დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/01/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 25/12/1997 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000047 |
ხელშეკრულება
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოს რესპუბლიკა და ბულგარეთის რესპუბლიკა, შემდგომში წოდებულნი „ხელშემკვრელ მხარეებად“,
სუვერენიტეტის და ურთიერთგაგების პატივისცემის საფუძველზე, სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, გადაწყვიტეს გაუწიონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო სამართლის საქმეებზე და ამ მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სამართლებრივი დაცვა
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ამ მხარის მოქალაქეები. მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს იუსტიციის ორგანოებს, პროკურატურას, და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედის სამოქალაქო საქმეები, აღძრან შუამდგომლობა და განახორციელონ სხვა საპროცესო მოქმედებები იგივე პირობებით, როგორც ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არ შეიძლება დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ საფუძველზე, რომ ისინი უცხოელები არიან, ან არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი, ან ადგილსამყოფელი ამ ქვეყანაში.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულებები გამოიყენება ასევე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შექმნილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მათი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ტერმინი „სამოქალაქო საქმეები“, რომელიც იხმარება ამ ხელშეკრულებაში ნიშნავს:
საქართველოს რესპუბლიკაში – სამოქალაქო, საქორწინო-საოჯახო, სამეურნეო საქმეებს;
ბულგარეთის რესპუბლიკაში – სამოქალაქო, საოჯახო და სავაჭრო საქმეებს.
მუხლი 2. სამართლებრივი დახმარება
ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშემკვრელი მხარეების ორგანოები და დაწესებულებები ერთმანეთს გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3. უფასო სამართლებრივი დახმარება
ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ უფასო სამართლებრივი დახმარების უფლებით, ასევე როგორც საკუთარი მოქალაქეები მათი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც რეგულირდება ეს უფლება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც გათვალისწინებულია უფასო სამართლებრივი დახმარება.
მუხლი 4. სამართლებრივი დახმარების სახეები
ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთმოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადასცემენ სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებს, მიიღებენ ზომებს სარჩელის უზრუნველსაყოფად, დაკითხავენ პროცესის მონაწილეებს, მოწმეებს და ექსპერტებს, ჩაატარებენ ექსპერტიზას, ადგილის დათვალიერებას, ცნობენ და აღასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, მიიღებენ ზომებს მოვალეთა დასაძებნად, აგრეთვე შეასრულებენ სხვა საპროცესო მოქმედებებს.
მუხლი 5. სამართლებრივი დახმარების ურთიერთობის წესი
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები სამართლებრივი დახმარების გაწევისას ერთმანეთს უკავშირდებიან ამ ხელშეკრულებით დადგენილი ცენტრალური ორგანოების მეშვეობით.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ცენტრალურ ორგანოებს წარმოადგენენ:
საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან – საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა;
ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან – ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 6. ენა
ხელშემკვრელი მხარეების დაწესებულებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე ურთიერთობებისას სარგებლობენ ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის სახელმწიფო ენით, აგრეთვე რუსული ენით.
მუხლი 7. დოკუმენტების გაფორმება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ სამართლებრივი ურთიერთდახმარების წესით გაგზავნილი დოკუმენტები, შედგენილი სახელმწიფო ენაზე, უნდა იქნეს თარგმნილი რუსულ ენაზე, ხელმოწერილი კომპეტენტური პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით.
მუხლი 8. სამართლებრივი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯები
ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ უფასოდ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით.
ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარე არ მოითხოვს სამართლებრივი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. ხელშემკვრელი მხარეები თვითონ გაიღებენ საკუთარ ტერიტორიაზე სამართლებრივი დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
მუხლი 9. უარი სამართლებრივი დახმარების გაწევაზე
თუ ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარე თვლის, რომ სამართლებრივი დახმარების გაწევა ზიანს აყენებს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ან ეწინააღმდეგება მის ეროვნულ კანონმდებლობას, მას შეუძლია უარი თქვას ასეთი დახმარების გაწევაზე, რის შესახებაც აცნობებს უარის მოტივებს ხელშემკვრელ შემკითხველ მხარეს.
თავი II. შეტყობინება და დოკუმენტების გადაცემა
მუხლი 10
თუ სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტები ეხება პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი გააჩნია ხელშემკვრელი მეორე მხარის ტერიტორიაზე, ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის კომპეტენტური ორგანოები ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის ცენტრალურ ორგანოს გაუგზავნიან შუამდგომლობას შეტყობინების ან დოკუმენტის გადაცემის შესახებ, აუცილებელ თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 11
1. დოკუმენტების ჩაბარება ხდება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დოკუმენტების გადაცემის ან მისი გადაცემის მცდელობის დადასტურება ფორმდება დოკუმენტების ჩაბარების წესებით, რომელიც მოქმედებს ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე. დადასტურებაში ნაჩვენები უნდა იყოს გადაცემის ან გადაცემის მცდელობის დრო და ადგილი, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარდა დოკუმენტი. დოკუმენტები უბრუნდება ხელშემკვრელ შემკითხველ მხარეს.
მუხლი 12. დოკუმენტების გადაცემა დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით
ერთი ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კომპეტენტური ორგანოების დავალებით შეუძლიათ გადასცენ საკუთარ მოქალაქეებს სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტები. ეს მოქმედებები, ამასთან, არ უნდა შეიცავდეს იძულებითი ხასიათის ზომებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას.
მუხლი 13. კანონმდებლობა, რომელიც გამოიყენება სამართლებრივი დახმარების გაწევისას
1. ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დროს გამოიყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას.
2. ხელშემკვრელ შემსრულებელ მხარეს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დროს შეუძლია ასევე ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის თხოვნით გამოიყენოს ამ მხარის საპროცესო ნორმები, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის კანონმდებლობას.
მუხლი 14. ზემოაღნიშნული მუხლები არ ეწინააღმდეგება:
- დოკუმენტების ადრესატისთვის გაგზავნის შესაძლებლობას უშუალოდ ფოსტით;
- ყოველი დაინტერესებული პირის შესაძლებლობას თავის ხარჯზე აწარმოოს გარკვეული დოკუმენტების ჩაბარება ან შეტყობინება მათ შესახებ დანიშნულებისდა მიხედვით, თანახმად წესებისა, რომლებიც მოქმედებენ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
თავი III. დავალება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ
მუხლი 15. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნით (დავალების) ფორმა
თხოვნა (დავალება) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შედგენილი უნდა იქნას წერილობით და შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) შემკითხველი დაწესებულების დასახელებას;
ბ) შეძლებისდაგვარად შემსრულებელი დაწესებულების დასახელებას;
გ) საქმის დასახელებას და არსს, რომლის თაობაზეც ითხოვენ სამართლებრივ დახმარებას, თხოვნის (დავალების) შინაარსს;
დ) პირთა სახელები და გვარები, რომელთაც კავშირი აქვთ საქმესთან, მათი მოქალაქეობა, სქესი, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი და დაბადების ადგილი, იურიდიული პირის სახელწოდება და ადგილმდებარეობა;
ე) „დ“ პუნქტში მითითებულ პირთა სახელები, გვარები და მისამართლები;
ვ) შემკითხველი მხარის კანონმდებლობიდან სათანადო მუხლების ასლები, რომლებიც შეეხება საქმესთან დაკავშირებულ პირთა პროცესუალურ უფლებებსა და მოვალეობებს;
ზ) გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.
მუხლი 16. დავალების აღსრულება
1. დოკუმენტის ჩაბარების თხოვნის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს მიღების თარიღი, მიმღებისა და იმ პირის ხელმოწერა, ვინც შეასრულა ჩაბარება. თუ მიმღები უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე, მითითებული უნდა იყოს უარის მოტივები.
2. თუ ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით დავალების შესრულება არ შედის სასამართლოსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციაში, დავალება შეიძლება უკან დაბრუნდეს უარის მოტივების აღნიშვნით.
3. თუ ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარე არ არის უფლებამოსილი შეასრულოს დავალება, იგი ვალდებულია გადაუგზავნოს აღნიშნული დავალება შესასრულებლად კომპეტენტურ დაწესებულებას, ასევე აცნობოს ამის შესახებ შემკითხველ მხარეს.
4. ხელშემკვრელი შემკითხველი მხარის მართლმსაჯულების ორგანოს შეუძლია მოითხოვოს, რომ დაინტერესებული მხარეები და, შეძლებისდაგვარად, მათი წარმომადგენლები უშუალოდ იქნა შეტყობინებული შესასრულებელი ღონისძიებების განხორციელების თარიღისა და ადგილის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი დასწრება.
მუხლი 17. დავალების შესრულების სპეციალური ფორმა
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური დაწესებულებები, რომლებიც ასრულებენ სასამართლო დავალებებს, გამოიყენებენ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას შესრულების ფორმის მიმართ, რომელსაც ის უნდა შეესაბამებოდეს.
2. მას შეუძლია შეასრულოს შემკითხველი მხარის შუამდგომლობა სპეციალური ფორმის გამოყენების თაობაზე, გარდა შემთხვევებისა, რაც შეუთავსებელია შემსრულებელი მხარის კანონმდებლობისათვის, არ პასუხობს მის სასამართლო პრაქტიკას, ანდა პრაქტიკულად რთული შესასრულებელია.
3. ხელშემკვრელ შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს ხელშემკვრელ შემკითხველ მხარეს ექსპერტებისათვის გადახდილი თანხებისა და შემკითხველი მხარის თხოვნით გამოყენებული სპეციალური ფორმის ხარჯების ანაზღაურება.
4. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს თავისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით, იძულებითი ზომების გამოყენების გარეშე, შეუძლია შეასრულოს სასამართლო დავალებები, რომლებიც შეეხება მათ მოქალაქეებს.
მუხლი 18. შეტყობინება აღსრულების შედეგების შესახებ
დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს დოკუმენტის გადაცემის დავალების აღსრულებას, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი, მიმღები პირისა და დავალების შემსრულებელი პირის ხელმოწერები, დადასტურებული ბეჭდით. გადაცემის მცდელობა დასტურდება დოკუმენტით, შედგენილი იმ ორგანოს მიერ, ვინც მას გადასცემს. თუ მიმღები მხარე უარს აცხადებს დოუმენტების მიღებაზე მიეთითება მისი უარის მოტივები.
თავი IV. სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება
მუხლი 19. გადაწყვეტილებები, რომლებიც ექვემდებარება ცნობას და აღსრულებას
1. ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან ამ ხელშეკრულების დებულებათა თანახმად თავის ტერიტორიაზე ცნონ და აღასრულონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები.
2. ტერმინი „სასამართლო გადაწყვეტილება“, რომელიც გამოიყენება ამ ხელშეკრულებაში, ნიშნავს:
საქართველოს რესპუბლიკაში – გადაწყვეტილებები, სამოქალაქო (მათ შორის, სამეურნეო) საქმეებზე, სასამართლოში დადებული მხარეთა მორიგებები, განაჩენები ზიანის ანაზღაურების დარგში, დოკუმენტები მამობის დადგენის და საალიმენტო ვალდებულებათა შესახებ, დოკუმენტები სააღსრულებო წარწერით, გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
ბულგარეთის რესპუბლიკაში – სასამართლოს გადაწყვეტილებას, განჩინებას, დადგენილებას, სასამართლო შეთანხმებებს, განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მუხლი 20. შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ
1. შუამდგომლობას სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განმცხადებელი შეიტანს სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. ეს უკანასკნელი გადაგზავნის მას მეორე ხელშემკვრელი მხარის სასამართლოში ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად. განმცხადებელს შეუძლია შუამდგომლობის აღძვრა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის სასამართლოში.
2. შუამდგომლობას სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სასამართლოს მიერ დამოწმებული გადაწყვეტილების ასლი, თუ ასლში არ არის მკაფიო მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, მას თან უნდა დაერთოს სასამართლო დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
ბ) სასამართლოს დოკუმენტი გადაწყვეტილების ნაწილის აღსრულების შესახებ ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მხარეს არ მიუღწია მონაწილეობა პროცესში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ჩაბარდა უწყებას სასამართლოში გამოცხადების შესახებ, ხოლო მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში _ მის სათანადო წარმომადგენელს.
3. ამ დოკუმენტებს აუცილებლად თან უნდა დაერთოს ხელშემკვრელი ერთ-ერთი მხარის დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული თარგმანი.
მუხლი 21. სასამართლო გადაწყეტილების ცნობისა და აღსრულების წესი
1. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას განახორციელებს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომელსაც მიმართავენ შუამდგომლობით მისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის თანახმად.
2. სასამართლო, რომელსაც მიმართავენ შუამდგომლობით, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ იმსჯელებს მხოლოდ მისი ამ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. სასამართლოს, რომელიც მიიღებს შუამდგომლობას გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია მოსთხოვოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დამატებითი მასალების მიწოდება.
მუხლი 22. ცნობისა და აღსრულების იურიდიული ძალა
ერთი ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, როგორც ამ მხარის სასამართლო გადაწყვეტილებას.
მუხლი 23. უარი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარი ითქვას:
ა) თუ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას;
ბ) თუ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელსაც მიმართავენ შუამდგომლობით გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმე განეკუთვნება ამ მხარის სასამართლოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას;
გ) თუ მხარეს, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის თანახმად არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება ანდა მისი არაქმედუნარიანობის ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის შემთხვევაში არ ესწრებოდა სათანადო წარმომადგენელი;
დ) თუ იმავე მხარეებს შორის და იმავე სამართლებრივი დავის გამო ხელშემკვრელი შემსრულებელი მხარის სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან იგი განხილვის პროცესშია, ანდა უკვე ცნობილია იმავე საქმეზე კანონიერ ძალაში შესული მესამე სახელმწიფოს გადაწყვეტილება.
3. გარდა პირველ პუნქტში აღნიშნული საფუძვლებისა, შეიძლება უარი ეთქვას აგრეთვე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია დავაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან არ ხვდება ხელშეკრულების საარბიტრაჟო შეთანხმების ან დათქმის პირობებში;
ბ) საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას ან საარბიტრაჟო დათქმას ხელშეკრულებაში, ან არ შეესიტყვება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობას, სადაც ადგილი ჰქონდა საარბიტრაჟო განხილვას.
გ) მხარეები სათანადო წესით არ იყვნენ გაფრთხილებულნი არბიტრის ან საარბიტრაჟო განხილვის დანიშვნის თაობაზე.
თავი V. ლეგალიზაციისგან გათავისუფლება, მოქალაქეობრივი მდგომარეობა და ინფორმაციის გაცვლა
მუხლი 24
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შედგენილი ოფიციალური დოკუმენტები თავისუფლდებიან ლეგალიზაციისა და სხვა ანალოგიური ფორმალობებისაგან, როდესაც საჭიროა მათი წარდგენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
ამ ხელშეკრულების მიხედვით ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება:
- დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია სასამართლოს, პროკურატურის ან სასამართლო აღმსრულებლის მიერ;
- დოკუმენტები, გაცემული აღმსრულებელ-განმკარგულებელი ორგანოების მიერ;
- სანოტარო დოკუმენტები;
- ოფიციალური მოწმობები, ისეთი, როგორც აღნიშვნა რეესტრში თარიღისა და ხელმოწერის დადასტურება კერძო დოკუმენტებზე.
2. დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ოფიციალური დოკუმენტები, მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების დამამტკიცებელი ძალით.
მუხლი 25
1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ერთმანეთს მოთხოვნისთანავე, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უფასოდ გადასცემს მეორე ხელშემკვრელ მხარეს სასამართლო გადაწყვეტილებათა ასლებს და აქტებს, რომლებიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეების მოქალაქეობრივ მდგომარეობას.
2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტები და განცხადებები გადაიგზავნება დიპლომატიური ან საკონსულო გზით; სასამართლო გადაწყეტილების ასლები და განცხადებები გადაიგზავნება ცენტრალური ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 26
ცენტრალური ორგანოები თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ეროვნული კანპონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების ასლებს.
თავი VI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 27. დავების გადაწყვეტა
ამ ხელშეკრულების განმარტებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მე-5 მუხლში მითითებულ ცენტრალურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გამართვის გზით ან დიპლომატიური არხებით.
მუხლი 28. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული პროცედურის შესრულებისა და დიპლომატიური გზით წერილობითი შეტყობინებების ორმხრივი გაცვლის შემდეგ, ბოლო შეტყობინებების ორმხრივი გაცვლის შემდეგ, ბოლო შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 29. ხელშეკრულების შეცვლა და დამატება
ხელშემკვრელი მხარეები აწყობენ კონსულტაციებს დიპლომატიური არხების მეშვეობით ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
მუხლი 30. მოქმედების შეწყვეტა
ხელშეკრულება უვადოა და წყვეტს მოქმედებას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური გზით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
ამ ხელშეკრულების განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების დროს მხარეები ეყრდნობიან ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დოკუმენტის კომენტარები