ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია

  • Word
ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 11/02/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000300
  • Word
11/04/1997
ვებგვერდი, -, 11/02/2000
000000430.00.003.000300
ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია

ლისაბონი , 1997

მოცემულ კონვენციაში მონაწილე მხარეები

აცნობიერებენ რა, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ -ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის.

იღებენ რა მხედველობაში , რომ უმაღლესი განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის გამტკიცებასა და ხალხთა და ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებაში,

იღებენ რა მხედველობაში , რომ ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას,

სურთ რა მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში,

თვლიან რა , რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ,

ანიჭებენ რა დიდ მნიშველობას უმაღლეს სასწავლებელთა ავტონომიის პრინციპს და აცნობიერებენ რა ამ პრინციპის განმტკიცებისა და დაცვის აუცილებლობას,

არიან რა დარწმუნებულნი, რომ კვალიფიკაციათა სამართლიანი ცნობა არის საზოგადოებისა და მთავრობათა კულტურული უფლება და მოვალეობა,

იღებენ რა მხედველობაში ევროპი საბჭოსა და UNESCO-ს ქვემოთ ჩამოთვლილ კონვენციებს, რომლებიც ეხება მოწმობების ცნობას ევროპაში:

ევროპული კონვენცია უნუვერსიტეტში დაშვებისათვის საჭირო დიპლომების ეკვივალენტობის შესახებ (1953, EST 15) და მისი ოქმი (1964 ETS 49);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო განათლების პერიოდების ეკვივალენტობის შესახებ (1956, EST 21);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო კვალიფიკაციების აკადემიური ცნობის შესახებ (1959, EST 32);

ევროპის რეგიონის ქვეყნების კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დიპლომებისა და სამეცნიერო ხარისხების ცნობის შესახებ (1979);

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში სწავლების პერიოდების საერთო ეკვივალენტობის შესახებ (1990, EST 138);

იღებენ რა აგრეთვე მხედველობაში ხმელთაშუა ზღვის აუზის არაბული და ევროპული ქვეყნების საერთაშორისო კონვენციას უმაღლეს განათლებაში სწავლების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ (1976), მიღებულს UNESCO-ს ფარგლებში, რომელიც ნაწილობრივ ეხება აკადემიურ ცნობას ევროპაში.

შეახსენებენ რა, რომ მოცემული კონვენცია განიხილება UNESCO-ს იმ კონვენციებისა და საერთო რეკომენდაციების კონტექსტში, რომლებიც ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს, და რომ აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა ამ რეგიონებს შორის,

აცნობიერებენ რა ფართო ცვლილებებს, განხორციელებულს ევროპის რეგიონის უმაღლეს განათლებაში ამ კონვენციების მიღების შემდგომ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემების შიგნით და მათ შორის აგრეთვე სამართლებრივი აქტებისა და პრაქტიკის ამ პროცესებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას,

აცნობიერებენ რა ევროპის რეგიონში ცნობის პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის ძიების აუცილებლობას,

აცნობიერებენ რა ცნობის ახლანდელი პრაქტიკის სრულყოფისა და უფრო მეტი გამჭვირვალობის, ევროპის რეგიონის უმაღლესი განათლების მდგომარეობასთან უკეთ ადაპტირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობას,

არიან რა დარწმუნებულნი ევროპისა და UNESCO-ს საერთო ეგიდით მიღებული კონვენციის პოზიტიურ მნიშვნელობაში, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ რეგიონში ცნობის პრაქტიკის შემდგომი განვითარების ჩარჩოებს,

აცნობიერებენ რა მოცემული კონვენციის პრინციპებისა და დებულებების ცხოვრებაში გატარების მუდმივი მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

განყოფილება I. განსაზღვრებანი

კარი I. 1

ამ კონვენციაში ქვემოთ მოყვანილი ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით გამოიყენება:

დაშვება (უმაღლეს განათლებაში)

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ განსახილველად საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

მიღება (უმაღლეს სასწავლებელში და მის პროგრამებში)

ქმედება ან სისტემა, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატს აძლევს უფლებას გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების განსაზღვრულ დაწესებულებაში და/ან განსაზღვრულ პროგრამაში.

შეფასება (დაწესებულების და პროგრამების)

უმაღლესი განათლების მოცემულ დაწესებულებაში ან პროგრამაში განათლების ხარისხის დადგენის პროცესი.

შეფასება (ინდივიდუალური კვალიფიკაციისა)

კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასკვნა ან შეფასება ინდივიდის უცხოური კვალიფიკაციისა.

ცნობის კომპეტენტური ორგანო

ორგანო, ოფიციალურად უფლებამოსილი გააკეთოს სავალდებულო ხასიათის დასკვნა უცხოური კვალიფიკაციის ცნობის შესახებ.

უმაღლესი განათლება

სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს .

უმაღლესი განათლების დაწესებულება

დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებას და ცნობილია მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელი ნაწილი.

უმაღლესი განათლების პროგრამა

სწავლების კურსი, ცნობილი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ როგორც მისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას.

სწავლების პერიოდი

უმაღლესი განათლების პროგრამის ნებისმიერი შეფასებული და დოკუმენტირებული კომპონენტი, რომელიც, თუმცა არ მოიცავს სწავლების სრულ კურს, წარმოადგენს ცოდნისა და ჩვევების მნიშვნელოვან შენაძენს.

კვალიფიკაცია

ა) უმაღლესი გნათლების კვალიფიკაცია

ხარისხის დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი, დიპლომი ან სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს უმაღლესი განათლების პროგრამის წარამატებით დამთავრებას.

ბ) კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა უმაღლეს განათლებაში დაშვების უფლებას

ნებისმიერი დიპლომი ან სერტიფიკატი, გაცემული კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს სასწავლო პროგრამის წარამატებით დამთავრებას და კვალიფიკაციის მფლობელს აძლევს დაშვების უფლებას სასწავლებელში უმაღლესი განათლების მისაღებად (შდ. დაშავების განსაზღვრებას).

ცნობა

უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური საგანმანათლებლო კვალიფიკაციის მნიშვნელობის ოფიციალური დადასტურება, კვალიფიკაციის მფლობელის საგანმანათლებლო და/ან პროფესიულ საქმიანობაში დაშვების მიზნით.

მოთხოვნა

ა) ზოგადი მოთხოვნები

პირობები, რომლებიც ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს უმაღლეს განათლებაში ან მის გარკვეულ დონეზე დასაშვებად ან უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარკვეული დონის მისაღებად.

ბ) განსაკუთრებული მოთხოვნები

პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს ზოგადი მოთხოვნების გარდა დამატებით, უმაღლესი განათლების სპეციფიკურ პროგრამაში ან ცოდნის გარკვეულ სფეროში უმაღლესი განათლების სპეციფიკური კვალიფიკაციის მისაღებად.

განყოფილება ΙΙ. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია

კარი ΙΙ. 1

1. თუ ცნობის საკითხების გადაწყვეტა შედის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციაში, მაშინ მხარეებზე დაუყოვნებლივ ვრცელდება ამ კონვენციის დებულებები და ისინი იღებენ საჭირო ღონისძიებებს მათ გასატარებლად თავის ტერიტორიაზე.

თუ ცნობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია ეკუთვნის მხარის შემადგენელ ნაწილებს, მაშინ მხარე ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში, ამ მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ გადასცემს ერთ-ერთ დეპოზიტორს მოკლე შეტყობინებას მისი ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და სტრუქტურის შესახებ. ამ შემთხვევაში დასახელებული მხარის შემადგენელი ნაწილების კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ სათანადო ზომებს კონვენციის დებულებათა დასანერგად მათ ტერიტორიაზე.

2. თუ ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებს ან სხვა ორგანოებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ცნობის თაობაზე, მხარეები გადაუგზავნიან მათ კონვენციის ტექსტს და ყოველ ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მათ მიერ კონვენციის დებულებათა განხილვასა და დანერგვას.

3. მოცემული კარის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები გამოიყენება mutatis mutandis მხარეთა მოვალეობების მიმართ, რომელთაც ისინი იღებენ ამ კონვენციის შემდგომი კარების შესაბამისად.

კარი ΙΙ. 2

ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში, ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ ყოველმა ქვეყანამ, ან წმინდა საყდარმა, ან ევროგაერთიანებამ უნდა შეატყობინონ მიღებული კონვენციის ერთ-ერთ დეპოზიტორს იმ ორაგანოების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურნი არიან მიიღონ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები ცნობის საკითხებზე.

კარი ΙΙ. 3

ეს კონვენცია არ აუქმებს ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის ცნობასთან დაკავშირებულ უფრო ხელსაყრელ დებულებას, რომელიც შესულია ან გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლის მონაწილე არის, ან შეიძლება გახდეს მომავალში კონვენციის მონაწილე მხარე.

განყოფილება ΙΙΙ. კვალიფიკაციის შეფასების ძირითადი პრინციპები

კარი ΙΙΙ. 1

1. ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელებს შესაბამის ორგანოში მიმართვისთანავე აქვთ ადეკვატური დაშვება კვალიფიკაციის შესაფასებლად.

2. დაუშვებელია დისკრიმინაცია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: სქესი, რასა, კანის ფერი, ინვალიდობა, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობა, ის რომ პირი ეკუთვნის ეროვნულ უმცირესობას, ქონებრივი, საზოგადოებრივი წარმოშობა და სხვა სტატუსი, ან სხვა ნიშნებით, რომლებიც არ არიან კავშირში საძიებელი კვალიფიკაციის ცნობასთან. ამ უფლების უზრუნველსაყოფად ყოველი მხარე ვალდებულებას იღებს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებანი, რათა კვალიფიკაციის ცნობის განცხადების შესწავლა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიღებული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე.

კარი ΙΙΙ. 2

ყოველმა მხარემ უნდა უზრუნველყოს კვალიფიკაციების შეფასებისა და ცნობისათვის გამოყენებული პროცედურებისა და კრიტერიუმების საჯაროობა, შეთანხმებულობა და საიმედობა.

კარი ΙΙΙ. 3

1. გადაწყვეტილება ცნობის შესახებ მიღებული უნდა იქნეს საძიებელი კვალიფიკაციის შესახებ მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე.

2. პასუხისმგებლობა ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებაზე პირველ რიგში ეკისრება თვით მაძიებელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის კეთილსინდისიერება.

3. განმცხადებლის მოვალეობისაგან დამოუკიდებლად კვალიფიკაციის გამცემი სასწავლებლები ვალდებულნი არიანი მოთხოვნისთანავე დროის გონივრულ მონაკვეთში მისცენ საჭირო ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელს, დაწესებულებას ან იმ ქვეყანის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ხდება ცნობის ძიება.

4. მხარეები დაავალებენ, ხოლო შესაბამის შემთხვევებში მოუწოდებენ მათი განათლების სისტემაში შემავალ ყველა სასწავლო დაწესებულებას დააკმაყოფილონ ყველა დასაბუთებული მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, დასახელებულ დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის შესაფასებლად.

5. შეფასების განმხორციელებელ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაამტკიცოს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

კარი ΙΙΙ. 4

ყოველი მხარე, კვალიფიკაციის ცნობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფს მისი განათლების სისტემის შესახებ გაცემული ინფორმაციის ადვეკატურობასა და სიცხადეს.

კარი ΙΙΙ. 5

განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ცნობის შესახებ უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში, რომელსაც წინასწარ განსაზღვრავს ცნობის განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანო და რომელიც აითვლება სრული ინფორმაციის მიღების მომენტიდან. თუ ცნობაზე უარი ითქვა, უნდა დასახელდეს მიზეზი, რის გამოც არ ხდება ცნობა და გაიცეს ინფორმაცია იმ შესაძლო ზომების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს მაძიებელმა მომავალში ცნობის მისაღწევად. თუ ცნობა გაჭიანურდა ან გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაძიებელს უფლება აქვს გააპროტესტოს ეს მოქმედება დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში.

განყოფილება ΙV. უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციის ცნობა

კარი ΙV. 1

ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს, გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს რთავს მისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამებში დაშვების ნებას, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებისა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი ΙV. 2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ მხარემ სხვა მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი ΙV.1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება mutatis mutandis

კარი ΙV. 3

თუ კვალიფიკაცია იძლევა კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის უმაღლესი განათლების მხოლოდ გარკვეული ტიპის დაწესებულებაში ან პროგრამაში განათლების მიღების უფლებას, ყოველი სხვა მხარე უზრუნველყოფს ამ კვალიფიკაციის მფლობელს უფლებით, მიიღოს განათლება ანალოგიური პროგრამებით მისი უმაღლესი განათლების სისტემის დაწესებულებებში იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი ΙV. 4

თუ მიღება უმაღლესი განათლების ცალკეულ პროგრამებში დამოკიდებულია სპეციფიკური მოთხოვნების შესრულებაზე, დაშვების ზოგად მოთხოვნებზე დამატებით, დაინტერესებული მხარის ორგანოებს შეუძლიათ მოსთხოვონ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მაძიებლებს შეასრულონ ეს მოთხოვნები. ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის სათანადო ორგანოებს ეძლევათ უფლება შეაფასონ, აკმაყოფილებს თუ არა მაძიებელის კვალიფიკაცია, მიღებული სხვა ქვეყანაში, წაყენებულ ეკვივალენტურ მოთხოვნებს.

კარი ΙV. 5

თუ რომელიმე მხარის უმაღლეს განათლებაში დასაშვებად სკოლის დამთავრების სერტიფიკატთან ერთად საჭიროა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, მაშინ სხვა მხარეებმა დაშვება შეიძლება გახადონ დამოუკიდებელი ამ მოთხოვნებზე ან შესთავზონ ალტერნატიული გადაწყვეტა, საკუთარი განათლების სისტემის ფარგლებში, დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერ ქვეყანას, წმინდა საყდარს ან ევრო-გაერთიანებას შეუძლია ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში, ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ, შეატყობინოს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომ ის იყენებს ამ კარის დებულებას იმ ქვეყნების დასახელებით, რომელთა მიმართ იგი აპირებს გამოიყენოს ეს კარი და ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

კარი ΙV. 6

ΙV. 1, ΙV. 2, ΙV. 3, ΙV. 4 და ΙV. 5 კართა დებულებების გადასინჯვის გარეშე მიღება უმაღლეს სასწავლებელში ან მის პროგრამაში შეიძლება იყოს შეზღუდული ან შერჩევითი. იმ შემთხვევებში, როცა დაშვება უმაღლეს სასწავლებლებში ან პროგრამებში შერჩევითია, მიღების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს უცხოური კვალიფიკაციის შეფასების სამართლიანობას იმ დისკრიმინაციათა გარეშე, რაც მითითებულია ამ კონვენციის ΙΙΙ განყოფილებაში.

კარი ΙV. 7

ΙV. 1, ΙV. 2, ΙV. 3, ΙV. 4 და ΙV. 5 კართა დებულებების გადასიჯვის გარეშე მიღება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ან მის პროგრამაში შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ მაძიებელმა უნდა დაამტკიცოს თავისი კომპეტენცია მოცემულ სასწავლო დაწესებულებაში დადგენილი სწავლების ენისა ან ენების ან წინასწარი შეთანხმებით დადგენილი ენების ცოდნაში.

კარი ΙV. 8

იმ მხარეებში, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში დაშვების უფლება შეიძლება მიღებულ იქნეს არატრადიციული კვალიფიკაციის საფუძველზე, ანალოგიური კვალიფიკაციები, მიღებული სხვა მხარეებში უნდა შეფასდეს ისევე როგორც არატრადიციული კვალიფიკაცია, მიღებული იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი ΙV. 9

უმაღლესი განათლების პროგრამებში დაშვების მიზნით, ყოველმა მხარემ შეიძლება განახორციელოს იმ კვალიფიკაციათა ცნობა, რომლებიც გაცემულია მის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური სასწავლო დაწესებულების მიერ, თუ ის განპირობებულია ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნებით, ან იმ მხარესთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის დასახელებული სასწავლო დაწესებულება.

განყოფილება V. სწავლების პერიოდების ცნობა

კარი V. 1

ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის უმაღლესი განათლების პროგრამის ჩარჩოებში გავლილ სწავლების პერიოდს. ცნობა ეხება სწავლების იმ პერიოდებს, რომლებიც საჭიროა უმაღლესი გნათლების პროგრამის დასასრულებლად იმ მხარეში, სადაც ხდება ცნობის ძიება. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის სწავლების დასრულებულ პერიოდსა და იმ ქვეყნის უმაღლესი განათლების პროგრამის პერიოდს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი V. 2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ პირს, რომელმაც დაამთავრა სწავლების პერიოდი სხვა მხარის უმაღლესი განათლების პროგრამის ჩარჩოებში, მხარემ მისცეს შესაძლებლობა მიიღოს სწავლების ამ პერიოდის შეფასება დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი V. 1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება mutatis mutandis.

კარი V. 3

კერძოდ, ყოველი მხარე ხელს შეუწყობს სწავლების პერიოდის ცნობას თუ დაკმაყოფილდა შემდეგი მოთხოვნები:

ა) არსებობს წინასწარი შეთანხმება, ერთი მხრივ, საბუთის გამცემი უმაღლესი სასწავლებლის ან ამ საკითხებზე პასუხისმგებელი ორგანოსა და, მეორე მხრივ, იმ უმაღლესი სასწავლებლის ან ამ საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ბ) უმაღლესი სასწავლებელი, სადაც დასრულდა სწავლების პერიოდი, გასცემს სერტიფიკატს ან აკადემიური მოსწრების ფურცელს, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა წარმატებით შეასრულა სწავლების აღნიშნული პერიოდისათვის წაყენებული ყველა საჭირო პირობა.

განყოფილება VΙ. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობა

კარი VΙ. 1

რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი VΙ. 2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ სხვა მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელებს მხარემ მისცეს უფლება მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება, მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი VΙ. 1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება mutatis mutandis.

კარი VΙ. 3

მხარის მიერ უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობას მოსდევს ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგთაგანი:

ა) დაშვება უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად შესაბამისი გამოცდების ჩათვლით და/ან სამეცნიერო ხარისხის ძიებისათვის მოსამზადებელ პროგრამებში იმავე პირობებით, რაც მოეთხოვება იმ ქვეყნის კვალიფიკაციის მფლობელს, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ბ) სამეცნიერო ხარისხების გამოქვეყნება იმ ქვეყნის კანონებისა და წესების მიხედვით, ან მისი იურისდიქციის ქვეშ, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ამის გარდა ცნობას შეუძლია გააადვილოს დაშვება დასაქმების ბაზარზე იმ ქვეყნის კანონებისა და წესების მიხედვით, ან მისი იურისდიქციის ქვეშ, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი VΙ. 4

რომელიმე მხარის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის შეფასებას გაცემულს სხვა მხარის მიერ, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფორმები:

ა) რეკომენდაციები დასაქმების ზოგადი მიზნების განხორციელებისათვის;

ბ) რეკომენდაცია, რომელიმე სასწავლო დაწესებულებას ჩართოს იგი თავის პროგრამებში;

გ) რეკომენდაცია, ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მომუშავეს ცნობის საკითხებზე.

კარი VΙ. 5

ყოველმა მხარემ შეიძლება განახორციელოს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული იმ კვალიფიკაციის ცნობა, რომლებიც გამოცემულია მის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური სასწავლო დაწესებულების მიერ, თუ ეს განპირობებულია ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნებით, ან იმ მხარესთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის დასახელებული სასწავლო დაწესებულება.

განყოფილება VΙΙ. იმ კვალიფიკაციების ცნობა, რომელსაც ფლობენ ლტოლვილები, ადგილნაცვალი პირები და ლტოლვილებთან გათანაბრებულნი

კარიVΙΙ. 1

ყოველი მხარე თავის განათლების სისტემის ფარგლებში და კონსტიტუციური, სამართლებრივი და მარეგლამენტირებელი დებულებების შესაბამისად, გაატარებს ყველა შესაძლო და გონივრულ ღონისძიებას სამართლიანი და სწრაფი შეფასების პროცედურების დასამუშავებლად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკმაყოფილებენ თუ არა ლტოლვილები, ადგილნაცვალნი პირნი და ლტოლვილებთან გათანაბრებულები შესაბამის მოთხოვნებს, დაშვებულ იქნან უმაღლესი განათლების მისაღებად ან გასაგრძელებლად, ან დასასაქმებლად მაშინაც კი, როცა კვალიფიკაცია მიღებული ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე არ არის დასაბუთებული დოკუმენტურად.

განყოფილება VΙΙΙ. ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებისა და პროგრამების შეფასების შესახებ

კარი VΙΙΙ. 1

ყოველი მხარე გასცემს ადეკვატურ ინფორმაციას თავის განათლების სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და მათში მოქმედი პროგრამების შესახებ იმ მიზნით, რომ შეუქმნას სხვა მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შესაძლებლობა დარწმუნდნენ, შეესაბამება თუ არა კვალიფიკაციის ხარისხი, მინიჭებული ამ დაწესებულებების მიერ, მოთხოვნებს, წაყენებულს იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ცნობის ძიება. ინფორმაცია უნდა იყოს შემდეგი:

ა) თუ მხარეს აქვს ჩამოყალიბებული სისტემა უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და პროგრამების ოფიციალური შეფასებისათვის:ინფორმაცია ამ შეფასების მეთოდებსა და შედეგებზე ასევე კონკრეტულ ხარისხის სტანდარტებზე ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებებსა და პროგრამისათვის, რომელიც გასცემს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;

ბ) თუ მხარეს არა აქვს ჩამოყალიბებული სისტემა უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და პროგრამების ოფიციალური შეფასებისათვის:ინფორმაცია მის ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში ან მისი უმაღლესი განათლების სიტემის გარკვეული პროგრამით მიღებული სხვადასხვა კვალიფიკაციის ცნობის შესახებ.

კარი VΙΙΙ. 2

ყოველი მხარე მიიღებს ადეკვატურ ზომებს, რათა შეადგინოს, განაახლოს და გამოაქვეყნოს:

ა) მიმოხილვა მისი განათლების სისტემაში შემავალი სხვადასხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ყოველი სახის ინსტიტუტის ტიპური დახასიათებით;

ბ) აღიარებული უმაღლესი სასწავლებლების (სახელმწიფო თუ კერძო) სია, რომლებიც შედიან მის სისტემაში, იმის მითითებით რა კვალიფიკაციების მინიჭება შეუძლიათ მათ და რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ მიღებულ იქნეს დაშვება სასწავლებლად ამ ინსტიტუტში ან პროგრამაში;

გ) უმაღლესი განათლების პროგრამების აღწერა;

დ) იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, რომლებიც განლაგებულია მონაწილე მხარის ტერიტორიის გარეთ და რომლებსაც იგი განიხილავს, როგორც თავისი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს.

განყოფილება ΙX. ინფორმაცია ცნობის საკითხებზე

კარი ΙX. 1

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის გამარტივების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, შექმნან ქვეყანაში მიღებული კვალიფიკაციების შინაარსის სრული აღწერის თვალსაჩინო სისტემა.

კარი ΙX. 2

1. აღიარებენ რა ადეკვატური, ზუსტი და დროული ინფორმაციის საჭოროებას, ყოველი მხარე დააარსებს ან დაამტკიცებს უკვე არსებულ ეროვნულ საინფორმაციო ცენტრს და ატყობინებს მისი დაარსების და მასში მომხდარი ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ერთ-ერთ დეპოზიტორს;

2. ყოველი მხარის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი:

ა) ხელს უწყობს ადეკვატური და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას მისი ქვეყნის განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის შესახებ;

ბ) ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებას სხვა მხარეების განათლების სისტემებისა და კვალიფიკაციის შესახებ;

გ) უზრუნელყოფს კონსულტაციებსა და ინფორმაციას კვალიფიკაციების ცნობისა და შეფასების საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და რეგლამენტაციის შესაბამისად.

3. ყოველ ეროვნულ საინფორმაციო ცენტრს თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს რესურსები, აუცილებელი თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

კარი ΙX. 3

მხარეები ეროვნული საინფორმაციო ცენტრების საშუალებით, ან სხვა გზით, ხელს შეუწყობენ UNESCO/ევროსაბჭოს დოპლომის დანართის ან სხვა ნებისმიერი თანადი საბუთის გამოყენებას მხარეების უმაღლეს სასწავლებლებში.

განყოფილება X. განხორციელების მექანიზმები

კარი X. 1

კონვენციის ზედამხედველობა, ხელისშეწყობა და განხორციელების გაადვილება ევალებათ შემდეგ ორგანოებს;

ა) ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტს;

ბ) აკადემიური ცნობისა და მობილობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელს, (ENIC) დაარსებულს 1994 წლის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9 ივნისის და UNESCO-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 18 ივნისის დადგენილებით.

კარი X. 2

1. ამით ფუძნდება ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტი (ამის შემდეგ მოიხსენება როგორც ,,კომიტეტი”). იგი შედგება თითო წარმომადგენელისაგან ყოველი მხარიდან;

2. კარი X. 2-ის მიზნებისათვის ტერმინი ,,მხარე” არ გამოიყენება ევროგაერტიანების მიმართ;

3. ქვეყნები, მოხსენიებული კარში XΙ.1.1 და წმინდა საყდარი, თუ ისინი არ წარმოადგენდნენ კონვენციის მხარეს, ევროკავშირი, აგრეთვე ENIC-ის ქსელის თავჯდომარე მიიღებენ მონაწილეობას ,,კომიტეტის” სხდომებში, როგორც დამკვირვებლები. იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლების დასპეციალებული არიან ევროპის რეგიონის ცნობის პრობლემებში აგრეთვე იქნებიან მოწვეულნი ,,კომიტეტი”-ს შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით.

4. UNESCO-ს ევროპული ქვეყნების სწავლების კურსების უმაღლესი განათლების დიპლომებისა და ხარისხების ცნობის კონვენციის განხორციელების რეგიონალური კომიტეტის თავჯდომარე აგრეთვე იქნება მოწვეული ,,კომიტეტი”-ს შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით.

5. ,,კომიტეტი” ხელს შეუწყობს კონვენციის განხორციელებას და მეთვალყურეობას გაუწევს მის შესრულებას. ამ მხრივ მას შეუძლია მხარეების ხმათა უმრავლესობით მიიღოს რეკომენდაციები, დეკლარაციები, პროტოკოლები და პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებული მოდელები მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ორიენტაციის მიზნით, მათ მიერ კონვენციის რეალიზაციისას და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობისათვის შემოსული განცხადებების განხილვის დროს. თუმცა მხარეები არ არიან შეზღუდულნი ჩამოთვლილი დოკუმენტებით, ისინი ყოველნაირად მიისწრაფვიან იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტებით, დაიყვანონ ეს საბუთები კომპეტენტურ ორგანოებამდე და ხელი შეუწყონ მათ გამოყენებას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ,,კომიტეტი” გაარკვევს ENIC-ის ქსელის აზრს.

6. ,,კომიტეტი” წარუდგენს მოხსენებას ევროპის საბჭოსა და UNESCO-ს შესაბამის ორგანოებს.

7. ,,კომიტეტი” ამყარებს კავშირებს UNESCO-ს რეგიონულ კომიტეტებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან UNESCO-ს ეგიდით მიღებული უმაღლესი განათლების სფეროში სასწავლო კურსების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ კონვენციის გამოყენების საკითხებით.

8. კონვენციის მხარეთა უმრავლესობა შეადგენს ქვორუმს.

9. ,,კომიტეტი” მიიღებს თავის პროცედულურ წესებს. იგი შეიკრიბება მორიგ სესიაზე სამ წელიწადში ერთხელ მაინც. ,,კომიტეტი” პირველად შეიკრიბება კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.

10. ,,კომიტეტის“ სამდივნო უზრუნველყოფა ევალებათ ერთობლივად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და UNESCO-ს გენერალურ დირექტორს.

კარი X. 3

1. აკადემიური ცნობისა და მობილობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელში (ENIC-ის ქსელში) ყოველ მხარეს წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ცენტრი, შექმნილი ან დამტკიცებული კარი ΙX.2-ს შესაბამისად. თუ კარი ΙX.2-ის შესაბამისად მხარეში ერთზე მეტი ეროვნული საინფორმაციო ცენტრია შექმნილი, მაშინ ყველა ცენტრი იქნება ქსელის წევრი, მაგრამ შესაბამის მხარეს ექნება მხოლოდ ერთი ხმა.

2. ENIC-ის ქსელი, რომლის შემადგენლობა შეზღუდულია კონვენციის მონაწილე ქვეყნებით, მხარს დაუჭერს და ზედამხედველობას გაუწევს კონვენციის პრაქტიკულ დანერგვას კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ. ქსელი მოაწყობს პლენარულ სესიებს წელიწადში ერთხელ მაინც. იგი ირჩევს პრეზიდენტსა და ბიუროს დადგენილი ვადით.

3. ENIC-ის ქსელის სამდივნო უზრუნველყოფა ევალებათ ერთობლივად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და UNESCO-ს გენერალურ დირექტორს.

4. მხარეები ENIC-ის ქსელის მეშვეობით თანამშრომლობენ სხვა მხარეების ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებთან კერძოდ, ეხმარებიან მათ საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც დაეხმარება აკადემიურ ცნობასა და მობილობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

განყოფილება XΙ. დასკვნითი დებულებები

კარი XΙ. 1. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად;

ა. ევროსაბჭოს წევრებისათვის;

ბ. UNESCO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებისათვის;

გ. სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს, იღებდნენ მონაწილეობას ან წარმოადგენდნენ მხარეებს ევროსაბჭოს ევროპის კულტურულ კონვენციაში და/ან UNESCO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნების უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სწავლების კურსების, დიპლომების და ხარისხების ცნობის კონვენციაში;

2. ამ ქვეყნებსა და წმინდა საყდარს შეუძლიათ გამოხატონ თავისი თანხმობა მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ქმედებებში:

ა. ხელმოწერა, რომელსაც არ სჭირდება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება;

ბ. ხელმოწერა, რომელსაც სჭირდება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება და რომელსაც უნდა მოჰყვეს რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება;

გ. მიერთება;

3. ხელის მოწერა ხდება ერთ-ერთ დეპოზიტორთან. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მოქმედებაში შესვლის დოკუმენტი შესანახად უნდა გადაეცეს ერთ-ერთ დეპოზიტორს.

კარი XΙ. 2

ეს კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას იმ დღიდან, როდესაც ხუთი ქვეყანა, მათ შორის ევროსაბჭო და/ან UNESCO-ს ევროპული რეგიონის მინიმუმ სამი ქვეყანა, განაცხადებს თანხმობას მიიღოს მონაწილეობა კონვენციაში. ყველა სხვა ქვეყნისათვის იგი ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას ქვეყნის მიერ კონვენციაზე მიერთების თანხმობის განცხადების დღიდან.

კარი XΙ. 3

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყნებს, რომლებიც არ მოხვდნენ კარი XΙ. 1 ჩამონათვალში, შეუძლიათ გამოთქვან სურვილი მიუერთდნენ ამ კონვენციას. ყველა მოთხოვნა ამის თაობაზე უნდა გაეგზავნოს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომელიც გადაუგზავნის მას მონაწილე ქვეყნებს სულ ცოტა 3 თვით ადრე, ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტის სხდომამდე. ზემოაღნიშნულის შესახებ დეპოზიტორები შეატყობინებენ აგრეთვე ევროსაბჭოს მინისტრტა კომიტეტს და UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოს.

2. გადაწყვეტილება განმცხადებელი ქვეყნის კონვენციასთან მიერთების თაობაზე მიიღება მხარეთა 2/3-ის მიერ.

3. გადაწყვეტილება ახალი ქვეყნის კონვენციასთან მიერთების თაობაზე ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას მიერთების დოკუმენტის ერთ-ერთ დეპოზიტორისათვის შესანახად გადაცემის დღიდან.

კარი XΙ. 4

1. ამ კონვენციის მხარეები, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ მხარეებს ერთ ან რამდენიმე ქვემოჩამოთვლილ კონვენციაში:

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში დაშვებისათვის საჭირო დიპლომების ეკვივალენტობის შესახებ (1953, ETS 15) და მისი ოქმი (1964 ETS 49);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო პერიოდების ეკვივალენტობის შესახებ (1956 ETS 21);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო კვალიფიკაციების აკადემიური ცნობის შესახებ (1958 ETS 32);

ხმელთაშუა ზღვის აუზის არაბული და ევროპული ქვეყნების საერთაშორისო კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ (1976);

ევროპის რეგიონის ქვეყნების კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დიპლომებისა და სამეცნიერო ხარისხების ცნობის შესახებ(1979);

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში საწავლების პერიოდების ზოგადი ეკვივალენტობის შესახებ (1990, ETS 138).

ა) ერთმანეთთან ურთიერთობაში იყენებენ ამ კონვენციის დებულებებს;

ბ) აგრძელებენ ზემოჩამოთვლილი კონვენციების გამოყენებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ზემოჩამოთვლილ კონვენციებში მაგრამ არ მონაწილეობენ ამ კონვენციაში.

2. კონვენციის მხარეები ვალდებულებას იღებენ არ შეუერთდნენ 1 პუნქტში ჩამოთვლილ კონვენციებს, თუ ისინი უკვე არ არიან მისი მხარეები, გარდა ხმელთაშუა ზრვის აუზის არაბული და ევროპული ქვეყნების საერთაშორისო კონვენციისა უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ.

კარი XΙ. 5

1. ყოველ მხარეს შეუძლია ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, სადაც გამოიყენება მოცემული კონვენცია.

2. შემდგომში, ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია ერთ-ერთ დეპოზიტორის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, გაავრცელოს კონვენციის გამოყენება განცხადებაში მითითებულ სხვა ტერიტორიაზეც. დასახელებულ ტერიტორიაზე კონვენცია შევა ძალაში იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ განცხადების მიღებიდან.

3. ნებისმიერი განცხადება, რომელზედაც იყო ლაპარაკი წინა ორ პუნქტში, შეიძლება გაწვეულ იქნეს დეპოზიტორის მისამართით გაგზავნილი შეტყობინებით. გაწვევა ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან.

კარი XΙ. 6

1. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია კონვენციის დენონსაცია ერთ-ერთ დეპოზიტორთან შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. დენონსაცია მოქმედებას იწყებს იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს თორმეტთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან. ეს დენონსაცია არ მოქმედებს ცნობის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იყო ადრე ამ კონვენციის ფარგლებში.

3. მოცემული კონვენციის მოქმედების შეჩერება ან დაყოვნება, რაც შედეგია მხარის მიერ კონვენციის დებულებების მნიშვნელოვანი დარღვევისა, განხილული იქნება საერთაშორისო წესების შესაბამისად.

კარი XΙ. 7

1. ყოველ მონაწილე ქვეყანას, წმინდა საყდარს ან ევროგაერთიანებას აქვს უფლება ხელმოწერის, ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი ან მეტი ქვემოჩამოთვლილი კარები:

ΙV. 8,

V. 3,

VΙ. 3,

VΙΙΙ. 2,

ΙX. 3.

ყველა სხვა შენიშვნა დაუშვებელია.

2. ყოველ მხარეს, რომელსაც აქვს შენიშვნების ჩამოთვლილი კარების მიმართ, შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ მოხსნას ეს შენიშვნები დეპოზიტორთან შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. შეზღუდვების მოხსნა ძალაში შედის დეპოზიტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან.

3. მხარემ, რომელმაც გააკეთა შენიშვნები ამ კონვენციის დებულებების შესახებ, არ შეიძლება მოსთხოვოს სხვა მხარეს იმავე დებულებათა შესრულება;

თუ შენიშვნა ნაწილობრივია ან პირობითი; მაშინ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დებულების შესრულება იმავე მოცულობით, რაც თავად მიიღო.

კარი XΙ. 8

1. ამ კონვენციაში შესწორებების პროექტები შეიძლება მიღებული იქნეს ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტის მიერ, მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით. ასეთნაირად მიღებული შესწორების ნებისმიერი პროექტი ჩაირთვება მოცემული კონვენციის ოქმში. ოქმში უნდა იყოს მითითებული მისი ძალაში შესვლის პირობები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვენ მხარეთა თანხმობას, დაემორჩილონ მათ.

2. არ შეიძლება წინა პუნქტის შესაბამისად შესწორების შეტანა მოცემული კონვენციის ΙΙΙ განყოფილებაში.

3. ნებისმიერი წინადადება შესწორების შესახებ უნდა გადაეცეს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომელიც გადაუგზავნის მას მხარეებს სულ მცირე სამი თვით ადრე ,,კომიტეტის” სხდომამდე. დეპოზიტორი შეატყობინებს ამის შესახებ აგრეთვე ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტსა და UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოს.

კარი XΙ. 9

1. ამ კონვენციის დეპოზიტორები არიან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და UNESCO-ს გენერალური დირექტორი;

2. დეპოზიტორი, რომელსაც ჩაჰბარდება შესანახად აქტი, შეტყობინება ან განცხადება, კონვენციის მონაწილე ქვეყნებს, აგრეთვე ევროსაბჭოსა და UNESCO-ს ევროპული რეგიონის სხვა წევრ ქვეყნებს აწვდის, შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მოქმედებაში შეყვანის ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად მიღების შესახებ;

გ) კონვენციის XΙ. 2 და XΙ. 3. 4 კარების მიხედვით კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერ თარიღს;

დ) XΙ. 7 კარის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი შეზღუდვისა და ასეთი შეზღუდვის უკან გაწვევის შესახებ;

ე) XΙ. 6 კარის თანახმად გაკეთებული ამ კონვენციის ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

ვ) ΙΙ. 1 და ΙΙ. 2 კარების თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ;

ზ) ΙV. 5 კარის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ;

თ) XΙ. 3 კარის თანახმად გაწევრიანებაზე გაკეთებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ;

ი) XΙ. 8 კარის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი წინადადების შესახებ;

კ. კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტის, შეტყობინების ან განცხადების შესახებ;

3. დეპოზიტორი, რომელიც იღებს განცხადებებს ან აგზავნის შეტყობინებებს ამ კონვენციის დებულების თანახმად, დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ მეორე დეპოზიტორს.

რის დასტურადაც სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელის მომწერები ვაწერთ ხელს ამ კონვენციას.

შესრულებულია ლისაბონში 1997 წლის 11 აპრილს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ოთხივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი ჰბარდება შესანახად ევროპის საბჭოს არქივს, მეორეUNESCO-ს არქივს. სათანდო წესით დამოწმებული ასლები ეგზავნება XΙ კარში ჩამოთვლილ ყველა ქვეყანას, წმინდა საყდარს, ევროგაერთიანებას და აგრეთვე UNESCO-ს სამდივნოს.