლისი იმოქმედებენ თანასწორუფლებიანობისა და ორივე მხარის ინტერესების დაცვის პრინციპებზე აგებული თანამშრომლობის განვითარებისათვის;
2. ორივე ქვეყნის პარლამენტები მუდმივი კონსულტაციების ჩატარების მიზნით ხელს შეუწყობენ საპარლამენტო დელეგაციების გაცვლას გარკვეული პერიოდულობით;
3. ორივე ქვეყნის პარლამენტები ითანამშრომლებენ კანონების განხილვა-დამტკიცებისა და ცხოვრებაში მათი გატარების მექანიზმების შექმნაში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით;
4. ორივე ქვეყნის პარლამენტები ხელს შეუწყობენ სემინარების ჩატარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ, სამეცნიერო, რელიგიურ და ორივე მხარისათვის საინტერესო სხვა საკითხებზე;
5. ორივე ქვეყნის პარლამენტები იმოქმედებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად და ამ ასპექტით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას;
6. ორივე ქვეყნის პარლამენტები ხელს შეუწყობენ საპარლამენტო მეგობრული ჯგუფების შექმნას და შესაბამისი კომისიების თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და გაშლის მიზნით;
7. ორივე ქვეყნის პარლამენტები გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ინფორმაციის გაცვლისათვის და ხელს შეუწყობენ კავშირების გაშლას პარლამენტების კვლევით დაწესებულებებს შორის.
ეს მემორანდუმი ხელმოწერილია 1993 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, 1371 წლის 30 დეის ჰიჯრით, ქ. თეირანში, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სპარსულ ენებზე. ამასთან, ორივე ეგზემპლარს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე
ირანის ისლამური მეჯლისის თავმჯდომარე ალი აქბარ ნათეე ნური
დოკუმენტის კომენტარები