დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ და ფინანსურ დარღვევებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/11/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 13/11/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/04/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 480160000.02.002.000374 |
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ და ფინანსურ დარღვევებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
თავიანთ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,
გამომდინარეობენ რა ურთიერთდაინტერესებიდან, ეფექტურად გადაწყვიტონ ეკონომიკური და ფინანსური დარღვევების თავიდან აცილებასთან, გამოვლენასა და აღკვეთასთან დაკავშირებული ამოცანები,
ხაზს უსვამენ რა რომ თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს თანამშრომლობა მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, მხარეთა საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობის დარღვევების წინაღმდეგ ეფექტური ბრძოლის ორგანიზაციისა და ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილებული სავალუტო ფასეულობების დაბრუნების მიზნით.
წინამდებარე შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომელთა ერთ-ერთ მხარესაც წარმოადგენს საქართველო ან აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
მუხლი 2
მხარეები განსაზღვრავენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი თავიანთი კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალს და შეატყობინებენ აღნიშნულის შესახებ ერთმანეთს.
მხარეები, თავიანთი კომპეტენტური ორგანოების ოფიციალურ დასახელებათა შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ატყობინებენ ამის შესახებ ერთმანეთს.
მუხლი 3
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეები იყენებენ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს:
ინფორმციის გაცვლა მხარეთა ეროვნული საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობის დარღვევების შესახებ;
ურთიერთქმედება საფინანსო დანაშაულებებისა და სხვა სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის ზომების მიღებისას;
ინფორმაციის გაცვლა ეროვნული საფინანსო სისტემების, მხარეთა საფინანსო-ეკონომიკურ კანონმდებლობებში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების და, აგრეთვე, მხარეთა საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობების დარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენასა და აღკვეთაზე მეთოდური რეკომენდაციების შესახებ;
საქმიანობის კოორდინაცია თანამშრომლობის პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სამუშაო ჯგუფების შექმნის, წარმომადგენლებისა და ექსპერტების გაცვლისა და კადრების სწავლების ჩათვლით;
საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულობებთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის პრობლემებზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზაცია და ჩატარება;
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს.
მუხლი 4
საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება შემდეგ საკითხებზე:
მიღებული შემოსავლების ანგარიშგებაში ასახვის სისრულე;
საბუღალტრო აღრიცხვის ჩატარების სისწორე;
საგადასახადო, საბაჟო და ეკონომიკის სფეროს მარეგულირებელი სხვა კანონმდებლობის დაცვა.
ამგვარი ინფორმაციის მისაღებად მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დააგზავნონ მოთხოვნები (შემდგომში „მოთხოვნა დახმარების შესახებ“) შესაბამისი სამართალდარღვევების თავიდან აცილება, გამოვლენასა და აღკვეთაში დახმარების შესახებ თხოვნით.
მუხლი 5
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ინფომაციების გაცვლას შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ცვლილებების შესახებ.
მუხლი 6
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ გამოცდილების, მეთოდური და სამეცნიერო მასალების გაცვლას საინფორმაციო სისტემათა შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებზე. ისინი მხარეთა საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობების დარღვევებთან ბრძოლის ორგანიზაციის მიზნით უსასყიდლოდ წარუდგენენ ერთმანეთს ინფორმაციას.
მუხლი 7
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ მათი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხებზე, ატარებენ ერთობლივ სამეცნიერო გამოკვლევებს მხარეთა საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების დარღვევებთან ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე, აწარმოებენ ექსპერტების გაცვლას.
ამ მუხლის ფარგლებში თანამშრომლობის რეალიზაციის კონკრეტული ფორმები განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის დადებული შესაბამისი შეთანხმებებით.
მუხლი 8
მოთხოვნა დახმარებაზე იგზავნება წერილობითი ფორმით.
გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნა შეიძლება გადაცემულ იქნეს ზეპირი ფორმით, დაუყოვნებლივი წერილობითი დადასტურებით.
დახმარებაზე მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
მოთხოვნის შინაარსისა და დასაბუთების მოკლე გადმოცემას, ასევე სხვა აუცილებელ ცნობებს.
მუხლი 9
მოთხოვნა სრულდება მისი მიღების თარიღიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით მოთხოვნის შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს.
მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
თუ შეუძლებელია მოთხოვნის შესრულება, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ ამგვარი მოთხოვნის შესრულებას შეუძლია ზიანი მიაყენოს მომთხოვნი მხარის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ან თუ იგი ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის პრინციპებს.
მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის მიზეზები მიეწოდება მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმმით.
მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი მხარე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების შეთანხმებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 10
მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მიანიჭოს უფლება მომთხოვნი მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ მოთხოვნის შესრულებაში თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობას.
მუხლი 11
ინფორმაციის მირებაზე მოთხოვნა და მასზე პასუხი დგება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებულ ენაზე.
მუხლი 12
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები იძლევიან გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალობაზე, რომელიც დაკავშირებულია საფინანსო დარღვევების თავიდან აცილება, გამოვლენასა და აღკვეთასთან. ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს ამ ინფორმაციის წარმომდგენი კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 13
უკანონოდ გადაადგილებული სავალუტო ფასეულობათა დაბრუნების მექანიზმი განისაზღვრება მხარეთა მიერ, ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 14
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით გაიღებენ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან.
მუხლი 15
მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩაატარონ აუცილებლობის შემთხვევაში ორმხრივი შეხვედრები, წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
მუხლი 16
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედება წყდება ერთი მხარის მიერ მეორე მხრისაგან ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1998 წლის 9 ნოემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია.
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია)
| აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის კომენტარები