დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 10/09/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 21/07/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000176 |
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად წოდებულნი“, სურთ რა განამტკიცონ და განავითარონ ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობები, დარწმუნებულნი იმაში, რომ განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში; ისეთვე როგორც სვხა სფეროებში, ურთიერთგაცვლები და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუმინეთის ხალხებს შორის ურთიერთგაგების, ნდობისა და ახლო ურთიერთოაბთა დამყარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები წაახალისებენ ურთიერთოაბთა განვითარებას მათ ქვეყნებს შორის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და საერთო ინტერესის სხვა სფეროებში, ხელს შეუწყობენ მოცემულ სფეროებთან დაკავშირებულ პირებსა და დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.
მუხლი 2
მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას მეცნიერების, კვლევისა და ტექნიკის სფეროებში, მოცემულ სფეროებთან დაკავშირებულ დაწესებულებათა შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარების ჩათვლით.
მუხლი 3
მხარეები წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლების სფეროში:
1. ორი ქვეყნის განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და გაცვლების ხელშეწყობით;
2. მეორე მხარის ენისა და ლიტერატურის შესწავლისა და სწავლების, აგრეთვე, მხარეთა შესაძლებლობებისა და შიდა კანონმდებლობის გათვალისწინებით, საგანამანათლებლო დაწესებულებებში კათედრების დაარსებითა და სემინარების ჩატარების წახალისებითა და ხელშეწყობით;
3. უნივერსიტეტებისა და ასპირანტურების ორმხრივ საფუძველზე სტიპენდიებით უზრუნველყოფით;
4. მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლით;
5. სწავლების მეთოდების, დოკუმენტური მასალებისა და სასწავლო პროგრამების გაცვლით.
მუხლი 4
მხარეები გაანალიზებენ მათი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული საგანმანათლებლო და სამეცნიერო წოდებების, ხარისხებისა და დიპლომების ურთიერთცნობის შესაძლებლობას.
მუხლი 5
მხარეები წაახალისებენ ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, მუზეუმების, საბიბლიოთეკო და კულტურის სხვა სფეროებში თანამშრომლობას:
1. ინფორმაციის გაცვლისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით, მწერლების, მსახიობების, კინოპროდიუსერებისა და კულტურის სფეროს სხვა მოღვაწეების ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით;
2. კონცერტებისა და წარმოდგენების ჩატარების მიზნით მსახიობთა დასებისა და მსახიობების გაცვლით;
3. გამოფენათა ერთობლივი ორგანიზებით;
4. თავიანთ ქვეყანაში მეორე ქვეყნის ავტორთა გამორჩეულ ლიტერატურულ და სამეცნიერო ნაშრომთა თარგმნითა და გამოქვეყნებით;
5. მეორე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კინო ფესტივალებში მონაწილეობით;
6. სოციალურ, კულტურის, ხელოვნების, ტექნიკისა და მეცნიერების თემებზე შექმნილი წიგნების, გამოცემების, ფილმებისა და მიკრო ფილმების გაცვლით.
მუხლი 6
მხარეები, თავიანთი შიდა კანონმდებლობისა და ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყონ საავტორო უფლებათა ორმხრივი დაცვა.
მუხლი 7
მხარეები წაახალისებენ თავიანთ ქვეყნებში ორგანიზებულ კონგრესებში, ფესტივალებსა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მეორე ქვეყნის მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში მოღვაწე პირთა მიწვევასა და მონაწილეობის მიღებას.
მუხლი 8
მხარეები, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, წაახალისებენ ორმხრივ საფუძველზე კულტურული ცენტრების დაარსებას. მათი დაარსებისა და ფუნქციონირების კონკრეტული პირობები ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.
მუხლი 9
მხარეები იღებენ ვალდებულებას, რათა პატივი სცენ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებასთნ დაკავშირებულ კანონებსა და წესებს.
მუხლი 10
მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი წარმომადგენლებისა და დელეგატების აქტიურ თანამშრმლობას ევროპის საბჭოში, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო კულტრულ ორგანიზაციებში.
მუხლი 11
მხარეები, გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციისა და სპეციალურ გამოცემათა გაცვლის გზით მხარს დაუჭერენ თავიანთ საარქივო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებას.
მუხლი 12
მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას თავიანთ ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოებსა და რადიო–სატელევიზიო დაწესებულებებს შორის, აგრეთე, ხელს შეუწყობენ ჟურნალისტებისა და რეპორტიორების გაცვლას.
მუხლი 13
მხარეები წაახალისებენ ახალგაზრდობის სფეროებში ურთიერთობათა განვითარებას, აგრეთვე, ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებას.
მუხლი 14
მხარეები, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, წაახალისებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის პირდაპირ თანამშრომლობასა და გაცვლებს.
მუხლი 15
მხარეები ხელს შეუწყობენ ტურისტული გაცვლების, მათ შორის არაკომერციულ საფუძველზე გაცვლების გაფართოებას.
მუხლი 16
მხარეები ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ჯანდაცვის სფეროს შემდეგ დონეებზე: სპეციალიზირებული აკადემიების, უნივერსიტეტებისა და სამედიცინო ფაკულტეტების, სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტებისა და ა.შ. დონეებზე.
მუხლი 17
წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი საქმიანობა ხორციელდება იმ მხარის მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომლის სახელმწიფოშიც ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა.
მუხლი 18
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ თანამშრომლობისა და გაცვლით დროებით მთავრობათაშორის და/ან უწყებათაშორის პროგრამებს. ამავე დროს, საჭიროებისამებრ ან ერთ–ერთი მხარის თხოვნის თანახმად, მხარეების წარმომადგენლები ჩაატარებენ ერთობლივი კომისიის სხდომას. ერთობლივი კომისია შეიკრიბება თბილისში და ბუქარესტში მონაცვლეობით.
მუხლი 19
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი 20
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად განახლდება ყოველი შემდგომი ხუთი წლით, თუ რომელიმე მხარე, დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმების მოქმედება შეწყდება შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 1 ივლისს, ორ ეგზემპლიარად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთანავე ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
რუმინეთის მთავრობის სახელით
დოკუმენტის კომენტარები