შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/01/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 21/06/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000056
  • Word
-
19/01/1995
გაურკვეველი, -, 25/12/1997
000000430.00.003.000056
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ სურვილს განამტკიცონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობანი ორ სახელმწიფოს შორის დამყარებული ურთიერთდახმარებაზე, სუვერენულ თანასწორობასა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობაზე.

დარწმუნებულები იმაში, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას,

ხელმძღვანელობენ სწრაფვით მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის, ახალგაზრდების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის ხელის შეწყობისა და განვითარებისაკენ,

ესწრაფვიან შეასრულონ ის დებულებები, რომლებიც ეხება კულტურულ განზომილებებს, რასაც შეიცავს ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტები, კერძოდ: ე.უ.თ.თ.–ს მონაწილე სახელმწიფოების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრაკოვის სიმპოზიუმზე მიღწეული შეთანხმებები,

გაცნობიერებული აქვთ ამ თანამშრომლობის ორმხრივი სარგებლიანობა და დაადგინეს

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პიროვნების პატივისცემის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების, ნების აღიარების, გულახდილობის, ტოლერანტობის, კანონის უზენაესობის საფუძველზე, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებას.

    მუხლი 2

 ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ ორივე მხარის მეცნიერთა, კვლევით დაწესებულებებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ყოველმხრივ გაფართოებასა და გაღრმავებას. მხარეები მოქმედებენ ნაცვალგების პრინციპით, ცდილობენ სამეცნიერო თანამშრომლობისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას: კერძოდ, შემდეგი მიმართულებებით:

– მეცნიერ-მუშაკთა გაცვლა;

– ერთობლივი კვლევების განხორციელება;

– ერთობლივი დაწესებულებების შექმნა;

– ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო დოკუმენტაციის გაცვლა;

– არქივებით, საბიბლიოთეკო ფონდებითა და სხვა წყაროებით თავისუფალი სარგებლობა;

– ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება.

    მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას, ქმნიან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, დაწყებით სკოლებს (ძირითადი, საშუალო და პროფესიული), სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე, მეცნიერებს, სტუდენტებსა და მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისათვის სათანადო პირობებს.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთცნობენ უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების დიპლომებს, სამეცნიერო ხარისხების მინიჭების დიპლომებს, დაწყებითი და საშუალო სკოლების დამთავრების ატესტატებს, კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი ლეგალიზაციის შემდეგ, ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების თანახმად. ყველა დიპლომი გაცემული უნდა იქნეს შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების (სამეცნიერო საბჭოების) მიერ და უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

    მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებასა და პოპულარიზაციას ბულგარეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე ბულგარული ენისა და ლიტერატურისას – საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

    მუხლი 6

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ თანამშრომლობას ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში.

    მუხლი 7

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ გაცვლებსა და თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების ყველა სფეროში, აგრეთვე ქმნიან შესაბამის შესაძლებლობებს თანამშრომლობისათვის ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც ამ სფეროებში მოქმედებენ.

    მუხლი 8

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ მხარეთა დაინტერესებას კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე კულტურული მიღწევებით. ამ მიზნით, ურთიერთდაინტერესებისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი მხარს უჭერენ:

– გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების გაცვლას,

– მსახიობებისა და მსახიობთა დასების გაცვლას,

– ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნასა და გამოქვეყნებას, აგრეთვე მეორე სახელმწიფოს მხატვრული შემოქმედების მიღწევათა პოპულარიზაციას.

– მეორე სახელმწიფოს თეატრალურ სცენებზე, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებში, კინოთეატრებში, ტელევიზიითა და რადიოთი მხატვრულ ნაწარმოებთა პრეზენტაციას,

– ინდივიდუალურ ინიციატივებსა და კულტურულ ფასეულობათა შემოქმედთა პროექტებს.

    მუხლი 9

ხელშემკვრელი თითოეული მხარე ინტელექტუალურ და კულტურულ ფასეულობათა გავრცელებისა და პოპულარიზაციის გაადვილების მიზნით უზრუნველყოფს მეორე სახელმწიფოს მოქალაქეების საავტორო უფლებათა კანონიერ დაცვას.

    მუხლი 10

ხელშემკვრელი მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ორივე მხარის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მთლიანობის დაცვისათვის, მის ტერიტორიაზე შეთანხმებაში მონაწილე მეორე მხარის ისტორიული ძეგლებისა და კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციისათვის.

    მუხლი 11

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ თანამშრომლობას ორივე მხარის სახელმწიფო არქივებს შორის, უზრუნველყოფენ არქივების ხელმისაწვდომობას, ახორციელებენ გამოცდილების, დოკუმენტების ასლების, პუბლიკაციებისა და სპეციალიზებული საარქივო ლიტერატურის გაცვლას.

    მუხლი 12

ხელშემკვრელი მხარეები რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის დარგში არსებული პირდაპირი შეთანხმებების შესაბამისად, ხელს უწყობენ მათ შორის უშუალო თანამშრომლობას.

    მუხლი 13

ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ საქართველოს რესპუბლიკისა და ბულგარეთის რესპუბლიკის ჟურნალისტთა შემოქმედებით ორგანიზაციებს, ორივე ქვეყნის რედაქციებსა და პრესის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ურთიერთგაცვლას.

    მუხლი 14

ხელშემკვრელი მხარეები კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას იჩენენ ახალგაზრდული გაცვლებისადმი და გამოხატავენ მზადყოფნას ამ სფეროში შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად.

    მუხლი 15

ხელშემკვრელი მხარეები მხარს უჭერენ იმ სფეროებში თანამშრომლობას, რომლებიც იუნესკოს კომპეტენციას განეკუთვნებიან.

    მუხლი 16

ხელშემკვრელი მხარეები ამუშავებენ აღნიშნული შეთანხმების დროებით საშემსრულებლო პროგრამებს, რომლებიც განსაზღვრავენ მისი შესრულების საფინანსო და ორგანიზაციულ პირობებს.

    მუხლი 17

ეს შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ ხელშემკვრელი ერთ–ერთი მხარე წერილობითი შეტყობინებების გაცვლის გზით ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

შეთანხმება ძალაში შედის დღიდან მეორე ნოტის მიღებისა, რომლის საშუალებითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს მის დამტკიცებას, მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

შესრულებულია ქ. სოფიაში, 1995 წლის ორ ეგზემპლარად, ქართულ და ბულგარულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)