შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/01/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 06/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000059
  • Word
-
19/01/1995
ვებგვერდი, -, 25/12/1997
000000430.00.003.000059
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებული,

 არიან რა 1994 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მონაწილენპი,

 სურთ რა დადონ შეთანხმება მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შემოღების მიზნით,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ტერმინოლოგია

1. წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და გაგების მიზნით და თუ ტექსტში სხვაგვარად არ არის დათქმული:

ა) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას და შეიცავს ამ კონვენციის 90 მუხლის თაპნახმად მიღებულ ნებისმიერ დანართს და 90 მუხლისა და 94 მუხლის თანახმად დანართში ან კონვენციაში ნებისმიერ ცვლილებას, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაში შევიდა ან რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;

ბ) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიმართ – საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ – ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სახით და ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან სათანადოდ შეასრულონ ნებისმიერი ფუნქცია, ამჟამად ეს ორი ხელისუფლება, რომ ასრულებს;

გ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო(ები)“ ნიშნავს ავიასაწარმოს(ებს), რომელიც დაინიშნა და უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების 3 მუხლის შესაბამისად;

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:

ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების გარეშე გადაფრენის განხორციელების უფლებით;

ბ) არაკომერციული მიზნებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით;

გ) საერთაშორისო ფრენისას მგზავრების, ფოსტის და ტვირთის დატვირთვისა და (ან) გადმოტვირთვის მიზნით წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებულ პუნქტებში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით.

დ) ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოს მიმართ ნიშნავს მიწის ზედაპირს, ტერიტორიულ და შიდა წყლებს დს საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომლებიც ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება;

ე) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნით“ აქვს კონვენციის 96 მუხლში მითითებული მნიშვნელობა;

ვ) ტერმინი „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების დანართით დადგენილ ან დადგენას დაქვემდებარებულ მარშრუტებს;

ზ) ტერმინი „ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართში შესაბამისად დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ რეგულარულ საერთაშორისო ავიახაზებს;

თ) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ფასს, რომელიც უნდა გადაიხადონ საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანისათვის, ბარგის ან ტვირთის გადაზიდვისათვის და პირობებს, რომლებშიც ეს ფასი გამოიყენება, მათ შორის სააგენტო და სხვა დამატებითი მომსახურების ფასი და პირობები, მათ შორის ფოსტის გადაზიდვის საფასური და პირობები;

ი) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხომალდის მიმართ ნიშნავს საჰაერო ხომალდის ტევადობას ან ტვირთამწეობას;

კ) ტერმინი „ტევადობა“ საჰაერო ხაზის მიმართ ნიშნავს ამ ხაზზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას გამრავლებულს დადგენილი მარშრუტით ან მისი ნაწილით დროის გარკვეულ პერიოდში ფრენის რაოდენობაზე.

3. წინამდებარე შეთანხმების დანართი მის განუყოფელ ნაწილად ითვლება და შეთანხმების ყოველი დამოწმება ეხება აგრეთვე მის დანართს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა რამ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 2. უფლებათა მიცემა

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აძლევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებული მარშრუტებით რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემოღებისა და ექსპლუატაცისი მიზნით.

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ისარგებლებს შემდეგი უფლებებით:

ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების გარეშე გადაფრენის განხორციელების უფლებით;

ბ) არაკომერციული მიზნებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით;

გ) საერთაშორისო ფრენისას მგზავრების, ფოსტის და ტვირთის დატვირთვისა და (ან) გადმოტვირთვის მიზნით წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებულ პუნქტებში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაშვების განხორციელების უფლებით.

3.მოცემულ მუხლში არაფერი განიხილება როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის (ებისათვის) უფლების მიცემა აიყვანოს ბორტზე მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტებს შორის მათი გადაყვანა – გადაზიდვისათვის საფასურის სანაცვლოდ ან იჯარის პირობებით.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზებით საჰაერო ხომალდების ფრენის მარშრუტებს და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს თავის ტერიტორიაზე ყოველი ხელშემკვრელი მხარე ადგენს.

5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზებით საჰაეროხომალდების ფრენასთან და მგზავრების გადაყვანასთან, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვასთან, ხმელეთზე საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები და ფინანსური გაანგარიშების წესი დგინდება დანიშნულ ავიასაწარმოთა შორის შეთანხმებით და დასამტკიცებლად გადაეცემა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ.

    მუხლი 3. ავიასაწარმოთა დანიშვნა

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილი მარშრუტებით სახელშეკრულებო ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, ამასთან მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეს წერილობით უნდა აცნობოს.

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე წერილობითი ფორმით ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ აღნიშნული ავიასაწარმოს სხვა ავიასაწარმოთი შეცვლის შესახებ.

3. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში მეორე ხელშემკვრელი მხარე მოცემული მუხლის 4 და 5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად დაუყოვნებლივ აძლევს ყველა დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის უფლებას.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ ფრენის ნებართვის გაცემამდე შეუძლიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოსთხოვონ იმის მტკიცებულებანი, რომ მას შეუძლია შეასრულოს პირობები, რომლებიც დადგენილია კანონებითა და წესებით, ჩვეულებრივ ეს ხელისუფალნი რომ იყენებენ საერთაშორისო საჰაერო ავიახაზების ექსპლუატაციისას, კონვენციის დებულებებით.

5. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს არ გასცეს მოცემული მუხლის 3 პუნქტით მითითებული ფრენის ნებართვა ან მოითხოვოს ისეთ პირობათა შესრულება, რომლებსაც ის საჭიროდ ჩათვლის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ წინამდებარე შეთანხმების 2 მუხლში მითითებულ უფლებათა გამოყენებისას, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აღნიშნულლ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს იმის მტკიცებულებანი, რომ ამ საწარმოს უპირატესი მფლობელი და მისდამი კონტროლის განმხორციელებელი არიან ამ ავიასაწარმო(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქენი.

6. დანიშნულ და ამრიგად ნებართვის მიმღებ ავიასაწარმოს(ებს) შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ამოქმედებულია წინამდებარე შეთანხმების 6 და 13 მუხლების შესაბამისად დადგენილი ფრენის განრიგი და ტარიფები.

    მუხლი 4. ფრენის უფლებათა ანულირება ან შეჩერება

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს წინამდებარე ხელშეკრულების 2 მუხლში მითითებული იმ უფლებების გამოყენება, რომლებიც მინიჭებული აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს), ან მოითხოვოს ისეთი პირობების შესრულება, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს ამ უფლებებით სარგებლობისას:

ა) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნებულია, რომ ამ საწარმოს უპირატესი მფლობელი და მისდამი კონტროლის განმხორციელებელი არიან ამ ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქენი, ან

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო(ები) ამ უფლებების გამცემი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს არ იცავს, ან

გ) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმო(ები) რამე სხვა გზით არ იცავს წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ პირობებს.

2. თუ მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული პირობების დაუყოვნებლივი ანულირება, შეჩერება ან შესრულების მოთხოვნა აუცილებელი არ არის კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის აღკვეთისათვის, ამ პუნქტში მითითებულ უფლებას გამოიყენებენ მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა კონსულტაციების შემდეგ. ასეთი კონსულტაციები შეძლებისდაგვარად მოთხოვნის თარიღიდან მოკლე დროში უნდა გაიმართოს.

    მუხლი 5. ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდები, აგრეთვე ასეთი საჰაერო ხომალდების ბორტზე არსებული მათი სატაბელო ქონება, საბორტო მარაგი (მათ შორის კვების პროდუქტები, სასმელები და თამბაქოს ნაწარმი) ნაცვალგების საფუძველზე გათავისუფლდება ყველანაირი ბაჟისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩასვლისას იმ პირობით, რომ ეს ქონება, მასალები და მარაგი საჰაერო ხომალდის ბორტზე დარჩება მათი უკან გამოტანის მომენტამდე.

2. ასეთი მოსაკრებლებისა და ბაჟისგან, გაწეული მომსახურებისათვის მოსაკრებლების გარდა, გათავისუფლდება აგრეთვე:

ა) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღებული დაიმ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის გათვალისწინებული საბორტო მარაგი, რომლის ექსპლუატაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები);

ბ) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი და იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილები, რომლის ექსპლუატაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები);

გ) საწვავი და საპოხი მასალები, რომლებიც გათვალისწინებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე გამოყენებისათვის, თუნდაც ეს მარაგი გამოიყენებოდეს იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ფარგლებში მარშრუტის მონაკვეთზე, სადაც ისინი ბორტზე აიტანეს;

დ) დოკუმენტები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები) იყენებს; მათ შორის ავიაბილეთები, ავიაზედნადები, აგრეთვე სარეკლამო მასალები, რომლებიც უფასოდ ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. მასალები, მარაგი და სათადარიგო მასალები, აგრეთვე ქონება, აღჭურვილობა და დოკუმენტები, მოცემული მუხლის 2 პუნქტში აღნიშნული, საბაჟო ხელისუფალთა მოთხოვნით მათ კონტროლს ან მეთვალყურეობას უნდა დაუქვემდებარდეს.

4. სატაბელო, საბორტო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომელთა ექსპლუატაციასაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე ახდენს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიძლება გადმოიტვირთოს მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფალთა თანხმობით. ამ შემთხვევაში მათ შეიძლება დაუწესდეთ აღნიშნულ ხელისუფალთა მეთვალყურეობა იმ მომენტამდე, სანამ მათ უკან არ გაიტანენ და საბაჟო წესების შესაბამისად ისინი სხვა დანიშნულებას არ მიიღებენ.

5. მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება ხდება ისეთ შემთხვევებშიც, როცა ერთი მხარის ავიასაწარმომ სხვა ავიასაწარმოსთან კონტრაქტი დადო მოცემული მუხლის 1 პუნქტში დათქმული ქონების დროებითი გამოყენების ან გადაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების იგივე უფლებით.

    მუხლი 6. ტარიფები

1. ტარიფები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოეი ახდევინებენ მეორე ხელშემკვრელი მლხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან გადაზიდვისათვის, გონივრულ დონეზე უნდა დადგინდეს ყველა შესაბამისი ფაქტორის, მათ შორის საექსპლუატაციო ხარჯების, გონივრული მოგების, სხვა ავიასაწარმოთა გადაზიდვის პირობებისა და ტარიფების გათვალისწინებით. მხარეები მიუღებლად მიიჩნევენ ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალია ან შემზღუდავია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, აგრეთვე ავიასაწარმოების იმ ფასებისაგან დაცვის მიზნით, რომლებიც ხელოვნურადაა შემცირებული პირდაპირი ან ირიბი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასებისა და პრაქტიკის თავიდან აცილების, მომხმარებელთა დაცვის მიზნით.

2. მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული ტარიფები უნდა შეათანხმონ ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა, და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად უნდა მიიღწეოდეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.

3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ არა უგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) დღით ადრე მათი ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე. საგანგებო შემთხვევებში ეს თარიღი შეიძლება შემცირდეს აღნიშნულ ხელისუფალთა შეთანხმებით.

4. გამოყენებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფალნი მოცემული მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად ტარიფების წარდგენის თარიღიდან 30(ოცდაათი) დღის განმავლობაში არ განაცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან მათ, ეს ტარიფები დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ 3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი მცირდება, საავიაციო ხელისუფალნი შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ თანხმობაზე უარის შეტყობინების ვადა 30 (ოცდაათი) დღეზე ნაკლები იყოს.

5. თუ დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფი არ იქნა მოცემული მუხლის 2 პუნქტის დებულებებით შეთანხმებული, ან თუ მოცემული მუხლის 4 პუნქტში მითითებული პერიოდის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ შეატყობინებენ, რომ არ ეთანხმებიან მოცემული მუხლის 2 პუნქტის დებულებების შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ უნდა სცადონ ასეთი ტარიფი ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ.

6. თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან მოცემული მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე, ან მოცემული მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა მოგვარდეს წინამდებარე შეთანხმების 18 მუხლის დებულებების შესაბამისად.

7. მოცემული მუხლის დებულებების შესაბამისად დადგენილი ტარიფი ძალაში რჩება მანამ, სანამ ახალი ტარიფი არ დამტკიცდება. მიუხედავად ამისა, ტარიფის გამოყენება მოცემული პუნქტის ზემოქმედებით ვერ გაგრძელდება იმ თარიღიდან 12 (თორმეტ) თვეზე მეტი ხნით, რომლიდანაც იგი ძალადაკარგულად ითვლება.

8. ყოველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დანიშნული ავიასაწარმოები იცავდნენ ამ ხელისუფალთა მიერ დამტკიცებულ შეთანხმებულ ტარიფებს.

    მუხლი 7. წარმომადგენლობა

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) უფლება აქვს ნაცვალგების საფუძველზე ეხმარებოდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავის წარმომადგენლობას და მის ტექნიკურ, კომერციულ და ადმინისტრაციულ პერსონალს ყველაფერი იმით, რაც საჭიროა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ეს პერსონალი შეიძლება შედგებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისაგან.

2. წარმომადგენლობის პერსონალისადმი მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, ან საკუთარი პერსონალის დანიშვნის გზით, ანდა იმ სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედებენ და უფლებამოსილი არიან ასეთ მომსახურებას ეწეოდნენ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. წარმომადგენლები და პერსონალი უნდა ემორჩილებოდნენ მოცემულ ტერიტორიაზე მოქმედ კანონებსა და წესებს, რომელთა შესაბამისადაც ყოველი ხელშემკვრელი ლმხარე ნაცვალგების საფუძველზე უმოკლეს ვადებში მისცემს წარმომადგენლებსა და პერსონალს მუშაობის ნებართვებს, სამუშაო ვიზებს და მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებულ ყველა საჭირო დოკუმენტს.

    მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ფრენის განმხორციელებელი საჰაერო ხომალდების მის ტერიტორიაზე გაფრენა–მოფრენას, ან მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას ამ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) საჰაერო ხომალდებისადმი.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის ჩამოსვლას, ყოფნას, გაგზავნას ან ტრანზიტს, და კერძოდ, შემოსვლა–გასვლასთან და იმიგრაცია–ემიგრაციასთან, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ წესებთან დაკავშირებით იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ მიღებულ ფორმალობებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მეორე ხელეშმკვრელი ლმხარის დანიშნული საჰაერო ხომალდი. გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის დროს.

3. ნაცვალგების საფუძველზე ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებს არ მოეთხოვებათ შესვლის, ყოფნის ან გამოსვლის ვიზები, რლცა ისინი იმავე რეისით მიფრინავენ უკუმარშრუტით. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა ეკიპაჟი საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის მიზეზით ან ჯანმრთელობის მიზეზით ქვეყანაში რჩებარ და შემდეგი რეისით ბრუნდება უკუმარშრუტით.

    მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება

1. ფრენისთვის ვარგისიანობის, კომპეტენტურობის და ლიცენზიის მოწმობებს, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ არის გაცემული ან ვარგისად მიჩნეული და რომლებსაც ვადა არ გასვლია, ვარგისად აღიარებს მეორე ხელშემკვრელი მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნებისათვის, იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც ასეთი მოწმობები და ლიცენზიები გაცემულია ან ვარგისადაა აღიარებული, აღემატება კონვენციით მათთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

2. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს არ აღიაროს თავისი საკუთარი მოქალაქეებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული მოწმობებისა და ლიცენპზიების ვარგისიანობა იმ შემთხვევებში, როცა მათი მფლობელები ასრულებენ ფრენას მის საკუთარ ტერიტორიაზე.

    მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება

1. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, უკანონო ჩარევის აქტებისაგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი გამოყენების შეუზღუდავად ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებსაც შეიცავს საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია, საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი, აგრეთვე ამ სფეროში ყველა იმ სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად, რომელთა რატიფიკაციაც მათ შეიძლება მომავალში მოახდინონ.

2. ხელშემკვრელი ლმხარეები თხოვნის შესაბამისად ყველანაირ საჭირო დახმარებას უწევენ ერთმანეთს საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდების და საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრები, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო აქტების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისადმი ნებისმიერი სხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

3. ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დანართებით გათვალისწინებული საავიაციო უსაფრთხოების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, იმ დონეზე, რა დონეზეც ასეთ დებულებებსა და მოთხოვნებს იყენებენ ხელშემკვრელი მხარეებისადმი; ისინი მოითხოვენ, რომ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, და მათ ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტები მოქმედებდნენ საავიაციო უსაფრთხოების ასეთივე დებულებებითა და მოთხოვნებით.

4. ყოველი ხელშემკთვრელი მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარეს შეუძლია საჰაერო ხომალდების ასეთ ექსპლუატანტებს მოსთხოვოს მოცემული მუხლის 3 პუნქტში ნახსენები საავიაციო უსაფრთხოების იმ დებულებებისა და მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც ეს მეორე ხელშემკვრელი მხარე ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე შესვლისათვის, იქიდან გამოსვლისათვის და მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისათვის. ყოველი ხელშემკვრელი მხარე თავისი ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოფს ჩასხდომა–ჩატვირთვამდე ან მის დროს საჰაერო ხომალდების დაცვის და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელის ბარგის, ბარგის, ტვირთისა და საბორტო მარაგის შემოწმების სათანადო ზომების გამოყენებას. ყოველი ხელშემკვრელი მხარე აგრეთვე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.

5. როცა ხდება ინციდენტი ან იქმნება ინციდენტის საფრთხე, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდებას ან საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტების ან აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა უკანონო აქტებს, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კავშირის გაადვილების და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გზით ასეთი ინციდენტის ან მისი საშიშროების სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით.

    მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ საწარმოს(ებს) უფლება აქვს ნაცვალგების საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს ავიაგადაზიდვის გაყიდვა, ან უშუალოდ, ან გაყიდვის დანიშნულ აგენტთა მეშვეობით, ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) აძლევს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციით ამ ავიასაწარმოს(ების) მიერ მიღებული გასავალზე შემოსავლის ნამეტი თანხების თავისუფალი გადარიცხვის უფლებას.

3. ასეთი გადარიცხვა უპნდა ხორციელდებოდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით მხარეთა შორის მიღებული სავალუტო გაცვლის წესებით. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მხარეთა ფინანსური ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური შეთანხმების დადების შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების დებულებები.

4. ერთი ხელეშმკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავიახაზების ექსპლუატაციით მიღებული შემოსავალი ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გათავისუფლდება ბეგარისაგან, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ან შეიძლება გამოყენებულიყო ამ ხელშემკვრელი მხარის წესების შესაბამისად.

    მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები

1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაბამის ტერიტორიებს შორის დადგენილი მარშრუტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციის სამართლიანპი და თანასწორი პირობები მიეცემათ.

2. ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები, რათა ზიანი არ მიაყენოს ამ მეორე მხარის გადაზიდვებს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ავიახაზს ამ მარშრუტით ან მის ნაწილს.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზები, რომლებსაც ხელშემკვრელ მხარეთა დანიშული ავიასაწარმოები უწევენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი მარშრუტებით გადაზიდვაში საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს და ყოველი ავიასაწარმო უპირველეს ამოცანად უნდა ისახავდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ისეთი ტევადობის მიცემას, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის პირობებში შეესაბამება მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვაზე არსებულ და გონივრულად სავარაუდო მოთხოვნილებებს. იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე დადგენილი მარშრუტების პუნქტებში აყვანილი ან დატოვებული მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის განხორციელება, რომლებიც არ არიან ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელები, უნდა შეესაბამებოდეს საერთო პრინციპებს, რომელთა თანახმადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ტევადობას განსაზღვრავს:

ა) ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან გადაზიდვაზე მოთხოვნილებანი;

ბ) იმ რაიონში გადაზიდვაზე მოთხოვნილებანი, რომელზეც გადის ავიახაზი, იმ ადგილებსა და რეგიონალურ ხაზებზე გადაზიდვის გათვალისწინებით, რომლებსაც რეგიონის სახელმწიფოთა ავიასაწარმოები ემსახურებიან;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მთლიანი და ეკონომიური ექსპლუატაციის მოთხოვნილებანი.

4. დადგენილ მარშრუტებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ტევადობანი თანაბრად უნდა გაიყოს ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი.

    მუხლი 13. განრიგის დამტკიცება

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენის დაწყებამდე არა უგვიანეს 30(ოცრდაათი) დღით ადრე ფრენის სავარაუდო განრიგი დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ, ამასთან მიუთითოს ფრენის სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი, კომპონირება და გასაყიდი ადგილების სავარაუდო რიცხვი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ მიაღწევენ მორიგებას ფრენის განრიგის შეთანხმებაში, ეს საკითხი უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის წყდება.

3. ფრენის განრიგი ვერ ამოქმედდება, თუ მას არ დაამტკიცებენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი. დამტკიცებულ განრიგში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ.

    მუხლი 14. სააეროპორტო და სხვა მოსაკრებლები

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაადგინოს ან ნება დართოს დაადგინონ სხვა საავიაციო საშუალებათა მიერ აეროპორტებით სარგებლობისათვის სამართლიანი და გონივრული მოსაკრებლები იმ პირობით, რომ ეს მოსაკრებლები არ აღემატება მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი სხვა ავიასაწარმოთა გადასახდელ მოსაკრებლებს.

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების გამართვას მოსაკრებლების ამკრებ თავის კომპეტენტურ ორგანოებს და მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ავიასაწარმოთა წარმომადგენელ ორგანიზაციათა მეშვეობით. წინასწარი შეტყობინება მოსარგებლეებს უნდა გაეგზავნოთ მოსაკრებლების გამოყენებაში ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე, რათა მათ თავიანთი აზრი გამოთქვან მანამ, სანამ ეს ცვლილებები განხორციელდება.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებთან მიმართებაში, რომლებიც ახორციელებენ ამგვარ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას, საბაჟო, საირიგაციო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებაში ან აეროპორტების, ავიამარშრუტების, ავიაგადაზიდვების მომსახურების საშუალებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებაში.

    მუხლი 15. ინფორმაციითა და სტატისტიკით უზრუნველყოფა

 ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ მათი მოთხოვნით გადასცემენ ისეთ პერიოდულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლებატგონივრულად მოითხოვონ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე გადაზიდვის მოცულობის გადასინჯვის მიზნით. ამ მონაცემებში შესული იქნება მთელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შეთანხმებული ხაზებით გადაზიდვის მოცულობის, აგრეთვე მათი საწყისი და საბოლოო პუნქტების განსაზღვრისათვის.

    მუხლი 16. პირდაპირი ტრანზიტი

 ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით პირდაპირი ტრანზიტით მოძრავი მგზავრების, ბარგისა და ტვირთისადმი, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტში მათთვის განსაზღვრულ ზონას, გამოიყენება გამარტივებული კონტროლი, უკანონო ჩარევის აქტების, საჰაერო ტრანსპორტზე მეკობრეობის და ნარკოტიკების გადაზიდვის აღკვეთის ღონისძიებათა გარდა. პირდაპირი ტრანზიტის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო და სხვა მოსაკრებლებისაგან.

    მუხლი 17. კონსულტაციები და ცვლილებები

1. წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის შეიძლება პერიოდულად მოეწყოს კონსულტაციები.

2. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარეს საჭიროდ მიაჩნია კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართის გაგებასთან, გამოყენებასთან ან მათი პირობების შეცვლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საავიაციო ხელისუფალთა შორის იმართება კონსულტაციები; რომლებიც უნდა დაიწყოს მათი გამართვის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ამ პერიოდის გაგრძელების თაობაზე არ შეთანხმდებიან. შეთანხმებაში ცვლილებები ძალაში შევა მათი მიღების შესახებ დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის შემდეგ. დანართის შესწორებებს იღებენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის შეთანხმებით.

    მუხლი 18. უთანხმოებათა მოწესრიგება

1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების გაგებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით დავის წარმოქმნის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში ეცდებიან გადაწყვიტონ იგი ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან, დავა დიპლომატიური არხებით გადაწყდება.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოწესრიგებას ზემოთ ნახსენები გზებით ვერ მიაღწევენ, დავა, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით განსახილველად გადაეცემა სასამართლოს (აქაც და შემდგომშიც „საარბიტრაჟო სასამართლო“), შემდგარს სამი არბიტრისაგან, რომელთაგან ორს ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხოლო მესამეს, ორი დანიშნული არბიტრი.

4. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს 60 (სამოცი) დღის განმავლობაში მი თარიღიდან, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორისაგან დიპლომატიური არხებით მიიღებს მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე, და მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი 60(სამოცი) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ ვადაში ვერ დანიშნავს არბიტრს, ნებისმიერ ხელშემკვრელი მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის თხოვნით, გარემოებათა შესაბამისად.

5. 4 პუნქტის დებულებათა შესაბამისად დანიშნული მესამე არბიტრი მესამე ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდეს.

6. საარბიტრაჟო სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის პროცედურას.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები, მათ შორის არბიტრებზე გაწეული ხარჯები ხელშემკვრელი მხარეთა შორისა თანაბრად ნაწილდება.

8. ხელშემკვრელმა მხარეებმა სასამართლოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა იმოქმედონ.

9. მანამ, სანამ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს მოცემული მუხლის დებულებების შესაბამისად მიღებულ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს უფლებები ან პრივილეგიები, რომლებიც მან წინამდებარე შეთანხმებით მისცა მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულებანი.

    მუხლი 19. რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება, მისი შესწორებები რეგისტრირებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და გაეროს სამდივნოში.

    მუხლი 20. მოქმედების შეწყვეტა

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინოს თავისი განზრახვა, რომ წყვეტს წინამდებარე შეთანხმებას. იმავდროულად ასეთივე შინაარსის შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმების მოქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის შემდეგ, თუ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას ხელშემკვრელ მხარეთა ორმხრივი თლანხმობით ამ პერიოდის გასვლამდე უკან არ გაითხოვენ.

2. თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მიჩნეული იქნება, რომ მან იგი მიიღო 14(თოთმეტი) დღის შემდეგ იმ დღიდან, როცა შეტყობინება მიიღო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

    მუხლი 21. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის იმ დიპლომატიური ნოტებიდან მეორის მიღების თარიღიდან, რომლებითაც ორივე ხელშემკვრელი მხარე ერთმანეთს ატყობინებს, რომ მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა იგი დაამტკიცეს თითოეულ მათგანში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან ორივე ქვეყნის მიმართ მოქმდებას წყვეტს ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და სსრ კავშირის მთავრობას შორის 1969 წლის 7 ივლისს სოფიაში ხელმოწერილი შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

ზემოთქმულის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელშემკვრელ მხარეთა მთავრობების სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ქალაქ სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული რუსულ ენაზე, ამასთან ორივეს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

შეთანხმების დანართი

მარშრუტების ცხრილი

ნაწილი ა

1. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას მოახდენენ საქართველოს რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ორივე მიმართულებით:

პუნქტები საქართველოს რესპუბლიკაში

შუალედური პუნქტები – შეთანხმდება მოგვიანებით

პუნქტები ბულგარეთის რესპუბლიკაში – სოფია

პუნქტები ფარგლებს გარეთ – შეთანხმდება მოგვიანებით

ნაწილი ბ

1. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას მოახდენენ ბულგარეთის რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმო(ები) ორივე მიმართულებით:

პუნქტები ბულგარეთის რესპუბლიკაში

შუალედური პუნქტები – შეთანხმდება მოგვიანებით

პუნქტები საქართველოში – თბილისი

პუნქტები ფარგლებს გარეთ – შეთანხმდება მოგვიანებით

2. მესამე ქვეყნებისკენ – ან მიმართულებით ჰაერის მეხუთე ხარისხის თავისუფლება ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზებით შეიძლება გამოყენებულიქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წინასწარ შეათანმხეს და დათქვეს დანიშნულმა ავიასაწარმოებმა და დაადასტურეს საავიაციო ხელისუფალთ.

3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური პუნქტი, აგრეთვე ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები დანიშნული ავიასაწარმოს მოსაზრებით ერთი ან ყველა ფრენის შესრულებისას იმ შემთხვევაში, თუ ხაზი იწყება და მთავრდება ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.